ბაფეტი ქველმოქმედების რეკორდს ამყარებს
ამერიკელმა მილიარდერმა და საინვესტიციო სფეროში გურუდ აღიარებულმა უორენ ბაფეტმა მორიგი, მაგრამ ამჯერად სარეკორდო თანხა გამოყო ქველმოქმედების მიზნით. მსოფლიოში სიმდიდრით მესამე ადგილზე მყოფი ბაფეტი საკუთარი საინვესტიციო ფონდის, „ბერკშირ ჰეტეუეის“ აქციებს, რომელთა საერთო ღირებულებაც 1,9 მილიარდი დოლარია, ქველმოქმედებაზე გამოიყენებს. ამ თანხის უმნიშვნელოვანესი ნაწილი – 1,6 მილიარდი იმ საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე ჩაირიცხა, რომელიც 1994 წელს ბილ და მელინდა გეითსებმა შექმნეს. დარჩენილი თანხა სხვა ფონდებს გადაერიცხებათ, რომლებიც თავის დროზე უორენ ბაფეტის აწ გარდაცვლილმა მეუღლე სიუზანამ და მათმა სამმა შვილმა შექმნეს. ამერიკელმა მილიარდერმა რამდენიმე წლის წინ პირობა დადო, რომ თავისი ქონების უდიდეს ნაწილს ქველმოქმედებას მოახმარდა. შარშან მან ამ მიზნით 1,5 მილიარდი დოლარი გამოყო. მსგავსი დაპირება გასცა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის მეორე ადგილზე გასულმა ბილ გეითსმაც. უორენ ბაფეტი ბილ და მელინდა გეითსების მიერ შექმნილი ფონდის მმართველობის ერთ-ერთი წევრია. ეს ფონდი თანხებს მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში შიდსთან, მალარიასა და ტუბერკულოზთან საბრძოლველად გამოყოფს. ფონდი ამერიკაში განათლების სისტემის განვითარებასა და საჯარო ბიბლიოთეკების კომპიუტერიზაციაზეც ზრუნავს.