როგორ შევამოწმოთ ავტომობილის გამართულობა
ავტომობილი ყიდვისას, ხშირად რაღაც ელემენტარული დეტალების გამართულად მუშაობის შესამოწმებლად, სხვადასხვა ხელოსანთან მიჰყავთ. რეალურად კი, იმის შემოწმება, გამართულად მუშაობს მანქანა თუ არა, არც ისე რთულია. რჩევები, რომელსაც პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე გვაძლევს, არა მხოლოდ ავტომობილის ყიდვისას, არამედ მისი ექსპლუატაციის პერიოდშიც ძალიან გამოგადგებათ.
მევლუდ მელაძე: ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც მანქანას არ უნდა ჰქონდეს დაზიანებული, არის ძრავა, სავალი ნაწილი, სიჩქარეთა კოლოფი და გარეგნული დაზიანება, რომელიც მართალია სიარულში ხელს არ გვიშლის, მაგრამ მისი შეკეთება, ალბათ, ყველაზე ძვირი ჯდება. ვთქვათ, ავტომობილს ახლობელი ადამიანისგან ყიდულობ და ეუბნები, დავჯდები, გავატარებო. ერთ ოც მეტრს გაივლიან, შუშებს აწევენ-ჩამოწევენ, რაღაც ღილაკებს ხელს დააჭერენ და უკვე შემოწმება ჰგონიათ. რამდენიმე მარტივ ხერხს გასწავლით, თუ როგორ უნდა შემოწმდეს ავტომობილის გამართულობა. მთავარია, ეს ქალაქის გადატვირთულ მოძრაობაში არ მოხდეს, რადგან ამ დროს სხვა რაღაცეები იქცევს თქვენს ყურადღებას. ცოტა დიდი და მშვიდი ტერიტორია აირჩიეთ და იქ მიდით მანქანით. დავიწყოთ ძრავით. კაპოტს ახდით, ავტომობილს დააქოქინებთ და ძრავას ხმას მოუსმენთ. იქ ზედმეტი არაფერი არ უნდა ისმოდეს. თუ ძრავას ამუშავებას ოდნავ წიკწიკის ხმა დაჰყვება, საათივით წიკწიკს არ ვგულისხმობ – უფრო ხმამაღალს, ეს ნიშნავს, რომ ძრავას სარქველები გაღუნულია და უნდა გასწორდეს. მართალია, ყველა ძრავას განსაკუთრებული, თავისებური ხმა აქვს, მაგრამ ის აუცილებლად მონოტონურად, ერთ რეჟიმში უნდა მუშაობდეს. ანუ, იქ ხმის ზედმეტი აღმა და დაღმა სვლები უკვე პრობლემაა. თუ დაქოქე და იქიდან კაკუნი ისმის, ეს უკვე „სტუკია“, მაგრამ ასეთ ძრავას იმედია არავინ „შემოგატენით“. მაგრამ, ამ ხმის ყურადღების მიქცევა მერეც ძალიან საჭიროა. თუ ძრავას „კოლიცოები“ დამჯდარი აქვს, ამის შემოწმება მარტივია. დაქოქილ ძრავას ხუფი ოდნავ ახადეთ, ისე, რომ ერთ-ორ სანტიმეტრზე ზევით არ ასწიოთ, ზეთმა არ ამოასხას. თუ „კოლიცოები“ კარგია და ძრავა გამართულად მუშაობს, სახურავს თავისკენ იწოვს, როგორც მტვერსასრუტი. ანუ, აირები ამოდის და სახურავს თავისკენ ქაჩავს. თუ „კოლიცოები“ დამჯდარია, მაშინ ამ ხუფიდან ისე უნდა ამოვიდეს ბოლი, როგორც „მაყუჩიდან“, ანუ, ნამწვავი ბოლი გამოდის. და „კომპრესი“ აღარ აქვს, „კოლიცოები“ დამჯდარია. რაც შეეხება სავალ ნაწილს, კარგ გზაზე, ასფალტზე გატარებით, თქვენ ვერ შეამოწმებთ, კარგად მუშაობს თუ არა ყუმბარები და სხვა. უსწორმასწორო გზაზე გადადით და ნახეთ, რამე ხომ არ კაკუნობს. ავტომობილი, ძალიან უხეშად ხომ არ გადადის. ეს ნიშნავს, რომ სავალი ნაწილი ნორმალურია. თხრილზე გადასვლის დროს, ის ძალიან რბილად უნდა გადადიოდეს. თუ ამორტიზატორებს პრობლემა აქვს, მაშინ თხრილზე გადასვლისას, სალონში ძალიან დიდი რყევა იქნება. ზოგადად სალონში რყევა არ უნდა იგრძნობოდეს. ანუ, შეიძლება ხმაური არ იყოს, მაგრამ სერიოზული დისკომფორტი იგრძნო. ამას ყურადღება უნდა მიექცეს.
– როგორ შევამოწმოთ მექანიკური კოლოფი?!
– ასფალტზე სწორ გზაზე გახვალთ და ნახავთ, ყველა სიჩქარეს, როგორ გადადის. თუ გადართვის მომენტში ხმა აქვს, ან ჩაგდება გაუჭირდება, ესე იგი ის გამართულად ვერ მუშაობს. მაგრამ, ეს წყნარად და ნაზად სიარულის დროს არ გამოჩნდება. ძრავა მაღალ ბრუნებზე უნდა ამუშაოთ. ანუ, როდესაც ტახომეტრი ხუთ-ექვსი ათასზე ავა, მხოლოდ მაშინ უნდა გადართოთ ერთი სიჩქარიდან მეორეში. ანუ მაღალ „აბაროტებზე“ გადართვისას გამოჩნდება მექანიკური კოლოფის ყველა პრობლემა.
– რაც შეეხება ავტომატურ კოლოფს...
– ვთქვათ, აგდებთ „ერში“ ან „დეში“ – ეს ძალიან რბილად უნდა ხდებოდეს, ანუ განსაკუთრებული ხმაური არ უნდა იყოს. თუ უხეშად ურტყამს მანქანა გადართვისას, ესე იგი უკვე დაზიანებაა, ანუ დაზიანებულია ტრანსმისია. სწორ გზაზე სიარულისას, დააკვირდით, მალე რთავს თუ არა სიჩქარეებს, ანუ დაახლოებით სამი ათასზე, უკვე უნდა შეცვალოს. თუ აგვიანებს და მაღალ ბრუნზე ამუშავა, ეს ნიშნავს, რომ „კარობკის“ ზეთია გამოსაცვლელი და ყურადღება უნდა მიაქციოთ. ასევე, შეამოწმეთ, კარგად დგას თუ არა აღმართზე. ჩააგდეთ „დეში“, გაჩერდით აღმართზე და მუხრუჭს ფეხი აუშვით. ის არ უნდა დაგორდეს. იგივე გაიმეორეთ დაღმართზე. ჩააგდეთ „ბერკეტი“ უკუსვლის მდგომარეობაში, ანუ „ერში“ და აუშვით ფეხი მუხრუჭს. ავტომობილი, მიუხედავად დაღმართისა, წინ არ უნდა წავიდეს.
რაც შეეხება მუხრუჭს, განავითარეთ ავტომობილით მაქსიმუმ, 40 კილომეტრ-საათი სიჩქარე და მკვეთრად დაამუხრუჭეთ. თუ სწორად გაჩერდა, ესე იგი მუხრუჭები გამართულად მუშაობს. თუ ავტომობილის უკანა, ან რომელიმე მხარე გვერდით წაიღო, ეს ნიშნავს, რომ უკანა და წინა მუხრუჭებს შორის ბალანსი დარღვეულია და ცუდად მუშაობს. ამ დროს საჭესაც თუ გაუშვებთ ხელს, უფრო კარგად მიხვდებით შედეგს.