როგორ მოვარჯულოთ ოჯახის წევრები „კმაყოფილი მინისტრით“, გავიგრილოთ გარუჯული სხეული და ვასიამოვნოთ დასიცხული ორგანიზმი ბრაზილიური „ბასკა-ლამანჩათი“
როგორც დიეტოლოგები და ენდოკრინოლოგები ამბობენ, დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის სეზონურ კვებას და ახლა სწორედ ის დროა, როცა მსუბუქად და გემრიელად უნდა ვიკვებოთ, თანაც, ნატურალური, ახალი ხილითა და ბოსტნეულით მომზადებული კერძებით და თითოეულ მათგანს თავისი შესაბამისი სასმელიც მივაყოლოთ. ამ აზრს სომელიე თეიმურაზ ბენიძეც ეთანხმება და ისეთ საინტერესო და სასარგებლო კერძების რეცეპტებსა და დესერტებს შემოგთავაზებთ, რომლებითაც ნამდვილად ისიამოვნებთ პაპანაქება სიცხეში.
თეიმურაზ ბენიძე: ზაფხულში ყველა ცდილობს, მსუბუქად იკვებოს, არ გადაიტვირთოს და კერძისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს. ასევე, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომელ კერძს რომელი სასმელი მიაყოლოთ, რომ სიამოვნება გაიათმაგოთ და დიდხანს გაგყვეთ კერძის სასიამოვნო გემო და მისგან მიღებული შედეგი. ამ სეზონზე ბევრი ცდილობს, საკვებისგან თავი შეიკავოს და დესერტითა თუ სალათებით მოატყუოს კუჭი, თუმცა, გეტყვით, რომ ეს არასწორია, რადგან სეზონზე სწორად და გემრიელად შერჩეული საკვები ნამდვილად გესიამოვნებათ და არც სიმძიმის შეგრძნებას გამოიწვევს. საკვებით სიამოვნება უნდა მიიღოთ და არა კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნება.
– რომელი კერძია ასეთი, რომელიც სიამოვნებასაც გვანიჭებს და კუჭსაც არ აღიზიანებს?
– ასეთი გემრიელი, საზაფხულო და მსუბუქი კერძია „სპაგეტი“ ნიგვზის სოუსით, ანუ, არგენტინული „დონ-გუჩო“. მე ეს კერძი ზუსტად ზაფხულის ცხელ სეზონზე დავაგემოვნე და მინდა გითხრათ, ნამდვილად ვისიამოვნე. მიუხედავად იმისა, რომ „დონ-გუჩო“ ცხელი უნდა მიირთვათ, ის სიცხეშიც კი გემრიელად ჩადის კუჭში და შემდეგ დიდი ხნით აღარ შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობაც, თანაც, არც ორგანიზმს ტვირთავს და არც კუჭს აღიზიანებს. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 300 გრამი „სპაგეტი“, 4 სადილის კოვზი გახეხილი მშრალი ყველი, ერთ-ნახევარი ჩაის ჭიქა ნიგოზი, 1 კბილი ნიორი, 150 მილიგრამი ნაღები, 4 სადილის კოვზი კეტჩუპი, 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 კონა ქინძი, დაფქული შავი პილპილი და მარილი – გემოვნებით. „დონ-გუჩო“ ასე უნდა მოამზადოთ: მარილიან წყალში მოხარშეთ „სპაგეტი“. ნიგოზი, ნიორი და ქინძი ჩაყარეთ ბლენდერში და კარგად დააქუცმაცეთ. მიღებული მასა მოშუშეთ ზეითუნის ზეთში 3 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ნაღები, კეტჩუპი, პილპილი, მარილი და კიდევ მოშუშეთ, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. ცხელ სოუსში გადაურიეთ ყველი. „სპაგეტი“ გადმოიღეთ დიდ, ლამაზ, გამჭვირვალე შუშის ლანგარზე და მოასხით გამზადებული სოუსი. სუფრაზე მიიტანეთ ცხელი.
– რომელი სასმელი უნდა მივაყოლოთ „დონ-გუჩოს“, რომ მისი გემო დიდხანს შეგვრჩეს?
– „დონ-გუჩოს“ უხდება ერთი ჭიქა თეთრი, ჩაცივებული მშრალი ღვინის დაყოლება, რომ მისი პიკანტური გემო მაქსიმალურად აღიქვათ. აქვე გეტყვით მოურჯულებელი ადამიანებისთვის განკუთვნილი საჭმლის რეცეპტს. ეს არის ქათმის კატლეტი, რომლის სახელია „კმაყოფილი მინისტრი“. მას კი წითელი ღვინის დაყოლება უხდება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა წითელი ღვინის სეზონი ნამდვილად არ არის. ეს კერძი ამ მხრივ გამონაკლისია. მოკლედ, მის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია: 1 კილოგრამი ქათამი, 100 გრამი თეთრი პური, ნახევარი ჩაის ჭიქა რძე, 2 სადილის კოვზი დანაყილი ორცხობილა და 150 გრამი ერბო. კერძი ასე მზადდება: ქათამი კარგად გაასუფთავეთ, გარეცხეთ და ხორცს ძვლები გამოაცალეთ. რძეში ჩააწყვეთ პური, გააჩერეთ ცოტა ხანს და შემდეგ გაწურეთ. ქათმის ხორცი და რძეში დარბილებული პური ორჯერ გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში, დაამატეთ მარილი, ერბო და კარგად აზილეთ. მომზადებული მასიდან გააკეთეთ კატლეტები, ამოავლეთ დანაყილ ორცხობილაში და ორივე მხრიდან კარგად შებრაწეთ ერბოში. შემწვარი კატლეტი დააწყვეთ თეფშზე და შემოუწყვეთ შემწვარი კარტოფილი, რომელზეც წვრილად დაჭრილ კამას მოაყრით.
– ამბობენ, იმ ადამიანმა, ვისაც გარუჯვა უნდა, მენიუ სპეციალურად უნდა შეარჩიოსო. თუ შეგიძლიათ, აგვიხსნათ, ეს რას ნიშნავს და რომელი კერძია მისაღები გარუჯვის შემდეგ, დასიცხული სხეულის გასაგრილებლად?
– მართალია, გარუჯვის შემდეგ, ადამიანის სხეული გადახურებულია და მას სპეციალური საკვები უნდა შეურჩიოთ. მაგალითად, გარუჯვის შემდეგ, კერძი, რომელიც გულსა და დასიცხულ სხეულს გაგიგრილებთ, არის ბადრიჯანი ყველის სატენითა და მაწვნით. მარტო მზისგან დამწვარ კანს კი არ უხდება ცივი მაწვნის წასმა, ის კუჭისთვისაც კარგი გამაგრილებელი საშუალებაა (იცინის). მის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია: პატარა ზომის 300 გრამი ბადრიჯანი, 100 გრამი ყველი, 1 ცალი კვერცხი, 100 გრამი ერბო, 300 გრამი მაწონი, მარილი – გემოვნებით. აი, ასე ცოტა მასალა სჭირდება ამ კერძს და ის მალეც მზადდება – პლაჟიდან სახლში მისვლისას, შეგიძლიათ, რამდენიმე წუთში გაამზადოთ. მოკლედ, ბადრიჯანს მოაჭერით ბოლოები, გარეცხეთ და წვრილტარიანი დანით ამოაცალეთ თესლები, შემდეგ დააწყვეთ თუნუქის ფურცლებზე და შეწვით ჰაერღუმელში. როცა ნახევრად გამზადდება, გამოიღეთ. მოხარშეთ კვერცხი, დაჭერით წვრილად და აურიეთ გახეხილ ყველსა და ერბოში. ამ მიღებული მასით გამოტენეთ ნახევრად შემწვარი ბადრიჯანი, დააწყვეთ ერბოწასმულ ტაფაზე და შედგით ღუმელში. როცა მზად იქნება, გამოიღეთ, დაალაგეთ თეფშზე და ზემოდან გადაასხით გაწურული, გათქვეფილი ცივი მაწონი. წარმოიდგინეთ, გარუჯვის შემდეგ სახლში მისულს, როგორ გესიამოვნებათ მისი ჭამა და თან ორგანიზმსაც როგორ გააგრილებს. სხვათა შორის, ეს სიგრილე დიდხანს გაგყვებათ და თავს მხნედ, მსუბუქად და ენერგიულად იგრძნობთ. შეგიძლიათ, მას ჩაცივებული ხილი ან ხილის წვენი მიაყოლოთ.
– სეზონური ხილით უგემრიელესი დესერტები მზადდება. შეგიძლიათ, ისეთი რეცეპტი გაგვიმხილოთ, რომლითაც სტუმრების გაოცებას შევძლებთ?
– რასაკვირველია, შემიძლია და, გირჩევთ, ეს დესერტი წაკითხვისთანავე გააკეთოთ. მერწმუნეთ, დროის დაკარგვა არ ღირს. უგემრიელესი, ნამდვილად თითებჩასაკვნეტი დესერტია ბრაზილიური ნიგვზის სუფლე, რომელსაც „ბასკა-ლამანჩა“ ჰქვია. მე ის უცხოეთში დავაგემოვნე და მერწმუნეთ, დღესაც შოკში ვარ, მიკვირს როგორ შემრჩა ხელზე თითები და არ მივაყოლე, ისეთი გემრიელობა იყო (იცინის). მოკლედ, „ბასკა-ლამანჩასთვის“ საჭიროა: 200 გრამი ნიგოზი, 5 ცალი კვერცხი, 1 ჩაის ჭიქა შაქარი და 1 ჩაის ჭიქა ნაღები. ის ასე მარტივად მზადდება: დანაყეთ 200 გრამი ნიგოზი და მოათავსეთ ქვაბში, ცალკე გათქვიფეთ 5 ცალი კვერცხის გულისა და 1 ჩაის ჭიქა შაქრისგან გოგლი-მოგლი. ასევე, ათქვიფეთ 1 ჩაის ჭიქა ნაღები და ეს ყველაფერი ჩაასხით ქვაბში, სადაც დანაყილი ნიგოზია. შემდეგ, დადგით ძალიან ნელ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ ადუღებამდე. არ დაგავიწყდეთ, ეს მასა არ უნდა აგიდუღდეთ. ცოტა რომ შესქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან, გააცივეთ და დაუმატეთ ხუთი კვერცხის ათქვეფილი ცილა. შემდეგ დადეთ ერბოწასმულ თუნუქის ფურცელზე და შედგით ჰაერღუმელში. მოამზადეთ და დააგემოვნეთ – ნახეთ როგორ შოკს მიიღებთ, ოღონდ, მე ნურაფერს დამაბრალებთ (იცინის). რაც შეეხება სეზონური ხილისგან მომზადებულ დესერტს, ის ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის და საჭიროა ზაფხულის სიცხეში. მაგალითად, ახლა ნესვი შემოდის. მე ეს ხილი ძალიან მიყვარს და გასწავლით, როგორ მოამზადოთ მისგან უგემრიელესი სალათა-დესერტი – „ნესვის შერბეთი“: აიღეთ ნესვი, კარგად გარეცხეთ და თხლად ამოჭერით გული და თესლი. გული გადადეთ (შედეთ საყინულეში დაახლოებით ხუთი-ათი წუთით). აიღეთ ქიშმიში, ალუბალი, მარწყვი, ბალი, გარგარი ან ნებისმიერი სეზონური ხილი, მიწის თხილი, ნაღები და კარგად ათქვიფეთ ბლენდერით. გამოიღეთ საყინულიდან ნესვი და ამ გემრიელი მასით გამოტენეთ. გადანახული ნესვის ამოჭრილი გული ნაღებთან ერთად დააბლენდერეთ. ესეც ზემოდან დაადეთ ნესვს და შედგით მაცივარში. გამოიღეთ, ცივი დაჭერით და დააგემოვნეთ საღამოს. ეს გამაგრილებელი ნესვის სალათა, როგორც მე მას ვუწოდებ, ბერძნულია და მას ბევრი უცხო ქვეყნის „ფეშენ“-რესტორანში შემოგთავაზებენ „ოთუზბირად“, დესერტის სახით. თუ გსურთ, მინიმალური თანხა დახარჯოთ და მაქსიმალურ სიამოვნებას მიაღწიოთ, ისღა დაგრჩენიათ, ეს „ფეშენ“, „სუპერ“, „გლამურ“ ნესვის დესერტი თავად მოამზადოთ სახლის პირობებში.