კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფსიქოლოგის შეცდომა



ლოურენს ბლოკი



გოგონამ საერთო საცხოვრებლის კიბე ჩაირბინა. მანქანა, რომელიც იქვე იდგა, მას ელოდა. სპორტული სამგზავრო ჩანთა საბარგულში ჩააგდო და მძღოლს, სიმპათიურ, ახალგაზრდა კაცს გვერდით მიუჯდა.

– რა ბედნიერებაა, რომ, ბოლოს და ბოლოს, გამოცდებიც ჩავაბარე და სახლშიც მივდივარ.

– ჰო, გაგიმართლათ. მეც როგორ დროულად გამოვეხმაურე თქვენს განცხადებას? – დაეთანხმა ბიჭი და გოგონა ყურადღებით შეათვალიერა.

– საერთოდ, ბედი მწყალობს ხოლმე. კარგი ავტომობილი გყავთ. ახალია?

– თითქმის. სამი წლის არის.

– ახალი ყოფილა. რადიო ხომ მუშაობს, შეიძლება, ჩავრთო?

– რა თქმა უნდა. გადამრთველი მანდვეა. იმას მოუსმინეთ, რაც გესიამოვნებათ. ჩემთვის სულერთია.

გოგონამ რადიომიმღებში ბლუზს მიაგნო და ხელით რიტმს აჰყვა. ძალიან საყვარელი ვინმე იყო. ბიჭმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა თანამგზავრი. მალე გოგონას ჩაეძინა, მაგრამ ღრმად არ ეძინა, უფრო თვლემდა. ბიჭს მისი განცხადების ტექსტი მოაგონდა და გაეღიმა. „გთხოვთ წამიყვანოთ ჩიკაგომდე. რა თქმა უნდა, თუკი მაინც იქით მიდიხართ და ძალიან არ შეწუხდებით. სემესტრი დამიმთავრდა და დედა მომენატრა“.

ბიჭმა რადიო გამორთო. გოგონამ თვალები გაახილა. უკვე ბნელდებოდა.

– მეძინა?! – იკითხა დარცხვენილმა.

– დიახ, გეძინათ, თანაც საკმაოდ მშვიდად. არც შეგინიშნავთ, რომ ცენტრალური გზატკეცილიდან გადავუხვიეთ.

გოგონამ ახლაღა შენიშნა, რომ ვიწრო გზას მიუყვებოდნენ. შემხვედრი მანქანებიც თითქმის არ ჩანდნენ.

– რატომ მივდივართ ამ გზით? უფრო მოკლეა?

– არა, უბრალოდ, მე ავტოსტრადები მძულს. ბევრი მანქანა, ბევრი სინათლე და ბევრი ხმაური. ძალიან ვიღლები. აი, თქვენ კი, ვხედავ, არაფრის გეშინიათ.

– რისი უნდა მეშინოდეს? – მხრები აიჩეჩა გოგომ.

– ანუ, არ გეშინიათ?

– უცნაურ რამეს მეკითხებით. არ ვარ მშიშარა, – გოგოს თვალები აუელვარდა, – ამით რისი გარკვევა გინდათ?

– აბა, დაფიქრდით: ზიხართ მანქანაში, უცხო ადამიანის გვერდით და წარმოდგენა არ გაქვთ, სად ხართ. ან ჩემს შესახებ რა იცით?

– თქვენ სტუდენტი ხართ.

– დიახ. მე სწორედ ასე გითხარით, მაგრამ დარწმუნებული არ ხართ, რომ მართალია?

– ასაკი შესაფერისი გაქვთ.

– მართალია. ასაკი შესაფერისი მაქვს, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. უფრო მეტსაც გეტყვით, საერთოდ არაფერს ნიშნავს.

– საქარე მინაზე ჩვენი უნივერსიტეტის ემბლემაც გაგიკრავთ.

– რას მელაპარაკებით, მართლა?! როგორი დაკვირვებული ყოფილხართ! მაგრამ, თანამგზავრებს ცუდად ირჩევთ. ამ ემბლემის შოვნაზე იოლი არაფერია, მით უფრო, თუკი მიზნად ვინმეს მოტყუება გაქვს.

– იცით, რა, არ მომწონს, ამდენ სისულელეს რომ ამბობთ. ახლავე შეწყვიტეთ!.. – შეიჭმუხნა გოგო.

– ვინ გითხრათ, რომ სისულელეებს ვამბობ? ეს თქვენ გინდათ, რომ სისულელედ გაასაღოთ, – ჩაიცინა ბიჭმა და გოგოს უცნაურად შეხედა.

– მაინც ვერ შემაშინებთ...

– ვითომ? მე კი მგონია, რომ შიშის მარცვალი უკვე ჩავთესე თქვენს გულში. აბა, კარგად დაფიქრდით: თქვენ ახლა აბსოლუტურად დაუცველი ხართ, უმწეო, ნაზი გოგონა. შემიძლია, გეცეთ და გაგაუპატიუროთ, მერე კი მოგკლათ. წინააღმდეგობას ვერც გამიწევთ.

– ვხედავ, ძალიან გინდათ ჩემი შეშინება, მაგრამ გირჩევთ, შეწყვიტოთ ეს იდიოტური თამაში!

– არ შეგიძლიათ, უბრალოდ, მითხრათ, რომ შეგეშინდათ, ძალიან შეგეშინდათ?!.

– რომ ვთქვა, გაჩუმდებით?

– არ ვიცი. მოსინჯეთ.

გოგო უკვე აღარ იღიმებოდა, მან ბიჭს ავად გახედა და შეამჩნია, რომ ხელები უკანკალებდა.

– იქნებ, აჯობებს, საჭესთან მე დავჯდე?

– რატომ?

– იმიტომ, რომ ნერვიულობთ. მე კი მშვიდად ვარ.

– სწორედ ეგ თქვენი სიმშვიდე მანერვიულებს. მაგრამ, არ მომწონს, როცა ჩემი მანქანის საჭესთან სხვა ზის, მით უმეტეს – ქალი.

– მამაჩემიც ასეა. მომწონს, საუბრის თემა რომ შევცვალეთ.

– არ შეგვიცვლია. ყოველ შემთხვევაში, მე არ შემიცვლია. ანუ, არ გჯერათ, რომ მე თქვენი გაუპატიურება შემიძლია?

– დავუშვათ, შეგიძლიათ, მაგრამ ეს რატომ უნდა გააკეთოთ?

– ჯერ ერთი, საკმაოდ მადის აღმძვრელად გამოიყურებით; მეორე – იქნებ, მანიაკი ვარ, შეშლილი, რომელიც ადამიანების მოკვლით იღებს სიამოვნებას?! არაფერი გსმენიათ მკვლელის შესახებ, რომელიც ჯერ კლავს მსხვერპლს, მერე კი სამახსოვროდ მისი სხეულის ნაწილებს იტოვებს?

– გეყოფათ, ბოლოს და ბოლოს! – მოთმინება დაკარგა გოგომ, – მაინც არ ვიტყვი, რომ შემეშინდა!

– თქვით, რომ შეგეშინდათ და გავჩუმდები.

– მართლა?

– მართლა...

– შემეშინდა.

ბიჭმა გაიღიმა.

– დამშვიდდით. ფსიქოლოგიურზე ვსწავლობ და ასეთ ექსპერიმენტებს ხშირად ვატარებ ხოლმე, რადგან... აღიარეთ, რომ შეგეშინდათ...

– სულაც არ მეცინება.

– ჰოო? ეგეც შიშის ბრალია, თუ გაბრაზდით.

– რატომ გავბრაზდი, სულელებზე არ ვბრაზობ ხოლმე.

– აი, ისევ დაიწყეთ. იცოდეთ, არაფერი გამოგივათ.

– რა არ გამომივა?

– უარყოფა იმისა, რომ შეშინებული ხართ. გინდათ, რაღაც გაჩვენოთ?

– რა უნდა მაჩვენოთ?

– მანდ, მანქანის უჯრაში, შავი ტყავის ქისა უნდა იყოს. გამოიღეთ.

გოგონამ თავმოკრული ქისა გამოიღო, რომელიც პატარა ტომარას უფრო ჰგავდა.

– იცით, რა არის შიგნით?

გოგონამ მხრები აიჩეჩა.

– გაინტერესებთ? – ბიჭმა თვალები მოწკურა.

– არა.

– რატომ? ხომ არ შეშინდით? ფიქრობთ, რომ შიგნით შეიძლება მოჭრილი თითები ან ყურები ეწყოს?

– ფუჰ, გული მერევა. გაჩერდებით თუ არა, ბოლოს და ბოლოს! – აღშფოთებულმა გოგონამ ტომსიკა ბიჭს მიუგდო.

– აი, უკვე სერიოზულად გაბრაზდით და ანერვიულდით. ახლა მანქანას გზიდან გადავიყვან. გავჩერდები და გაგაუპატიურებთ!

– გეუბნებით, გეყოთ იდიოტური ხუმრობა, თორემ კარს გავაღებ და გადავხტები!

– აბა, სცადეთ. მე გზიდან გადავდივარ... – ბიჭმა საჭე მარჯვნივ მიმართა. გოგონა ერთბაშად ეცა. ბიჭს არ დაუნახავს, როგორ გაჩნდა მის ხელში ბასრპირიანი ფრჩხილების მაკრატელი, რომელიც ერთი შეხედვით სუსტმა და დაუცველმა გოგონამ შეუცდომლად ჩასცა არტერიაში. სისხლმა შადრევანივით იფეთქა. ბიჭს თავი საჭეზე ჩამოუვარდა.

გოგონამ ამოიოხრა და გაიღიმა:

– აღარ მოისვენა. მეც ნერვებმა მიმტყუნა. სულ ასეა, ჩემს მოთმინებას სცდიან და ეს ძვირად უჯდებათ. მე არაფერში ვარ დამნაშავე. ერთი ვნახო, რა უდევს ამ ტომსიკაში, თავი რომ გადამჭამა.

გოგონამ შავი ტომსიკა გახსნა და წამოაპირქვავა. შიგნით ასპირინის ფლაკონი, ერთი შეკვრა კრეკერი, ჰიგიენური პლასტიკები და ორი ასდოლარიანი კუპიურა იდო. კიდევ სადაფისტარიანი მინიატურული დანა.

– ასეც ვიცოდი, უბედური ტრაბახა! ახლა სუვენირზეც ვიზრუნებ.

გოგონამ აიღო დანა და ბიჭს ნეკა თითის ორი ფალანგა მოაჭრა. დანა იქვე მიაგდო, მოჭრილი თითი ხელსახოცში გაახვია და თავისი ზურგჩანთის პატარა ჯიბეში ჩადო. მერე ხმაურით მიკეტა მანქანის კარი და გზას საპირისპირო მიმართულებით გაუყვა.

თარგმნა

ნინო წულუკიძემ


скачать dle 11.3