ხვლიკის რომელი ჯიშისგან მზადდება „ხვლიკის ღვინო“ და რატომ ითვლება არაყი „O2“ მსოფლიოში საუკეთესოდ
მოგზაურობის დროს, ტურისტების ერთ-ერთი უმთავრესი მისია იმ ქვეყნის სამზარეულოს დაგემოვნებაა, სადაც ისინი იმყოფებიან. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ისინი მხოლოდ კერძებით შემოიფარგლებიან, ხოლო სასმელებიდან სტანდარტულ ვისკის, ღვინოს ან არაყს ირჩევენ და ავიწყდებათ, რომ, შეიძლება, კერძთან ერთად ისეთი ალკოჰოლური სასმელი მიირთვან, რომელიც მხოლოდ იმ ქვეყანაშია მიღებული. „თბილისელების“ დღევანდელი ნომერი გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე არაჩვეულებრივი ალკოჰოლური სასმელების ჩამონათვალს.
„მესკალ“ (Mezcal) – მექსიკა
ამ სასმელში, რომელიც აგავას ფერმენტირებული წვენისგან მზადდება, დამატებულია ჭია – მუხლუხა მატლი. სასმლის დეგუსტაციის დროს იყავით ფრთხილად, რადგან ჭია ჰალუცინაციებს იწვევს. „მესკალის“ დაგემოვნება მექსიკისა და დანარჩენი მსოფლიოს ნებისმიერ ბარშია შესაძლებელი.
ლუდი-პიცა (Pizza Beer) – ამერიკის შეერთებული შტატები
დასახელებიდან გასაგებია, რომ საუბარია ერთ ბოთლში გაერთიანებულ ლუდსა და პიცაზე. ამ ლუდის დამზადების რეცეპტი შემდეგში მდგომარეობს: ალაოს ამატებენ ნიორს, ორეგანოს, პომიდორს და ბაზილიკას. ლუდი-პიცას შეძენა შესაძლებელია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ილინოისის, ინდიანის, ვისკონსინის და პენსილვანიის შტატების რესტორნებსა და მაღაზიებში.
„გველის ღვინო“ (Snake Bile Wine) – ვიეტნამი
ამ ღვინის დამზადებისთვის გამოიყენება ცოცხალი კობრის ნაღვლის ბუშტიდან ამოღებული ნაღველი, რომელსაც ბრინჯის ღვინოსთან აზავებენ. ტრადიციულად, მომწვანო-მოშავო სითხე იმავე გველისგან დამზადებულ კერძთან ერთად ისინჯება. ეს სასმელი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ამგვარი ღვინის დაგემოვნება ვიეტნამის ნებისმიერ რესტორანშია შესაძლებელი.
არაყი „O2“ (O2 Sparkling Vodka) – დიდი ბრიტანეთი
ალაოს, ხორბლისა და ქერის ნაზავიდან მიღებული არაყი „O2“ გამოიხდება და რამდენჯერმე იფილტრება სპეციალურ ბრინჯაოს ავზში, რის შემდეგაც საიდუმლო ტექნოლოგიით გაზავებული სასმლის სახეს იძენს. „O2“ მსოფლიოში საუკეთესო „ცქრიალა არყად“ არის აღიარებული.
„ჩიჩა“ (Chicha) – პერუ
ჩიჩას ჯერ კიდევ ძველი ინკები გამოიყენებდნენ თავიანთ რიტუალებში და ეს სასმელი აგრეთვე უძველესი ტრადიციული წესით მზადდება: პერუელი ქალები პირით დაღეჭილ სიმინდს თბილი წლით სავსე მათარაში ათავსებენ, სადაც ის ღვინდება. მიღებული მოყვითალო-რძისფერ სითხეს შემდგომში გოგრიდან გაკეთებულ სპეციალურ ავზში ათავსებენ. პერუს ზოგიერთ რაიონში „ჩიჩას“ ბანანის ან ანანასის წვენს ამატებენ. „ჩიჩას“ შეძენა შესაძლებელია ლიმასა და კუსკას მაღაზიებში, ასევე, ანდების სოფლებში. თუკი თქვენ მოხვდებით ანდების რომელიმე სოფელში და სახლზე გამოფენილი იქნება წითელი ან თეთრი დროშა, ესე იგი, სახლის პატრონი ახალ დაყენებულ „ჩიჩას“ შემოგთავაზებთ.
„ხვლიკის ღვინო“ (Hejie jiu) – ჩინეთი
ხვლიკებს (უმეტეს შემთხვევაში – გეკონებს) 10 დღით ან ერთი წლით ათავსებენ ბრინჯის ღვინის ან ვისკის ბოთლში. არსებობს თქმულება, რომ სასმელს გამოიყენებენ სამედიცინო სფეროში და ამ ღვინით შესაძლებელია ართრიტის, კიბოსა და წყლულის მკურნალობა. Hejie jiu-ს ჩინურ რესტორნებში ეგზოტიკურ კერძებთან ერთად მიირთმევენ. მისი შეძენა შესაძლებელია აგრეთვე სუვენირების მაღაზიებში.
„იოგურიტო“ (Yogurito) – იაპონია
ეს ცხარე, იოგურტის ლიქიორზე დაყენებული სასმელი, მზადდება ჰოლანდიაში, ბოთლში ისხმება საფრანგეთში და იყიდება მხოლოდ იაპონიაში. „იოგურიტოს“ დალევა შესაძლებელია როგორც სუფთა სახით, ასევე, ანანასის ან ფორთოხლის წვენის შეზავებით. ლიქიორი-იოგურტი იყიდება იაპონიის ქალაქებში, როგორც რესტორნებში, ასევე, ჩვეულებრივ მაღაზიებში.
„ყავის ლუდი“ (Coffee Beer) – ჰავაის კუნძულები
ეს არის უნიკალური რეცეპტით დამზადებული სასმელი, რომელშიც გაერთიანებულია კოფეინი და ალკოჰოლი. ლუდის მოხარშვის დროს გამოყენებულია 100-პროცენტიანი ყავა „კონა“. ამ ეგზოტიკური ლუდის შეძენა ჰავაის ბარებსა და რესტორნებშია შესაძლებელი.
„კინარი“ (Cynar) – იტალია
მიაჩნიათ, რომ ეს სამკურნალო აპერიტივი თანამედროვე ცხოვრების დაძაბულობასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. ის გულის მუშაობას არეგულირებს. „კინარი“ არტიშოკისა და კიდევ 13 დასახელების ბალახეულისგან მზადდება. მისი დალევა შეიძლება როგორც ცალკე, ასევე, კოქტეილთან და ლუდთან ერთად. „კინარი“ მსოფლიოს მრავალ ბარსა თუ რესტორანში იყიდება.