ბედის ტორეადორი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-36(454)
ბოღმა არ შეიძლება იყოს უწყინარი, არც დროებითი. თუ ერთხელ ჩაგავლო კლანჭი, მორჩა, მერე მისგან თავის დახსნა ადვილი არ არის. ისე, ჩემთვის ვარ დაბოღმილი და სხვას არ ვერჩიო, ამის თქმა გულუბრყვილობაა, საკუთარი თავის მოტყუება და მეტი არაფერი. ბოღმა იმაზე გაცილებით საშიშია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ექიმები დიაგნოზს ვერ დაგისვამენ, ისე შემოგეჩვევა უძილობა, თავის ტკივილი, უგუნებობა და, ერთი სიტყვით, ყველაფერი ცუდი. არავინ თქვას, ცხოვრებამ დამბოღმაო. ესეც სისულელეა. ან ხარ ბუნებით ასეთი, ან – არა, სხვა ალბათობა, უბრალოდ, არ არსებობს. ერთი სიტყვით, თუ თქვენი ახლობელი გეუბნებათ, რომ ცხოვრებამ გააბრაზა და მისი ბოღმაც აქედან მოდის, ნუ დაუჯერებთ. ის ბავშვობაშიც ბოღმიანი იქნებოდა. მაგრამ, ძალიანაც ნუ ინერვიულებთ, ყველაზე მეტად საკუთარ თავს დააზარალებს. უძილობა-თავის ტკივილზე უკვე ვილაპარაკეთ...
***
დათო პირველად განაცვიფრა ცოლის მადამ. ნათიამ ყველაზე ძვირიანი კერძები შეუკვეთა და ბოლოს ისეთ ძვირფას ღვინოს დაადო თითი, რომ კაცმა თავი ვეღარ შეიკავა:
– შენთვის რომ დალევა არ შეიძლება?!
ქალმა მხრები აიჩეჩა:
– ვინ გითხრა, რომ არ შეიძლება? დათრობას კი არ ვაპირებ. ერთი ჭიქა კი არც მე მაწყენს, არც ბავშვს. დანარჩენს შენ დალევ.
– ჰო, მაგრამ... – დათო შეყოყმანდა.
– რა „მაგრამ“, – ტუჩები გაბუსხა ნათიამ, – ხომ არ გეძვირა? იქნებ, დაგენანა? ძლივს რესტორანში წამოყვანა მაღირსე და ახლა არ დამიწყო... სხვათა შორის, შენი იდეა იყო. შენ გამოიჩინე ინიციატივა. ზეიმი მინდა მოვიწყოო, არ თქვი? ჰოდა, მაზეიმე. არ იწუწუნო და არ ჩამაშხამო ეს მშვენიერი საღამო.
– არა. არ ვწუწუნებ. უბრალოდ, ცოტა გაკვირვებული ვარ, ამდენი როგორ უნდა შეჭამო.
– რასაც ვერ შევჭამ, დაგიტოვებ, – თვალის დაუხამხამებლად მიუგო ნათიამ და ეშმაკურად ჩაიღიმა: თინიკოს რჩევის მიხედვით მოქმედებდა და ქმრის ბიუჯეტს საგრძნობი დარტყმა მიაყენა. იქნებ, შედეგი ისეთი ვერც მიეღო, მაგრამ დათოს სახის გამომეტყველებამ უკვე მიანიჭა სიამოვნება.
– ხვალ საყიდლებზე მინდა წასვლა. მოიცლი?
– მოვიცლი?! – დათომ ღვინო მოსვა და მოიღუშა. ძუნწი არ იყო, მაგრამ ერთ ბოთლ ღვინოში ამდენი ფულის გადახდა მაინც დაენანა, – ჰო, რა მკითხე? რისთვის უნდა მოვიცალო?
– საყიდლებზე მინდა წასვლა-მეთქი. ბავშვისთვის იმდენი რამე გვჭირდება. მე კი ჯერ არაფერი შემიძენია.
– რომელი ბავშვისთვის? – დათომ მაშინვე ვერ გააცნობიერა ცოლის ნათქვამი.
– რას ნიშნავს, რომელი ბავშვისთვის? დაგავიწყდა, ფეხმძიმედ რომ ვარ? – ეწყინა ნათიას და ქმარს საყვედურით შეხედა.
– მაგას რა დამავიწყებს, საყვარელო, მაგრამ ვფიქრობ, ჯერ ცოტა ადრეა. აუცილებლად ხვალ რატომ უნდა წავიდეთ საყიდლებზე? მოვასწრებთ.
– შენი გადამკიდე, ვერაფერსაც ვერ მოვასწრებთ. ჯერ ერთი, ჩემს შვილს ბაზრობაზე ნაყიდ ტანსაცმელს არ ჩავაცმევ. მეორე, ვინ გითხრა, რომ ხუთი თვე გვაქვს წინ, შვიდთვიანი რომ დაიბადოს? მერე რაღას იზამ, მითხარი, რას იზამ?
– შვიდთვიანი რატომ უნდა დაიბადოს? – გაეღიმა დათოს ცოლის ახირებაზე.
– ტყუილად იცინი. ხომ არ გგონია, ცხრა თვის ორსული ვირბენ მაღაზიებში! საერთოდ არ ფიქრობ ჩემზე. შენს მეგობრებზე უარესი ხარ. ეგოისტი. საკუთარი თავის გარდა არავინ გიყვარს.
– ტყუილად მიბრაზდები, – დათომ სცადა, ცოლისთვის ხელზე ეკოცნა, მაგრამ ნათიამ მაშინვე გამოსტაცა ხელი და გულმოსულმა შესძახა:
– თავი დამანებე! არ გიყვარვარ, საერთოდ არ გიყვარვარ!
– პირიქით, ძალიან მიყვარხარ და არ მინდა, ტყუილუბრალოდ ინერვიულო. მე თვითონ წავალ და ყველაფერს ვუყიდი, რაც საჭირო იქნება.
– უყიდი, როგორ არა, შენ თუ მოგანდე ეგ საქმე...
დათომ ამოიოხრა:
– კარგი. წავიდეთ ხვალ საყიდლებზე. სიმართლე გითხრა, ამის გაკეთება თვის ბოლოს მერჩივნა, მაგრამ, ისეთი რა უნდა იყიდო, რომ ფული არ მეყოს?
– ვნახოთ, – ნათია ისევ გახალისდა, – შეიძლება, არ გეყოს კიდეც. საბავშვო ეტლი მინდა, საწოლი, აბაზანა, ტანსაცმელი...
– საწოლი და აბაზანა გასაგებია, მაგრამ ეტლი მერეც შეიძლება, ვუყიდოთ. უცხოეთში წავალ და იქიდან ჩამოვუტან საუკეთესო ეტლს. იცი, რა აჯობებს? თვის ბოლოს მე და შენ იტალიაში ან გერმანიაში წავიდეთ. ბავშვისთვის ყველაფერი ვიყიდოთ, ჩვენც დავისვენოთ და ჩამოვიდეთ.
ნათიას ქმრის სიტყვები ჭკუაში დაუჯდა, მაგრამ თანხმობა მაინც არ უთქვამს – ჯერ თიკასთვის უნდა ეკითხა და ამიტომ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა.
– ვნახოთ, მოვიფიქრებ. შეიძლება, მართალი ხარ. ჩემს ექიმს დავურეკავ და შევეკითხები. მგონი, თვითმფრინავი არაფერს მავნებს.
– რა უნდა გავნოს, მშვენივრად ხარ, არაფერი გაწუხებს.
– მშვენივრად იმიტომ ვარ, რომ არ ვწუწუნებ? – ხმა გაიმკაცრა ნათიამ, – შენ კი მაინც არ მითხარი, რატომ ხარ ასეთ კარგ გუნებაზე, რას ვზეიმობთ. მეც მინდა, ვიცოდე.
– ისეთს არაფერს. ძველი ამბავია და შენ არ გეხება. რაღაც გავიგე, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი.
– ძველი შეყვარებული ხომ არ გასცილდა ქმარს? – გესლიანი ღიმილით დაინტერესდა გოგო. მის გულში ეჭვმა ახალი ძალით იფეთქა.
– ვინ ძველი შეყვარებული, რა ქმარი... რატომ ხარ ასეთი ეჭვიანი? – გაიცინა დათომ, – მორჩა ეგ ამბები, მორჩა და ფიქრით თავს ნუღარ დაიღლი. ისე, შენამდე სერიოზულად არავინ მყვარებია. მართლა არ ვყოფილვარ შეყვარებული.
– არ მჯერა.
– რატომ? დასამალი რა მაქვს. ვინმე რომ მყვარებოდა, ოცდაჩვიდმეტი წლის კი არ დავოჯახდებოდი.
– ჩემი დამსახურებაა, საერთოდ რომ დაოჯახდი, – დააყვედრა ცოლმა. დათოს არ სწყენია:
– ჰო, შენი დამსახურებაა. იმიტომაც გითხარი, სერიოზული გრძნობა შენამდე არ მქონია-მეთქი, ნიკუშასა და ლევანისგან განსხვავებით...
ნათიამ ყურადღება დაძაბა:
– ოო, ეს უკვე საინტერესოა. რა თქვი, ლევანისგან და ნიკუშასგან განსხვავებითო?! მათი ყველა სასიყვარულო ისტორია იცი?
– ვიცი, – თავი დაუქნია დათომ, – არც იმდენი ჰქონიათ, შენ რომ გგონია. ნიკუშა საერთოდ მძიმე შემთხვევაა. მოჯადოებულივით არის, ქვრივი ქალის დაწყევლილივით და, მგონი, ლევანსაც გადასდო, – წამოსცდა დათოს და ცოლს შეცბუნებულმა შეხედა. მიხვდა, ზედმეტი რომ წამოროშა. ნათია წარბშეუხრელად განაგრძობდა სალათის ჭამას, თითქოს არც გაუგონია, რა თქვა დათომ. თავი მხოლოდ მაშინ ასწია, როცა ღვინით სავსე ბოკალი მიიტანა ტუჩებთან და ქმარს ალალად შეჰღიმა.
– მომიყევი, რაა!.. ვგიჟდები სასიყვარულო ისტორიებზე. მით უმეტეს, თუ რაღაც განსაკუთრებულია. მიდი, მიდი, ცოტას გავერთობით.
დათო შეყოყმანდა:
– თიკას ხომ არაფერს ეტყვი?
– რა თქმა უნდა, არა, – ასე ცუდად მიცნობ? – იწყინა ნათიამ.
– რა ვიცი, აბა, ქალებს ცოტა გრძელი ენები გაქვთ. რომ წამოგცდეს?!
– თუ არ გინდა, ნუ მეტყვი, – გაიბუსხა გოგო, – სულელი ვარ. არ უნდა წამოგყოლოდი.
– აუ, ნათი, არ გამიბრაზდე, რა... შენი წყენინება არც მიფიქრია. უბრალოდ, თიკას ხომ იცნობ, არა მაქვს მაგის ისტერიკების თავი.
– გითხარი, არ ვეტყვი-მეთქი. რად გინდა ისეთი ცოლი, რომელსაც არ ენდობი?
– მართალი ხარ. მოკლედ, ცოტათი ჩახლართული ამბავია. ნიკუშას და ლევანს ჩვენი კლასელი უყვარდათ და, მგონი, ახლაც უყვართ. ნიკუშას რომ ახლაც უყვარს, ზუსტად ვიცი.
– მერე?
– რა „მერე“?! – დათომ ისევ გაიცინა, – „შორით წვა და შორით დაგვაო“, არ გაგიგია? ნიკუშას კი უყვარს, მაგრამ ცოლად ვერ ირთავს.
– რატომ ვერ ირთავს?
– უფრო სწორად, არ ირთავს.
– რატომ-მეთქი?..
– იმიტომ, რომ იდიოტია. ლევანმა კი ბოღმა ჩაიდო გულში. საყვარელ ქალზე მეგობრის გამო თქვა უარი, იმ მეგობარმა კი ცოლად არ შეირთო და, ფაქტობრივად, მსხვერპლი უაზრო გამოუვიდა.
– მოიცა, მოიცა! თუ ლევანს სხვა უყვარდა, ცოლად თიკა რატომ შეირთო?
– უცოლოდ რომ არ დარჩენილიყო.
– რატომ დასცინი მეგობარს? ვერაფერს ვხედავ ამ ამბავში სამხიარულოს. პირიქით, ძალიან უსიამოვნო რაღაც გავიგე. ლევანს რომ თიკა არ უყვარდა, ვგრძნობდი, მაგრამ, ალბათ, საშინელებაა წვებოდე ერთ ქალთან და მეორეზე ფიქრობდე. საცოდავია ეგ შენი ძმაკაცი.
დათო შეიჭმუხნა:
– მაგაზე არ მიფიქრია. უცნაურია, რომ შენ ასე სწრაფად მიხვდი ამას.
– არ სჭირდება განსაკუთრებული მიხვედრილობა, – ნათიამ ფრთხილად დაუსვა გაპრიალებულ დანას თითები, – საწყალი თიკა... საწყალი ლევანი... ის გოგოც ცოდოა... აი, ნიკუშა კი არ მეცოდება.
– ეჰ, შენ ყველაფერი არ იცი. ის რომ იცოდე, რაც მე ვიცი, დამიჯერე, ნიკუშასაც შეიბრალებდი, თანაც გულწრფელად.
– ვითომ? – დაეჭვებულმა გადააქნია თავი ნათიამ, – არ მიყვარს პესიმისტი მამაკაცები. ვცოფდები, როცა კაცი ცდილობს, თავი შეგაცოდოს. ამით მარტო საკუთარ პიროვნებას კი არა, მთელ სქესს აყენებს შეურაცხყოფას.
– არ ვიცი, ეგ ცოტა რთული საკითხია. ნიკუშა ძალიან შეიცვალა მამამისის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ, თითქოს სიცოცხლის ინტერესი დაკარგა.
– იმიტომ, რომ უზრუნველ ცხოვრებას იყო შეჩვეული. არ უნდა, ფული საკუთარი შრომით იშოვოს. უფრო სწორად, ფული უნდა, ხელის განძრევა კი – არა.
– არა ხარ მართალი, შენ არ იცნობ ნიკუშას. ფული ფეხებზე ჰკიდია. ასე რომ არ იყოს, დიდი ხნის წინ შეურიგდებოდა დედამისს. იცი, როგორი მდიდარია?
– ჰო, შენ მეუბნებოდი, ვიღაც ფრანგ მილიონერს გაჰყვა ცოლადო.
– მარტო ეგ არ არის. დღეს ისეთი რაღაც გავიგე, რომ, თუ ეს სიმართლეა, მისი ქმრის მილიონებს მისი პირადი მილიონებიც დაემატება. წარმოგიდგენია?! და ეს ყველაფერი, შეიძლება, ნიკუშას დარჩეს, თუ, რა თქმა უნდა, აჯობებს თავის სიჯიუტეს და დედამისს შეურიგდება.
– არ შეურიგდება და იქნება ჯიბეგამოფხეკილი. იცი, მე არ მესმის მაგ შენი ძმაკაცის, არც თქვენი. რატომ არ ეუბნებით, რომ იმ ქალს განსაკუთრებული არაფერი ჩაუდენია. ქმარი მოუკვდა და გათხოვდა, მერე რა...
– ეს შენ ფიქრობ ასე. ნიკუშამ მტკივნეულად განიცადა დედის გათხოვება. ქალებისთვის ძნელი გასაგებია, მაგრამ მე ვხვდები, რა ხდება მის გულში. თუმცა, ამ ახალმა ამბავმა, შეიძლება, სიტუაცია შეცვალოს. ია კი მართლა ცოდოა. ისეთი კარგი გოგოა, ნიკუშამ კი გაუთხოვარი დატოვა.
– და... შენ ძალიან განიცდი ამას? – წარბი შეიკრა ნათიამ, – გინდა, მაეჭვიანო?
– ეე, ხომ გითხარი, ნიკუშას და ლევანს უყვარდათ-მეთქი. მე და ვახო არაფერ შუაში ვართ.
– ვახოზე საერთოდ ნუ მელაპარაკები, მოახერხა და სამი ცოლი გამოიცვალა. როგორ ფიქრობ, მშვიდად ვიქნები, როცა ვიცი, რომ ასეთი მრჩევლები გყავს?
– ნათი, გეყოფა, რა შუაშია მრჩევლები, ამას რატომ ამბობ, რა შემამჩნიე საამისო? უშენოდ არსად დავდივარ, ფეხსაც არ ვდგამ სახლიდან შენთან შეუთანხმებლად.
– ოჰ, ოჰ, ნუ მოისაწყლე თავი! ვიღაც რომ გისმენდეს, იფიქრებს, მუჭში მყავხარ გამომწყვდეული. არ არის ასე? – ყასიდად შეიცხადა ნათიამ და ერთბაშად დასერიოზულდა. იცი რა, ახლა კიდევ უფრო ვბრაზობ ნიკუშაზე. მოეყვანა, რა, ცოლად ის ქალი და ლევანიც იძულებული გახდებოდა, ცოლი შეეყვარებინა.
– ნათი, ნათი... – თავი გადააქნია დათომ, – იძულებით სიყვარული შეიძლება?!
– თქვენთვის, კაცებისთვის ყველაფერი შეიძლება. ყველანი ერთნაირები ხართ. ნეტავი, თიკამ იცის იმ ქალის არსებობის შესახებ?
– იმ ქალის არსებობის შესახებ ყველამ იცის, იმიტომ, რომ ჩვენი თანაკლასელი იყო. აი, შენ კი არ გირჩევ, თიკას საქმის კურსში ჩაყენებას, არ არის საჭირო. მიხედავენ საკუთარ ურთიერთობებს როგორმე. მით უმეტეს, რომ ლევანს იასთან საერთო არაფერი აქვს.
– რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული? ლევანი შენ არ ჩაგაბარებდა ანგარიშს.
– იმიტომ ვარ ასეთი დარწმუნებული, რომ იასაც ვიცნობ და ლევანსაც. ჩემი მეგობარი არაფერს გააკეთებს ისეთს, რაც მის წინსვლას ხელს შეუშლის – ახლა უკვე ზუსტად ვიცი ეს.
– რას გულისხმობ?
– ისეთს არაფერს. კიდევ რამეს ხომ არ ინებებს ჩემი პრინცესა?
– ინებებს. პირობა უნდა მომცე, რომ არასოდეს მომატყუებ.
– არ მოგატყუებ, საყვარელო, არა... – დათო ცოლისკენ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა. ქალმა ხელისგულით გაიწმინდა ნაკოცნი ადგილი.
– მაკოცე-მეთქი, არ მითხოვია.
– მაგას თხოვნა რად უნდა, საყვარელო. ხომ იცი, რომ ჩემი მთავარი სისუსტე ხარ, ჭკუიდან შემშალე ამხელა კაცი.
– ნუ იგონებ. დიდი ოხერი ვინმე ხარ, არაფრიდან არ შეიშლები. იმ შენს ძმაკაცებს უთხარი, გონს მოეგონ. შერთეთ ნიკუშას ცოლი, შეარიგეთ დედამისთან და ყველა მოისვენებს.
– რა კარგად თქვი – ყველა მოისვენებსო... შენ ამის გაკეთება ადვილი გგონია?! ნიკუშა ვირზე ჯიუტია. თანაც, მე რა უფლება მაქვს, მის პირად ცხოვრებაში ჩავერიო?
– ხომ ეხმარებით?! შენ კი არაფერს მეუბნები, მაგრამ სულელი არ ვარ, ვერ ვხვდებოდე, რომ ფაქტობრივად, თქვენ არჩენთ.
– ნიკუშამ მუშაობა დაიწყო, ვახოსთან, – ჩაილაპარაკა დათომ.
ნათიამ გაიცინა:
– ნეტავ შენ, თუ მართლა გჯერა, რომ ნიკუშა როდისმე სერიოზულად მოჰკიდებს საქმეს ხელს. პირადად მე ეჭვი მეპარება ამაში.
დათომ არ უპასუხა და ნათიამ გადაწყვიტა, რომ მის ქმარს სათქმელი არაფერი ჰქონდა...
***
ამჯერად თაიგულთან ერთად ძვირფასი სუნამო იყო. იამ ვერ მოასწრო, კურიერისთვის უკან გაეტანებინა საჩუქარი. ბიჭმა, რომელმაც ყვავილები და ლამაზად შეფუთული კოლოფი მოიტანა, შეიძლება, არც იცოდა გამომგზავნის ვინაობა. მან დავალება შეასრულა, რაშიც ფული გადაუხადეს, მორჩა და გათავდა! ქალი მიხვდა, რომ მალე ნერვები უმტყუნებდა. ძალიან დაღალა ამ სულელურმა, ბავშვურმა თამაშმა. მობილური აიღო და ცნობარში ნომერი მოძებნა. დიდხანს არავინ უპასუხა, მერე ქალის ხმა გაიგონა.
– ალო... გისმენთ!
იამ ტელეფონი გათიშა. „ჯანდაბა. ცოლისთვის მიუცია თავისი ნომერი ან, შეიძლება, საყვარლისთვის... თუმცა, რატომ ვმკითხაობ, რაში მაინტერესებს მისი პირადული ამბები. მთავარია, მე დამანებოს თავი, სანამ ჭკუიდან შევშლილვარ... დარწმუნებული ვარ, ეგ არის. ალბათ, ფიქრობს, რადგან თანამდებობას მიაღწია, ჩემთანაც ყველაფერი გამოუვა... ვახო უნდა ვნახო...“
ქალმა ხალათი სავარძელზე მიაგდო და სააბაზანოსკენ შიშველი გაემართა. შხაპის ქვეშ მდგარი ფიქრს განაგრძობდა. საკუთარი თავის დარწმუნებას ცდილობდა, რომ ნიკუშას მიმართ გრძნობა არ ჰქონდა, მაგრამ გულის სიღრმეში ხვდებოდა ამ მცდელობის უაზრობას. წყლის ხმაურში ძლივს გაიგონა ზარის ხმა. გაუკვირდა. არავის ელოდა. დედამისი დასთან იყო წასული და კიდევ კარგა ხანს არ ჩამოვიდოდა. სველ ტანზე პირსახოცის ხალათი მოიცვა და ფეხშიშველი გაემართა კარის გასაღებად. გააღო და გაშეშდა. გაოგნებულს, დაუპატიჟებელი სტუმრის შინ შეპატიჟებაც არ გახსენებია, პირდაპირ ზღურბლთან დაუწყო ჩხუბი.
– შენ აქ რა ჯანდაბა გინდა?
კაცმა შეშფოთებით მიმოიხედა:
– ნუ ყვირი, ძალიან გთხოვ. სახლში შევიდეთ.
იამ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და გზა დაუთმო, მაგრამ ტონი არ შეუცვლია.
– სულ ტყუილად შეიწუხე თავი აქ მობრძანებით. შენი გამოგზავნილი ყვავილებიც მომიტანეს. ასე რომ, ძვირფას დროს ნუ დაკარგავ, არ ვღირვარ ამად.
– არ შეგიძლია, ამოისუნთქო და ორი წუთით მაინც მომცე საშუალება, ჩემი მოსვლის მიზეზი გითხრა?
– ისედაც ვიცი, არაფრის თქმა არ მჭირდება!
– ია, გეყოფა, რამ გაგაკაპასა, ასე? მოდი, რა, დამშვიდდი. დავსხდეთ, ყავა დამალევინე. მახსოვს, ძალიან გემრიელ ყავას ხარშავდი.
ია ცოტა დაცხრა. ნაცრისფერი თვალები ოდნავ მოჭუტა და კაცი თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა:
– გასუქებულხარ, ვაჟბატონო, ღიპი დაგდებია...
– აი, ეს უკვე სხვა ლაპარაკია. როგორ ხარ, საყვარელო?
– შენი „ფრეზენთების“ გადამკიდე, არაჩვეულებრივად. იმედია, მეტყვი, რამ გაგახსენა ჩემი თავი. წესით, ძალიან ბევრი საქმე უნდა გქონდეს.
– მაქვს კიდეც, – კაცმა ოთახში მიმოიხედა და სავარძელზე ჩამოჯდა, – აქ არაფერი შეცვლილა.
– ჰო, მარტო მე შევიცვალე, – ორაზროვნად ჩაიღიმა ქალმა, – ასაკი მომემატა.
– არაფერიც. ისევ ისეთი ლამაზი ხარ, როგორიც იყავი. თუმცა, არა, კიდევ უფრო გალამაზდი. სველი თმით და მაგ ხალათით წყლის ფერიას ჰგავხარ.
– შეგეშალა, სირინოზს... – „შეუსწორა“ იამ და ხალათზე დაიხედა, – წავალ, ჩავიცვამ. ყავასაც მოგიდუღებ.
– არ ჩაიცვა. მე ასე უფრო მომწონხარ.
– გეყოფა მაიმუნობა, არ გეკადრება მინისტრ კაცს, – დასცინა ქალმა, – საფერფლე საწერ მაგიდაზეა, კომპიუტერთან.
ლევანმა სიგარეტს მოუკიდა. საფერფლეს მართლაც კომპიუტერის გვერდით მიაგნო. იქვე, ხის ორიგინალურ ჩარჩოში ჩასმული ფოტოც დაინახა. ხელში აიღო და დააშტერდა. სურათზე ხუთივენი იყვნენ გამოსახული: ვახო, ნიკუშა, დათო, ლევანი და ია. გოგო ვახოს ეჯდა კალთაში. ფეხები დათოსა და ლევანის მუხლებზე ეწყო და მკლავით ნიკუშას მუხლისთავს ეყრდნობოდა. ოთხივეს ბედნიერი და მხიარული სახეები ჰქონდათ. ოთხივეს იმიტომ, რომ მხოლოდ ლევანს ჩამოსტიროდა თავ-პირი სრულიად გასაგები მიზეზის გამო: მაშინ დარწმუნებული იყო, რომ იას საბოლოოდ კარგავდა. ორი დღის შემდეგ სკოლას ამთავრებდნენ. ნიკუშას გადაწყვეტილი ჰქონდა, ბანკეტის ღამეს აეხსნა იასთვის სიყვარული და ცოლობაც ეთხოვა. ბიჭებში წაიტრაბახა, ბეჭედი უკვე შეკვეთილი მაქვს უზარმაზარი ბრილიანტით. ია შოკში უნდა ჩავაგდოო... ბანკეტის დღეს კი მოხდა ის, რამაც თავდაყირა დააყენა ყველაფერი, სამას სამოცი გრადუსით მოაბრუნა ბედისწერის ისარი, თანაც, ნიკუშას სასარგებლოდ არა... ლევანმა მაშინ შანსი გაუშვა ხელიდან. გაუშვა შეგნებულად. და ამას კაცური გადაწყვეტილება უწოდა...
– გახსოვს, როგორი ბედნიერები ვიყავით? მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო...
– იამ ფოტოსურათი გამოართვა:
– ზოგჯერ ისე მეშლება ნერვები...
– ნიკუშა ისევ გიყვარს... ხომ მართალია?
იამ სიგარეტს მოუკიდა და ლევანს წყენით შეხედა:
– აქ ამის გასარკვევად მოხვედი? ამდენი წლის შემდეგ ისევ აქტუალურია შენთვის ეს შეკითხვა? უცნაურია, ძალიან უცნაური...
– რატომ არის უცნაური? შენ ხომ იცი, რომ ჩემთვის სულერთი არასდროს ყოფილხარ.
– არ გინდა, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, – იამ სურათი საწერი მაგიდის უჯრაში ჩააგდო და შემობრუნდა:
– მაშ ასე, რატომ ცდილობს ბატონი მინისტრი ჩემი ყურადღების მიპყრობას, რაშია საქმე? გიცნობ და ვიცი, სერიოზული მიზეზი რომ არ გქონდეს, ასე არ დაიხარჯებოდი. დავიღალე შენი თაიგულების უკან დაბრუნებით.
– ესე იგი, იცოდი, ვინ გიგზავნიდა ყვავილებს და მაინც უკან მიბრუნებდი... საცურაო აუზის აბონემენტზე მაინც რატომ თქვი უარი, ცურვა ხომ ძალიან გიყვარს?
– ვერ ხვდები, რატომ? უფრო მიხვედრილი მეგონე.
– ქალების ყოველთვის ცუდად მესმოდა, – თავი მოისაწყლა ლევანმა.
იამ ჩაიცინა:
– ეშმაკობა არასოდეს გაკლდა. მოდი, გულახდილად ვილაპარაკოთ. რადგან სახლში მეახლე და შენ ხარ ამ საუბრის ინიციატორი, დამალობანას თამაშს რაღა აზრი აქვს.
– გეთანხმები.
– ჰოდა, თუ მეთანხმები, მითხარი, რატომ გახდი ერთბაშად ასეთი ყურადღებიანი. ოღონდ, არ თქვა, რომ მონატრებამ შეგაწუხა ან ძველი სიყვარული გაგახსენდა. ძალიან ბანალურია და შენ არ გეკადრება.
– იცი, რომ მიყვარდი?
– ლევან, გუშინ ხომ არ გაგიცანი, რა უნდოდა მაგის მიხვედრას? თუ ქალი ამბობს, რომ ვერ ხვდება, რას გრძნობს მის მიმართ მამაკაცი, იტყუება. ის კი არა, ველოდი კიდეც, რომ სიყვარულს ამიხსნიდი.
– და ახლა გგონია, მაგიტომ მოვედი შენთან?
– არა, ეს არ მგონია. რომ მგონებოდა, სახლში არ შემოგიშვებდი...
– ჰოო?! – ლევანმა ყავა მოსვა და დაიჭყანა, – გაცივებულა. ესე იგი, სახლში არ შემომიშვებდი...
– რატომ უნდა შემომეშვი?
– კარი ისე გამიღე, არც გიკითხავს, ვინ ვიყავი...
– შეცდომა მომივიდა, მაგაში მართალი ხარ, ბატონო მინისტრო, მაგრამ იქნებ, დროულად მითხრათ სათქმელი და მიბრძანდეთ აქედან? წასასვლელი ვარ.
– ცოტა გვიან ხომ არ გაგახსენდა ეგ ამბავი?
– როცა საჭიროა, მაშინ გამახსენდა. მითხარი, რა გინდა ჩემგან!
– ყოველ შემთხვევაში, ის არა, რასაც ფიქრობ.
– შენ რა იცი, მე რას ვფიქრობ? – მოიღუშა ია.
– ვიცი, – მოუჭრა კაცმა და დაჟინებით მიაშტერდა. ქალმა უხერხულობა იგრძნო:
– ასე ნუ მიყურებ, ძალიან გთხოვ!
– გუშინ მთაწმინდაზე გნახე...
ია შეცბა.
– მართლა? არ მეგონა, მინისტრებიც თუ ერთობოდნენ ჩვეულებრივი მოკვდავებივით.
– მინისტრობა არაფერ შუაშია და შენ ეს კარგად იცი. ცოლთან ერთად ვიყავი.
– მერე, რა უთხარი შენს ცოლს, ვინ არისო?..
– არაფერიც არ მითქვამს და, საერთოდ, მე ძალიან ბევრს ვფიქრობ შენზე.
იას მღელვარება დაეტყო:
– ლევან, მომეშვი, რა!.. რას გადამეკიდე... პრობლემები საკმარისზე მეტი მაქვს, რომ შენ არ დამემატო შენი საფიქრალით.
– დამაცადე. ადვილი არ ყოფილა ჩემთვის აქ მოსვლა. დროც ძალიან ცოტა მაქვს. თიკასთან ტყუილის თქმა მომიწევს...
– მერე, რატომ იწუხებ თავს, ადექი და წადი!
– ღმერთო, როგორი ძნელია შენთან ლაპარაკი! ია, ძალიან სერიოზულ საქმეზე უნდა მოვილაპარაკოთ. თუ შევთანხმდებით, ყველასთვის კარგი იქნება.
– ვინ ყველასთვის, იქნებ, დააკონკრეტო?..
– ყველასთვის, – ჯიუტად გაიმეორა კაცმა და ქალს თვალებში შეხედა. ია გაწითლდა, მის მზერას ვერ გაუძლო და თავი დახარა...
***
ვიღაცა ჯიუტად არ იღებდა ხელს ზარის ღილაკიდან. ნიკუშას არავის დანახვა არ უნდოდა, მაგრამ წკრიალმა ძალიან გააღიზიანა.
– ოჰ, გოგიჩ, შენ რა გითხარი! – უკმაყოფილოდ დაიჭყანა მეზობლის დანახვაზე.
– ვაა, გეძინა, ტო?! დღეს ოთხჯერ მაინც ამოვასკდი ამ კიბეებს. სად იყავი?
– რას დარბოდი ზევით-ქვევით, ლიფტში ვერ შეხვედი?!
– ეგ ლიფტი ზაკრიტი პრასტრანსტვაა და ვერ ვიტან, ცუდად ვხდები, სხვა ზაკრიტ პრასტრანსტვას მაგონებს, – დაიღრიჯა გოგიჩა, – მართლა სად იყავი, ჰა?
– რა გინდა, გოგიჩ, ჩემი ძიძა ხარ? – შენ უნდა ჩაგაბარო ანგარიში? მუშაობა დავიწყე.
– რაა?! მუშაობა დაიწყე? მოიცა, დავჯდე! ხუმრობ თუ მართალს მეუბნები? ვერ ვიჯერებ.
– რატომ ვერ იჯერებ? არ შეიძლება, მეც ვიმუშავო?
– კარგი, რა, ტო! არ გიცნობდე მაინც... – ახითხითდა გოგიჩა, – ჯერ მითხარი, სად მუშაობ.
– არ არის შენი საქმე. მაგრამ, ძალიან დავიღალე და კარგი იქნება, თავს თუ დამანებებ. უნდა დავისვენო. ხვალ ადრე ვარ ასადგომი.
– ნიკუშ, მაბოლებ? რა მუშაობა აგიტყდა, როცა შეგიძლია, თითის გაუნძრევლად გახდე მილიონერი?!
ნიკუშა მეზობელს ჩააშტერდა. არ მოეწონა მისი ორაზროვანი ხითხითი.
– გოგიჩ, ძალიან ცუდად იცინი!.. – თითი გამაფრთხილებლად დაუქნია მოღუშულმა.
– ცუდად კი არა, კარგად ვიცინი, – გოგიჩამ ოთახში გაიარ-გამოიარა. კომოდთან მივიდა და, რატომღაც, კედელს შეხედა, თან თავისთვის რაღაცას ბურტყუნებდა.
– გოგიჩ... არ გესმის, რას გეუბნები?
– ჰო, ნამდვილად აქ ეკიდა, ამ კომოდის ზემოთ. მე კარგი მეხსიერება მაქვს. მერე რა, რომ ცოტ-ცოტას ჩემთვის ვკაიფობ. ეს ამ საქმეს ხელს არ უშლის. პირიქით, ამბობენ, რომ სუფთა წამალი ტვინს წმენდს.
– ტვინის წმენდის რა გითხრა, მაგრამ შენ, აი ახლა, ტვინს ბურღავ, – ამოიოხრა ნიკუშამ, – წადი, რა, თავი დამანებე!
გოგიჩას ვითომ არც კი გაუგია მისი ნათქვამი, სავარძელში მოკალათდა და ისევ ახითხითდა:
– ვააა... მაშ, მუშაობ, არა?! მაგარი ტიპი ხარ. შენ სხვა დააბოლე, ძმაო, გოგიჩას ვერაფერს გამოაპარებ!
– რა გინდა, ბოლოს და ბოლოს, რას ბოდიალობ? გაიჩხირე და მეკაიფები?
– დამცინი? სადღაა გასაჩხერი? ვინ რას მოგცემს, თუ ძმა ხარ! მოკვდა ეგ დრო. გასაჩხერს ვინ ჩივის, მოსაწევიც აღარ არის...
– გოგიჩ, იცოდე, ფული არ მაქვს... – გააფრთხილა ნიკუშამ.
– ფულის სათხოვნელად რომ არ მოვსულვარ?
– არც გასაჩხერი მაქვს და არც მოსაწევი.
– ვიცი. როდის გქონდა, რო?..
– აბა, რა გინდა? არ მითხრა, ჩაი დამალევინეო, თორემ მოგკლავ!
გოგიჩამ თითები გაატკაცუნა.
– ჩაის კი დალევდა კაცი, მაგრამ, არა უშავს, სახლში დავლევ.
– გოგიჩ! – ისე იბღავლა ნიკუშამ, ყელის ძარღვები დაებერა...
– მოიცა, ტო!.. რა გაბღავლებს! შენა, ისა... ტელევიზორი გაქვს?
ნიკუშამ ხელები გაშალა:
– ეს დამცინის... დამცინი, ხო... იდიოტო?
– ჯერ კითხვაზე მიპასუხე: ტელევიზორი ხომ გაქვს?
– დავუშვათ, მაქვს, მერე?!
– მერე ისა, რომ ზოგჯერ უნდა ჩართო და უყურო. ფულიც გექნება და მუშაობაც არ დაგჭირდება.
– მორჩა, მეტი აღარ შემიძლია, უკვე ნერვებზე თამაშობ!..
– ვაა, დაჯექი, რა!.. იქნებ, რას გეუბნები, რომ აფეთქდი. აი, მე... ამ ბოლო დროს, რა... სულ ვუყურებ ტელევიზორს და მაგარი ახალი ამბებიც გავჩითე... ძალიან მაგარი...
– გოგიიჩ! – ნიკუშამ ხელები მომუშტა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში