ფეხბურთელთა ყველაზე ლამაზი ცოლების ათეულში ვიქტორია ბექჰემი ვერ მოხვდა
მართალია, მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის მიმდინარეობს, მაგრამ, ნაკლებ ყურადღებას არც ტრიბუნებზე მყოფი ფეხბურთელების ცოლები თუ მეგობარი გოგონები იქცევენ. მით უმეტეს, რომ ამ ფორუმზე ჩასვლის წინ თითოეულმა მათგანმა სერიოზული შოპინგი მოიწყო და დიდი ფულიც დახარჯა, რათა მილიონობით გულშემატკივრის წინაშე ფორმაში წარმდგარიყო. შედეგად, ჟურნალისტებმა ის საუკეთესო ათეული გამოავლინეს, რომლებმაც, მათი აზრით, ყველაზე მეტი ყურადღება და მოწონება დაიმსახურეს. თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ, დიდი მცდელობის მიუხედავად, სიაში ვერ მოხვდა დევიდ ბექჰემის მეუღლე. მართალია, დევიდი მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიდა, მაგრამ, არა როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც სამწვრთნელო შტაბის წევრი და ვიქტორია ადამსსაც შოპინგში დახარჯული მეოთხედი მილიონი ევრო პრაქტიკულად წყალში ჩაეყარა. რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, იგი ასე გამოიყურება:
1. ელენა ბონცანი (შვეიცარიის ნაკრების ნახევარმცველის, ვალონ ბეჰრამის მეუღლე) – ელენა წარმოშობით იტალიელია და იტალიური მოდის სამყაროში ტრიალებდა. მომავალი მეუღლე მან ოთხი წლის წინ, რომის ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო და უკვე ერთი კვირის შემდეგ, ბონცანი ვალონთან საცხოვრებლად გადავიდა. მათ მალევე იქორწინეს და პატარა გოგონაც ჰყავთ. ელენა დღემდე დგას პოდიუმზე და იმაზე აშკარად მეტი მიღწევები აქვს, ვიდრე მის ქმარს საფეხბურთო მოედანზე.
2. იოლანდა რეინა (ესპანეთის ნაკრების მეკარის, ხოსეპ რეინას მეუღლე) – რეინამ მომავალი ცოლი მაშინ გაიცნო, როცა 19 წლის იყო და წყვილი თითქმის ათი წელია, ერთადაა. ცნობილია, რომ მოედანზე აგრესიულად და უშიშრად მოთამაშე პეპე ცოლის ყველა სურვილს ასრულებს და, როცა მისი გადაბირება „ლივერპულმა” დააპირა, მან თავიდან უარი თქვა, რადგან იოლანდას ბრიტანეთში გადაბარგება არ სურდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა. ცოლთან თანხმობით გააგრძელა რეინამ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი და არც მალავს, რომ ცხოვრებას მეუღლე უგეგმავს. სახეზე, იოლანდა, შესაძლოა, დიდად შეხედული არაა, მაგრამ მსოფლიოს „გრაციებს“ შორის ერთ-ერთი საუკეთესო ტანი აქვს.
3. გალილეა მონტიხო (მექსიკის ნაკრების თავდამსხმელის, კუატემოკ ბლანკოს მეუღლე) – 37 წლის გალილეა ქმარზე რამდენიმე წლით არის უფროსი, მაგრამ ეს მათ ურთიერთობას ხელს არ უშლის. მით უმეტეს, რომ მონტიხო სამშობლოში ნამდვილი ვარსკვლავია და პრაქტიკულად ყველა წარმატებულ მექსიკურ სერიალში მთავარ როლებს ასრულებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შემოდგომიდან სერიალებში თამაშზე უარს ამბობს და ბედს ჰოლივუდში ცდის.
4. სილვია ვან დერ ვაარტი (ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველის, რაფაელ ვან დერ ვაარტის მეუღლე) – სირცხვილიც იქნებოდა, სილვია საუკეთესო ხუთეულშიო რომ არ მოხვედრილიყო. საქმე ისაა, რომ ეს ქალბატონი ხუთი წლის წინ ჰოლანდიის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელთა ცოლებში საუკეთესოდ აღიარეს; სამი წლის წინ, ანუ მას შემდეგ, რაც რაფაელი გერმანულ „ბუნდესლიგაში“ გადაბარგდა, სილვია უკვე გერმანიის ჩემპიონატის ჩემპიონი გახდა, ახლა კი მისი მეუღლე ესპანეთში თამაშობს და ქალი პირველობას იქაც არ თმობს. ერთი ეგაა, სილვია ქმარზე შვიდი წლით უფროსია.
5. შერილ ტვიდი (ინგლისის ნაკრების მცველის, ეშლი კოულის მეუღლე) – მართალია, წყვილი თითქმის დაშორებულია და შერილი ქმრის საქომაგოდ არც სამხრეთ აფრიკაში ჩასულა, მაგრამ, ჯერჯერობით, ისინი ცოლ-ქმრად ითვლებიან და ამიტომ, ცნობილი მომღერალი საპატიო მეხუთე ადგილზე გავიდა.
6. ევა გონსალესი (ესპანეთის ნაკრების მეკარის, იკერ კასილასის მეგობარი გოგონა) – ევა 2003 წელს „მის ესპანეთი” გახდა და, რა თქმა უნდა, კასილასის ბევრს შურს. სხვათა შორის, ეს წყვილი პირენეის ნახევარკუნძულზე ერთ-ერთ ულამაზესად ითვლება და, ვარსკვლავური იმიჯის მიუხედავად, ხმაურიან გარემოში ყოფნას, ორივეს საკუთარ სახლში დასვენება ურჩევნია. თანაც, პაპარაცებისგან თავის დასაცავად კასილასმა სახლს ათმეტრიანი გალავანი შემოავლო.
7. ალიონა სერედოვა (იტალიის ნაკრების მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის მეგობარი გოგონა) – ოფიციალურად ბუფონსა და ევას არ უქორწინიათ, არადა, ორი შვილი ჰყავთ. ჩეხი მოდელი ამბობს, ჯიჯის ცოლად იმ შემთხვევაში გავყვები, თუ ხელს მუხლებზე დაჩოქილი მთხოვსო. ჯერჯერობით, როგორც ბუფონმა, ისე მთელმა იტალიის ნაკრებმა, მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიჩოქა.
8. ზაირა ნარა (ურუგვაის ნაკრების ფორვარდის, დიეგო ფორლანის მეუღლე) – შეიძლება ითქვას, რომ ზაირამ მომავალი მეუღლე „მოხსნა”. დიეგო არგენტინელი ფეხბურთელის, მაქსი ლოპესის ქორწილში იყო, ზაირა კი პატარძლის და გახლავთ. ჰოდა, იმ საღამოს ნარამ ფორლანს ჯერ თვალი დაადგა, მერე კი უღელი და ახლა ქმარს ტრიბუნებიდან ქომაგობს.
9. აბიგაილ კლენსი (ინგლისის ნაკრების ფორვარდის, პიტერ კრაუჩის მეგობარი გოგონა) – ყველაზე ცნობილი ნარკომანია ფეხბურთელების ცოლებს შორის. მართალია, აბიგაილმა განაცხადა, კოკაინს შევეშვიო, მაგრამ, ბოლო წლის განმავლობაში „აწყვეტა“ ორჯერ მოასწრო: ჯერ სარდინიაზე იყო პიტერის გარეშე ჩასული და მაგიდებზე შიშველი ცეკვავდა, მერე კი ნიცაში დათვრა და ვიღაც ბარმენი სასტუმროში აათრია. ამის მიუხედავად, წყვილი ერთადაა და რაც მთავარია, ძალიან ბედნიერად გრძნობენ თავს ერთად.
10. კარლი ცუკერი (ინგლისის ნაკრების ნახევარმცველის, ჯო კოულის მეუღლე) – იმის მიუხედავად, რომ ჯო ბრიტანული საზომებით სუპერვარსკვლავი არ არის, ყველა აღიარებს, რომ მისი მეორე ნახევარი ფეხბურთელების ცოლებს შორის დიდი გავლენით სარგებლობს. მართალია, კარლის ცხვირი, მკერდი, ტუჩები, თეძოები და მკლავები შელამაზებული აქვს (და, სავარაუდოდ, გასაკეთებელი კიდევ ბევრია), მაგრამ, ულამაზეს ქალთა ათეულში იგი მუდმივად ტრიალებს.