ექიმის რჩევები
კითხვა: როდესაც წყალს ვსვამ, საგრძნობლად მეზრდება მუცელი. ჩემი ახლობელი კი ლიტრობით სვამდა წყალს, რომ მუცელი დასტყობოდა. მაინტერესებს, რა განსხვავებაა ანატომიაში?
პასუხი: განსხვავება შეიძლება იყოს კუჭის მოცულობასა და პერისტალტიკაში, აგრეთვე, კუჭის გასავლის მდგომარეობაში: როდესაც კუჭის გასავალი ვიწროვდება, მისი შიგთავსის გადანაცვლება ნაწლავებში შეფერხებულია.
კითხვა: რა უნდა იყოს 25 წლის ახალგაზრდის გაჭაღარავების მიზეზი?
პასუხი: გენეტიკური ფაქტორი, სტრესი, მეტაბოლური დარღვევა.
კითხვა: რამდენიმე დღეა, დილაობით, სახე ცოტა შეშუპებული მაქვს. შემდეგ დღის განმავლობაში შეშუპება მცირდება. რისი ბალი შეიძლება იყოს და როგორ მოვიქცე?
პასუხი: გარდამავალი შეშუპება თირკმელების ანთებითი დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია. დიაგნოზის დასასმელად, აუცილებლად შარდის საერთო ანალიზის გაკეთება და ექიმ-უროლოგის ან ექიმ-თერაპევტის კონსულტაციაა საჭირო. ის დაადგენს შეშუპების მიზეზს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.
კითხვა: ჯიბლიბოს სამკურნალოდ რომელი მცენარის ნაყენი გამოვიყენოთ?
პასუხი: როგორც კი იგრძნობთ, რომ თვალში ჯიბლიბო ამოგდით, გამოიყენეთ არყის ხის კვირტების ან ფოთლების ნაყენის თბილი საფენები. 1 ჩაის კოვზ ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 30 წუთის შემდეგ გაწურეთ. ამ ნაყენით დღეში 4-5-ჯერ ამოიბანეთ თვალები და შემდეგ დაიდეთ ნაყენში ამოვლებული დოლბანდის საფენი.
კითხვა: ერთი წლის წინ მწვავე ცისტიტის სამკურნალოდ დამინიშნეს მკურნალობა. ახლა ისევ შემაწუხა დაავადებამ და დავიწყე იგივე პრეპარატის მიღება. ხალხური მედიცინიდან ხომ არ მირჩევთ რაიმე დამატებით საშუალებას?
პასუხი: მწვავე ცისტიტის დროს რაციონიდან ამოიღეთ მწარე საკვები. სასურველია, ბევრი სითხის მიღება ბორჯომის, წვენების სახით. მედიკამენტებთან ერთად კარგ ეფექტს იძლევა მცენარეების – ცაცხვის, დათვის კენკრის ნაყენის დალევა, რადგან შარდმდენი ეფექტი აქვს. კარგია სითბო და თბილი აბაზანები.
კითხვა: გთხოვთ, მიპასუხოთ, რა რაოდენობის ვიტამინები ესაჭიროება ადამიანს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?
პასუხი: ვიტამინების მოთხოვნილება დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, ფიზიკურ აქტივობაზე, ქრონიკული დაავადებების არსებობაზე, ნივთიერებათა ცვლის მდგომარეობასა და სხვა ფაქტორებზე. განსაკუთრებით, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ორსულობის პერიოდში ვიტამინებზე მოთხოვნილება იზრდება 1,5-ჯერ. ვიტამინების ძირითად წყაროა საკვები. საკვებ რაციონში ვიტამინების შემცველობა იცვლება სხვადასხვა მიზეზით და დამოკიდებულია მის სახეობაზე, საკვების შემადგენლობაზე, შენახვის ვადასა და ფორმაზე, საკვების ტექნოლოგიურ დამუშავებაზე, კვების ჩვევებსა და სხვა ფაქტორებზე.
კითხვა: ჩემი ქალიშვილი ალერგიულია, გთხოვთ მიპასუხოთ, შეიძლება თუ არა მცენარეული ნაყენით მკურნალობა? ასევე მაინტერესებს, რომელი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება შეუძლია?
პასუხი: მცენარეული პრეპარატებით თვითმკურნალობა ალერგიული ადამიანებისთვის ყოვლად დაუშვებელია, რადგან სავსებით მოსალოდნელია, სწორედ ამ მცენარეების მიმართ აღმოაჩნდეს ალერგიული რეაქცია. გირჩევთ, ნებისმიერი პრეპარატი ან მცენარეული ნაყენი ექიმთან კონსულტაციის მერე მიიღოს. კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისას, ასევე, სიფრთხილე გმართებთ, რათა მასში შემავალმა კომპონენტებმა არ გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. ამიტომ, გამოყენების წინ კარგად უნდა გაეცნოთ ინსტრუქციას, მასში შემავალი კომპონენტების შესახებ.
კითხვა: გაციებისას ჩემს შვილს ღამით საშინელი სპაზმი ჰქონდა. ექიმმა ამ დროს ოთახის დატენიანება მირჩია. გთხოვთ, მიპასუხოთ, როგორ დავატენიანო ოთახი?
პასუხი: ოთახში შეიტანეთ ელექტროქურა და ზედ დადგით ქვაბით 2-3 ლიტრი წყალი. წყალში ჩაყარეთ ერთი სადილის კოვზი სოდა ან სამკურნალო ბალახი: ევკალიპტი, გვირილა. წყლის დუღილისას წარმოიშობა ორთქლი, რომელიც საკმარისია, ოთახის დასატენიანებლად. არ არის საჭირო ქვაბთან ბავშვის ახლოს მიყვანა.
კითხვა: გთხოვთ, მირჩიოთ, ხალხური მედიცინიდან მალამო კოჟრების მოსაცილებლად?
პასუხი: 1 ჭიქა ოთხმოცპროცენტიან ძმარში ჩააგდეთ ერთი ცალი ახალი კვერცხი ნაჭუჭიანად. გააჩერეთ რვა დღეს. ამ დროის განმავლობაში ის მთლიანად გაიხსნება და მიიღებთ მალამოს. დაზიანების ადგილას ძალიან ფრთხილად წაისვით მალამო. დაიკარით ლეიკოპლასტირი და თბილად შეიხვიეთ. მალამოს წასმამდე ფეხი თბილი წყლით დაიბანეთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
კახა ჯანაშია