სიბრძნე მინიატურებში
ოდესღაც ლიბანის მშვენიერ წიწვოვან ტყეში სამი კედარი აღმოცენდა. კედრები ძალიან ნელა იზრდებოდნენ. ამიტომ მათ საუკუნეები გაატარეს სიკვდილ-სიცოცხლეზე, ბუნების ჰარმონიულობასა და კაცობრიობაზე ფიქრში.
მათ თვალწინ უამრავმა ისტორიულმა მოვლენამ ჩაიარა, ნახეს, როგორ მოვიდნენ ლიბანში სოლომონ მეფის გზავნილები და შემდეგ, ასირიელებთან ბრძოლაში, როგორ გაიპოხა სისხლით ეს მიწა. მათ პირისპირ იხილეს დაუძინებელი მტრები – იეზაბელი და ილია წინასწარმეტყველი. მათ თვალწინ შეიქმნა ანბანი. გვერდით ჩაუარა ძვირფასი ქსოვილებით დატვირთულმა უამრავმა ქარავანმა.
და ერთ მშვენიერ დღეს კედრებმა გადაწყვიტეს, მომავალზე ესაუბრათ.
– ყოველივე იმის შემდეგ, რისი ნახვაც მომიხდა, ძალიან მინდა, ძვირფას ტახტად გადავიქცე, რომელზეც მსოფლიოს უძლიერესი ხელმწიფე დაბრძანდება, – თქვა პირველმა ხემ.
– მე კი, რაღაც ისეთი მოვლენის ნაწილი მინდა გავხდე, რომელიც სამარადისოდ გამიჯნავს ცუდს კარგისგან და თავად ბოროტებასაც სიკეთედ გარდაქმნის – თქვა ოცნებაში ჩაფლულმა მეორე კედარმა.
– მე ვისურვებდი, რომ ჩემმა შემყურე ხალხმა ყოველთვის გაიხსენოს და ადიდოს უფალი, – უთხრა მეგობრებს მესამემ.
ამ დღის შემდეგ მრავალმა წელმა გაირბინა და აი, ერთხელ ტყეში ხისმჭრელები გამოჩნდნენ. მათ მოჭრეს და დახერხეს კედრები.
თითოეულ მათგანს საკუთარი სურვილი ჰქონდა, მაგრამ, საუბედუროდ, სასტიკი რეალობა არასოდეს გვეკითხება, რაზე ვოცნებობთ. პირველი ხისგან ბოსელი ააგეს, ნარჩენებისგან კი – ბაგა. მეორე კედრისგან ხის დიდი უხეში მაგიდა გააკეთეს, რომელიც მოგვიანებით ავეჯით მოვაჭრეს მიჰყიდეს.
მესამე ხის მასალის გაყიდვა ვერ მოხერხდა. ისინი ფიცრებად დაჭრეს და შესანახად დიდი ქალაქის საწყობში დაალაგეს. კედრები ძალიან წუხდნენ თავიანთი ბედის გამო, რომ ისინი კარგად ვერ გამოიყენეს.
დრო გადიოდა და აი, ვარსკვლავებით მოჭედილ ერთ საოცარ ღამეს, ახალგაზრდა წყვილმა, რომელმაც თავშესაფარი ვერ იპოვა, გადაწყვიტა ბოსელში გაეთია ღამე. ცოლი დღე-დღეზე ელოდებოდა ბავშვს. სწორედ იმ ღამით ქალს პირმშო შეეძინა და ბაგაზე, თივაში დააწვინა. იმავე წამს პირველმა კედარმა იგრძნო, რომ მის ოცნებას ფრთა შეესხა: მან მკერდზე მიიხუტა უძვირფასესი შვილი, მსოფლიოს უდიდესი მეუფე – იესო ქრისტე!
რამდენიმე წლის შემდეგ ერთი ღარიბული სოფლის სახლში რამდენიმე კაცი მეორე კედრისგან გაკეთებულ ხის მაგიდას მიუჯდა. სანამ ჭამას დაიწყებდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა რაღაც სიტყვები წარმოთქვა მაგიდაზე მდგარ პურსა და წყალზე, მაშინ მეორე კედარი მიხვდა, რომ ღვინიანი ჭიქისა და თეფშზე დადებული პურის უბრალო სადგამი კი არა, ადამიანსა და უფალს შორის დამყარებული სამარადისო კავშირის მოწმე იყო.
მეორე დღეს მესამე კედრის ორი ფიცრისგან ჯვარი გააკეთეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი ნაწამები ადამიანი მოიყვანეს და მასზე ლურსმნებით გააკრეს. კედარი შეაძრწუნა ამ საშინელებაში მონაწილეობამ და დასწყევლა თავისი სასტიკი ხვედრი. მაგრამ სამი დღის შემდეგ ჯვარზე გაკრულმა კაცმა ბრწყინვალე აღდგომით ქვეყანა განაბრწყინა და ბოროტება სიკეთედ აქცია. ჯვარი კი, მესამე კედრის ფიცრებისგან გაკეთებული, წამების იარაღიდან, დღესასწაულის სიმბოლომდე ამაღლდა.
აი, ამგვარად აღსრულდა სამი ლიბანური ხის ბედი – როგორც ხშირად ხდება ცხოვრებაში. მათაც აუხდათ ოცნება, მაგრამ არა ისე, როგორც თავიდან წარმოედგინათ.