კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩაიგდო ხელში საშა პარტნოიმ თბილისში ცნობილი ვოლკოვების ატელიე და რატომ დაუჯდა მას ძვირად ნინა გეგეჭკორთან ურთიერთობა


ათეული წლების წინათ თბილისში ცხოვრობდა ადამიანი, რომელიც გემოვნებიანი ქალების ლამაზად ჩაცმა-დახურვაზე ზრუნავდა და არაჩვეულებრივადაც ახერხებდა. ალექსანდრე ახვლედიანი ქუთაისიდან საქართველოსთვის მძიმე ჟამს – გურულების აჯანყების დროს ჩამოვიდა და რუსთაველის გამზირზე ეგრეთ წოდებული ვოლკოვების ატელიეს მთავარი ოსტატი გახდა. 1937 წლიდან ის უკვე ქალაქში ყველაზე ცნობილი კუტიურიე იყო, რომლის გარეშეც ელიტური წრის ქალბატონები არ იმოსებოდნენ. საშა პარტნოი არა მხოლოდ მათთვის ქმნიდა კოსტიუმებს, არამედ მრავალი წლის განმავლობაში საოპერო სცენაზე დადგმულ სპექტაკლებსაც აფორმებდა. სამწუხაროდ, როდესაც ოპერა დაიწვა, მისი სასცენო კოსტიუმებიდან არც ერთი არ გადარჩა. მასზე მისი ძმისშვილიშვილი – ია ახვლედიანი გიამბობთ.


ია ახვლედიანი: საშა ბაბუა ქუთაისიდან, ბალახვანიდან გახლდათ. ოთხი დედმამისშვილი იყვნენ – სამი ძმა და ერთი და. თვითონ უფროსი იყო. ის მამაჩემის ალალი ბიძა გახლდათ, რომელმაც მამა ძალიან პატარა ასაკში იშვილა. 15 წლის ყოფილა, თბილისში რომ ჩამოსულა, მაგრამ, რატომ წამოვიდა ქუთაისიდან, ცნობილი არ არის. შესაძლოა, ოჯახს უჭირდა, რადგან ეს ის პერიოდი იყო, როცა გურიის აჯანყება დაიწყო. საშინელი არეულობა იყო საქართველოში. ერთი ჩვენი ახლობელი იხსენებდა: ერთხელ ლეჩხუმში ტყიდან ახვლედიანების მთელი ახალგაზრდობა გამოიყვანეს და დახოცესო. შესაძლოა, ამ სიტუაციას გამოერიდა, ან, შეიძლება, უჭირდათ და პირველი უფროსი ძმა წამოვიდა საშოვარზე. სად მოდიან ქართველები, როცა უჭირთ? – რა თქმა უნდა, თბილისში, არც ის არის ცნობილი, საიდან დაიწყო მისი ამ პროფესიისადმი მიდრეკილება. ამბობენ, თოჯინებს უკერავდა კაბებს და აქედან დაინტერესდაო. რუსთაველის ¹14-ში ვოლკოვებს ჰქონდათ ატელიე, რომლებიც აქ რევოლუციამდე მოღვაწეობდნენ. როგორც კი არეულობა დაიწყო და მასობრივად დაიწყეს უცხოეთში გასვლა, ისინიც ამ ტალღას გაჰყვნენ. ატელია დატოვეს, მაგრამ უპატრონოდ მაინც არ მიაგდეს. ჰყავდათ მოსამსახურე, მათ სახლში გაზრდილი ქალბატონი ალექსანდრა რომანოვა, მომავალში ჩემი ბებია და ის დარჩა ამ ატელიეს მეპატრონედ. ვოლკოვებმა უთხრეს: თუ ჩამოვალთ დაგვიბრუნებ ქონებას, თუ ვერ ჩამოვედით, ეს საქმე შენია და, რაც გინდა ის ქენიო. ასე დარჩა მას ეს ბიზნესი. თვითონ ალექსანდრა არსად წამსვლელი არ იყო, რადგან ლოგინად ჩავარდნილი დედა ჰყავდა. ბაბუა რომ ჩამოვიდა, ამ ქალთან აღმოჩნდა – როგორც ჩანს, ალექსანდრამ შეგირდად აიყვანა და აქედან დაიწყო მისი სამკერვალო კარიერა. მერე ერთმანეთი მოეწონათ და ცოლად მოიყვანა, ბებია მასზე ათი წლით უფროსი იყო. ამის შემდეგ ბაბუა პარიზში მიემგზავრება, თუმცა, არაა ცნობილი, რა სახსრებით. იმ პერიოდში იქ იყვნენ ძმები კაკაბაძეები, ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ქიქოძე. ბაბუას მათი ნახატები ჰქონდა. ახვლედიანთან და გუდიაშვილთან ურთიერთობა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა, ძალიან მეგობრობდნენ. პარიზში დაახლოებით შვიდი წელი დაყო, იქ შეგირდად იყო და ხელფასიც ჰქონდა, პარალელურად სწავლობდა კიდეც. რომ მოდიოდა, უფროსს უთქვამს, დარჩი და ერთ წელიწადში მილიონერი იქნებიო. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ცნობილი ოპერეტა „მფრინავი თაგვი”. ამ სპექტაკლისთვის კოსტიუმები თავიდან ბოლომდე ბაბუას შეკერილი იყო. ფაქტობრივად, თეატრალურ კოსტიუმერად ითვლებოდა. მერე აქ ძალიან დიდხანს მუშაობდა ოპერაში. ოპერა რომ დაიწვა, მასთან ერთად დაიწვა მთელი მისი კოსტიუმები, არც ერთი არ გადარჩა. კინაღამ გაგიჟდა.

– იმ დროს ის იყო თბილისში პირველი დიზაინერი მამაკაცი, რომელიც მთელი თბილისის ელიტის ქალებს უკერავდა. რით იყო ის გამორჩეული ამ ხელობაში?

– პარიზში მან ძალიან მაღალ დონეზე შეისწავლა ეს საქმე. მისი ნამუშევრები ძალიან ჰგავდა პარიზის სკოლას, რაც გამოიხატებოდა ზუსტ აზომვაში. ხშირად მეკითხებიან, ესკიზებს აკეთებდაო? არავითარი ესკიზები არ ჰქონდა, საერთოდ არ ხატავდა, ჩანახატებს არ აკეთებდა. ეს იყო სუფთა ინჟინერია. ფანტასტიკურად ზომავდა და ამის მიხედვით დგებოდა კონსტრუქცია. პირდაპირ ნაჭერზე ხატავდა საპნით. წარმოიდგინეთ, ინჟინერი რომ ხატავს წყალქვეშა ნავს, ასე ხატავდა ნაჭერზე პალტოს ან კაბას. მერე, ერთი ძალიან დიდი მაკრატელი ჰქონდა, იღებდა და ჭრიდა. დალამბვაში ბებია ეხმარებოდა. მერე, სახლში როცა აკეთებდა, მკერავები ჰყავდა. დახელოვნებულები იყვნენ – უცებ ააწყობდნენ და მანქანაზე კერავდნენ.

– გახსოვთ ის ქალბატონები, რომლებიც თქვენთან სახლში მოდიოდნენ და ბაბუა მათ, ასე ვთქვათ, „პრიმერკას” უკეთებდა? როგორი იყო ეს პროცესი?

– სკოლიდან პირველი საათისთვის მოვდიოდი და ვხედავდი, მთელი დღე როგორ თავაუღებლად მუშაობდნენ. ეს იყო საშინელი შრომა. არ მახსოვს, ისინი ერთი წუთით უსაქმოდ ყოფილიყვნენ. კაბა ისეთი ჭრელი იყო, რომ ჩააცმევდა, ფაქტობრივად, უმნიშვნელო დეტალები იყო გასასწორებელი. მთელი ოსტატობა ის იყო, რომ ის ზუსტად იჯდა დამკვეთის ტანზე. თუ ლამბი ცუდად დაჯდებოდა და გაიხსნებოდა, ქინძისთავებით ამაგრებდა. ყველა კონკრეტულ საქმეზე ხელოსნები ჰყავდა: თუ კაბაზე მოსაქარგავი იყო – ერთს იბარებდა, თუ ბისერებით იყო სამუშაო – მეორეს. ხშირად აფორმებდა კაბებს ზონრებით. ესეც ძალიან ტიპური იყო. ფილმი მაქვს ნანახი საფრანგეთზე და იქ მთელი ცნობილი კუტიურიები ამაზე მუშაობენ. ერთ პროვინციაში 90 წელს მიღწეული ქალბატონია და იმათ „ჟგუტის“ გარდა არავისას არ ცნობენ. როცა უნდათ, რომ რაღაც ექსკლუზიური გააკეთონ, ამ ქალს უკვეთენ.

– ჩემს წარმოდგენაში, ეს ადამიანი უნდა ყოფილიყო საკმაოდ დახვეწილი, მოვლილი, ელეგანტური და პეწიანი. ასეა?

– ფანტასტიკურად უვლიდა ხელის ფრჩხილებს – ყოველთვის აკურატულად ჰქონდა მოჭრილი და მოქლიბული. სპეციალური „ჩოთქები” და „ზამშე” ჰქონდა და იმით იმუშავებდა ფრჩხილებს. მიაჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც კერავს და ყოველ წუთს თითებს ათამაშებს, უხერხულია მოუვლელი ხელებით დადიოდეს. გარდა ამისა, ფრჩხილი არ უნდა გამოედო ნაჭრისთვის, რომ ქსოვილი არ დაეზიანებინა. საკმაოდ ელეგანტურად იცვამდა. ძალიან კოპწია ადამიანი იყო. თავისთვის უფრო მეტად მზა ტანსაცმელს ყიდულობდა, ვიდრე იკერავდა, მაგრამ სტილს დიდ ყურადღებას აქცევდა. ჰქონდა ყოველთვის განსაკუთრებული ცხვირსახოცები, პარფიუმი. ახლა ეს გასაკვირი არ არის, რადგან მამაკაცების უმრავლესობა პარფიუმერიას ხმარობს, მაგრამ მაშინ საკმაოდ გასაკვირი იყო. ახალგაზრდა წავიდა პარიზში და ბევრი ისეთი ჩვევა ჩამოუყალიბდა, რომელიც ვერანაირმა ცხოვრებამ ვერ აღმოუფხვრა.

– ცნობილი ქალბატონებიდან ვინ იყვნენ მისი ხშირი კლიენტები?

– ძალიან უყვარდა ჭუტა წერეთელთან მუშაობა, ნატო ვაჩნაძეს უკერავდა დიდი ხალისითა და სიყვარულით, ნინო რამიშვილს. ხშირად დადიოდა სტუმრად მეგობრებთან საჩუქრებითა და ტორტით, თუნდაც ქალბატონ ნინოსთან. ნინო სუხიშვილმა მითხრა: დღესაც მახსოვს, საშა ბიძიას რომ მოჰქონდა ჩვენთან უგემრიელესი ტორტიო. ეს იყო თბილისში ცნობილი ტორტი „სენატორი“, რომელსაც ერთადერთი ქალი აკეთებდა და ოჯახში სულ გვქონდა, რადგან ბაბუა მისი მუდმივი კლიენტი იყო. ის ძალიან ხშირად დადიოდა თეატრში, კონცერტებზე. ყოველთვის ყველაფრის ბილეთები ჰქონდა. მაშინ ქალაქში ბილეთი ძნელად იშოვებოდა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო შოვნა. მე პრობლემა არ მქონდა, რადგან ერთი დღით ადრე თუ ვეტყოდი, არ არსებობდა დეფიციტური ბილეთი, რომლის შოვნაც მას არ შეეძლო. ძალიან ბევრი ნაცნობი ჰყავდა თეატრალურ წრეებში. იმ ქალებიდან, ვინც ბაბუას აკითხავდა, ზოგიერთ მათგანს უკვე სუნამოს სუნით ვცნობდი, ისე ხშირად მოდიოდნენ. პირველ ხანებში თვითონაც იმდენ სუნამოს ისხამდა, ვწუხდებოდი.

– მასთან ჩინოვნიკების ცოლებიც მოდიოდნენ?

– ნინა გეგეჭკორს უკერავდა. ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც ნინა გეგეჭკორს ახლოს აკარებდნენ, არადა ეს ქალბატონი მუდამ ქმრის დაცვით იყო გარემოცული. როცა ბერია დაიჭირეს, ბაბუამ გუდა-ნაბადი შეკრა და დაჯდა. შეეშინდა, რომ დააპატიმრებდნენ, მაგრამ, დაპატიმრებას გადაურჩა. საერთოდ, აპოლიტიკური კაცი იყო, არ ერეოდა პოლიტიკაში და, ამბობენ, ამიტომ გადარჩაო, ზოგი ამბობს, ისევ ჩინოვნიკების ცოლებმა გადაარჩინესო. სამაგიეროდ, ფული მიატანინეს. ყველაფრის გაყიდვა მოუწია, ამას შეეწირა მთელი მისი კოლექცია, მეგობრებმაც შეუგროვეს ფული. იმხელა თანხა მოსთხოვეს, რომელიც, ელემენტარულად, არ შეიძლებოდა, სახლში ჰქონოდა. შეკვეთები ბოლომდე ძალიან ბევრი ჰქონდა, მაგრამ მოხუცდა და საქმეს ვეღარ ერეოდა. ბებიაც ვეღარ ეხმარებოდა – აქეთ იყო ბაბუას მოსავლელი. გინდა თუ არა, შეგვიკერეო, – სთხოვდნენ. ჩვენ ვეუბნებოდით: გაანებეთ თავი, ასე რომ „მიაწვებით“, შეგპირდებათ, რადგან ეუხერხულება, უარი გითხრათ, მაგრამ, არ შეუძლია-მეთქი. ჭერამდე ეწყო შეუკერავი ნაჭრები. ის მკერავი ქალებიც დაახლოებით მისი ასაკის იყვნენ, უხსოვარი დროიდან მოჰყვებოდნენ. მერე, ზოგი გარდაიცვალა, ზოგი ვეღარ ხედავდა და მარტო რას გააკეთებდა. საერთოდ, არ იყო ძალიან ჭირვეული კაცი, მაგრამ მუშაობაში სასტიკი გახლდათ, ხანდახან ეს ქალები ცრემლებამდე მიჰყავდა, ნახელავს უწუნებდა. ვაკეში კინოთეატრ „ყაზბეგის” გვერდით იყო მათი ატელიე, სადაც დაასრულა კიდეც თავისი კარიერა. ბაბუა იქ კონსულტანტად იყო, კვირაში რამდენიმე საათით მიდიოდა და სამუშაოს თვალს გადაავლებდა. მანამდე ჰქონდათ ატელიე „კომუნა“, ანუ, დღევანდელი ენით რომ ვთქვათ შპს.

– რა შემოსავლით ცხოვრობდა თბილისში ცნობილი დიზაინერი, რა ჯდებოდა მისი კაბები?

– ოპერაში სამუშაო ჰქონდა საინტერესო, თორემ, რა ექნებოდა. პარიზში იმდენს შოულობდა, რომ შიმშილით არ კვდებოდა. შეეძლო საკუთარი თავისთვის უფლება მიეცა და კვირაში ერთხელ რესტორანში წასულიყო. მილანში უნდოდა წასვლა და წავიდა. მერე დააარსეს ეს სამკერვალო „კომუნა“. ეტყობა, კარგი შემოსავალი ჰქონდა, რადგან ზოგჯერ არაჩვეულებრივ ჭურჭელს, ფაიფურის, სხვა ძვირფას ნივთებს, სურათებს იძენდა, თუმცა, მისი სურათების კოლექციას საწყისი, ალბათ, უფრო ნაჩუქარმა სურათებმა დაუდო. რაც კი რამ კარგი ჰქონდა, კაკაბაძის, გუდიაშვილისა და ახვლედიანის ნაჩუქარი იყო. მერე ომი დაიწყო. ომის დროს „კომუნა“ ოფიცრებისთვის კერავდა შინელებს. ამაზე რა ექნებოდა? ალბათ, „პაიოკს” აძლევდნენ.


скачать dle 11.3