როგორ მოხიბლა ჰონკონგის ყველაზე მსხვილი კომპანიის მმართველის ბიზნესმენმა შვილმა თამთა შედანია და რატომ არ ჩქარობს თამთა საკუთარ გრძნობებში გარკვევას
შეიძლება, თამამად ითქვას, რომ თამთა შედანია დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული მოდელია, რომელიც უკვე დიდი ხანია უცხოეთის სამოდელო სააგენტოებთან აქტიურად თანამშრომლობს. ის ამჟამად ჰონკონგში ცხოვრობს. მან უკვე ძალიან ბევრ ცნობილ ბრენდებთან იმუშავა, „ფეშენ-შოუებშიც“ მიიღო მონაწილეობა და მისით ჯერ „ქელვინ ქლაინი“ შემდეგ კი „რობერტო კავალი“ დაინტერესდნენ. დღეს თამთა ჰონკონგში ერთ-ერთი წარმატებული და ცნობილი მოდელია და ის მომავალშიც აქტიურად აპირებს თავისი საქმის გაგრძელებას.
სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თამთა ჩინელ მილიონერზე აპირებს გათხოვებას. თუ რა ხდება სინამდვილეში თამთასა და ანდრე ვონგს შორის, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
თამთა შედანია: ამ ჭორის გაგება ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო. რა თქმა უნდა, ეს ერთი პროცენტითაც არ არის სიმართლე. მე სამომავლოდ სულ სხვა გეგმები მაქვს. ევროპის სამოდელო ბიზნესში დიდი ასპარეზი მელოდება. ამიტომ, ის ინფორმაცია, რომ მე თითქოს ჩინელ მილიონერზე ვაპირებ გათხოვებას, სრული სიცრუეა, რადგან ახლო მომავალში გათხოვებას არ ვგეგმავ. ანდრეს ვიცნობ, ის არაჩვეულებრივი ადამიანია, მის მიმართ გარკვეული სიმპათიები მაქვს, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასზე გათხოვებას ვაპირებ. მომავალზე ვერ ვილაპარაკებ, შეიძლება, ყველაფერი შეიცვალოს. ამ მომენტში მე და ანდრე ვეცნობით ერთმანეთს და ახლო მომავალში მასთან სერიოზულ ურთიერთობაზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ. რაც შეეხება ერთ-ერთ ჟურნალში ჩემ შესახებ დაბეჭდილ ინტერვიუს, ის ცრუ წყაროზეა აგებული. ჟურნალისტმა მოიძია ფოტოები, რომელიც ანდრესთან მაქვს გადაღებული და ჭორზე დაყრდნობით ააგო ეს ინტერვიუ, რაც არ მესიამოვნა. თუმცა, გულთან ახლოს არ მიმიტანია, რადგან პოპულარულ ადამიანზე ხშირად ჭორაობენ, ზოგჯერ კარგი მხრივ, ზოგჯერ კი საშინელ ჭორებს უგონებენ. ჩემს შემთხვევაშიც სწორედ ასე მოხდა. უბრალოდ, როდესაც ჟურნალისტი წერს ვინმეს შესახებ ინფორმაციას, ჯობია, პირადად მასთან გადაამოწმოს, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა და, შესაბამისად, ეს ინტერვიუ მხოლოდ და მხოლოდ ჭორი იყო. ხშირად მითქვამს სხვადასხვა ჟურნალისთვის, რომ ჩემთვის პირველ საკითხად გათხოვება არ დგას, ჯერ, მთავარია, კარიერა ავიწყო, პირადი ცხოვრების აწყობაზე მერე დავფიქრდები სერიოზულად.
– მოდი, მომიყევი, როგორ და სად გაიცანი ანდრეი?
– წელს დაბადების დღე მქონდა ჰონკონგში, არაჩვეულებრივი დრო გავატარე ჩემს უსაყვარლეს მეგობრებთან ერთად, საღამოს კი დიდი ვახშამი გვქონდა დაგეგმილი ჰონკონგის ყველაზე ლამაზ ადგილას, საიდანაც მთელი ქალაქი ხელისგულივით ჩანს. საღამოს რესტორანში ანდრეს ერთ-ერთ მეგობარსაც ჰქონდა დაბადების დღე და მეც და მასაც ტორტი ერთდროულად მოგვიტანეს და ერთად გვიმღერეს. ამის შემდეგ გავიცანი ანდრე და დავახლოვდით. ის არაჩვეულებრივი, ადამიანია, განათლებული, უნივერსიტეტი ინგლისში დაამთავრა, ხოლო მაგისტრატურა ლონდონსა და ბერლინში გაიარა. მას შემდეგ, რაც ჰონკონგში ჩამოვიდა, ძალიან დიდი კომპანიის მმართველი გახდა. მას თავისი მცირე ბიზნესიც აქვს. რაც შეეხება ანდრეს მამას, ის არ არის ბანკირი, არც ანდრეა მილიონერი. ანდრეს მამა ხანში შესული კაცია და ახალგაზრდობაში ის ჰონკონგში ყველაზე დიდი კომპანიის მმართველი ყოფილა. ანდრე არაჩვეულებრივი ოჯახის შვილია და რაც მთავარია, ქრისტიანია, რელიგიური ადამიანია, რითიც ძალიან მოვიხიბლე.
– რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა?
– ჩვენ მალევე დავახლოვდით, მასთან საუბარი მსიამოვნებს, რადგან განათლებული ადამიანია, მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ და ბევრ კარგ მაგალითს ვიღებ. ჯერჯერობით ვეცნობით ერთმანეთს, გარკვეული გრძნობებიც გვაქვს, მაგრამ, ამ ეტაპისთვის ამას მე სიყვარულს ვერ დავარქმევ. ჩემთვის სიყვარული ძლიერი გრძნობაა, რომელსაც დრო სჭირდება და საერთოდ, ადვილად არ მიყვარდება. ანდრე ზოგჯერ ქართველი მამაკაცი მგონია, რადგან, არ სიამოვნებს, როცა საცურაო კოსტიუმში ვიღებ ფოტოებს. მეც შევპირდი, ასე აღარასდროს გადავიღებ-მეთქი. შესაბამისად, ახალ სამოდელო კონტრაქტში კარგად არის აღნიშნული, რომ მე არ ვიღებ ფოტოებს საცურაო კოსტიუმში. ზოგჯერ არ მოსწონს, როცა ძალიან მიმზიდველად გამოვიყურები. სულ ამბობს, ლამაზი ქალი მომხიბვლელად მაშინ გამოიყურება, როცა მას ელეგანტურად აცვია და მსუბუქი მაკიაჟი აქვს. ღმერთმა სილამაზით დაგაჯილდოვა და არაფრის დამატება არ გჭირდება, რომ ხალხმა ყურადღება მოგაქციოს, არ არის საჭირო, ვულგარულად გეცვას, ისედაც ადვილად ახერხებ ყურადღების ცენტრში მოხვედრასო.
– დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, თუ ახერხებთ განმარტოებას, ხშირად სადმე წასვლას?
– ხშირად ვხვდებით ერთმანეთს. მიუხედავად ჩემი და მისი დატვირთული სამუშაო რეჟიმისა. ხშირად დავდივართ ჰონკონგის ღირსშესანიშნავ ადგილებში. მუზეუმებში, თეატრებში. მას ხშირად უწევს პარტნიორებთან საქმიან ვახშამზე წასვლა და ძალიან სიამოვნებს, როცა მე გვერდს ვუმშვენებ. თავისუფალ დროს კი საშოპინგოდ მივდივართ, ასევე, კინოში, გოლფის სათამაშოდ და მეგობრების მოსანახულებლად. რაც მთავარია, ერთმანეთთან ყოფნით არასდროს ვიღლებით, არ გვბეზრდება და დროს ყოველთვის ხალისიანად ვატარებთ. საათები ისე გარბის, ვერც კი ვგრძნობთ. მან ერთ-ერთ კომპანიაში მენეჯერად მუშაობა შემომთავაზა და მეც დავფიქრდი, მაგრამ, ჯერჯერობით ინგლისური პროფესიონალურ დონეზე უნდა დავხვეწო, რაშიც ანდრე ძალიან მეხმარება. კვირაში სამჯერ ინგლისურის გაკვეთილებს მიტარებს.
– მის ოჯახსაც იცნობ?
– დიახ, ანდრეს მამა ხანში შესული კაცია და ანდრე მას ხშირად ნახულობს. როცა დრო მაქვს, მეც თან მივყვები და ისიც სიხარულით გვხვდება. ძალიან კარგად მახსოვს, როცა გავიცანი, მითხრა: ჩემი დრო ამოიწურა, ახლა თქვენი დრო არის. მე მოხარული ვიქნები, ვიგრძნო, რომ, ასაკის მიუხედავად, ხალხმა არ დამივიწყდა და მაინც მნახულობენო. ამიტომ, ძალიან მსიამოვნებს ანდრეს მამასთან ვიზიტი. ანდრე ხშირად უკეთებს მას საჩუქრებს – ძალიან კარგი, ყურადღებიანი შვილია. მამამისი ხშირად მიყვება საინტერესო ისტორიებს, თვეში ერთხელ ოჯახური ვახშამი გვაქვს.
– ანდრე შენს მიმართაც იქნება ყურადღებიანი.
– ძალიან ყურადღებიანია და სიამოვნებს, როცა საჩუქრებს მიკეთებს. ხშირად მანებივრებს და მეუბნება, რომ მეც ბედნიერი ვარ, როცა შენს სახეზე სიხარულს ვხედავო.
– შენ თუ ხარ ყურადღებიანი?
– ვცდილობ. როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანის გვერდით არ ვიყო ყურადღებიანი? მეც ვუკეთებ საჩუქრებს, მაგრამ ისინი ჩვეულებრივი საჩუქრებისგან აშკარად გამორჩეულია.
– რით არის გამორჩეული?
– ერთ შემთხვევას გეტყვი: ვალენტინობის დღეს ჰონკონგში ძალიან წვიმდა, მე კი დილიდან საღამომდე გადაღება მქონდა. გადაღებიდან წავედი და ვიყიდე ვარდები, სანთლები, კონვერტი, „რაფაელოები“ და მფრინავი გულის ფორმის ბუშტები, რომლებზეც ეწერა Love you. მერე ანდრეს დავურეკე და ვუთხარი, შენს მეგობარს პრობლემა აქვს, ვერ გიკავშირდება და აუცილებლად უნდა წახვიდე მასთან-მეთქი. ანდრე ამ დროს შინ იყო, მე კი მის სადარბაზოში ვიდექი და ველოდებოდი, როდის დატოვებდა სახლს. ათ წუთში წავიდა. შევედი სახლში, ბუშტები ირგვლივ ლამაზად გავანაწილე, სანთლებით იატაკზე ბილიკი გავაკეთე, ვარდები ძირს მოვფინე, ხოლო მისაღებ ოთახში ვარდებითა და პატარა სანთლებით გული გამოვსახე, ავანთე და დავურეკე, სად ხარ, გელოდები-მეთქი. შემოვიდა თუ არა, სახეზე შოკი დაეხატა. მე მაშინვე კონვერტი გადავეცი, სადაც ეწერა: „მე არ შემიძლია, მოგცე ძვირფასი საჩუქრები, მაგრამ, შემიძლია, ვიყო შენთვის გამორჩეული და გაჩუქო ჩემი გული“, მან მითხრა, რომ ასეთი რამ მისთვის არავის გაუკეთებია ცხოვრებაში. მიუხედავად წვიმაში გაწუწვისა, მეც ძალიან ნასიამოვნები დავრჩი.
– ანდრე რომ შეგიყვარდეს, ალბათ კიდევ ბევრი რამეა საჭირო.
– მის მიმართ რაღაც გრძნობები მაქვს, მაგრამ, არ მინდა, დავკონკრეტდე, რადგან ჩემს გრძნობებში ჯერ არ ვარ ბოლომდე გარკვეული. ალბათ, საჭიროა, კიდევ უფრო კარგად გავიცნო, ბევრჯერ შევხვდე, რადგან, როგორც ხშირად ხდება, მამაკაცების უმეტესობა თავიდან თავს გმირად მოგაჩვენებს, მაგრამ, დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება. უბრალოდ, დრო მჭირდება.
– რა გეგმები გაქვს ახლო მომავალში?
– ახლო მომავალში ჰონკონგში ვიქნები, მერე ბერლინის „ფეშენ-ვიქზე“ ვაპირებ წასვლას, შემდეგ ისევ ჰონკონგში დავბრუნდები, ნოემბერში საქართველოში ჩამოვალ ოჯახთან ერთად დროის გასატარებლად და მეგობრების მოსანახულებლად, შემდეგ კი ევროპისკენ მაქვს გეზი აღებული.