რა არ უნდა იცოდეს ქმარმა ცოლის შესახებ
ის, რაც ცოლ-ქმარს შორის ხდება, ყველაფერი შესაძლებელია და ნებადართული. ყოველ შემთხვევაში, მათი ერთიანობა ორივეს აძლევს უფლებას, იბრძოლონ და იფიქრონ საკუთარი სიყვარულის შენარჩუნებაზე. როცა ქალს ქმარი უყვარს, როცა მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია და უცებ ჩნდება, ამ ურთიერთობის დაკარგვის საშიშროება, ის ეძებს გამოსავალს, ეძებს საშუალებას, რომ პრობლემა მოაგვაროს, ცოლ-ქმარს შორის გულწრფელობა მნიშვნელოვანია და მთავარი, თუმცა, ზოგჯერ დუმილი უფრო მომგებიანია. გულწრფელობა ნდობის საფუძველია. თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ ენდობა, მათი ერთ ჭერქვეშ ცხოვრება პრობლემების გრძელ ჯაჭვად გადაიქცევა. ყველა ადამიანის მოთხოვნილებაა, გაეხსნას მას, ვინც უყვარს. მაგრამ, არის სიტუაციები, როცა, უბრალოდ, ვერ იქნები გულახდილი, რადგან, ამ გულახდილობამ, შეიძლება, ოჯახის არსებობას შეუქმნას საფრთხე.
თეა (38 წლის): ალბათ, ყველა ადამიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რა შედეგი მოჰყვება მის მიერ გადადგმულ ნაბიჯს. მით უმეტეს, როცა ეს ნაბიჯი მარტო შენ კი არა, ოჯახსაც ეხება. როდესაც ცოლ-ქმარს შორის სრული თანხმობა და გულახდილობაა, მათ შორის უსაფრთხოებისა და სიმშვიდის განცდა იქმნება და ბედნიერებაც ეს არის. მე ყოველთვის ვამტკიცებდი, ცოლ-ქმარი ერთმანეთს არაფერს არ უნდა უმალავდეს-მეთქი. თუმცა, ყოველთვის ყველაფერს ვერ გათვლი. დიახ, გულწრფელობა ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი. მაგრამ, არც ერთმა ქალმა არ თქვას, რომ ქმრისგან დაფარული არაფერი აქვს. უბრალოდ, არ გამოდის ყველაფრის თქმა.
– ანუ, ცოლ-ქმარს შორის საიდუმლო უნდა არსებობდეს? ეს გარდაუვალია?
– ხშირ შემთხვევაში, გარდაუვალია. მე ეს საკუთარ მაგალითზე გამოვცადე, ნდობის გარეშე ჭეშმარიტი, ჰარმონიული ურთიერთობა არ არსებობს, მაგრამ, არც ზედმეტი გულახდილობა ყოფილა ბედნიერების გარანტი.
– სიყვარული არის ბედნიერების გარანტი?
– არ ვიცი, შეიძლება არის, შეიძლება – არა. იმიტომ რომ, ბევრი მინახავს სიყვარულით შექმნილი და მერე სწრაფად დანგრეული ოჯახი. ოღონდ, არ მითხრათ, რომ ის არ ყოფილა სიყვარული. იმ ხალხს ჰკითხეთ, იმ მომენტში როგორი შეყვარებულები იყვნენ. როგორ უნდა გაზომო და აწონო, რა დოზით უნდა გიყვარდეს, რომ მერე დიდხანს იცხოვროთ ერთად და ბედნიერად?! მე ძალიან მიყვარდა ჩემი ქმარი, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან. ორი წელი აჩრდილივით დავდევდი უკან, ის კი ვერ მამჩნევდა. ორი კურსით ჩემზე წინ იყო და თავისივე თანაკურსელი უყვარდა. ისეთი შეყვარებულები იყვნენ, მეგობრები, „რომეო და ჯულიეტას“ ეძახდნენ. მე ისე მშურდა მათი, არაფერი მახარებდა. საშინლად განვიცდიდი ამ ამბავს, მაგრამ, უკვე მაშინვე ვიცოდი, რომ, ადრე თუ გვიან, მივაღწევდი ჩემსას.
– რანაირად? მას ხომ თქვენ არ უყვარდით?
– ჯერ ერთი, სიყვარული მარადიული არ არის. მერე, ინტუიციაც ხომ არსებობს! როცა ამბობდნენ, ესენი მალე დაქორწინდებიანო, მე გულში მეღიმებოდა. ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი, ოღონდ ისინი ერთმანეთისთვის დამეშორებინა – ვაღიარებ ამას და არც სინდისი მაწუხებს. ის გოგო კახას შესაფერისი არ იყო. მე გამოვქექე მისი წარსული და გავიგე, რომ საყვარელი ჰყავდა ასაკით თავისზე ბევრად უფროსი, მაგრამ, ფულიანი. ის დაეხმარა, რომ უმაღლესში გაეგრძელებინა სწავლა, ბინა და მანქანა უყიდა, ალბათ, კიდევ ეხმარებოდა და ესეც ისევ ხვდებოდა – ვითომ რატომ იტყოდა უარს, დარწმუნებული ვიყავი, რომ კახამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. იმ ქალბატონს თავი ისე მოჰქონდა, თითქოს ხელდაუკარებელი პრინცესა იყო. ეს კიდევ უფრო მამწარებდა და საკუთარი თავის რწმენას მმატებდა. მე უფრო მეკუთვნოდა კახა, რადგან არასდროს არავინ მყოლია და მართლა არანორმალურად მიყვარდა.
– ერთი სიტყვით, გადაწყვიტეთ მათ შორის ჩამდგარიყავით?
– გადავწყვიტე, კახასთვის სრული ინფორმაცია მიმეწოდებინა თავის შეყვარებულზე და არჩევნის გაკეთება მასზე მიმენდო. ოღონდ, ეს ისე უნდა გამეკეთებინა, რომ ჩემზე ეჭვი არავის მიეტანა. მე ახლა თხუთმეტი წლის წინანდელ ამბავს გიყვებით. არავინ თქვას, რომ წარსულის სამუდამოდ მოშორება შეიძლება, აბსურდია. ისეთ დროს წამოყოფს თავს, საერთოდ რომ არ ელოდები. მე თხუთმეტი წლის შემდეგ წამომეწია, როცა ყველაფერი უკვე დავიწყებული მქონდა და ვფიქრობდი, ჩემს ბედნიერებას აღარაფერი ემუქრება-მეთქი.
– თხუთმეტი წელი სრულ თანხმობაში იცხოვრეთ მეუღლესთან?
– დიახ, რატომ გიკვირთ? შეიძლება, ჩემ მიმართ ისეთი გრძნობა არ ჰქონდა, როგორიც თავისი პირველი სიყვარულის მიმართ, მაგრამ, მეც ვუყვარდი. მართალია, მე უფრო მიყვარდა, მაგრამ, ყოველთვის ასე ხდება. ერთს უფრო მეტად უყვარს, მეორე კი ამის უფლებას აძლევს. მე მიყვარდა და კახასაც მოსწონდა ეს. სიმართლის გაგების შემდეგ ძალიან იმედგაცრუებული იყო, სერიოზული დეპრესია დაემართა. თავისი შეყვარებული ანგელოზი და ზეციური არსება ეგონა. ალბათ, თითს არ აკარებინებდა, ხომ იცით, ეგეთებმა როგორ იციან – თავი მოაქვთ, რომ ვერასოდეს დაელაპარაკებიან.
– როგორ გაიგო სიმართლე?
– ჩემი ბავშვობის მეგობარი დამეხმარა. დიახ, მამრობითი სქესის. მან ჩემზე ყველაფერი იცოდა. ჩემი გავლენის ქვეშ იყო-მეთქი, ამას არ ვიტყვი, მაგრამ ყოველთვის ერთმანეთის თანამზრახველები ვიყავით. ჩვენ შორის სხვა არაფერი იყო, გარდა აბსოლუტური ურთიერთგაგებისა. ჰოდა, გეგმაც ერთად შევიმუშავეთ. იცით, რაშია საქმე? სიყვარულისთვის ბრძოლაში ყველა საშუალება გამართლებულია.
– ახლაც ამას ამბობთ?
– დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა რთულ სიტუაციაში ვარ და საშინელების განცდა არ მტოვებს, მაინც ვიტყვი, რომ კარგად მოვიქეცი. არა, ასე არ უნდა მეთქვა. შეიძლება კარგად არ მოვქცეულვარ, მაგრამ, სწორად მოვიქეცი. იმავეს გავაკეთებდი, უკან, წარსულში რომ დამაბრუნა. მე მიღირდა ჩემი და ჩემი ქმრის ერთად ყოფნა ამ ნერვიულობად. კახასთვის ადვილი არ იქნება რეალობასთან შეგუება, მაგრამ, ვიმედოვნებ, რომ „გადახარშავს”, ისევ მე დავეხმარები. თან, შვილსაც ვერ შეელევა და, თუ საჭირო გახდება, მეორესაც გავაჩენ, არაფერზე არ დავიხევ უკან.
– როგორც მაშინ, თხუთმეტი წლის წინ?
– მე ცუდი არაფერი ჩამიდენია. ტყუილი არ მითქვამს. უბრალოდ, პირადად მე არ ვუთხარი, რომ მის შეყვარებულს ორმაგი ცხოვრება ჰქონდა. შეიძლებოდა, მე თვითონ მეთქვა, მაგრამ, ვერ გავრისკავდი – კახას მეც რომ ვეღარ ავეტანე?! თანაც, როცა კაცი ამბობს ქალზე სიმართლეს, სულ სხვა ეფექტი აქვს. რომელი თავმოყვარე მამაკაცი აიტანს, მისი შეყვარებულის უწესობის შესახებ კაცები ლეგენდებს ყვებოდნენ?! ჩემმა მეგობარმა კარგად გაართვა დაკისრებულ დავალებას თავი, არაჩვეულებრივად. იმ კაცის ტელეფონის ნომერი და ვინაობაც კი გაიგო. კახამ რომ ფაქტები დაულაგა წინ თავის შეყვარებულს, იმან ხმა ვერ ამოიღო. არ ვიცი, შეიძლება, სკანდალიც ჰქონდათ – ამით აღარ დავინტერესებულვარ. ცოტა დრო რომ გავიდა, კახასთან მივედი და კინოში დავპატიჟე.
– პირდაპირ მიხვედით და უთხარით, კინოში წავიდეთო?
– დიახ, ნიადაგი წინასწარ მქონდა მომზადებული. ჩემმა მეგობარმა უთხრა კახას, თეა კვდება, ისე უყვარხარ. ჩვენ, კაცები, სწორ არჩევანს ვერ ვაკეთებთ – ვერ ვამჩნევთ იმათ, ვისაც მართლა ვუყვარვართ და იმას გადავეკიდებით ხოლმე, ვისაც ჩვენგან მარტო ის უნდა, რომ პატიოსანი ქალის სახელი დაერქვასო. ერთი სიტყვით, დრო უქმად არ დაუკარგავს, მაგრამ, არც მე დავმჯდარვარ გულხელდაკრეფილი. უნდა მეჩქარა, რომ რამე გაუთვალისწინებელი არ მომხდარიყო და შეყვარებულს არ შერიგებოდა – მე ხომ არ ვიცოდი, რას მოიმოქმედებდა ის ქალბატონი! ამიტომ, გავაქტიურდი. ყოველდღე ვხვდებოდი, ინიციატივა ჩემგან მოდიოდა. ვხედავდი, რომ სიამოვნებდა ჩემთან ყოფნა, თუმცა, მაინც მოწყენილი და სევდიანი იყო. მეც, ავდექი და ყველა კომპლექსი მოვიხსენი.
– რას გულისხმობთ?
– იმას, რომ ზედმეტადაც კი ვიაქტიურე – ლოგინში ჩავუწექი. ჩემი მხრიდან ეს წარმოუდგენლად თამამი ნაბიჯი იყო. ახლაც მიკვირს, როგორ გავრისკე. მაგრამ, უკანდასახევი გზაც აღარ მქონდა, ბოლომდე უნდა გავსულიყავი. თუ საჭირო გახდებოდა, ორსულობასაც მოვიგონებდი, მაგრამ ეს საჭირო აღარ გახდა – კახამ ხელი მთხოვა. ისეთი სითბო, სიყვარული და ყურადღება ვაგრძნობინე, მიხვდა, ჩემთან ძალიან კარგად იქნებოდა.
– მისი შეყვარებული მშვიდად უყურებდა თქვენს ურთიერთობას?
– შეიძლება, მშვიდად არც უყურებდა, მაგრამ, ხმას როგორ ამოიღებდა! რა ჰქონდა სათქმელი, რას იტყოდა ჩემზე? მასავით საყვარელი კი არ მყოლია. კახა ჩემი პირველი მამაკაცი იყო, მაგრამ იმ ქალმა ჩემ მიმართ ბოღმა მაინც ჩაიდო გულში.
– თქვენ ეს გიკვირთ?
– არა. არ მიკვირს, უბრალოდ, მეგონა, რომ ბრძოლას მაშინვე გამომიცხადებდა. ვერ დავუშვი, რომ თხუთმეტი წელი შეინახავდა და სრულიად შეუფერებელ მომენტში გადმოანთხევდა ბოღმას. ამ თხუთმეტი წლის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ კახა თავის ძველ სიყვარულს არ შეხვედროდა.
– რისი გეშინოდათ?
– მოგონებების. რა ვიცი, რა მოუფრენდა თავში ან ერთს, ან მეორეს. ხომ იცით, წლების შემდეგ, რაღაც-რაღაცეები ისეთ საშინელებად აღარ გეჩვენება. სულ ვაკვირდებოდი ჩემს ქმარს, ისევ თავის სიყვარულზე ხომ არ ფიქრობდა. ზოგიერთი, ძალიან რომანტიკული მამაკაცისთვის ასეთი რამ დამახასიათებელია. კახა ძალიან მზრუნველი, თბილი და ყურადღებიანი მეუღლე და მამა იყო. არც ეჭვის საფუძველს მაძლევდა. ძალიან შეთანხმებულად ვცხოვრობდით, არც კი ვკამათობდით. სულ თვალებში შევყურებდი და შევციცინებდი, სრული კომფორტი შევუქმენი. მე შეძლებული მშობლები მყავს და მოვახერხე ის, რომ რამდენიმე წელი უცხოეთში წავსულიყავით. რომ ჩამოვედით, კახას მამაჩემმა აწყობილი ბიზნესი დაახვედრა. მეც კარგი სამსახური მაქვს და მალე ჩვენი პატარაც დაიბადა. მართლა ბედნიერები ვიყავით, საკუთარ თავს ცოტა მოდუნების უფლებაც მივეცი. ერთ საღამოს კი, სახლში რომ მივედი, კახამ ამბავი დამახვედრა, ჩვენი კურსი ინსტიტუტის დამთავრების 15 წლისთავს აღნიშნავს, ბიჭებმა დამირეკეს და მეც თანხმობა ვუთხარიო. თითქოს მდუღარე გადამასხეს, ლამის მუხლი მომეკვეთა. გულმა ცუდი მიგრძნო და ჩემი უკმაყოფილება ვერ დავმალე – რატომ მე არ მკითხე, იქნებ, მე არ მინდა წამოსვლა-მეთქი. იმიტომ არ გკითხე, რომ, ზუსტად ვიცოდი, წამოსვლა რომ არ გენდომებოდა. მაგრამ, მე მაინც წავალ, შენი სულელური ახირების გამო, უარს არ ვიტყვი, ასეთი შეხვედრები ათასში ერთხელ ხდება და არ გამოვაკლდებიო. თხუთმეტი წლის განმავლობაში პირველად ვიჩხუბეთ, თანაც, სერიოზულად. ისე გავმწარდი, რომ წამოვაძახე – შენ ისევ ის საზიზღარი ქალი გიყვარს-მეთქი. არც იმან დამაკლო. სულელი ხარ და ეჭვიანი. თხუთმეტი წელი გავიდა და რატომ ვერ ივიწყებ, რომ სხვა მიყვარდა, ხომ შენ გვერდით ვარ და შენი ქმარი მქვია. რაც შენთან ვარ, არასდროს სხვა ქალისთვის არ შემიხედავს! ვერ იტყვი, როდისმე შენთვის მეღალატოს, მაგრამ, მაინც ვერ ისვენებ, მაინც ეჭვის ჭია გიღრღნის გულს. გეუბნები, რომ წავალ. თუ გინდა, ჩემთან ერთად შენც წამოდი, არ გინდა და არც დაგაძალებო. სიკვდილი მერჩივნა იქ წასვლას, მაგრამ დარჩენა კიდევ უარესი იქნებოდა – მარტო საერთოდ ვერ გავუშვებდი: ჩემ თვალწინ რომ იქნებოდა, შედარებით უფრო გავაკონტროლებდი სიტუაციას. ვლოცულობდი და ღმერთს ვევედრებოდი, ის ქალბატონი მაინც არ მოსულიყო. მთელი ღამე გავათენე და დილით აჩრდილს ვგავდი. ძლივს მოვიწესრიგე თავი. რესტორანში რომ შევედით, ჩემი მზერა მარტო იმ ერთ ადამიანს ეძებდა. რომ ვერსად დავინახე, გავმხიარულდი და გავხალისდი. ყველა თავის ამბავს ყვებოდა – ვინ რას მიაღწია, ვის რამდენი შვილი ჰყავს და ასე შემდეგ. კახას რომ არ გაეგონა, ჩუმად ვკითხე „იმისი” ამბავი კახას ერთ თანაკურსელ გოგოს, რომელსაც სხვებზე უკეთესად ვიცნობდი. არ გათხოვილა, ვიღაცისგან ბავშვი გააჩინა და იმას ზრდისო.
– ხომ არ იფიქრეთ, რომ, შეიძლებოდა, ეს თქვენი ქმრის ბავშვი ყოფილიყო?
– ნამდვილად არა, იმიტომ, რომ ვერაფრით ვერ დავუშვი. ვერც ის წარმოვიდგინე, როდის შეიძლებოდა, მათ ურთიერთობა ჰქონოდათ. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, ბავშვის ასაკი მაინც ვიკითხე. უკვე რომ დავმშვიდდი და შვებით ამოვისუნთქე, მობრძანდა. კინაღამ გული წამივიდა, რომ დავინახე. სანამ ფხიზელი იყო, არა გვიშავდა რა, ჩვენსკენ არ გამოუხედავს, მაგრამ ჭიქას ჭიქაზე ცლიდა, დათვრა და, უცებ, მე და კახა საცეკვაოდ რომ გავდიოდით, გამოგვეკიდა. კახას ვთხოვე, მთვრალია და მოდი, წავიდეთ-მეთქი. მაგრამ, კახამ ზედაც არ შემომხედა, მისკენ შებრუნდა და მხარზე არ მოხვია ხელი?! შეიძლება, მისი დამშვიდება უნდოდა, მაგრამ, გადავირიე და ცოტა პრეტენზიული ტონით ვუთხარი კახას, წავიდეთ-მეთქი. იმან სიცილი ატეხა და ჩემს ქმარს დასცინა – ნახე, ნახე, როგორ მბრძანებლობს. გამოგიჭირა, ხომ შე უბედურო, არც კი იცი, რა სპექტაკლები ჩაატარა შენს ხელში ჩასაგდებადო – და დაიწყო მოყოლა, როგორ დავდევდი მე კახას და როგორ გავაკეთე ყველაფერი, რომ ისინი ერთმანეთისთვის დამეცილებინა. მერე ისევ განაგრძო: შენ რომ მაგისი ძმაკაცი გეგონა, ერთად ლოგინშიც კოტრიალობდნენ. მე რაც დავაშავე, ვიცი, მაგრამ, შენს ცოლთან შედარებით ანგელოზი ვარო. იცით, ბავშვი ვისგან გააჩინა? – იმ ჩემი ბავშვობის მეგობრისგან. იმანაც, ეტყობა, „დაფქვა” ყველაფერი – როგორ დამეხმარა კახას „შებმაში”. სახლში რომ მოვდიოდით, კახას მზერას ვგრძნობდი და ცუდად ვიყავი. მითხრა, ის არ ყოფილხარ, ვინც მეგონე. ეტყობა, ქალები ყველანი ერთნაირები ხართ – თავს კარგად მაშინ გრძნობთ, როცა კაცებს ასულელებთ. არაფრით ყოფილხარ იმაზე უკეთესი და გული მერევა შენზეცო. ახლა ჯოჯოხეთში ვცხოვრობ. ჩვენი ურთიერთობა გაცივდა და არ ვიცი, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. ჯერჯერობით კახა არსად მიდის, მაგრამ მეც იშვიათად მცემს ხმას. რომ დავკარგო, გავგიჟდები. რატომ არ ესმის, რომ ეს ყველაფერი მისმა სიყვარულმა გამაკეთებინა?!