კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საქართველოს რომელ ტერიტორიაზე არის სისტემატური მიწისვრები და რამ შეიძლება აგვაცილოს თბილისში დამანგრეველი მიწისძვრა


ბუნებრივი ძალებიდან მიწისძვრა ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელია. დიდი მასშტაბის მიწისძვრა, შესაძლოა, 10 000-ჯერ მეტად დამანგრეველი იყოს, ვიდრე, მაგალითად, ატომური ბომბი, რომელიც 1945 წელს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ჩამოაგდეს. მიწისძვრის დროს დედამიწა თითქმის ისევე ირყევა, როგორც გემი ზღვაში. „ამ სტიქიური უბედურებისგან თავდასაცავი მექანიზმი, სამწუხაროდ, არ არსებობს, რადგან დღემდე ვერ ხდება მიწისძვრების ზუსტი პროგნოზირება“, – აცხადებს ილიას სახელობის უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორის მოადგილე მიხეილ ელაშვილი.


მიხეილ ელაშვილი: დედამიწაზე ბევრი სეისმურად აქტიური ადგილია, ამათგან ზოგი განსაკუთრებით აქტიურია, ზოგი – საშუალოდ, ზოგი კი ასეისმურია, სადაც მიწისძვრები საერთოდ არ ხდება. ასეთია რუსეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი, კავკასია კი საშუალო სეისმურობის მქონე რეგიონად ითვლება. მაგალითად, კალიფორნიაში ან იაპონიაში გაცილებით უფრო მაღალია სეისმური აქტივობა, ვიდრე ჩვენთან. მიწისძვრები ხდება დედამიწის ქერქში. დედამიწის გარეთა საფარი შედგება მოძრავი ქანებისგან. ქანების მოძრაობა არ არის სწორი და თანმიმდევრული. ამ დროს აღინიშნება კუმშვითი და გამჭიმავი ძაბვები. წნევა ქანებს აწვება და დედამიწის ზედაპირის რღვევას იწყებს, დაგროვილი ენერგია კი სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრის სახით ვლინდება.

– როგორც ვიცი, რაჭაში ყოველდღე ხდება პატარა რყევები. რითაა ეს ბიძგები გამოწვეული?

– საქართველოში არის ადგილები, რომლებიც სეისმურად უფრო აქტიურია, ან, პირიქით – წყნარი. სუსტ მიწისძვრებს ადამიანი ზოგჯერ ვერც გრძნობს, მაგრამ ჩვენ ვაფიქსირებთ სპეციალური აპარატურით. რაჭის რეგიონი სეისმურად აქტიურია, ასევე აქტიურია ჯავახეთის ზეგანი. აქ უფრო ხშირად ხდება მიწისძვრები, ვიდრე სხვა რეგიონებში. აქვე იმასაც დავძენ, რომ ჩვენნაირი სეისმურად საშუალო აქტივობის რეგიონისთვის მიწისძვრის სიმძლავრე 7-8 ბალს ვერ გადააჭარბებს.

– რა განსხვავებაა მაგნიტუდასა და ბალს შორის?

– სეისმოლოგიაში მიწისძვრების სიხშირისა და ძალის აღსანიშნავად გამოიყენება ორი პარამეტრი: მაგნიტუდა და ბალი. მაგნიტუდა აღნიშნავს ეპიცენტრში რყევების სიხშირეს, ბალის სიდიდე კი დგინდება იმის მიხედვით, თუ რა დამანგრეველი ძალა ჰქონდა ბიძგებს. შერყევის ძალა მაქსიმალური მხოლოდ ეპიცენტრშია, მისგან დაშორებით კი თანდათანობით მცირდება. მაგალითად, თუ ეპიცენტრში რყევის სიხშირე 9 ან 9,5 მაგნიტუდაა, ბიძგები შორ მანძილზე იკლებს და ცვალებადი პარამეტრით ბალით აღინიშნება. მაგალითად, სპიტაკის მიწისძვრა მოხდა 7 მაგნიტუდით და 9 ბალით.

– ბატონო მიხეილ, რომელი იყო მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ძლიერი მიწისძვრები, რაც კი აქამდე დაფიქსირებულა?

– კავკასიაში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა 1667 წელს მოხდა, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ქალაქ შემახაში, სადაც 80 000 ადამიანი დაიღუპა. აქვე, არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ 1988 წლის სომხეთის (სპიტაკი) მიწისძვრა, სადაც 25 000 ადამიანი დაიღუპა. აქტიური მიწისძვრების ზონაშია საქართველოც. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 1991 წლის 29 აპრილს მოხდა, რომლის ეპიცენტრი მდებარეობდა საჩხერესთან. მისი სიმძლავრე 9 ბალი იყო, რამაც საჩხერის, ონისა და ამბროლაურის რაიონების მნიშვნელოვანი ნაწილი დაანგრია. 2010 წლის 12 იანვარს, კუნძულ ჰაიტიზე მომხდარი დიდი მიწისძვრის ეპიცენტრი (7 მაგნიტუდა) ჰაიტის რესპუბლიკის დედაქალაქ პორტ-ოპრენსიდან 22 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. ძლიერი ბიძგები რამდენჯერმე განმეორდა და დაიღუპა 230 ათასი კაცი. ასევე, ჩილეს მიწისძვრა 2010 წლის 27 თებერვალს. ჩილეში მომხდარი 8,8-მაგნიტუდიან მიწისძვრას ემსხვერპლა 600-ზე მეტი კაცი, 1 200 დაიკარგა, დაზიანდა 1,5 მილიონზე მეტი შენობა.

– ზოგადად, მიწისძვრის წინასწარი პროგნოზირება არ ხდება, მაგრამ, მაინც არსებობს გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგნოზები, რამდენად სანდოა ისინი?

– მიწისძვრის პროგნოზს ვეძახით იმას, როცა რომელიღაც სეისმოლოგი მიუთითებს კონკრეტულ ადგილსა და დროს და წინასწარმეტყველებს მიწისძვრის მოხდენას. სამწუხაროდ, ასეთი სიზუსტით პროგნოზირება არსად არ ხდება. გრძელვადიანი პროგნოზია ის, როცა ხდება კონკრეტული ადგილის განსაზღვრა, თუ რამდენად უფრო ძლიერი მიწისძვრაა მოსალოდნელი და რა პერიოდში ერთხელ. მის საფუძველზე ვადგენთ სეისმური საშიშროების რუკას, რომელიც 2-პროცენტიანი ალბათობით გვეუბნება, 50 წლის განმავლობაში სად რა მიწისძვრაა მოსალოდნელი. წინასწარი პროგნოზირების პროცესი გახლავთ ის, რომ სეისმური სადგურების მიერ და კიდევ სხვა სამეცნიერო მონაცემებზე დაყრდნობით, ხდება დედამიწის რღვევების შეფასება და ჯამური ანალიზის საფუძველზე მიიღება სეისმური საშიშროების მონაცემები. რაც შეეხება მოკლევადიან პროგნოზს, ასეთი რამ ვერ კეთდება. ამჟამად მეცნიერთა კვლევა სხვა მიმართულებით წავიდა – ისინი ცდილობენ, მაქსიმალურად ზუსტად ასახონ დედამიწის ქერქის მოძრაობის მოდელირება, რისთვისაც აქტიურად გამოიყენება „ჯიპიარეს“ ტექნოლოგიები და ხდება რეალური გაზომვა, თუ რამდენი მილიმეტრით გადაადგილდება ერთი ფილაქანი მეორისკენ. ამავდროულად, აღწერა ხდება რღვევის ფართობებზე, საბოლოო ჯამში ცდილობენ დაამოდელონ ეს პროექტი, რომ მიხვდნენ მიწისძვრების გამოწვევის ზუსტ მიზეზს. ეს გლობალური პროცესია, თუმცა, ის მიმართულებაა, საითაც ვითარდება სეისმოლოგია.

– მაინც, რამდენ ბალ მიწისძვრას გაუძლებს თბილისი?

– ამ საკითხში ჩემზე კომპეტენტურები მშენებლები არიან, თუმცა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაზე დგას სახლი, რამდენად მყარია იგი. თბილისში 8 ბალზე სეისმომედეგობის გათვლაა საჭირო. დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში, შესაძლოა, ნაკლები ან მეტიც იყოს რყევის ინტენსივობის სიმძლავრე. ეს დამოკიდებულია გრუნტის თვისებაზე. ამიტომაც, აუცილებლად უნდა შევისწავლოთ გრუნტი ყველა რაიონში. 2002 წლის შვიდბალიანმა მიწისძვრამ თბილისში ძველი შენობები დაანგრია. ამიტომაც, მშენებლობა 8 ბალამდე მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული, რათა საფრთხე გამოვრიცხოთ.

– მოდი, ისევ პროგნოზირების თემას დავუბრუნდეთ: იქიდან გამომდინარე, რომ დღემდე არ არსებობს მიწისძვრის ზუსტი პროგნოზი, ალბათ, ჯობია, რომ ცხოველების იმედად დავრჩეთ, რადგან ყველაზე უკეთ სწორედ ისინი გრძნობენ მიწისძვრის მოახლოებას.

– დიახ, ცხოველები მართლა იგებენ მიწისძვრის მოახლოებას იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დედამიწას აქვს ფორები, რომლებიც სავსეა გრუნტის წყლებით და, როცა ეს პროცესი იკუმშება, წყალი ასხამს ზემოთ, ცხოველების სოროები იტბორება და ხდება იქიდან მათი გამოდევნა. მიწისძვრის პროგნოზირების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივი ნიშნების გათვალისწინებას, მაგალითად, ცხოველების ქცევაზე დაკვირვებას, როდესაც ისინი იწყებენ შფოთვასა და მოუსვენრობას. 1975 წელს, ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში, მოსახლეობამ მიწისძვრამდე ამოიცნო რამდენიმე მომასწავებელი ნიშანი, მათ შორის ცხოველთა უცნაური ქცევაც და შეძლო თავის გადარჩენა.

– მიწისძვრის დროს რა თავდაცვითი მექანიზმი გამოიყენება?

– მიწისძვრისას, მთავარია, ხალხი არ აჰყვეს პანიკას, რადგან უარესად გავირთულებთ საქმეს, ბოლო მიწისძვრის დროს ერთი ქალბატონი გადმომხტარა მეორე სართულიდან და დაშავებულა. არაა საჭირო შენობიდან გასვლა, კიბეებზე დაშვებაც საშიშია, რადგან ის ადვილად ინგრევა, რომ აღარაფერი ვთქვათ ლიფტში შესვლაზე. თუ გარეთ ხართ, შენობებს უნდა მოშორდეთ. საჭიროა, ბავშვებმა იცოდნენ, რომ სკოლაში მყარი მაგიდის, მერხის ქვეშ დაიმალონ. ბევრი ინსტრუქცია არსებობს, მაგრამ ყველას მარტივი წესები ჯობია, რადგან პანიკისა და შიშის დროს ადამიანი კონცენტრაციის უნარს ისედაც კარგავს.


скачать dle 11.3