რაში არ გაცვალა ქართული პასპორტი დათო ევგენიძემ და რა უქმნის მას სირთულეებს
სულ ცოტა ხნის წინ, დათო ევგენიძემ გადაწყვიტა, რომ მოსკოვიდან სამუდამოდ, საცხოვრებლად თბილისში გადმოსულიყო. საქმეების დასასრულებლად დათო მოსკოვში გაემგზავრა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მუსიკა კოსმოპოლიტურია და მნიშვნელობა არ აქვს მას რომელ გეოგრაფიულ წერტილში შექმნი და, რატომაც არ უნდა შეიქმნას ის თბილისში, კომპოზიტორის მშობლიურ ქალაქში, საიდანაც ის გულით და გონებით არც არასდროს წასულა.
დათო ევგენიძე: ივლისის შუა რიცხვებში უკვე თბილისში ჩამოვდივარ. რამდენიმე ფილმის მუსიკის დაწერა მქონდა დაწყებული, რომელიც აუცილებლად უნდა დამემთავრებინა.
– ძალიან დიდ და მასშტაბურ პროექტებში იყავით ჩართული, არ გიჭირდათ ამ ყველაფრის დატოვება?
– არა, რა თქმა უნდა. მოსაგვარებელი არც არაფერი იყო, დავწერე მუსიკა, რომელიც შეიძლება ნებისმიერი ქვეყნიდან დაიწეროს. მთელი ცხოვრება ასე გავატარე, სულ სადღაც ვარ, ხან პარიზში ვცხოვრობ, ხან – მადრიდში და ხან – ნიუ-იორკში... ჩემთვის ეს ახალი არ არის. ბავშვობიდან მივეჩვიე ქალაქების ცვლას. როდესაც ეს ყველაფერი ათწლეულების განმავლობაში ხდება, ეჩვევი და გარემოს შეცვლა შენთვის ჩვეულებრივი ამბავია. მსგავსი ცვლილებები, პირიქით, ძალიან მიხაროდა, არანაირად არ მიჭირდა. ახლა ვემზადები თბილისში ჩამოსასვლელად და მგონი, დიდი ხნით აღარსად წავალ.
– რა ფილმებზე მუშაობდით?
– ხუთი ფილმი იყო, ზოგი სატელევიზიო, ზოგიც მხატვრული. ერთის დასახელებაა „ტუმან“, მეორეს „ბეზ მუშჩინ“, შემდეგ „კოზა ნოსტრა“, „ამანდა“. სხვადასხვა რეჟისორები იღებენ. სხვათა შორის, ფილმს „ბეზ მუშჩინ”, რეზო გიგინეიშვილი იღებს, რომელიც მისი პროდიუსერიცაა. კიდევ ერთ ქართველ რეჟისორთან ვმუშაობ, ვანო ბურდულთან, რომელიც ასევე აქ იღებს ფილმს. ასე რომ, აქაც ქართველები ვთანამშრომლობთ.
– მოსკოვიც ქართველებმა დაიპყრეს შემოქმედებითად?
– ეს ისტორიულად ასე იყო. საბჭოთა კავშირის დროსაც საქართველოს, ჩვენს სუბკულტურას ძალიან დიდი წილი ჰქონდა ამ სივრცეში. თუმცა, არ მინდა, ისე გამიგოთ, რომ მაინცდამაინც ქართული გავლენა იგრძნობა მთელ რუსეთში. კულტურა კოსმოპოლიტურია, ის მთელ სამყაროს მოიცავს. რაც შეეხება პოლიტიკას, იმ წრეში, რომელშიც მე ვარ, არანაირი დიფერენციაცია არ არის ეროვნების მხრივ და საერთოდ, არანაირი ზეწოლა არ იგრძნობა. ხანდახან კულტურის ზოგი წარმომადგენლის შემოქმედება მასობრივ სახეს იღებს და მერე უკვე ძალიან რთული ხდება იმ ქვეყანაში ცხოვრება, რომლის პოლიტიკური წრეებიც შენს მიმართ მტრულად არიან განწყობილი. თუმცა, ჩემი ჩამოსვლის მიზეზი ეს არ არის. უბრალოდ, ვბრუნდები ჩემს ქალაქში, ჩემს სამშობლოში. ყოველთვის, მას შემდეგ, რაც საქართველოდან წავედი, ჩემი სახლი თბილისი იყო. სადაც არ უნდა წავეყვანე ჩემს პროფესიას, ყოველთვის საქართველოში ვბრუნდებოდი და ეს ახალი არ არის. თავისუფლად შემეძლო მიმეღო, საფრანგეთის, ესპანეთის, რუსეთის მოქალაქეობაც, მაგრამ ჩემი ქართული პასპორტი არაფერში გამიცვლია.
– თუმცა, ის გარკვეულ სირთულეებს, ალბათ, გიქმნიდათ.
– რა თქმა უნდა, უამრავი სირთულე იყო ამასთან დაკავშირებით, ვიზების და გადასახადების გამო. ხშირად მქონდა პრობლემა ვიზის ამოწურვასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ჩვენთან ფიზიკურად არ იყოს რუსეთის საკონსულოები. მაგრამ, პრინციპულად, ამას არ ვაკეთებდი.
– მას შემდეგ თუ შეიცვალა რამე, რაც პრეზიდენტის ნათესავი თქვენი სიძე გახდა. მოსკოვთან დაკავშირებით გეკითხებით.
– ურთიერთობა მაქვს მხოლოდ მუსიკასთან. არანაირი სხვა ურთიერთობები, სადაც შეიძლებოდა ეს შემხებოდა არ მაქვს. ვწერ მუსიკას, რომელსაც ვაბარებ პროდიუსერს, ამიტომ, მსგავსი რაღაცეები ახლოსაც არ არის ჩემთან. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ზეწოლა არსებობს, მაშინ, როდესაც ქართველები რუსეთიდან გამოდევნეს, მაგრამ პირადად, არაფერი შემხებია. სხვათა შორის, იმ მომენტში თბილისში ვიყავი. მასმედიის საშუალებებით უფრო ვიგებ ასეთი რაღაცეების შესახებ, ვიდრე, ვთქვათ, ადამიანური ურთიერთობებით.
– კარგი, თავი დავანებოთ პოლიტიკას. სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ გახდით ბაბუა, გილოცავთ.
– ძალიან დიდი მადლობა. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ანა-სოფიას. ჯერჯერობით მხოლოდ სკაიპით და ტელეფონით მაქვს კონტაქტი. ლიკაც ახლა ჩამოდის ამერიკიდან, მეც ჩამოვდივარ და ვნახავთ ერთმანეთს. საერთოდ, ისეთი დამოკიდებულება აქვთ: ბევრი შვილიშვილი მყავს – ესე იგი, ვბერდები, მაგრამ მე, პირიქით მგონია – უფრო ვახალგაზრდავდები, რაც მეტი ბავშვის გარემოცვაში ვარ. ჩემი შვილი, რომელიც საფრანგეთშია გათხოვილი, მესამე შვილს ელოდება. ანუ, საერთო ჯამში, სულ ცოტა ხანში, ოთხი შვილიშვილი მეყოლება. ეს ისეთი სიხარულია, ვერ აგიწერთ.
– თბილისში დიდ კონცერტს გეგმავთ?
– უკვე ძალიან ბევრი წელია, რაც თბილისში კონცერტი აღარ მქონია. ბოლო დიდი კონცერტი, ოპერაში 1997 წელს ჩავატარე. იმის შემდეგ რუსთაველის თეატრში, კიდევ სხვადასხვა ადგილებში პატარა კონცერტები მქონდა, მაგრამ ისეთი მასშტაბური, როგორიც „შაბათი“ იყო, არა. ახლა სწორედ ასეთი იქნება, ეტაპობრივი, მასშტაბური და კონცეპტუალური.
– სულ არის ლაპარაკი იმაზე, რომ თბილისი ჩაკეტილია, შემოქმედებითი გასაქანი არ არსებობს, არ ტარდება კონცერტები, არ არის საქმე.
– თუ ადამიანს რაღაცის კეთება უნდა, მას ხელს არაფერი შეუშლის. ამაში დარწმუნებული ვარ. ომის დროს წერდა შოსტაკოვიჩი „ლენინგრადის სიმფონიას“. როცა ზარბაზნები ისვრიან მუზები არ დუმან, მე ასე მგონია. მით უმეტეს, თბილისში ზარბაზნებს ნამდვილად არ ისვრიან. შეიძლება, ფინანსები არ არის საკმარისი, იმხელა დაფინანსება არ არის, რაც სხვა ქვეყნებში, მაგრამ ესეც გამოსწორდება, მგონია. სწორედ ამის გამო, ვხსნი კულტურის ცენტრს, რომელიც ზუსტად ამით იქნება დატვირთული – დაეხმარება ხელოვნებას, იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან და დაფინანსების გზების ძიებაში სჭირდებათ დახმარება.
– ესე იგი, ძალიან დიდი გეგმებით ბრუნდებით.
– კი. ამ ცენტრში ერთიანდება ხელოვნების ყველა დარგი. ცენტრის დამფუძნებლები არიან: მხატვრები, რეჟისორები, არქიტექტორები, მწერლები, პოეტები. შეიქმნება ფონდი, რომელიც ნიჭიერ ადამიანებს დაეხმარება. კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მინდა, თბილისში გავაკეთო. როგორც იცით, ბალეტი – „ალექსანდრე მაკედონელი“, იდგმება ჩემს მუსიკაზე, რომლიც პრემიერაც ოთხ დედაქალაქში იგეგმება. ძალიან მინდა, რომ თბილისშიც შედგეს მსოფლიო პრემიერა. ცოტა ხანში, თბილისში ჩამოდის ბალეტის ქორეოგრაფი – ლორკა მასინი. უკვე ორი წელია, რაც ამ პროექტზე ვმუშაობთ. უფრო ადრე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ქორეოგრაფმა ოპერაცია გაიკეთა და ერთი წელი ჩაგვივარდა. ახლა რეაბილიტაცია გაიარა და სულ მალე მუშაობას დავასრულებთ.
– დათო, მუზები ახსენეთ. თქვენს მუზებზეც ვილაპარაკოთ. მუზაზე ყოველთვის მისტიკურად საუბრობენ, რაც ჩვენთვის, ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის, ცოტა გაუგებარია.
– ამაში არაფერია განსაკუთრებული. მუზის სახე ყოველთვის გარომანტიზებული, გალიტერატურულებული და გაპოეტებულია. მუზა ისეთივე ფიზიკური მდგომარეობაა – წყალი რომ მოგწყურდება და დალევ. ეს არის განცდა, რომელიც მოდის და უნდა ამოუშვა. შენ ხომ ამ მარტივ მოქმედებებს ანალიზს არ უწევ – გწყურდება, მიდიხარ და წყალს სვამ. ასევეა მუზა, მოდის შეგრძნება, დგები და მუსიკას ან ლექსს წერ. თუ რაღაცა თვითონ მოვიდა, თვითონ აგაყენა და დაგსვა ინსტრუმენტთან, ესე იგი მოვიდა და არ არსებობს, ის დაჯდომა უნაყოფო იყოს. ზოგი ხელოვანი რომ ჯდება ინსტრუმენტთან და იცის იმ დროს აუცილებლად რაღაც უნდა დაწეროს. ეს უკვე პროფესიონალიზმია. როდესაც თვითონ მოგყავს შენი მუზა, ეს წმინდა წყლის პროფესიონალიზმია. არის შემთხვევები, როდესაც მედიუმივით ხარ, რაღაც მოდის ზემოდან და შენ ამას აფიქსირებ – გამტარი ხარ. ბგერა ღვთაებრივია და ეს მართლა უდიდესი სასწაულია, რომელიც სინამდვილეში შენ არც გეკუთვნის. როდესაც შემოქმედი ადამიანი ამპარტავნდება ამაზე მეცინება ხოლმე. საამპარტავნო რა არის, როდესაც შენ ეს ვიღაცამ გაჩუქა და არ გეკუთვნის. ჩემი კონცერტების ძალიან დიდი ნაწილი, სწორედ ჩემი მედიუმობის, გამტარობის, შუამავლობის ხაზგასმაა, რადგან დიდი ნაწილი სპონტანურია, იმწუთას იბადება ხოლმე.
– მუსიკა უკვე ბიზნესია. გაქვს კონტრაქტი და არ გწყურდება, მაგრამ მუსიკა უნდა ჩააბარო. ამ დროს რა ხდება?
– ამ დროს ვჯდები ინსტრუმენტთან და უკვე პროფესიონალურად ვცდილობ, საქმის გაკეთებას. როდესაც შეკვეთაა და დროზეა რაღაც დასასრულებელი, ვეღარ დაიწყებ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრს. უკვე ისეთ პროფესიულ დონეზე უნდა გქონდეს ეს ყველაფერი აყვანილი, საკუთარი თავი შენივე ძალებით უნდა მოიყვანო მდგომარეობამდე, რომ „ხალტურა“ კი არ გააკეთო, მუშაობა გახდეს შენთვის მუზა, რომელიც აუცილებლად ნაყოფიერი იქნება. რა თქმა უნდა, არის დღეები, როდესაც მუსიკა ან ლექსი წყალივით არ იღვრება, მაგრამ ახერხებ, საკუთარი თავის ამ მდგომარეობამდე მიყვანას. კონცერტებზეც არის ეს მომენტი, უნდა იგრძნო მაყურებელი, რომელიც იმ მთლიანობის შემადგენელი ნაწილია, რომელშიც შენც ხარ. ისიც ერთ-ერთი მონაწილეა თავისი ენერგეტიკით.
– თქვენივე ცხოვრებამ განაპირობა თქვენი მუსიკა?
– რა თქმა უნდა. ეს ხომ მაინც ფსიქოლოგიური მდგომარეობაა. შენი ცხოვრებისეული გამოცდილება, ტკივილები, ბედნიერება, წუთები, წამები – აისახება შენს შემოქმედებაში. ტკივილი, რა თქმა უნდა, უფრო ღრმაა. ადამიანის ტკივილი სამყაროსეულ ტკივილს უკავშირდება და უსასრულობის ნაწილი ხდები. ბედნიერება კი ძალიან პირობითი ცნებაა. გააჩნია, ვის როგორ ესმის. ჩემთვის, მაგალითად, სიყვარულიც ტკივილია, მუდმივი ნერვიულობა, განცდა, მონატრება, მოფრთხილება, არგაცვეთა. რაც შეეხება ბედნიერებას, ადამიანი ყოველწამს ბედნიერი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ამას ხანდახან ვერ ვახერხებთ, მაგრამ მართლა ბედნიერი უნდა იყო მხოლოდ იმიტომ მაინც, რომ ცოცხლობ. ის განცდა კი, რასაც ბედნიერება ჰქვია, შეიძლება, ყოველწამს დაგეუფლოს. მაგალითად მაშინ, როდესაც შენი შვილი მულტფილმს უყურებს. ამის რეცეპტი არ არსებობს. ბედნიერების მიზეზი ყოველთვის განსხვავებულია.