რატომ ეცოდება ნანკა კალატოზიშვილს ჯაბა ქარსელაძის პარტნიორი და ვისთან ერთად მოაწყობს ჯაბა ქარსელაძე მალე სკანდალურ შოუს
ნანკა კალატოზიშვილმა და ჯაბა ქარსელაძემ ერთმანეთი რამდენიმე წელია, გაიცნეს და მას შემდეგ ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. ორივე პოპულარული სახეა და, შესაბამისად, მათზე ბევრ ჭორ-მართალს ყვებიან. მართალია, ბევრისთვის ეს, შეიძლება, გამაღიზიანებელიც იყოს, მაგრამ, არც ნანკა და არც ჯაბა ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ და ჭორის მსხვერპლი არც ერთი არ გამხდარა.
– ერთმანეთი სად და როდის გაიცანით?
ნანკა კალატოზიშვილი: ჯაბა ძალიან დიდი ხნის წინ, ტელეკომპანია „მზეში“ გავიცანი და მაშინვე ძალიან ბევრი ვიჭორავეთ საგრიმიოროში. რა გვალაპარაკებდა, არ ვიცი – არ ვიცნობდი, არ მიცნობდა.
ჯაბა ქარსელაძე: აჩიკო მეფარიძის კლიპში ვნახე პირველად ნანკა და მაშინვე ძალიან უცნაური გრძნობა გამიჩნდა მის მიმართ. მერე გავიგე ნანკას შეყვარებული ჰყავს, არავის ემეგობრებაო. პატარა ვიყავი და, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობდი, ეჭვიანობა დავიწყე. მოგვიანებით კი „მზეში,“ როგორც ნანკამ აღნიშნა, ერთმანეთი გავიცანით და მართლა ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ.
ნანკა: ფაქტია, სადაც მე და ჯაბა ერთმანეთს ვნახულობთ, მაგრად ვერთობით. „ნანუკას შოუს“ საახალწლო გადაცემის ჩაწერაზეც მარტო მე და ჯაბა ვცეკვავდით თავიდან. მერე კაბა დავიწვი, „ჩამაქრო“ და გადამარჩინა... ცოტა ხანში კადრიდან გავქრი, რადგან სპექტაკლი მქონდა და წასვლა მომიწია. ამას ჭორები მოჰყვა – ჯაბამ წაიყვანაო, კუდი მოაბეს. ამ დროს, ეს სულ კადრში იყო, მე კი პატიოსნად სპექტაკლის სათამაშოდ წავედი.
– ერთმანეთის ყველაზე მეტად რა მოგწონთ?
ჯაბა: ნანკასი ძალიან ბევრი რამ მომწონს, მაგრამ, ერთი რამ – განსაკუთრებით: ნანკა არის ის, ვინც არის. მომწონს ისეთი, როგორიც არის, პირდაპირი და უშუალო. ვგიჟდები ისეთ ადამიანზე, რომელიც, რასაც უნდა, იმას აკეთებს და ყველაფერი „ჰკიდია.“ მეც ასეთი ვარ: ვაკეთებ იმას, რაც მინდა და მეც „მკიდია“ ყველაფერი, ანუ „ვაიმე, რას იტყვიან“ – არ მიჭირს.
ნანკა: მიმაჩნია, რომ ჩვენ არაფერ ცუდს არ ვაკეთებთ, იმაზე რომ ვიდარდოთ, ხალხი რას იტყვის. არ ვაშავებთ არაფერს და, სხვას თუ არაფერს ვუშავებ, ჩემს თავს რას და როგორ ვუკეთებ, სხვისი რა საქმეა?!
– ნანკა, შენ რა მოგწონს ჯაბაში?
– დაახლოებით მეც იგივე მომწონს მასში. ასევე, ძალიან მიზანდასახული რომ არის და ლექტორი რომ არის – ესეც ძალიან მომწონს.
– ჯაბა, გავიგე ხატია სიჭინავასთან ერთად გადაცემის გაკეთებას გეგმავ. მართალია?
– ნანკას მივბაძე და, საერთოდ, ძალიან მომწონს წამყვანის ამპლუა. როგორც ამბობენ, გადაცემის „პილოტი“ ძალიან კარგი გამოვიდა და ვნახოთ. სხვათა შორის, „პილოტის“ ჩაწერაზე ყურში ნანკას პროდიუსერი „მეჯდა,“ რომელმაც ისეთი კითხვები დამასმევინა, მეგონა, გამომეკიდებოდნენ და მცემდნენ. სკანდალური ტიპის გადაცემას ვაკეთებ, რომელიც არაცნობილ ადამიანებზე იქნება.
– ნანკა, როგორ წარმოგიდგენია ჯაბა სკანდალური გადაცემის წამყვანად?
– მარტო თუ არ წაიყვანს გადაცემას, მისი მეწყვილე მეცოდება, რადგან, არავის არ დააცდის ლაპარაკს. ჩემი აზრით, ჯაბას პარტნიორი არ სჭირდება წამყვანის ამპლუაში, მარტოც მშვენივრად მოახერხებს.
ჯაბა: ძალიან მინდოდა „ინტუიციის“ წამყვანობა, მაგრამ ქასთინგზე არ დამიძახეს. საოცრებებს გავაკეთებდი, ბევრს ვიმაიმუნებდი. მოკლედ, რა როგორ იქნება, არ ვიცი, მაგრამ, გეგმა ძალიან ბევრი მაქვს.
ნანკა: რითი გვემუქრება? ალბათ, ისევ სადმე გეგმავს წასვლას. თუ ასეა, არ თქვა, არავინ გაგთვალოს (იცინის).
ჯაბა: გათვალვის არ მეშინია, გიშერი მკიდია გულზე.
– ნანკა, როცა „სიმართლის დროის“ წამყვანობა შემოგთავაზეს, რა რეაქცია გქონდა?
– დავიბენი, რადგან, მეგონა მამაკაცი უნდა აეყვანათ. ქასთინგიდანაც ძალიან მალე წამოვედი. ერთ კვირაში შემეხმიანენ. ფაქტობრივად, საღამოს დამირეკეს, დილით ჩაწერა გაქვსო. ცოტა დავიბენი.
– თავად თუ მიხვიდოდი ამ გადაცემაში სტუმრის სტატუსით?
– რატომაც არა, მაგრამ, მე ხალხს შრომას წყალში არ ჩავუყრი – რაც უმუშავიათ და უჭორავიათ, ის როგორ გავუქარწყლო!
– ნანკა, საკმაოდ მრავალფეროვანი ხარ: შეგიძლია, იყო სპორტული, კლასიკური და, საერთოდ, ყველანაირ სტილს ირგებ. მიუხედავად ამისა, ყველაზე კარგად როდის გრძნობ თავს?
– ორ საათზე მეტს კლასიკურ სტილს ვერ ვუძლებ. ყველაზე კარგად და თავისუფლად თავს სპორტულ სტილში ვგრძნობ.
– რის უფლებას არ მისცემთ არასდროს საკუთარ თავს?
– საკუთარ თავს ბევრი რამის უფლებას არ ვაძლევ. მაგალითად, ჩემთვის ძალიან მიუღებელია ღალატი, არ აქვს მნიშვნელობა, მეგობრის მიმართ თუ სხვა. ღალატის შემთხვევაში ნდობა იკარგება, მეგობრობის არსი კი ნდობის გარეშე ჩემთვის მიუღებელია.
– შენ თუ გიღალატეს?
– არ უღალატიათ, არ ვიცი.
ჯაბა: მე, პირადად, თუ მომინდა, საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას მივცემ.
– ჯაბა, შენ თუ გიღალატია ვინმესთვის?
– მიზანმიმართულად – არავისთვის.
ნანკა: მიზანმიმართულად „შემოეღალატა“. როგორი შეგრძნებაა მერე თვითგვემით ხარ დაკავებული თუ ჰაერზე უშვებ ამ ყველაფერს?
ჯაბა: „შემომეღალატასავით“...
ნანკა: ა, ბოლომდე არ მივედით? ვაპირებდით და გავჩერდით?
ჯაბა: მივედით, მაგრამ, ბოლოს უკან დავიხიეთ, შემეცოდა.
ნანკა: შენი თავი, მესამე თუ პირველი?
ჯაბა: პირველი.
– პირველი შენ ხომ არ ხარ?
– პირველი ზოგადად მე ვარ ცხოვრებაში, მაგრამ, ამ სამეულში – არა.
ნანკა: ყველაფერზე აქვს პასუხი.
ჯაბა: სხვათა შორის, ძალიან მახვილი ყური მაქვს და, შემიძლია, ტელეფონზეც ვილაპარაკო და ამის პარალელურად ორი სხვადასხვა ადამიანის ლაპარაკიც მესმოდეს. ისეთი საქმეები მაქვს გახსნილი... ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო, საიდუმლო ორგანიზაციაში მემუშავა.
ნანკა: არც ახლაა გვიან.
ჯაბა: ერთ რამეს მივხვდი: ცხოვრებაში ცოტა სიბინძურეც თუ არ გასინჯე, მარტო კეთილშობილებით ვერაფერს მიაღწევ. მგონი, ჩემი „სიმართლის დროა“, ხო, ეხლა?!
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– ჩემს პირად ცხოვრებაში ჯერჯერობით ახალი არაფერი არ ხდება, მაგრამ, რაც შეეხება საქმეს, მაქვს ახალი სიმღერა, რომელიც ლილიკო ნემსაძემ დამიწერა. მანანა გურგენიძემ ძალიან მაგარი ტექსტი დაწერა და, საბოლოო ჯამში, ვინც ერთიანობაში ისმენს, ყველას ჰგონია, რომ მასზეა დაწერილი. თუკი ვინმეს ვინმე ჰყვარებია, აუცილებლად გაახსენებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში სულ ფრანგულ-ინგლისური სიმღერები მქონდა. ჯეკსონი ხომ გამოვიტირე, საფრანგეთში თუკი რამე ცნობილი სიმღერა იყო, ყველა ხომ ჩავწერე, აქედან გამომდინარე, ცოტა ფრანგ-ამერიკელი გავხდი. ახლა კი მინდა, ქართველობას დავუბრუნდე.
ნანკა: შარშან აგვისტოში „ადამ და ევაში“ რომ წახვედი, ამჯერად სად გაქანდები?
ჯაბა: საოცარი გეგმა მაქვს. გადავწყვიტე, ათი დღით ბავშვობაში დავბრუნდე და „დისნეი ლენდის“ კრუიზში წავიდე გემით. მომსახურე პერსონაჟები: მიკი მაუსი, დონალდო და ასეთი გმირები არიან. მინდა, ბოლომდე განვიტვირთო და დავისვენო.
ნანკა: ვგიჟდები ამ ადამიანზე! ამას გარდა ეს ვის მოუვა თავში?! „ადამ და ევამ“ გადაგღალა?
ჯაბა: კი, გადამღალა და, ახლა ტვინის გათიშვა მინდა. ამიტომ, წელს ძალიან ბავშვურად ვგეგმავ დასვენებას და საკუთარ თავს ათი დღით მივცემ ამის უფლებას.
– ნანკა, ვინც პირადად არ გიცნობს ყველას ძალიან მკაცრი ჰგონიხარ.
– კი, ასეა და ძალიან ხშირად ჩემთან ურთიერთობას დაძაბულები იწყებენ. მარტო მკაცრი კი არა, ბევრს ამპარტავანიც ვგონივარ. აბსოლუტურად არ ვარ ასეთი, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.
– ერთმანეთს როგორ დაახასიათებთ?
– ჯაბა ძალიან მოწესრიგებული და მიზანდასახული ადამიანია. მომწონს, თავის მოვლა რომ უყვარს, რაშიც, სხვა მამაკაცებიც თუ მიჰბაძავენ, ცუდი არ იქნებოდა ნამდვილად. მომწონს, რომ ჭკუა-გონება გახსნილი აქვს, რაც ამ თაობაში ხშირი არ არის. იუმორის გრძნობა აქვს, გართობა უყვარს, მხიარულია, თანაც, ძალიან უშუალოა, რაც ბევრისთვის დაუჯერებელია. სხვათა შორის, სანამ ჯაბას გავიცნობდი, საშინელი სნობი მეგონა, მაგრამ ვცდებოდი.
ჯაბა: ნანკას მიმართ ყოველთვის კარგად ვიყავი განწყობილი. ის ძალიან განვითარებადი გოგონაა, ანუ, ერთ ადგილზე არასდროს ჩერდება და წარმატებასაც აღწევს. ძალიან ნიჭიერია. კიდევ ერთხელ ვიტყვი: ყველაზე მეტად ამ ადამიანში ის მომწონს, რომ, არის ის, რაც სინამდვილეშია: ძალიან თავისუფალი ადამიანია. არ არის უაზროდ თავისდამფასებელი გოგო, რომელსაც ყოველთვის უნდა ეხვეწო. მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვა, ნანკა ძალიან „ჯიგარი“ ადამიანია.