რატომ მრავლდებიან საქართველოში პოლიტიკური ძალები ერთი უჯრედიდან და რატომ იქცევიან პოლიტიკური ლიდერები თავიანთივე თანაგუნდელების მსხვერპლად
საქართველოში ყველა მომდევნო ხელისუფლება წინას წიაღში იშვა. გამსახურდიას ხელისუფლება თანაგუნდელებმა, თენგიზ სიგუამ და თენგიზ კიტოვანმა, დაამხო; შევარდნაძე ხელისუფლებიდან სწორედ „მოქკავშირის“ წიაღში შექმნილმა პოლიტიკურმა ძალამ („ნაცმოძრაობისა“ და „ბურჯანაძე-დემოკრატების“ სახით) ჩამოაგდო. სწორედ „ნაცმოძრაობამ“ შვა სამი პოლიტიკური ძალა: ბურჯანაძის, ნოღაიდელისა და ოქრუაშვილის სახით (თუმცა ისიცაა, რომ თითქმის ყველა დანარჩენიც, ამა თუ იმ სახით, „ნაციონალური მოძრაობის“ განაყარია). იმასაც ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაყოფა თვით მმართველ პარტიაშიცაა მოსალოდნელი. პოლიტიკური პარტიების გამრავლების ქართულ თავისებურებებზე პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს გავესაუბრეთ.
– ახლის წინასგან შობა პოსტსაბჭოთა სივრცისთვისაა დამახასიათებელი თუ საკუთრივ ქართული მოვლენაა და რამდენად ნორმალურია ის?
– საერთოდ, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი უკმაყოფილებაა. უკმაყოფილება შეიძლება იყოს როგორც პოლიტიკური, ისე პირადი, რასაც შემდეგ პოლიტიკური ელფერი მიეცემა ხოლმე. პირადი უკმაყოფილების მოტივი ბევრჯერ ამოქმედებულა და ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ბორის ელცინი, რომელმაც კომუნისტური პარტია პირდაპირ გააუქმა, თუმცა თვითონ ამ პარტიის ნაწილი იყო. ამიტომ მეეჭვება, რომ გამრავლების ეს ფორმა მხოლოდ ჩვენთვის იყოს დამახასიათებელი. თანაც ლაპარაკია ერთი უჯრედიდან და არა სხვადასხვა უჯრედიდან გამრავლებაზე, ანუ ფიზიოლოგიურად უფრო დაბალი ფორმაა, მაგრამ დასაწყისისთვის გასაგები. არის კიდევ ერთი მიზეზი: მოსახლეობის დაბალი პოლიტიკური კულტურის დონე. დაბალი დემოკრატიული კულტურის პირობებში გარკვეული მომხიბვლელობით სწორედ ხელისუფლება სარგებლობს, ანუ განსაკუთრებული სიყვარულია ხელისუფლების მიმართ, მიუხედავად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში. დააკვირდით აღმოსავლეთის დემოკრატიებს; ჩვენს რეგიონს, სადაც პოლიტიკურად პასიურია მოსახლეობა და ის ავტომატურად აძლევს ხმას ხელისუფლებას. მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ის ფორმულა, რომ მოსახლეობის ყურადღება მიმართულია ხელისუფლებისკენ, უფრო მიმზიდველს ხდის იმ ოპოზიციონერს, რომელიც ხელისუფლების წიაღიდან გამოდის, იმიტომ რომ ის უფრო შესამჩნევია, რადგან ხელისუფლებაში იყო. ამიტომაც, მართალია, ერთსა და იმავე ფორმულებს აყალიბებდნენ ნათელაშვილი და სააკაშვილი, მაგრამ სააკაშვილმა უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღო. რატომ? იმიტომ რომ ოპოზიციის მიმართ მოსახლეობა შედარებით გულგრილია და იმის სჯერა, ვისაც ძალა აქვს, ანუ ხელისუფლებაშია.
– როგორც მივხვდი, ჩვენთან თანამდებობის პირებს სცემენ პატივს, იმისდა მიუხედავად, როგორ მოხვდნენ ისინი ამ თანამდებობაზე?
– დიახ. სხვათა შორის, ეს შესანიშნავად გამოიყენა მიხეილ სააკაშვილმა და ოპოზიციონერობა მაშინ კი არ დაიწყო, როდესაც ქუჩაში გამოვიდა, არამედ, როდესაც ხელისუფლებაში იყო და ამან მას სხვა ოპოზიციურ ძალებთან შედარებით დიდი უპირატესობა მისცა. რაც შეეხება ხელისუფლებიდან უკვე წამოსულ ოპოზიციონერებს: ასეთებს გაცილებით ნაკლები შანსი აქვთ, ისევ მოხვდნენ ხელისუფლებაში. მაგალითად, კიტოვანსა და სიგუასაც ნაკლები შანსი ექნებოდათ, რომ არა კიტოვანის უკან ფიზიკური ძალა. სწორედ ამ ფიზიკურმა ძალამ მიიმხრო ძალის პატივისმცემელი ხალხი.
– ესე იგი, მთავარია, იყოს ძალა და არ აქვს მნიშვნელობა, ტყვიით იქნება გამაგრებული თუ სკამით?
– სკამიც მაგარია. ასე რომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რა მოგხვდება, სკამი თუ ტყვია. ამდენად, ჩვენ ძალის პატივისმცემელი ხალხი ვართ და არა კანონისა და პოლიტიკური პოზიციის.
– ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში „უმწიკვლო და პატიოსანი არავინ ჩაჰბარებია თავის მეორე ქმარს“, ანუ ახალ პარტიას, მაგრამ ხელისუფლებიდან წამოსულებს უფრო ნაკლები შანსი რატომ აქვთ, ვიდრე თავისით აღმოცენებულ ოპოზიციას?
– გადავხედოთ, ვის აქვს მეტი რეიტინგი. ერთი მხრივ, ალასანიას, იმიტომ რომ უცნობი ფიგურაა და თან საერთაშორისო დონეზე მოლაპარაკე.
– ანუ, გაეროში რომ იყო? დაახლოებით დათა თუთაშხიას პათოსით, „სო მნოი შანაევ სპალო“?
– მისი ამომრჩეველი ფიქრობს, რომ ალასანიას სხვა ქვეყნებთანაც შეუძლია ლაპარაკი. მიჭირს კონკრეტული რეიტინგების გარეშე ლაპარაკი, მაგრამ მაინც მგონია, რომ მეორე ფიგურა ლევან გაჩეჩილაძეა, იმიტომ რომ მან ძალისმიერი წინააღმდეგობა გაუწია სააკაშვილს და ამით რაღაც რეიტინგი აიღო, ანუ მასთან გვაქვს გამარჯვების მომენტი. ალასანიას სასარგებლოდ დიდხანს მოქმედებდა სიახლის ეფექტი, მაგრამ ახლა მან მარცხი განიცადა და ამიტომ მომავლის საქმეა, როგორ შეიცვლება მისადმი დამოკიდებულება, ანუ როგორ გადაალაგებს თავის პოზიციას გამარჯვების მოყვარული საზოგადოება.
– გია ჭანტურია?
– ჭანტურია პოლიტიკურ ბრძოლაში სხვა მხრიდან და სხვა პრეტენზიებით რომ შემოსულიყო, შეიძლება, უფრო მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონოდა. ჭანტურია ხაზგასმით აპოლიტიკურ ფიგურად შემოვიდა და ამით დაკარგა პოლიტიკური ორიენტაციის ამომრჩეველი, ვინც ხმას იძლეოდა იმისთვის, რომ სისტემა შეცვლილიყო და არა იმიტომ, რომ მერი ჰყოლოდა, მეორე მხრივ, ჭანტურიაზე იმოქმედა ქრისტიან-დემოკრატების გვერდში ყოფნამ.
– დადებითად თუ უარყოფითად?
– მკვეთრად ოპოზიციური ხმები სხვაგან წავიდა, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ზომიერი „ქრისტიან-დემოკრატები“ არ არიან ისეთი ოპოზიციონერები, როგორიც საჭიროა, მაგრამ ხელისუფლების მოკრიტიკე ამომრჩევლის ხმების ნაწილი წავიდოდა ჭანტურიასკენ.
– სხვა მხრიდან შემოსვლაში რა იგულისხმეთ?
– შესაძლებელი რომ ყოფილიყო მერის დამოუკიდებელ კანდიდატურად წამოყენება, მაშინ ჭანტურია, როგორც დამოუკიდებელი ფიგურა, თბილისის მოსახლეობისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა.
– რაკი თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდა, სწორედ იქიდან იშვა, წესით, მათ უნდა იცოდნენ მიხეილ სააკაშვილის სუსტი წერტილები.
– მაგას რომ ნიშნავდეს, აქამდეც გაიმარჯვებდნენ. ფაქტია, რაღაც უფრო მეტი იციან, ვიდრე ჩვენ, მაგრამ, მეორე მხრივ, სააკაშვილის საიდუმლო მის საიდუმლოებებში არ არის. ის, ფაქტობრივად, ღიად მუშაობს და, ამდენად, მეეჭვება, მისმა ახლომყოფმა მეტი იცოდეს, ვიდრე მისგან შორს მყოფმა. ფაქტია, რომ, არც იციან და ვერც გამოიყენა ოპოზიციურმა ძალებმა სააკაშვილთან ყოფნის გამოცდილება.
– ითქვა, რომ ხელისუფლებაში ორი ჯგუფია: ერთი, რომელსაც სურს ხელისუფლებაში დარჩენა სააკაშვილის გარეშე და ისინი, რომლებსაც სააკაშვილთან ერთად უნდათ მართვა მომავალშიც. ისიც არ უნდა იყოს შემთხვევითი, როდესაც ამომრჩევლის ყურს აჩვევენ ინფორმაციას, რომ გამოკითხულთა 32 პროცენტის მესამედ სურს, იხილოს სააკაშვილი პრეზიდენტად. ანუ პოლიტიკური დაყოფის პროცესი გრძელდება?
– გაყოფის პროცესი შეიძლება, ყოველთვის დაიწყოს. რა უწყობს ხელს ამ განაყოფიერებას? საერთოდ, ამა თუ იმ ჯგუფს ლიდერი იმისთვის ჰყავს, რომ ის მომგებიანია. თუ ლიდერი წამგებიანი ხდება, მაშინ იწყება ფიქრი გაყოფაზე. ქმარს რომ დაუჭერენ, ცოლები არცთუ იშვიათად თხოვდებიან. ეს არ არის კანონი, მაგრამ, როდესაც ძალიან დიდი ემოცია არ არის, ასე ხდება. შესაბამისად, როდესაც წამგებიანი გახდა შევარდნაძის გვერდით ყოფნა: ერთი მხრივ, შიგნით შეიქმნა ისეთი კლიმატი „რუსთავი 2-ისა“ თუ სხვა საშუალებით, რომ სირცხვილი იყო შევარდნაძის დაცვა და ამ ფუნქციას მისი გარემოცვა ვეღარ ასრულებდა და, მეორე მხრივ, მაილსი დადიოდა მინისტრებთან და ეუბნებოდა, არაფერი გეშველებათ, სანამ შევარდნაძე იქნებაო, ის მინისტრებიც ადგნენ და გაყიდეს შევარდნაძე. ანალოგიურად, თუ ეს ორი ჯგუფი მართლაც არსებობს ხელისუფლებაში, მათი არსებობა განპირობებულია, ერთი მხრივ, იმით, რომ ერთი ჯგუფის აზრით, სააკაშვილი წამგებიანი ლიდერია როგორც საშინაო, ისე საგარეო ფრონტზე, მეორე ჯგუფის აზრით კი, სააკაშვილს თავისი პოტენციალი არ ამოუწურავს. თუკი საშინაო ან საგარეო სიტუაცია, ან ორივე ერთად დამძიმდება, მაშინ გაიზრდება ისეთების რაოდენობა, რომლებიც იფიქრებენ სააკაშვილის გარეშე არსებობის გაგრძელებაზე; თუ შემსუბუქდება, მაშინ, რა თქმა უნდა, მისი პოლიტიკური არსებობა შენარჩუნდება.
– უმსუბუქდება თუ მძიმდება მიხეილ სააკაშვილს მდგომარეობა?
– მისი სიჯიუტე, ის, რომ არ ეგუება მარცხს, სირთულეებს და მაინც განაგრძობს თავისი მიზნისკენ მოძრაობას, ამსუბუქებს მდგომარეობას, ოღონდ, თუ ახალი შეცდომები არ დაუშვა, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებს ამ ხელისუფლების სურათს საგარეო არენაზე, თორემ საშინაო ფროტნზე მას სერიოზული პრობლემები არ აქვს.
– ოპოზიციას?
– ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ ორივე ვარიანტში – საარჩევნო გზა და საპროტესტო აქციები – სააკაშვილმა მოიგო. ამდენად, მათ ან რამე ახალი უნდა მოიფიქრონ, ან ძველი გადაახალისონ, თორემ ისევ იმავეს გამეორებით ოპოზიცია შედეგს ვერ მიაღწევს. ჯერჯერობით ოპოზიციის ორივე ფრთა ავტომატურად იმეორებს ძველს. არადა მოსახლეობამ გამმარჯვებელი უნდა დაინახოს. როგორც პოლიტიკოსს გასამარჯვებლად წამოგყვება, თორემ დასამარცხებლად რატომ უნდა წამოგყვეს?!
– მაშინ რატომ მიჰყვება დამარცხებულ მთავარსარდალს?
– ნახეთ, რას სთავაზობს მათ ოპოზიცია: გამომყევი დამარცხებულთან დამარცხებულსო.
– გასაგებია. ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმატებით ართმევს თავს სირთულეებს საგარეო ფრონტზე, რატომ განიცადა კრახი მისმა პოლიტიკამ რუსეთის მიმართ?
– მე არ ვიცი ფაქტობრივი დეტალები, მაგრამ აშკარაა, რომ პროვოკაციაზე წამოეგო. არ მგონია, მას საომარი მოქმედება ისე დაეწყო, რომ არ ჰქონოდა რაღაც გარანტიები, თუნდაც, იმავე რუსეთისგან. რუსეთი ძალიან ხშირად ახსენებს ერთ ფაქტს: ჩვენს სამშვიდობოებს დაარტყეს და არ გვქონდა უფლება, ეს გვეპატიებინაო. ჩვენ ვიცით, რომ ეს მოხდა, მაგრამ როგორ, რა ვითარებაში, არ ვიცით. არც ის, რა იდგა ამის უკან. მეორე მხრივ, სამშვიდობოებისთვის რომ არ დაერტყათ, მაშინ როგორი იქნებოდა რუსეთის რეაქცია?! რაღაც თამაში წავიდა და თან, როგორც შემდეგ ვნახეთ, რუსეთისთვის ეს ომი ძალიანაც ხელსაყრელი იყო დასავლეთთან ურთიერთობისთვის. შესაბამისად, ხდებოდა ომის პროვოცირებაც, ამიტომ მგონია, რომ ამ პროვოცირებაში რუსეთმა შეასრულა რაღაც როლი, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ამერიკასაც ჰქონდა რაღაც როლი. ანუ აქ შესაძლოა, ორმხრივი პროვოცირებაც ყოფილიყო. სააკაშვილმა მიიჩნია, რომ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია და აღმოჩნდა ფაქტის წინაშე. ამიტომ მგონია, რომ იმ შემთხვევაში სააკაშვილი რაღაცის მსხვერპლი აღმოჩნდა. ვერ გათვალა, რომ შესაძლოა, მოეტყუებინათ.
– 2012 წელს არჩევნებია ამერიკაში, თუკი ისევ „რესპუბლიკელები“ დაბრუნდებიან, ეს რა გავლენას იქონიებს ჩვენი ხელისუფლების პოზიციაზე?
– „რესპუბლიკელების“ დაბრუნებამ შესაძლოა, სააკაშვილის პოზიცია გაამყაროს, მაგრამ არა საქართველოს მდგომარეობა. განსხვავება ისაა, რომ „რესპუბლიკელებს“ საქართველო დასჭირდებათ რუსეთთან დაპირისპირების გასაძლიერებლად, მაშინ, როდესაც ობამა დაპირისპირების შესუსტებას ცდილობს. თუ ამერიკამ გააძლიერა დაპირისპირება რუსეთთან, ბუნებრივია, გაძლიერდება რუსეთის დაპირისპირება საქართველოსადმი და ჩვენ ისევ უნაგირის როლში აღმოვჩნდებით. ეს ვარიანტი სააკაშვილს „რესპუბლიკელების“ კიდევ უფრო დიდ მეგობრად გახდის, ოღონდ საქართველოს სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს. ეს ჩემი აზრი არ არის, ეს ბჟეზინსკის მოსაზრება გახლავთ.
– როგორც ვიცი, სტუდენტებისგან გამოცდებს იბარებთ. რა ნიშანს დაუწერდით მიხეილ სააკაშვილს საკუთარი პოტენციალის რეალიზაციის საგანში?
– მე გამოცდებს ტესტებით ვიბარებ და არა ჩემი შთაბეჭდილებით. რაც შეეხება სააკაშვილს: ყველა ბრძოლაში მნიშვნელობა აქვს იმას, რომელ თვისებაშია ძლიერი მებრძოლი, დანარჩენი თვისებები უკვე ეხმარება იმ ერთ ძლიერ თვისებას. მაგალითად, ნაპოლეონი გენიალური არტილერისტი იყო, თუმცა არც დანარჩენში ყოფილა უჭკუო. მაგალითად, სააკაშვილზე ხშირად ამბობენ, რომ „ფიარშიკია“ და, უდავოდ, არის, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ გენიალურია. გენიალური რომ იყოს, ჯერ ერთი, ამდენი უკმაყოფილო არ უნდა ჰყავდეს და, მეორეც, არც ის შეფასება უნდა არსებობდეს, რომ „ფიარშიკია“. როდესაც ხვდებიან, რომ ეფექტები ფიარია, ის არ არის კარგი „ფიარშიკი“.
– მაგრამ, თუკი ეს ეფექტები მუშაობს და შედეგი მოაქვს?
– ფიარის ეფექტები მუშაობს თუ ორგანიზაციულია ეფექტები?! სააკაშვილი არის კარგი მენეჯერი და თავისი გუნდის კარგი მობილიზაცია შეუძლია; ამ გუნდში იმ ხალხის შერჩევაც, რომლებიც ბრძოლაში გამოადგებიან. კარგი მებრძოლია, ამ სიტყვის პოლიტიკური გაგებით, ანუ კარგი სტრატეგია. აკეთებს მართებულ სტრატეგიულ ხაზებს, ახალ და ორიგინალურ სტრატეგიულ გათვლებს, ოღონდ ხშირად ერთნაირს. თუ დავაკვირდებით მისი მოქმედებების დინამიკას, ვნახავთ, რომ პირველ ნაბიჯში დაშვებული შეცდომები მეორე ნაბიჯში გათვალისწინებული აქვს და ცდილობს, გამოასწოროს, ოღონდ აღიარების გარეშე. ისიც, რომ ის არ აღიარებს თავის შეცდომებს, სწორი სტრატეგიაა.
– სწორი?
– რა თქმა უნდა, იმიტომ რომ, თუ აღიარებს, მაშინ თავზე ნაცარი უნდა დაიყაროს და აღარ იქნება გამარჯვებული. არადა მას სჭირდება გამარჯვების იმიჯი, რადგან სწორედ გამარჯვებულს მიჰყვება ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილი, ამიტომ სააკაშვილი მარცხს არასდროს აღიარებს.
– მივსულვართ მთავარ საკითხთან: თუ საზოგადოება პოლიტიკურ სპექტრს დაუკვეთავს რაციონალურ ლიდერს, მიიღებს ასეთს; თუ ისევ ძალისმიერი ლიდერი უნდა, მიიღებს ძალისმიერს?
– მეორე მხრივ, საზოგადოებასაც ვერ მოვთხოვთ ამაზე მეტს. ყველა ქვეყანაში ძალას სცემენ პატივს. მაგალითად, დასავლეთშიც ხმების, მინიმუმ, 30 პროცენტი ყოველთვის ხელისუფლებას აქვს. ისინი სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც ძალას სცემენ პატივს. მეორე მხრივ, საზოგადოება თავისით ვერ ჩამოყალიბდება, თუ ყალიბებს პოლიტიკოსები არ შესთავაზებენ. შესაბამისად, ხელისუფლებას ყოველთვის შეუძლია, გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომ საზოგადოებას თავისი დამოკიდებულების შექმნის და მომწიფების უნარი აღარ ჰქონდეს. ყველა ხელისუფალი ეცდება ამას. დავაკვირდეთ, რით განსხვავდება დასავლეთისა და აღმოსავლეთის ხელისუფლებები ერთმანეთისგან? დასავლეთში ადვილად თმობენ პოლიტიკოსები ხელისუფლებას, აღმოსავლეთში – არა, რადგან აღმოსავლეთში ისეთ შეცდომებს უშვებს ხელისუფალი, რომ შემდეგ, როდესაც აღარ არის ხელისუფლებაში, მისი დაჭერა ადვილია. დასავლეთში კი, შესაძლოა, პიროვნება აღარ იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ მშვენივრად საქმიანობდეს ბიზნესში თუ სხვა სფეროში. პრობლემაც ის არის, როგორ შევქმნათ ისეთი პირობები, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდეს აუცილებლობა იმისა, ხელისუფლებაში დარჩეს.