კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საიდუმლო წაიღო საფლავში იოსებ სტალინმა და რა ექსპერიმენტებს ატარებდა ცოცხალ ადამიანებზე


როგორ გაუსწორდა სტალინი 1924 წლის აჯანყების მონაწილეებს, რა ნიშნით შეარჩია 1937 წელს დასახვრეტთა სია, რატომ დასჭირდა ქართული კულტურის წარმოჩენა, როგორ გამოიყენა ილია ჭავჭავაძე და „ვეფხისტყაოსანი“ საკუთარი პარტიული კარიერის გასამყარებლად, – ისტორიკოს ვახტანგ გურულთან ერთად განვაგრძობთ მსჯელობას იოსებ სტალინის, როგორც ეროვნებით ქართველი პოლიტიკური მოღვაწის, ღვწის შედეგებზე.


– საქართველოს დაპყრობის შემდეგ როდის ჩამოვიდა სტალინი პირველად თბილისში?

– განხორციელდა ოკუპაცია. სტალინმა იცის, რომ საქართველოში არავის უყვარს და ოკუპაციას საქართველო არ შეეგუება, მაგრამ ჰყოფნის გამბედაობა და საქართველოში 1921 წელს ჩამოდის. ძალიან ძვირად დაგვიჯდა სტალინის ეს ჩამოსვლა. სტალინს თბილისელმა მუშებმა შეხვედრა მოუწყვეს ნაძალადევის მუშათა კლუბში. ამ მუშების აბსოლუტური უმრავლესობა მენშევიკი იყო, საერთოდაც, საქართველოში ბოლშევიკები, ფაქტობრივად, არც იყვნენ. შეხვედრაზე იყო ცნობილი ქართველი მენშევიკი ისიდორე რამიშვილი, რომელმაც სტალინი ისეთ დღეში ჩააგდო, რომ ერთ-ერთი მონაწილე წერს, სახეზე გამწვანდა და შეკრება დატოვაო.

– რა უთხრა ასეთი ისიდორე რამიშვილმა?

– შენ დაიპყარი შენი სამშობლო სისხლით და მახვილითო, ანუ უთხრა ის, რაც რეალურად მოხდა. იმ ღამესვე დაიწყო დაპატიმრებები. შემდეგ ორჯონიკიძემ დააყენა საკითხი, ცენტრალურ და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში კადრები არ გვყოფნისო. მართალია, იყვნენ მენშევიკები, მაგრამ მათ ბოლშევიკები არ ენდობოდნენ. სტალინმა მოსკოვიდან აცნობა, ციხიდან გამოუშვით დამნაშავეები, მათ კარგად იციან, როგორ უნდა იყოლიონ მორჩილებაში ადამიანებიო. მართლაც შესრულდა სტალინის მოთხოვნა და მკვლელები და ქურდები ციხიდან გამოუშვეს.

– და ისინი დანიშნეს პარტიულ თანამდებობებზე?

– ჩვენ ვერ დავადგენთ ზუსტად, კონკრეტულად ვინ გამოუშვეს ციხიდან, მაგრამ შემდეგ, როდესაც 20-30-იან წლებში პარტიული წმენდები დაიწყო, აღმოჩნდა, რომ სოფლის ბოლშევიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელი პარტიიდან იმის გამო გარიცხეს, რომ ძროხის ქურდი ყოფილა. ის თავის დროზე ციხიდან გამოუშვეს და შემდეგ თანამდებობასაც მიაღწია. აღმოჩნდა, რომ რომელიღაც სხვა თანამდებობის პირს ეკლესია გაუძარცვავს და ასე შემდეგ.

– მხოლოდ პარტიიდან გარიცხვა აკმარეს?

– 20-იან წლებში მასობრივად არ ხვრეტდნენ ადამიანებს. პარტიიდან ყველა გარიცხეს, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილი დახვრიტეს.

 – რა უმადურობა გამოუჩენიათ ბოლშევიკებს?

– შორს რომ არ წავიდეთ: გიგლა ბერბიჭაშვილი მაზრის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო, ფილიპე მახარაძემ კი კარგად იცოდა, რომ ის ცნობილი ტერორისტი იყო და უამრავი ადამიანის სისხლში ჰქონდა ხელი გასვრილი. ერთი სიტყვით, 20-იან წლებში უამრავი ადამიანი დაიჭირეს, მაგრამ 1924 წელს მაინც დაიწყო აჯანყება და სტალინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან ის, ფაქტობრივად, პირველი კაცია საბჭოთა კავშირში და საცაა დე-იურედაც უნდა გახდეს პირველი კაცი. ყოველდღე იღებდა ინფორმაციას აჯანყების შესახებ, განსაკუთრებით კი, აჭარიდან მოითხოვდა.

– განსაკუთრებით, აჭარიდან რატომ?

– თურქეთის ეშინოდა. ბოლოს, როდესაც აჯანყება დამარცხდა, მოითხოვა, ქაქუცა ჩოლოყაშვილს რაღაც მოუხერხეთო. მას ბოლშევიკები ვერც კლავდნენ და ვერც იჭერდნენ. სტალინი კი მუდმივად ამოწმებდა ინფორმაციას, ამიტომ ბოლშევიკები იმაზეც კი წავიდნენ, რომ ქაქუცასთან მისულიყვნენ და ეთხოვათ, ოღონდ წადი, თავი დაგვანებე და გზას გაგიხსნით თურქეთის საზღვრისკენო. ერთ მომენტს გავიხსენებ 1924 წლის აჯანყებიდან: სერგო ორჯონიკიძე მოსკოვში რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე აკეთებს მოხსენებას აჯანყების შესახებ და ამბობს: ცოტა გადავაჭარბეთ, იმაზე მეტი დავხვრიტეთ, ვიდრე საჭირო იყო, მაგრამ რა ვქნათო. ისეთ გადაგვარებულ ბოლშევიკსაც კი, როგორიც ტროცკი იყო, ეყო ნამუსი და სერგო ორჯონიკიძეს უთხრა, პარტიაში შემოსვლამდე კომკავშირელი იყავი და ახლაც კომკავშირლად დარჩიო. მაგრამ ეს ყველაფერი სტალინის მიერ იყო სანქცირებული, რათა საბოლოოდ მოსპობილიყო საქართველოში წინააღმდეგობის კერა, წინააღმდეგ შემთხვევაში სტალინი პირველკაცობას ვერ შეძლებდა.

– რატომ გახდა აუცილებელი 30-იან წლებში მასობრივი რეპრესიების მოწყობა?

– რეპრესიები 20-იანი წლებიდანვე დაიწყო, მაგრამ ხვრეტდნენ 10-20 ადამიანს, თუმცა 1924 წელს ოთხი ათასი კაცი დახვრიტეს, ოღონდ ეს მაინც მონაგონი იყო იმასთან, რაც 1937 წელს მოხდა. პირდაპირ იყო მითითება: უნდა განადგურდეს თავადაზნაურობა, სამღვდელოება, ინტელიგენცია, მწერლობა და უნდა დარჩნენ მხოლოდ პროლეტარი მწერლებიო. ანუ 1937 წელს რეპრესიები დაგეგმილი იყო, მანამდე კი სტიქიური ხასიათი ჰქონდა.

– ყველგან, ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში ასე ხდებოდა?

– ეს იყო პოლიტიკა, 1925 წლისთვის რუსეთში 250 000 სასულიერო პირი იყო რეპრესირებული და ეს სტალინის გარეშე არ ხდებოდა, ანუ მითია, რომ ბელადმა არ იცოდა. ბელადმა ყველაფერი იცოდა. რუსული სამღვდელოებაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩაცვივდა. ერთ მაგალითს გავიხსენებ: როდესაც უწმიდესი და უნეტარესი კათოლიკოსი ეფრემი გადასახლებიდან დაბრუნდა, მაშინ ის არ იყო კათოლიკოს-პატრიარქი. მასთან მივიდა, ასევე, გადასახლებიდან დაბრუნებული დიაკვანი და უთხრა, თქვენ არ იზრუნეთ, რომ გადაგერჩინეთო. მეუფის საყვედური გაუგონარია, მაგრამ ეფრემმა არაფერი უპასუხა, შემდეგ კი თავისიანებს უთხრა, თქვენ არ იცით, რა ჯოჯოხეთი გაიარა ამ ადამიანმაო. რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდებოდა სტალინის ნებართვის გარეშე. არსებობს მითი, რომ სტალინისთვის ისე ოსტატურად შეთხზული მასალა შეჰქონდათ, ეშმაკიც ვერ მიხვდებოდა, რომ ფალსიფიცირებული იყოო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამ თვალსაზრისით სტალინი ბევრად აღემატებოდა ეშმაკს?! ერთი ასეთი ამბის გახსენება შეიძლება: სიმონ ყაუხჩიშვილი, შალვა ნუცუბიძე და ვუკოლ ბერიძე წაიყვანეს მოსკოვში. სიმონ ყაუხჩიშვილი იხსენებდა შემდეგ: ცემის მეშინოდა და ყველაფერზე ვეთანხმებოდიო. როდესაც მისი საქმე შექმნეს, ერთ უზარმაზარ დარბაზში შეიყვანეს, დარბაზის ბოლოს წითელმუშამბაგადაფარებული მაგიდა იდგა. მაგიდაზე იდო საქაღალდე, მაგიდასთან კი ვიღაც კაცი იჯდა. როდესაც სიმონ ყაუხჩიშვილი მაგიდას მიუახლოვდა, მაგიდასთან მჯდომი პიროვნება ლავრენტი ბერია აღმოჩნდა, რომელსაც წინ სიმონ ყაუხჩიშვილის საქმე ედო. ბერიას საქაღალდისთვის თითი დაუდევს და უკითხავს: სიმონ, რაც აქ წერია, ყველაფერი მართალიაო; სიმონ ყაუხჩიშვილს დაუყოვნებლივ უპასუხია, ყველაფერი მართალიაო. ლავრენტი ბერიამ იცოდა, რომ ყველაფერი ტყუილი იყო, მაგრამ გამომძიებლებს სწორედ ბერიასგან ჰქონდათ მითითება, რომ საქმეში ტყუილები ჩაეწერათ. თუმცა იმ საქმეში ერთი სიმართლე მაინც ეწერა: სიმონ ყაუხჩიშვილს ეკითხება გამომძიებელი, სად იყავით 1921 წელს, როდესაც გაიგეთ, რომ საქართველოში დამყარდა საბჭოთა წყობილება? გერმანიაში, – პასუხობს სიმონ ყაუხჩიშვილი. რა მოიმოქმედეთ? დავჯექი და ვიტირეო. სიმონ ყაუხჩიშვილი იხსენებს, როდესაც ბერიას კეთილგანწყობა შევნიშნე, ვუთხარი, რომ საქმეში მხოლოდ ტყუილები ეწერა, მაშინ ბერიამ შემომხედა და მითხრა, კი მაგრამ, რაც აქ წერია, იმას რა ვუყოთ, სიმონო. ანუ ჯერ ტყუილებს თხზავდნენ საქმეში და შემდეგ უკვე იმ ტყუილების მოსპობა აღარავის შეეძლო, ამიტომ ადამიანი უნდა მოესპოთ. აი, ეს სქემა მუშაობდა. წარმოიდგინეთ, საქმის მოსპობა ბერიასაც კი აღარ შეეძლო, რადგან საქმის გამომძიებლები დაასმენდნენ.

– ფაქტია, რომ დღესაც არიან ადამიანები და მაშინაც იქნებოდნენ, რომლებსაც უყვარდათ სტალინი. რა იყო ამ სიყვარულის საფუძველი?

– უნდა აღინიშნოს, რომ რაღაც ძალა დღესაც კი ცდილობს, დაამკვიდროს აზრი, რომ სტალინის გაღმერთება საქართველოდან მიდიოდა რუსეთისკენ, რაც სრული სიცრუეა. სინამდვილეში უკუპროცესი მიმდინარეობდა: სტალინს რუსეთში აღმერთებდნენ და შემდეგ ცდილობდნენ მის შემოტანას საქართველოში. განმარტება აღარ უნდა, რომ ამ სქემას ამკვიდრებს მოსკოვი. ჩვენ ამის საპასუხოდ შეიძლება, ვთქვათ, როდესაც სტალინი საქართველოდან წავიდა, ის იყო სოსელო, სოსო, კობა, სტალინად ის რუსებმა აქციეს და უკან დაგვიბრუნეს. გასული საუკუნის 20-30-იან წლებში საქართველოში სტალინის მიმართ მხოლოდ ზიზღი და უარყოფითი დამოკიდებულება იყო. არ დარჩენილა სოციალური ფენა, რომელსაც რეპრესიები არ შეხებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რეპრესიები შეეხო პარტიულ ნომენკლატურასაც. მაშ, ვიღას უყვარდა სტალინი?! ხმას რომ ვერავინ იღებდა, ეს სხვა თემაა. სკოლის მოწაფეს რომ დედ-მამას უხვრეტდნენ და შემდეგ სტალინზე სიმღერას ამღერებდნენ, განა ეს სიყვარულად შეიძლება, მივიჩნიოთ?! სხვათა შორის, არავის სჯეროდა, რომ სტალინი პირველი კაცი გახდებოდა ერთადერთი ადამიანის გარდა და ეს ერთადერთი ადამიანი იყო თავად სტალინი. მის ნაცვლად განიხილებოდა ტროცკის, ზინოვიევის, კამენევის, ბუხარინის კანდიდატურაც კი.

– მაგრამ ყველა გაანადგურა.

– რა თქმა უნდა და ამის შემდეგ სტალინის წინააღმდეგ ვერავინ ვერაფერს ბედავს, მაგრამ სტალინის წინააღმდეგ ამუშავდა ემიგრაცია. ემიგრანტების წინააღმდეგ კი საბჭოთა კავშირი მასობრივ რეპრესიებს ვერ განახორციელებდა, მაშინ ამის ძალა არ ჰქონდა. ერთი-ორი ტერორისტული აქტი კი ამ პრობლემას არ მოაგვარებდა. მეტიც, თვითონ რუსეთშიც ფიქრობდნენ, რომ სტალინი ველური ხალხის შვილი იყო და არ შეიძლებოდა, ჰქონოდა მისწრაფება ლიდერობისკენ. ამიტომ სტალინმა ჩაიფიქრა რამდენიმე ღონისძიება: 1934 წელს გაიმართა საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის პირველი ყრილობა. წარმოიდგინეთ, ბოლშევიკები 1917 წლიდან არიან რუსეთის ხელისუფლების სათავეში, 1922 წლიდან არსებობს საბჭოთა კავშირი და პირველი საკავშირო ყრილობა ტარდება 1934 წელს. იქ ყველა რესპუბლიკის წარმომადგენელი უნდა გამოვიდეს მოხსენებით და, რადგან პირველი ყრილობაა, უნდა ილაპარაკონ თავიანთ მწერლობაზე. გასაგებია, არა, ჩვენ დავიწყებდით მეხუთე საუკუნიდან, მაგრამ საიდან დაიწყებდა ყველა დანარჩენი?! და, მართლაც, იმ საკავშირო ყრილობაზე წარმოჩინდა ქართული მწერლობა. ამის შემდეგ სტალინმა გადაიხადა „ვეფხისტაოსნის“ დაწერიდან 750 წლის იუბილე, არადა, არათუ „ვეფხისტყაოსნის“ დაწერის თარიღი, ზუსტად ისიც არ ვიცით, როდის დაიბადა შოთა რუსთაველი. სამაგიეროდ, ამ ღონისძიებით „ვეფხისტყაოსანი“ მთელმა რუსეთმა გაიცნო და მსოფლიომაც. სტალინი დიდი ცინიკოსი იყო: რუსებმა იგორის ლაშქრობის ამბის დაწერის თარიღი მეთვრამეტე საუკუნიდან მეცამეტე საუკუნისკენ გადაწიეს. მიუხედავად ამისა, თუნდაც, მეცამეტე საუკუნის ძეგლი იყოს, სად ის და სად „ვეფხისტყაოსანი“?! რაც შეეხება მესამე ღონისძიებას: 1937 წელს მოსკოვში ქართული კულტურის დეკადა გაიმართა. ჩვენ ისეთი კორიფეები გვყავდა, გაფიარება არც სჭირდებოდა ქართულ ბალეტს, ოპერას, ცეკვას, სიმღერას, მეცნიერებას, მაგრამ ამით სტალინმა შეცვალა პოლიტიკური კლიმატი მისდამი.

– თუმცა თვითონ მაინც ბოგანო იყო.

– მის გარშემოც ყველა ბოგანო იყო, მაგრამ მან აჩვენა ყველას, როგორი ერის შვილია და, ბოლოს, მან დაავალა სიმონ ჯანაშიას, შეექმნა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო, რომელიც ჯანაშიამ, ჯავახიშვილმა და ბერძენიშვილმა დაწერეს. ეს არის შესანიშნავი სახელმძღვანელო, რუსებს თავიანთი ისტორიის ასეთი სახელმძღვანელო არ ჰქონდათ იმხანად, იმას გარდა, რომ არც ჩვენხელა ისტორია ჰქონიათ. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს მაინც ვერ გადაწონის იმას, რაც სტალინმა საქართველოს, როგორც თავის სამშობლოს, დაუშავა. თუმცა იმის თქმა, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, არ შეიძლება, ოღონდ მან ეს გააკეთა თავისი პირადი განდიდების, პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის პირში ბურთის ჩაჩრის, ემიგრაციის დადუმების მიზნით.

ომის მონაწილეებზე დღესაც ცუდად მოქმედებს სტალინის კრიტიკა და ამის მიზეზი ომია. საერთოდ, ხალხში ფანატიზმის დანერგვა ძალიან ძნელია, მაგრამ ომი ქმნის ისეთ ფსიქოზს, რომ ფანატიზმი ადვილად ინერგება. სტალინმა იმ ომში ძალიან დიდი ავტორიტეტი მოიპოვა, როგორც გამარჯვებულმა ლიდერმა. ოღონდ ამისთვის დიდი პროპაგანდისტული მანქანაც მუშაობდა და ამ პროპაგანდისტული მანქანის გარეშე სტალინს ვერანაირი ომი ვერ უშველიდა. ხომ იცით, საჯარისო ნაწილებს უკან მიჰყვებოდა შინსახკომის ჯარი და უკან გამოქცეულ ჯარისკაცებს ხვრეტდნენ. როგორ შეიძლებოდა, იმ ხალხს სტალინი ჰყვარებოდა?! ხომ გაირკვა შემდეგ, რომ სტალინი არც ჟუკოვს ჰყვარებია, თურმე?! არც როკოსოვსკის?! არც ერთ მარშალს არ უყვარდა. თუმცა არის სხვა მიზეზიც: რუსი ვერ ცხოვრობს ბელადის გარეშე და ამ ბელადისადმი აქვს გაუცნობიერებელი რწმენა. ხოლო, როდესაც ამას ფიარიც ემატება, შედეგი აბსოლუტურია.

– საქართველოდან პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში, ამაშიც ხომ არ ურევია სტალინის ხელი?

– გაწვევისას სტალინმა არანაირი შეღავათი არ მისცა საქართველოს და ყველაზე მეტი მსხვერპლი გამოიწვია ქართული დივიზიების დაღუპვამ. სად ერთ დივიზიაში თავმოყრილი 5 000 ქართველი და სად 5 000 ქართველი გაფანტული სხვადასხვა დივიზიაში: ერთ ქართულ დივიზიაში ქართველების დაღუპვის ალბათობა მეტი იყო. ასეც მოხდა და ყირიმში უამრავი ქართველი ჩაიხოცა. ამას გარდა, ომის შემდეგ გაჩნდა დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ ტაო-კლარჯეთის ნაწილი დაებრუნებინათ საბჭოთა კავშირისთვის, ესე იგი, საქართველოსთვის. სტალინი იყო საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ლიდერი და მან რაღაცაში გაცვალა ტაო-კლარჯეთი. რა თქმა უნდა, ჩერჩილი და რუზველტი სიხარულით დახუჭავდნენ თვალს იმაზე, რომ სტალინს ტაო-კლარჯეთის ნაცვლად მათთვის დაეთმო კალინინგრადი ან სხვა რაიმე ტერიტორია ევროპაში, მაგრამ სტალინი, საბჭოთა კავშირის ლიდერი, ამას ვერ გააკეთებდა. ის იმაში კი არ არის დამნაშავე, რომ ტაო-კლარჯეთის გამო ომი არ დაიწყო, არამედ იმაში, რომ ტაო-კლარჯეთის დაბრუნების შესაძლებლობა რაღაცაში გაცვალა. ამდენად, ვერავინ იტყვის, რომ სტალინმა, როგორც ქართველმა, ქართველებს იმაზე მეტი გაუკეთა, ვიდრე სხვა ერებს უკეთებდა. სტალინისთვის საქართველო, უკრაინა, ყაზახეთი თუ ყირგიზეთი ერთნაირი იყო. ის არ იყო ქართველი პოლიტიკური მოღვაწე.

– რუსეთს გაუკეთა რაიმე?

– 1917 წლიდან რუსეთის ხელისუფლების სათავეში მოსულმა ბოლშევიკებმა რუსული სახელმწიფო ააგეს ბოლშევიზმის მოძღვრებაზე. იდეოლოგია დაწერა ლენინმა, სტალინმა კი ამის რეალიზება მოახდინა. სტალინმა რუსეთს გაუკეთა ის, რომ მისცა ზესახელმწიფო, მაგრამ ამის ხარჯზე მსოფლიოს ერთი მეექვსედი გამოყო ცივილიზებული სამყაროდან და დაუპირისპირა მას. არ შეიძლებოდა, სტალინს არ სცოდნოდა, რომ ეს დაპირისპირება ცუდად დამთავრდებოდა საბჭოთა კავშირისთვის. დღესაც რომ დაპირისპირება არსებობს, იმის გაგრძელებაა, რაც გასული საუკუნის 20-30-იან წლებში დაიწყო საბჭოთა კავშირში. სტალინმა მსოფლიოს ეს ნაწილი არა მხოლოდ კულტურულად გამოთიშა დანარჩენ სამყაროს, არამედ მოსპო საბაზრო ეკონომიკა და ყველგან ტარდებოდა ექსპერიმენტები. ოღონდ, თუკი ცივილიზებულ სამყაროში ექსპერიმენტები ტარდება ცხოველებზე, სტალინი ექსპერიმენტებს ატარებდა ადამიანებზე. ესე იგი, მას უნდოდა, გაეგო ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი. ამიტომაც გაკოტრდნენ სტალინის შემდგომი მოღვაწეები: მათ იმ ექსპერიმენტის გაგრძელება აღარ შეეძლოთ და არც იმ ექსპერიმენტის რეალობაში დაბრუნება. სტალინს ჰქონდა არარეალური იდეა, რომელსაც შესწირა ყველაფერი: სამშობლო, ოჯახი, თანამოაზრეები, თავისი თავიც კი, რადგან სტალინი ამ დიდი ექსპერიმენტის განხორციელებისას დანაკლისს არ ითვლიდა. მან ბევრი საიდუმლო წაიღო საფლავში და დღესაც ბევრ რაიმეზე არ გვაქვს პასუხი. წესად ჰქონდა: ერთს ამბობდა, მეორეს ფიქრობდა და მესამეს აკეთებდა. სხვათა შორის, უფრო ადვილი ასახსნელია ადოლფ ჰიტლერი, რადგან ის, რასაც ამბობდა და წერდა, იმასვე აკეთებდა. სტალინის სირთულე ის არის, რომ, რასაც ამბობდა, იმას არ აკეთებდა. ადამიანი მისთვის ექსპერიმენტის ობიექტი იყო და არანაირი ღირებულება არ ჰქონდა. მან ეს ექსპერიმენტი ბოლომდე მიიყვანა, განსხვავებით ჰიტლერისგან, რომელმაც თავისი ექსპერიმენტი ვერ დაამთავრა.

– ალბათ, იმიტომაც მიიყვანა ბოლომდე, რომ სტალინს არ ჰქონდა სუსტი წერტილი.

– რატომ განიცდის დღეს რუსეთი პოლიტიკოსების ნაკლებობას? იმიტომ რომ სტალინის ეპოქაში არ შეიძლებოდა, შექმნილიყო ხრუშჩოვსა და ბრეჟნევზე უკეთესი პოლიტიკოსი; ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის წრეში კი არ შეიძლებოდა, აღზრდილიყო გორბაჩოვზე უკეთესი პოლიტიკოსი; გორბაჩოვის გარემოცვაში კი – პუტინსა და მედვედევზე უკეთესი. ვერ გააკეთა რუსეთმა გარღვევა, ვერ გამოვიდა სტალინიზმიდან. მართალია, პუტინი ჰბაძავს სტალინს, მაგრამ მსოფლიოს თვალში რცხვენია და არ აღიარებს, არადა რუსს ისევ უნდა, რომ ბელადი ჰყავდეს. მეორე მხრივ, თუკი გერმანიამ მოინანია, რაც ჩაიდინეს ნაცისტებმა და თავიდან დაიწყო სახელმწიფოს შენება, რუსმა არაფერი მოინანია; მეტიც, დაამატა. შეხედეთ, რუსის დამოკიდებულებას 2008 წლისადმი და ამერიკელის დამოკიდებულებას ერაყისადმი. ამერიკელებმა აღიარეს, რომ ვერ უპოვეს სადამ ჰუსეინს სადავო იარაღი, მაგრამ რუსი არასდროს იტყვის, რომ საქართველო დაიპყრო 1921 წელს და არც იმას, რაც 2008-ში გააკეთა.


скачать dle 11.3