„მხეცები“
„ხანდახან ყველაზე საშინელი მხეცებიც კი იჩენენ თანაგრძნობას. ჩემთვის უცხოა ეს გრძნობა. ესე იგი, მხეცი არ ვარ“.
თბილისის საკრებულო უკვე მეორედ შეიკრიბა და იქ ტემპერატურა იმდენად მაღალია, ვერც კი გაარჩევ, სად უფრო ცხელა – გარეთ თუ შიგნით. ამ თუ სხვა მიზეზით, საკრებულოს სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა (მათ, სხვათა შორის, ჯერჯერობით არც არანაირი თანამდებობა არ ერგოთ): ქ-ნმა ხიდაშელმა და ბ-ნებმა – კუკავამ და დავითაშვილმა, კოლეგებს სთხოვეს, რომ საკრებულოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიას ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებიც შეესწავლა. 39-კაციანმა უმრავლესობამ თავდაპირველად იუარა, თუმცა საკითხს კენჭი მაინც უყარა და, ბუნებრივია, კიდეც ჩააგდო (როგორც მოსალოდნელი იყო, იმიტომ, რომ 39-ნი ბრძანდებიან). პროტესტის ნიშნად ბ-ნებმა დავითაშვილმა და კუკავამ სხდომა დატოვეს. მეტიც, დარბაზიდან გამოსულმა ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ „თბილისის საკრებულომ მიიღო სკანდალური და უპრეცედენტო გადაწყვეტილება. საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას აეკრძალა ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხების განხილვა. მსოფლიოში ყველგან, ზიმბაბვეში და სხვა ისეთ ქვეყანაშიც კი, სადაც ადამიანის ხორცს ჭამენ, თუკი არსებობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია, იქ არის ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხების განხილვის შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, ჩრდილოეთ კორეაშიც კი მსგავს კომისიებს ამ საკითხების განხილვის უფლება ექნება.“ ბოლოს კი ბ-ნმა კუკავამ რიტორიკული კითხვაც დასვა, კერძოდ: მაინტერესებს, მმართველი პარტიის წევრები როგორ აუხსნიან ან ქართულ საზოგადოებას, ან უცხოელ დიპლომატებს საკრებულოს ამ გადაწყვეტილებასო“ თუ გავიხსენებთ, რომ მმართველ პარტიას, მაინცდამაინც არ შეუწუხებია თავი ქართველი საზოგადოებისა თუ უცხოელი დიპლომატებისთვის იმის ახსნით, თუ როგორ ახერხებს ამ გაქანებული დემოკრატიისას ყველა დონის არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობით გამარჯვებას, აშკარაა, ეს შეკითხვაც რიტორიკულობისთვის კიდევ დიდხანსაა განწირული (თუ სამუდამოდ არა).
მეორე მხრივ, „ხანდახან ყველაზე საშინელი მხეცებიც კი იჩენენ თანაგრძნობას. ჩემთვის უცხოა თანაგრძნობა. ესე იგი, მხეცი არ ვარ“. აქედან გამომდინარე, თუკი იმ ქვეყნებშიც კი აქვთ ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია, სადაც კანიბალები სახლობენ, გამოდის, რომ საკრებულოს უმრავლესობა, ისევე, როგორც ჩვენი მმართველი პარტია, ადამიანის ხორცს არ ჭამს!