ვიზიტი
„მისტრალი“, ანუ შავი კატა
მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა რფ-ს „მისტრალი“ თითქმის მიჰყიდა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ოთხიოდე დღით საფრანგეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი ფრეგატი (JEAN DE VIENNE) შემოვიდა. სტუმრებს მასპინძლები ისე დახვდნენ, თითქოს მათ შორის „მისტრალს“ არც კი გაერბინოს. ოღონდ, ისიცაა, რომ ფრანგული ფრეგატი ჩვენს წყლებში მხოლოდ სტუმარმასპინძლობის ადათის პატივსაცემად არ შემოცურებულა. ფრანგი სპეციალისტები ქართველ კოლეგებს, კერძოდ, ჩვენი სანაპირო დაცვის პირად შემადგენლობას, სწავლებასაც ჩაუტარებენ. უფრო კონკრეტულად კი, ფრანგი სტუმრები ჩვენებურებს გემის ჩაუძირაობისა და ხანძრის ლოკალიზაციის საიდუმლოებებს შეასწავლიან.
მეტიც, დაგეგმილია ჩვენი სანაპირო დაცვის ხომალდებისა და ფრანგული ფრეგატის ერთობლივი საზღვაო წვრთნების ჩატარებაც. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის: საქმეს წყალზე რომ მოამთავრებენ, ფრანგი მასწავლებლები და მათი ქართველი მოსწავლეები ერთმანეთს ხმელეთზე ამხანაგურ მატჩში გაეჯიბრებიან, გარდა იმისა, რომ კულტურულ ღონისძიებებშიც მიიღებენ მონაწილეობას.
ბუნებრივია, ამ მოვლენას ვერ დააკლდებოდა საქართველოში საფრანგეთის ელჩი ბ-ნი ფურნიე. არც დაკლებია; მეტიც, ქართულმა მედიამ ელჩის თბილისიდან ბათუმში ჩასვლას „ვიზიტი“ უწოდა. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნი ფურნიესთვის რა ბათუმი, რა თბილისი (იმ მარტივი მიზეზით, რომ ორივე საქართველოა), უნდა ვივარაუდოთ, რომ ან ქართველ ჟურნალისტებს უჭირთ ქართულში, ან აჭარა გამოგვეყო და ჩვენ ეს ფაქტი გამოგვპარვია.