კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შემოიტანა საქართველოში მიხაკო წერეთელმა წყალქვეშა გემით დიდძალი იარაღი და რატომ ვერ განვითარდებოდა მსოფლიო ურარტოლოგია მის გარეშე


მიხაკო წერეთელი საქართველოში სოციოლოგიისა და ასირიოლოგიის ფუძემდებელია. მართალია, მან თავისი მოღვაწეობა პოლიტიკით დაიწყო, მაგრამ შემდეგ, მეცნიერულ მუშაობას შეუდგა. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში მიხაკო წერეთლის მეცნიერულ საქმიანობას ბევრი არ იცნობს, ამიტომ, ამ საკითხზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასირიოლოგიის კათედრის თანამშრომელი, ნინო სამსონია:


ნინო სამსონია: კემბრიჯში, „სენტ ჯონის” კოლეჯში, 12-14 აპრილს ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა „გილგამეშის ეპოსს”. ეს არის კაცობრიობის პირველი ეპოსი და ამ საკითხში ძალიან დიდი ტრადიცია აქვს დიდ ბრიტანეთს. ეს იყო ფართო მასშტაბის კონფერენცია და იქ იმყოფებოდნენ არა მხოლოდ ასირიოლოგები, არამედ „გილგამეშის ეპოსით” დაინტერესებული ყველა დარგის წარმომადგენლები. სამი დღე მიმდინარეობდა კონფერენცია. იმის გამო, რომ ვიყავი ქართველი, მერგო პატივი, ვყოფილიყავი კონფერენციის პანელის ხელმძღვანელი. მათ მიხაკო წერეთლის თარგმანის პრეზენტაციას საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს და დიდი ინტერესი გამოიჩინეს. ქართული ენა არის ერთ-ერთი პირველი ენა, რომელზეც ითარგმნა „გილგამეშის ეპოსი” ინგლისურ და გერმანულ ენებთან ერთად. მე წარვადგინე მიხაკო წერეთელის თარგმანი, ამის შემდეგ ნახევარი საათის განმავლობაში იყო ამ თემის გარშემო დისკუსიები, ხელიდან ხელში გადადიოდა „გილგამეშის ეპოსის” ერთადერთი ეგზემპლარი. მათ გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა, გაუკვირდათ, რომ ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, ჰყავდა ამხელა მეცნიერი.

– როგორ მოხვდა თქვენს ხელში?

– კემბრიჯში ვმუშაობდი და, როდესაც სამი წლის წინ იქიდან ჩამოვედი, გია თარხან-მოურავმა მომიტანა – თურქეთში შემთხვევით ნახა და იყიდა. ეს ერთადერთი ეგზემპლარია, 1924 წელს სტამბულში დაბეჭდილი.

– როგორ ჩაიარა კონფერენციამ?

– ძალიან კარგად, თარგმანის ასლი დაიდო კემბრიჯის ბიბლიოთეკაში. მიხაკო წერეთელს ევროპაში ძალიან კარგად იცნობენ და დღემდე მის ურარტოლოგიურ ნაშრომებს უთითებენ ძალიან დიდი მეცნიერები, მაგალითად ამიე, გლიპტიკოსი, რომელიც სულ სხვა დარგში მუშაობს და ის, როგორც კი წინააზიურ ნიმუშებს ეხება, მაშინვე იმოწმებს მიხაკო წერეთელის ნაშრომებს. გოეცე იყო ასეთი მეცნიერი, რომელიც ამბობდა, რომ ურარტოლოგია საერთოდ ვერ განვითარდებოდა, მიხაკო წერეთელი რომ არ ყოფილიყო.

ივანე ჯავახიშვილმა, მიხაკო წერეთელი, როგორც უნიჭიერესი ადამიანი, გაუშვა ევროპაში ასირიოლოგიის შესასწავლად და უთხრა, პოლიტიკაში შენი ძალების დახარჯვას, ჯობია, წახვიდე და, თუ ასე გიყვარს შენი ქვეყანა, ეს სიყვარული საქმით დაუმტკიცეო. ისე ისწავლა მიხაკო წერეთელმა ასირიოლოგია, რომ, რამდენიმე წელიწადში დადო ინგლისურ ენაზე თავისი ნაშრომი „შუმერული და ქართული”, თუმცა ის ამ ნაშრომს მთელი ცხოვრება ავსებდა, სრულყოფილს ხდიდა, შემდეგ კი სხვა ენებზეც თარგმნა. ამის შემდეგ მოაყოლა „ხათის ქვეყანა”, „გილგამეშის ეპოსი”, მანამდე ის დაბრუნდა საქართველოში და ივანე ჯავახიშვილთან ერთად გახსნა ასირიოლოგიისა და ძველი აღმოსავლეთის ისტორიის კათედრა – ეს იყო 1918 წელს. 1921 წელს კი, როდესაც მიხაკო წერეთელი საქართველოდან გაიქცა, როგორც ანარქისტი და პოლიტიკური მოღვაწე, ასირიოლოგიის კათედრაც დაიხურა. თავიდან ფიქრობდნენ, რომ ეს დროებითი იყო, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ დაიხურა საბოლოოდ, აღარ გახსნილა და წერეთელიც აღარ დაბრუნებულა საქართველოში. მხოლოდ 1992 წელს მოხდა ამ კათედრის აღდგენა აკადემიკოს გრიგოლ გიორგაძის მიერ. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დავიცავი დისერტაცია მიხაკო წერეთლის შესახებ.

– სამწუხაროდ, საქართველოში მიხაკო წერეთელს, როგორც მეცნიერს, ნაკლებად იცნობენ.

– დღემდე, სადაც ვყოფილვარ, მას ყველგან იცნობენ, როგორც მსოფლიო რანგის მეცნიერს, თუმცა, საქართველოში, რატომღაც, მხოლოდ მის პოლიტიკურ საქმიანობას უსვამენ ხაზს. ლენგდონი, რომელიც არის „გილგამეშის ეპოსის” მთარგმნელი ინგლისურიდან, ძალიან დაფასებულია თავის ქვეყანაში. როდესაც ოქსფორდში ვიყავი, შევდიოდი აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტში, იქ ყველგან გამოკრული იყო ლენგდონის ფოტო.

– სად დაიბადა მიხაკო წერეთელი, როგორი პიროვნება იყო?

– მიხაკო წერეთელი დაიბადა 1878 წლის 3 დეკემბერს, სოფელ ცხრუკვეთში. წარმოშობით ის აზნაურის ოჯახიდან იყო. „ამ ოჯახში, – წერს პროფესორი კალისტრატე სალია, – „ვეფხისტყაოსანი” კაცმა და ქალმა ზეპირად იცოდა და პატარა მიხეილს, ჯერ კიდევ წერა-კითხვის არმცოდნეს, ადგილები მოჰყავდა „ვეფხისტყაოსნიდან” სტუმრების შესაქცევად“. მიხაკო წერეთელი იყო წარმოსადეგი გარეგნობის, წმინდა ქართული შესახედაობით. ის ევროპულად იყო აღზრდილი, იცოდა რამდენიმე უცხო ენა. „მიხეილი ოხუნჯია და უყვარს გახუმრება. – თუ გუნებაზეა, უყვარს თავის მოკატუნება, თანაც, სულ წუწუნებს. მიხეილმა ხანდახან აკვიატებაც იცის: აიჩემებს რაიმეს და ვერც რამეს დააჯერებ და ვერც გადააჯერებ რამეში. მიხეილს უყვარს საეკლესიო გალობა და გალობს კიდეც ორი თუ სამი კაცისგან შემდგარ გუნდში – სამწუხაროდ, მხოლოდ პანაშვიდების გადახდისას. მუსიკასაც ეტანება ის, ყველაზე მეტად იტაცებს მას რიჰარდ ვაგნერი, ვაგნერის ასეთი მცოდნე ქართველებში არავინ მეგულება“... – ასე ახასიათებს მიხაკო წერეთელს გრიგოლ რობაქიძე. 1901 წელს ის პარიზის უნივერსიტეტის სტუდენტია. იგი მონაწილეობდა რევოლუციურ გამოსვლებში, რის გამოც მცირე ხნით დააპატიმრეს. ანარქისტული იდეების გამო მიხაკო წერეთელი პარიზიდან გადაასახლეს და ის ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად.

1910 წლიდან კი იწყება ახალი ეტაპი მის ცხოვრებაში. 30 წელს გადაცილებული, პოლიტიკურ მოღვაწეობასთან ერთად, მეცნიერულ მუშაობასაც ჰკიდებს ხელს, რაშიც ბიძგი ექვთიმე თაყაიშვილს მიუცია: ის ჩადის ლონდონში და იწყებს ასირიოლოგიის შესწავლას. ამავდროულად, პოლიტიკურ საქმიანობასაც ეწევა და ხდება საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი, რომელიც 1914 წელს შეიქმნა ოსმალეთში. მას სურდა, პირველი მსოფლიო ომით შექმნილი ვითარება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გამოეყენებინა. ამ ორგანიზაციის წევრები აწარმოებდნენ მოლაპარაკებას როგორც გერმანიის, ისე თურქეთის მთავრობებთან. მიხაკო წერეთელი ამის გამო ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში წყალქვეშა ნავით. ამ ფაქტის შესახებ ვალერიან გამყრელიძე წერს თავის მოგონებებში: „ფოთის ზემოთ, სანაპიროს მოადგა გერმანული წყალქვეშა ნავი, რომელმაც გერმანიაში მოქმედი „საქართველოს გათავისუფლების კომიტეტის” თავმჯდომარე – მიხაკო წერეთელი და წევრი – სურგულაძე (მგონი, პეტრე) ჩამოიყვანა გერმანიიდან. ნავმა შემოზიდა აგრეთვე 2 600 გერმანული სამხედრო თოფი და 500 პისტოლეტი („მაუზერი“). ჩამოსულთა მიღება, იარაღის შემოტანა და გადაზიდვა საჭირო ადგილებში განხორციელდა”.

– როგორც ცნობილია, ის სიცოცხლის ბოლომდე უცხოეთში ცხოვრობდა და იქ ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას.

– 1918 წელს მიხაკო წერეთელი იყო საქართველოს დიპლომატიური დელეგაციის წევრი ბერლინში, 1919 წელს კი – ელჩი სკანდინავიის ქვეყნებში. 1920 წელს, ივანე ჯავახიშვილის მოწვევით, იკავებს თბილისის უნივერსიტეტში ახლად დაარსებული ასირიოლოგიისა და ძველი აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის გამგის თანამდებობას. 1920 წელს მას პროფესორად ირჩევენ, მაგრამ, 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია მას იძულებულს ხდის, სამშობლო დატოვოს. ამის შემდეგ ის მოღვაწეობდა ბრიუსელისა და ბერლინის უნივერსიტეტებში, ჰაიდელბერგის მეცნიერებათა აკადემიამ კი 1928 წელს გერმანულ ენაზევე გამოაქვეყნა მისი „ურარტული ეტიუდები”. მიხაკო წერეთელმა საერთაშორისო აღიარებას თავისი ურარტოლოგიური ნაშრომებით მიაღწია, შესაბამისად, დიდია მისი წვლილი მსოფლიო ურარტოლოგიაში და, ამიტომაც, როგორც აღვნიშნე, მის ურარტოლოგიურ ნაშრომებზე ხშირად მიუთითებენ ცნობილი მკვლევრები.

– მას საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა და საქართველოს ნოსტალგიით გარდაიცვალა.

– მის მძიმე სულიერ მდგომარეობას გამოხატავს წერილები, რომლებშიც უსაზღვრო სევდა იგრძნობა. ერთ-ერთ წერილში ის ბაბო წერეთელს სწერს: „მომწერე, თუ მოსახერხებელია შენთვის, ცხრუკვეთში ჩვენი ქოხი ისევ დგას თუ არა და ვის ეკუთვნის? იქ, რომ კაკლის ხეები იყო, ორი დიდი, ისევ დგანან თუ გახმნენ და მოჭრეს?”

ასეთივე სევდით არის სავსე მისი ბარათები მეუღლისადმი, მარიამ ვახვახიშვილისადმი. მას ამცნობს ერთადერთი ვაჟის, ოთარის დაღუპვის შესახებ, თუმცა, ამას მეუღლეს დიდი ხნის განმავლობაში უმალავდა. 1944 წელს ოთარი გაიწვიეს ჯარში, ცოტა ხნის შემდეგ უნდა ჩამოსულიყო და ჯვარი დაეწერა, მაგრამ მისი ნაწილები ბრძოლაში მოხვდნენ და 1945 წლის პირველ მარტს ეს ნაწილები სრულიად დაიღუპა. ჯვარდაუწერელმა მისმა ცოლმა შვა ქალი, რომელსაც შენი სახელი დავარქვით, მაგრამ ის დედის გვარზე ჩაწერეს და მეც წამერთვა უფლება ჩემს შვილიშვილზეც. ასე რომ, მარო წერეთელი ჯერ იყო ვინდი (დედის გვარით) და მერე გახდა რეგენფუსად (მამინაცვლის გვარით). ქართული მან არ იცის, მე კვირაში ერთხელ ვხედავ. ისე, კი იცის, ვინ არის და სადაური. შენი მიხაკო. 1959 წელი, 25 მაისი, მიუნხენი”. ამ ტრაგიკული ფაქტის შესახებ მიხაკო წერეთელი სწერს თავის ძმისწულს, ბაბო წერეთელს: „მოხედე ხოლმე ხანდახან საცოდავ დედაბერს – ბიცოლაშენს მაროს. აღარავინ დარჩენია სხვა იმ უბედურს ამ ქვეყანაზედ. მგონი, კაცის მკვლელობა ჩავიდინე, რომ შევატყობინე მისი უბედურება. რა უნდა მექნა? მეგონა, მასაც უნდა დაეტირებინა მისი შვილი, როდემდე უნდა მეთქვა ტყუილი. შენი უბედური ბიძა მიხაკო”. ამ დროს მიხაკო წერეთელი შეფარებული იყო ჰიზლბეკების ოჯახში, რომლებსაც ის დიდი მადლიერებითა და სიყვარულით იხსენიებს თავის წერილებში. მას აძლევდნენ პატარა პენსიას და როგორც თავად წერდა, ჰყოფნიდა. უკანასკნელი ბარათი მიხაკო წერეთელს მეუღლისთვის მიუწერია 1965 წელს: „წელი მომწყდა, მუხლებიც მიწაზედ ვეღარ დამიდგამს. ოთახებში სიარული უჯოხოდ არ შემიძლია. იყავ კარგად და კიდევ მალე მოიწერე, გამეხარდება, მიხაკო”. 1965 წლის 2 მარტს მიხაკო წერეთელი გარდაიცვალა მიუნხენის ერთ-ერთ კლინიკაში, 86 წლის ასაკში. ანდერძის თანახმად, 6 მარტს მოხდა მისი კრემაცია. შემდეგ მისი სანეშტე ურნა გადაასვენეს პარიზში, ქართველთა სასაფლაოზე.

– როგორც ვიცი, მიხაკო წერეთლის სურვილი იყო, რომ მისი ფერფლი საქართველოში ჩამოესვენებინათ.

– ჩვენი კათედრის ვალია, შევასრულოთ მისი ანდერძი – მიხაკო წერეთლის ფერფლი ჩამოვასვენოთ საქართველოში და დავკრძალოთ ცხრუკვეთში. ამისთვის კი მხოლოდ ნებართვაა საჭირო.


скачать dle 11.3