მისი მეგობრები
თქვენი ურთიერთობა იმ ფაზაში შევიდა, რომ უკვე ერთმანეთის მეგობრები უნდა გაიცნოთ. მამაკაცისთვის მეგობრებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი მასზე გავლენას ახდენენ და ჭკვიანმა ქალმა ეს იცის. ამიტომ, თავიდანვე სწორი პოზიცია უნდა დაიკავოთ. ანუ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ მათ მოეწონოთ. თქვენ გგონიათ, რომ ამ დროს მარტო თქვენ ნერვიულობთ? – სულაც არა. თქვენი პარტნიორიც არანაკლებ აფორიაქებულია და ელის, როგორ ჩაივლის, თქვენი და მისი მეგობრების შეხვედრა. ყველაფერი კარგად უნდა დამთავრდეს, რომ მას არჩევნის გაკეთება არ მოუწიოს. დაეხმარეთ თქვენს რჩეულს. თუმცა, ფაქტია, რომ „სხვის ტერიტორიაზე” თამაში ძალიან რთულია, მაგრამ ქალს ეს შეუძლია და თავს წარმატებით გაართმევთ. აღიჭურვეთ მოთმინებით და მთავარი იარაღით – ღიმილით.
არავითარ შემთხვევაში არ დაკომპლექსდეთ და ეცადოთ, „შეიცვალოთ” საგანგებოდ მათთვის – ეს საჭირო სულაც არ არის. არ „ივაჟკაცოთ” და არ სცადოთ მათთან „დაძმაკაცება.” საერთო ენას ამის გარეშეც ძალიან კარგად გამონახავთ. ისაუბრეთ ძალდაუტანებლად, თქვენთვის საინტერესო თემებზე. იყავით თავაზიანი და კორექტული. ეს არ არის გამოცდა, მაგრამ მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ერთი სიტყვით, იყავით ის, რაც ხართ. თუ ფეხბურთის გაგებაში არ ხართ, ნუ ეცდებით, ფეხბურთის ექსპერტად მოაჩვენოთ თავი. თუ ლუდი არ გიყვართ, ზიზღით დალევას, უმჯობესია საერთოდ არ დალიოთ, ნურც მეტისმეტად გაინაზებით. მაგალითად, თუ სუფრასთან ხართ, არ მოითხოვოთ რაღაც არაჩვეულებრივი და ეგზოტიკური. მამაკაცები ადვილად ამჩნევენ სიყალბეს. მით უმეტეს, როცა შეყვარებულები არ არიან და ქალს – მეგობრის საცოლეს აფასებენ. ასე რომ, ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. რაც მთავარია, აჩვენეთ, რომ მათი მეგობრით გულწრფელად ხართ დაინტერესებული და აფასებთ მის ღირსებებს. ეს ძალიან წაგადგებათ.