კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გადაარჩინა „თვითმკვლელობას“ ჩელემ და რატომ წამოვიდა ის სამსახურიდან


ის დიდი ხანია ეკრანზე არ გამოჩენილა. შესაბამისად, მის მიმართ მედიის და საზოგადოების ინტერესი თითქოს გაქრა. როდესაც ინტერვიუზე დავურეკე, მითხრა, განსაკუთრებული სიახლეები ჩემსკენ არ არისო. როდესაც ჩელე ინტერვიუზე მოვიდა, დიდი წვერითა და უფრო დიდი თმით, მივხვდი, რომ ეს ძალიან საინტერესო სიახლე იყო. თუმცა, ვიფიქრე, რომ ეს მისი შინაგანი მდგომარეობის გამომხატველი უფრო იყო, ვიდრე ახალი იმიჯის. მთავარი კითხვა მაინც ის იყო, სად დაიკარგა და რას საქმიანობს ის ამ ახალი იმიჯით.


ჩელე: მგონი, ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც „თბილისელების“ რედაქციაში მითხრეს, ასეთი თმა და წვერი ძალიან გიხდებაო. თუმცა, მოხდენაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მომწონს და არ ვიჭრი. შეჭრა კი არ მზღუდავს, არც არაფრისგან ვიქმნი პრობლემას. უბრალოდ, ასეთ ხასიათზე ვარ ახლა. რაღაცის აჩემება ხომ იციან ხოლმე ადამიანებმა, ამას წინათ ვთქვი, არც თმას შევიჭრი, არც წვერს გავიპარსავ და არც ფეხებს-მეთქი... (იცინის) არც ვიბანავებ. მორჩა! ასე კატეგორიულად ვამბობ ამას.

– რამე ხომ არ ჩაიფიქრე, თუ ამას გავაკეთებ, ის ამიხდება...

– არა. (იცინის) ისე, თითქმის არავის მოსწონს ჩემი იერი. ზოგი მეუბნება ბომჟს ჰგავხარო, ზოგი ამბობს ძუნძგლიანის შთაბეჭდილებას ტოვებო, ზოგი კი – გიხდებაო. მაგრამ, არ მაინტერესებს, მთავარია, თავს კარგად ვგრძნობ. მოსუქებული ხარო მეუბნებიან, მაგრამ ეს, ალბათ, წვერისა და თმის ბრალია. პირიქით, კილოგრამ-ნახევარი დავიკელი. ისე, ამ ბოლო დროს ჩემი წონის კონტროლი დავიწყე, ცოტა მინდა რომ მოვიმატო, მაგრამ მარტო ღიპი მეზრდება.

– მითხარი, რას აკეთებ, რას საქმიანობ, რატომ წამოხვედი ტელევიზიიდან?

– არ ვიცი, რაღაც ისე მოხდა, რომ აღარ იყო ჩემთვის საინტერესო იქ მუშაობა. რაღაც შემომთავაზეს, რაზეც უარი ვთქვი, არ მიღირდა და არც მესიამოვნებოდა ამის გამო იქ დარჩენა. იქ დავტოვე ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, რომლებიც მშვენივრად განაგრძობენ იმ საქმეს, რაშიც მე ვიყავი ჩართული – იმ ფერხულს ძალიან კარგად ცეკვავენ. შეიძლება ჩემი ბრალიც არის ეს ყველაფერი, ნაკლებად აქტიური ვიყავი ალბათ. ტელევიზიიდან რომ წამოვედი, ძალიან აქტიურად ჩავები ჩემს ძირითად პროფესიაში. ამ დროს თეატრს ვუთმობ. ვთამაშობ თეატრში „ათონელზე“, სადაც რამდენიმე ახალი სპექტაკლი დაიდგა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებით დაიდგა ყველა მათგანი და ვფიქრობ, თავი გავართვი ყველა იმ როლს, რომელიც რეჟისორებმა მანდეს.

– რა სპექტაკლებია?

– პირველი იყო „ცილინდრი“, მერე – ხათუნა მილორავას „თაღლითები“, რომელიც მართლა ძალიან კარგი სპექტაკლია. მერე იყო „მაკროპულოსის საიდუმლო“, სპექტაკლი, სადაც ნიკო გომელაურს უნდა ეთამაშა. ნინო ლიპარტიამ დადგა. ჩემთვის ძალიან საყვარელ და მნიშვნელოვან ადამიანებთან მომიწია მუშაობა. ესენი არიან ნანუკა ხუსკივაძე, დათო დარჩია, თემიკო ჭიჭინაძე... ჩემი მეგობრები თამაშობდნენ. ბოლოს ნინო ბასილიას „აგვისტოს სიგიჟეში“ ვითამაშე. ნინო დრამატურგია, მისი პიესაა. საკმაოდ საინტერესო როლი მაქვს – ფსიქოლოგი-მეხანძრე. უფრო სწორად, ვიყავი ფსიქოლოგი, რომელიც გადაიცმევს მეხანძრის ფორმას, რათა გადაარჩინოს თვითმკვლელობამდე მისული ადამიანი. მისი გადარჩენა გამომივა. მეხანძრე ცუდი ვიყავი, მეც სიმაღლის მეშინოდა, მაგრამ ფსიქოლოგი კარგი აღმოვჩნდი.

– ცხოვრებაში თუ გეშინია სიმაღლის?

– საშინლად. მეშინია და თან ძალიან მაგრად. სხვათა შორის, იმ ბინაში, რომელიც მაჩუქეს, მართალია, იქ ჯერ არ ვცხოვრობ, ვერაფრით წარმომიდგენია დილით აივანზე გამოსვლა, გაზმორება და ერთ დღეს, შეიძლება, გადმოვარდნაც. ვხვდები, რომ გადატანითი მნიშვნელობით მეკითხები, ამ მხრივ სიმაღლეების საერთოდ არ მეშინია.

– მიმაჩნია, რომ შენ მაინც ძალიან ბევრს აკეთებ თავად და ძალიან ცოტას მოითხოვ სხვისგან.

– არ ვიცი. რატომ უნდა მოვითხოვო ბევრი სხვისგან?! შეიძლება ეს ცოტა მოჩვენებითიცაა, რადგან ვითხოვ და ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხს ვერ ვიღებ. ის სიმაღლეები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მათი მიღწევა ძალიან სასიამოვნოა. თუმცა, ძნელია, როდესაც ამ მწვერვალზე აღმოჩნდები, მერე რაღაცეების შეგუება, მაგრამ არა ჩემს შემთხვევაში. როდესაც მთამსვლელები მწვერვალის დასალაშქრად მიდიან, ადიან იქ, ცოტა ხნით ჩერდებიან და ჩამოდიან, იმისთვის, რომ ახალი მწვერვალის დასაპყრობად მოემზადონ. ასეა ცხოვრებაც, არ შეიძლება, ერთსა და იმავე რაღაცაზე დიდხანს გაჩერდე. მართალია, საკმაოდ დიდხანს მომიწია ერთსა და იმავე ადგილას გაჩერება, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალია. არავის ვაბრალებ ამას. რაღაცეები კარგად ვერ გამოვიყენე, შეცდომები დავუშვი, თუმცა ამაზე ახლა საუბარი გვიანია.

– მგონია, რომ ტელევიზია მაინც გენატრება.

– რა თქმა უნდა. ეს ისეთი სფეროა, რომლის გარეშე ცხოვრებაც, თუ ამის გემო გაიმე, მერე ადამიანს ძალიან უჭირს. ადვილად წამოვედი, მაგრამ მერე ძალიან გამიჭირდა. ახლა ვიცი, რომ თუ რაიმე პროექტი, შემოთავაზება იქნება, უარი არ ვთქვა. თითქოს რაღაც კომპლექსიანი ადამიანი აღმოვჩნი, როგორც ამ ბოლო დროს საკუთარ თავს დავაკვირდი. უკომპლექსობა მხოლოდ ის არ არის, რომ შეგიძლია, ვიღაცას თვალი თვალში გაუყარო, რაღაც გაიხუმრო და ხალხში არ დაიძაბო. კომპლექსი ძალიან მრავალფეროვანი, მრავალწახნაგოვანი და ღრმაა. საკმაოდ კომპლექსიანი აღმოვჩნდი იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცეები მერიდება, ვიღაცისთვის რაღაცის თხოვნა, კითხვას ვერ ვბედავ. ამას ვგრძნობ, მაგრამ ალბათ, კაცი ზნეს ვერ შეიცვლის. ძალიან ბევრ რაღაცაზე მითქვამს უარი, თუმცა ამას ახლა არ ვნანობ. ალბათ, საჭირო იყო. საერთოდ არ ვარ ის ნატურა, რომელიც ბევრს ფიქრობს და დარდობს იმაზე, რაც გააკეთა. ალბათ, ყველაფერი უკეთესობისკენაა.

– კინოში ხომ არ არის რაღაც შემოთავაზებები?

– ჯერჯერობით არა. იცი ახლა მივხედე ცოტა ჩემს პროფესიას. ძალიან ბევრ ადამიანს არ ვყავარ სცენაზე ნანახი, არ იცოდნენ, რა შემეძლო. არც ქასთინგებზე დავდივარ და ესეც რაღაც ჩემი უაზრო თვისებაა. იმიტომ კი არა, რიგში ვერ დავდგები და ხუთასმეოცე ვერ ვიქნები, ვერ დაველოდები, რაღაც სხვა მომენტია.

– გინდა, რომ თავისით შეგამჩნიონ?

– აი, ესე არ ვიცი. კარგი კითხვაა, შესაძლოა, რაღაც ჩემი შინაგანი ამბიციაა, ვერ ვხვდები. ამბიცია კარგია, მაგრამ ზედმეტი არავითარ შემთხვევაში. მგონი, ზედმეტად ამბიციური არ ვარ. თუ ვარ? არ ვიცი.

– რაღაც ინდიფერენტული მეჩვენები, ცოტა უემოციოდ. თითქოს ყველაფერს შეგუებული ხარ.

– ცოტა ეგრე ვარ, რიგი მიზეზების გამო, რომელიც დიდად საინტერესო არ არის. რაღაცეებს ეჩვევი და მერე შენთვის სულერთი ხდება. თუნდაც, სამსახური ავიღოთ. სამსახურიდან წამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში მეგონა, ვისვენებდი, მეორე კვირასაც – ვისვენებდი, წავედი მეგობრებთან ერთად, სადღაც დავლიეთ. მესამე კვირა უკვე მაღიზიანებდა, მეოთხე კვირას ცუდად ვიყავი და მეხუთე კვირას შევეჩვიე. ეს ჩვეულებრივ მომენტად გადაიქცა. ხანდახან მინდა, რაღაცის გაკეთება და ვერ აგიხსნი რა მიშლის ხელს. ამას წინათ, ერთ-ერთი კომპანიიდან დამირეკეს და მითხრეს, გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე გასაუბრებაზე მოდიო. საკმაოდ ნორმალური ანაზღაურებით. ოთხ საათზე უნდა მივსულიყავი. ვიდექი ასე – გახდა პირველი, ორი სამი, ვუყურებდი საათს, გახდა ოთხი და არ წავედი. შეიძლება, ეს იმის გამო იყო, რომ იმ ეტაპზე ცოტა ხელჩაქნეულივით ვიყავი.

– ცოლთან ხომ არ გაქვს პრობლემები?

– არა. არც ცოლთან, არც უბნელებთან (იცინის). მართლა. ეს არაფერ შუაშია. თუ იმიტომ მეკითხები, რომ „კალიცო“ აღარ მიკეთია? ის თამთამ დამიკარგა. მივაბარე შესანახად, რაღაც კარავს ვაკეთებდი და როცა მოვიკითხე ვეღარ იპოვა. ერთი სიტყვით, აი, ასე უაზროდ არ წავედი გასაუბრებაზე. საერთოდ, არ ვარ დეპრესიული ტიპი. საერთოდ არ მომწონს ასეთი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, ვიძახო – დეპრესია მაქვს, დეპრესია მაქვს და რა? ცოტა უნდა მიმოიხედო გვერდით და მიხვდები, რომ ამის საბაბი საერთოდ არ გაქვს. ცუდად ყოფნას დეპრესია არ ჰქვია. ერთი დღე ცუდად ვინ არ ყოფილა, მაგრამ ეს ავადმყოფობად არ უნდა იქცეს.

– ბავშვზე მომიყევი, რას შვრება. შენ როგორი მამა ხარ?

– ეს ის თემაა, რომელზე საუბარიც ყველაზე მეტად მიყვარს. გადასარევი გოგოა. წლის და ოთხი თვისაა და მართლა კაი „ტიპშაა“. ყველგან ერთად დავდივართ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარაა, მაინც ვმეგობრობთ. ამას წინათ, კბილის ექიმთან მყავდა, ვერაფრით წაიყვანეს, მოწებებული იყო. ბოლოს მე ვიჯექი, პირი დაღებული მქონდა, სალომე კალთაში მეჯდა და ჩემი სტომატოლოგი თეა – ეს დამიწერეთ აუცილებლად, რაღაცეებს მიკეთებდა. მხიარულად ვცხოვრობთ. სად აღარ არის ნამყოფი ჩემთან ერთად, ბარში, კლუბში, ინტერვიუზე, შეხვედრებზე... მომწონს ეს ურთიერთობა. არავისთან არ მიდის თუ მე ვარ. ეგოისტურად ეს ძალიან მსიამოვნებს. ამას წინათ, აბაზანაში შევედი, გადაეკეტა გონება. ბოლოს შემოვიყვანეთ აბაზანაში, მე ფარდა ჩამოვაფარე, თან ველაპარაკებოდი და ის სკამზე ჩამომჯდარი რაღაცეებს თამაშობდა.

– ძალიან ბევრი იდეა გქონდა. ვიცი, კონკრეტული პროექტები, რომელზეც როგორც ვხედავ უარი თქვი.

– იცი რა, შენელებული კადრივით ვცხოვრობ. ნელ-ნელა, გაფუჭებული მანქანასავით დავდივარ, ფირივით, რომელიც ჩაიხვევს. სექტემბერს ველოდები, რომ ცოტა გონზე მოვიდე და ახალი რაღაცეები დავიწყო. არ ვიცი, რა სფერო იქნება, მაგრამ აუცილებლად გავაკეთებ რაღაც ახალს. დღესდღეობით კი, ჩემი ყოველდღიურობა კბილების გაკეთებით შემოიფარგლება. ყოველდღე რაღაცეებს ვიკეთებ, ვაბჟენთ, ვასუფთავებთ, მეშვიდე კბილში მესამე არხს ვეძებთ და სხვა (იცინის). ეს პერიოდიც გაივლის და ალბათ, ახალი „ღიმილით“, ახალ რაღაცეებს გავაკეთებ.


скачать dle 11.3