რა „მუქარა“ აუსრულა ყოფილმა მეუღლემ ეკა კვალიაშვილს
დაიბადა და გაიზარდა დიდუბეში, 1962 წელს. ცეკვა 5 წლის ასაკიდან დაიწყო და დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ოთხი წელია, შვილთან ერთად ანკარაში ცხოვრობს და თავისი ბიზნესიც აქვს, ისევ ხელოვნების ამ დარგს ემსახურება – უცხოეთში უწევს ქართულ ცეკვას პოპულარიზაციას.
ბესიკ ბაკურაძე: შარშანწინ ჩატარდა ფესტივალი ბურსაში. დავინტერესდი და ჩავედი. იქ დაბადებულ-გაზრდილი ქართველებიც, ლაზებიც, ისე კარგად ცეკვავდნენ, გავოცდი. ეტყობა, სისხლი მაინც თავისას შვრება. მაგრამ მაინც გლეხურად ცეკვავენ, კლასიკურ დონეზე ვერ „ქაჩავენ“. იქ მთხოვეს, კონსულტაციები გამეწია მათთვის. სიამოვნებით დავთანხმდი. მართალია, ანაზღაურება სიმბოლურია, მაგრამ, თვეში ერთხელ ჩავდივარ და დიდი ენთუზიაზმით ვასწავლი ქართულ ცეკვებს ყველას, ვისაც ჩვენი კულტურა აინტერესებს. ეს საქმიანობა ძალიან მსიამოვნებს, მით უმეტეს, რომ მათგან საოცარ მონდომებას ვხედავ – ღრუბელივით ისრუტავენ ყველაფერს, რასაც ვუხსნი. სხვათა შორის, მათ შორის თურქებიც არიან და დიდი ხალისით სწავლობენ ქართულ ცეკვებს.
იქაური მოქალაქეობის მისაღებად ხელი მოვაწერე ერთ ჟურნალისტ გოგონასთან, წარმოშობით ლაზთან. სხვანაირად არ შეიძლებოდა, იურიდიული მხარე მოგვარებული უნდა იყოს. წლის ბოლოს უკვე თურქეთის მოქალაქეც გავხდები და ორმაგი მოქალაქეობა მექნება. სხვათა შორის, სანამ ის გოგონა ქრისტიანულად არ მოინათლა სტამბულის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მანამდე არ ვიყავი თანახმა ხელის მოწერაზე.
– თქვენი ერთ-ერთი მეუღლე იყო ეკა კვალიაშვილი. როგორ გაიცანით?
– ერთხელ ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა, მე, ნუკრი კაპანაძე, ეკა კვალიაშვილი, დათო ძიძიგური რესტორანში ვსხედვართ და შენ გვაკლიხარო. იქ გავიცანით მე და ეკამ ერთმანეთი. მე უკვე ნასვამი ვიყავი. ცოტა ხანში შევნიშნე, ეკა რაღაცნაირი ღიმილით მიყურებდა. რას მიყურებ-მეთქი, ვკითხე. ისე, გიყურებო, – ორაზროვნად მითხრა და მეც „დავემუქრე“: ბაკურაძე მოკვდეს, თუ ეგ თავი ამ მხარზე არ დაგადებინა-მეთქი – და მარჯვენა მხარზე დავიდე ხელი, – ეს ისე, ხუმრობით ვუთხარი. ამის მერე ერთი-ორჯერ კიდევ მოვხვდით ერთად და შემდეგ უცბად გადავწყვიტეთ, ერთად ვყოფილიყავით. ბინა ვიქირავეთ პლეხანოვზე და იქ გადავედით. ერთხელაც, ზაფხულია. სახლში ვართ. წამოვწექით ტახტზე, თავი მხარზე დამადო და ტელევიზორს ვუყურებთ. მივუბრუნდი და ვეუბნები – ხომ შეგისრულე, რასაც შეგპირდი-მეთქი (იცინის).
– რამდენ ხანს იყავით ერთად?
– დაახლოებით ორწელიწად-ნახევარი.
– და, ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერ იჩხუბეთ?
– ეკა არ არის კონფლიქტური. ახლა, თუ გაბრაზდა, ჰო, მაგრამ, ისე ჩხუბები არ გვქონდა. ეკა „ვერძია“, მე – „ლომი“ და, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ შევეწყობოდით ერთმანეთს! ეკას ძალიან თავისებური ხასიათი აქვს. გახსოვთ, ალბათ, ფილმი „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“. იქ რომ ეუბნება ცეკვის დროს მილიონერი დაფნას – „ოპიატ ტი ვედიოშ მენია“, – ეკაც დაფნასავით იყო. საერთოდ, ცეკვაშიც და ოჯახურ ცხოვრებაშიც, ჩემი აზრით, კაცი უნდა იყოს წამყვანი. ეკა კი ამ „წამყვანის“ პოზიციას ვერ თმობდა.
სხვათა შორის, მე არ ვიცოდი, დამირეკეს და მითხრეს, ეკა „ნანუკას შოუში“ ყოფილა მიწვეული და პრეტენზიით უთქვამს ჩემზე, საწოლში ყავა მომთხოვაო. მერე რა, ქმარმა ყავა თუ მოსთხოვა, ათკაპიკიან ყავაზეა ლაპარაკი?
– მე მგონი, ყავის ფასი კი არა, უფრო მომსახურება იგულისხმა.
– გასაგებია. ჰო, კარგი, ყავა რომ მომიტანა, იმის მერე იქნებ, სხვა რამეც მოვთხოვე, იმას რატომ არ ამბობს? საერთოდ, საწოლს როცა ახსენებ, ეს ისეთი ინტიმურია, რომ ამის ასე ადვილად და სახალხოდ ხსენება არ შეიძლება. კარგი, მომიტანე ყავა. რა მოხდა მერე, ვარსკვლავი ხარ და არ გეკადრება?! შენ ჩემთვის, პირველ ყოვლისა, ცოლი ხარ, შენი ვარსკვლავობა სულ არ მაინტერესებს. ხელოვანი რომ იტყვის, მე ვარ და ჩემი ნაბადიო, იმ ადამიანის ხელოვნება იქ მთავრდება.
კიდევ ერთი რამე არ მესმის: საქვეყნოდ რომ ტრაბახობენ, სამჯერ და ოთხჯერ გავთხოვდიო, სარკე არ აქვთ სახლში, არ რცხვენიათ? მე, მაგალითად, მრცხვენია იმის თქმა, რომ ორჯერ შევირთე ცოლი.
– ქალბატონ ეკასთან გაყრის შემდეგ კიდევ დაქორწინდით?
– არა, ეკა იყო მეორე ცოლი. პირველ ცოლთან მყავს 27 წლის ქალიშვილი და 18 წლის ვაჟი.
– ეკასთან?
– ეკასთან შვილი არ მყავს.
– გაყრის შემდეგ რა ურთიერთობა გაქვთ?
– აბსოლუტურად არანაირი. არც კი შევხვედრივარ, არც დამირეკავს.
იცით, რა, მე რამდენადაც, ზოგადად, ადვილი ადამიანი ვარ, იმდენად რაღაც-რაღაცეებზე სერიოზულად ვბრაზდები ხოლმე. მართალია, ზოგჯერ ეს სიბრაზე, შეიძლება, მხოლოდ თხუთმეტ წუთს გაგრძელდეს, მაგრამ, საერთოდ, არ მიმაჩნია საჭიროდ, როცა ადამიანები ერთმანეთს სცილდებიან, ზედმეტი საუბრები. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ასეთ დროს „დასტოინად“ უნდა გაეცალო, ასეთ სიტუაციაში განსაკუთრებით უნდა შეინარჩუნო ღირსება. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მე ვარ განსაკუთრებული, მაგრამ, თუ შენ ოჯახის შენარჩუნება გინდა, შენ შენი მხრიდან დაიცავი ურთიერთობა. როცა ყოველთვის სხვის მიმართ გაქვს პრეტენზია, საკუთარ თავსაც ხანდახან მაინც ხომ უნდა შეხედო კრიტიკულად?! შეიძლება, ათჯერ წახვიდე ბაზარში ვაშლის საყიდლად და ათჯერვე უხარისხო ვაშლი მოიტანო?! ათჯერ გათხოვდე და ათჯერვე არც ერთი კაცი არ ვარგოდეს?! რატომ არასდროს ეკითხები საკუთარ თავს, იქნებ, შენ თვითონ არ ვარგიხარ, იქნებ, შენ გეშლება რამე? როგორ შეიძლება, ასჯერ მიხვიდე ერთსა და იმავე ადგილზე და ასჯერვე ერთი და იგივე შეცდომა დაუშვა?!
– სამომავლოდ რას გეგმავთ?
– მანამდე უფლება არ მაქვს და, თურქეთის მოქალაქეობას რომ მივიღებ, მინდა, იქაურ რადიოში გავაკეთო ნახევარსაათიანი გადაცემა, რომელიც ქართულ ცეკვებს, მათ ისტორიას მიეძღვნება. ზუსტად ვიცი, ძალიან დააინტერესებთ, თან, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არა მარტო ქართული ცეკვის, არამედ, საერთოდ, ქართული კულტურის პოპულარიზაციისა. სხვათა შორის, ჩემი ბიზნესიც დაახლოებით ამ საქმეს ემსახურება.
გარდა ამისა, ჩემი შვილი ფეხბურთს თამაშობს და აგვისტოში გადაწყდება, რომელი გუნდი აიყვანს და მოუთმენლად ველით ამ დღეს.