რატომ გაათხოვეს ცისია მეტრეველი ბაგა-ბაღში და რით იყო დასვენებული ცოლისგან ხვიჩა მაღლაკელიძე
აქ ცხოვრობენ გუნცაძეები – ჩვენც, დავაკაკუნეთ და შევედით... აღმოჩნდა, რომ სახლი საოცრად ლამაზი და მყუდროა, გუნცაძეები კი იმაზე არანაკლებ მხიარულები აღმოჩნდნენ, ვიდრე სერიალში არიან. გოგას როლის შემსრულებელი ხვიჩა მაღლაკელიძე და მისი მეუღლე ლიკა, იგივე ცისია მეტრეველი, ერთად თავს გადასარევად გრძნობენ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ განსხვავებული ადამიანები არიან.
ხვიჩა მაღლაკელიძე: არ მინდა ეს ლაპარაკები, მორჩა, დღეს ვიქნები საშინლად მოწყენილი, ცუდ ხასიათზე და ვილაპარაკებ მსოფლიოს ეკონომიკურ პრობლემებზე!
ცისია მეტრეველი: ხედავ, თურმე რა კარგად გრძნობ გადასაღებ მოედანზე თავს, იქ ეკონომიკაზე საუბარი არ გინდება, აქ კი სულ წუწუნებ – ცუდ ხასიათზე ვიქნებიო, ქუსლს მირჭობო...
– მოდი, თავიდან ის მითხარით, როგორ შეიქმნა თქვენი ასეთი უცნაური წყვილი?
– ხვიჩას მაგივრადაც ვიტყვი, რადგან, ვიცი, ასე იყო. ჩვენი გმირები რომ ასეთები უნდა ყოფილიყვნენ, ეს თავიდანვე ჩაფიქრებული იყო. ქასთინგები ძალიან დიდხანს მიმდინარეობდა. როდესაც პილოტის ჩაწერაზე მოვედი, სწორედ ხვიჩასთან ერთად ჩავწერეთ პილოტი, დაგვირეკეს დაგამტკიცეთო და მოვედით. ორ-სამ დღეში გადაღებები დავიწყეთ კიდეც. „ტეენტეზე“ გადიოდა მსგავსი ტიპის სერიალი, ბუკინების ოჯახზე, რომელსაც ერქვა „შასლივიე ვმესტე“...
ხვიჩა: „შასლივიე ვმესტე და შტო ჟე ს ტაბოი“ (იცინიან). ინგლისურად ჰქვია ძალიან მაგრად – „მერიდ ვიზ ჩილდრენ“. რატომ ჰქვია ასეთი საშინელი სახელი – არ მესმის.
ცისია: ყოველთვის ვუყურებდი ამ სერიალს, ძალიან სახალისო იყო, კარგი რუსული იუმორით.
ხვიჩა: ჩემთან „აზტივის“ იჭერს და „აზტივიზე“ ვუყურებდი აზერბაიჯანულ ვერსიას, ძალიან კარგი იყო: „გულანსარ სერჯუნალასიტ სინ ჯუნალარ“, რომ იტყოდა დილით ოთახიდან გამოსული იქაური გოგა, აჰმედი (იცინიან). მეჰმულე ერქვა ცოლს. არა ვხუმრობ, რეალურად, ჩემი შვილის გადამკიდე, ზეპირად ვიცი რუსული ვერსია. ჩემმა შვილმა თავიდან ბოლომდე ზეპირად იცის და, ისე უხარია, რომ სწორედ ამ სერიალში ვთამაშობ, სცენარი სულ ზეპირად აქვს ნასწავლი.
ცისია: უსაყვარლესია. აქ მოდის ხოლმე და ხვიჩას ტექსტებს უსწორებს.
– სანამ სერიალის ოჯახზე გავაგრძელებთ საუბარს, მითხარით, რეალურად რა ხდება თქვენს ოჯახებში?
– თექვსმეტი წელია, რაც გათხოვილი ვარ. უფროსი შვილი მეათე კლასშია, უმცროსი – მეშვიდეში.
ხვიჩა: აკვანში იყო რომ გათხოვდა. უფრო სწორად, ეს ბაგაში და ქმარი – ბაღში (იცინიან). უფროსია მასზე და პრობლემა ჰქონდათ, ასე უფროსს როგორ გავაყოლოთო (იცინიან).
ცისია: ცოტნე და თორნიკე სპორტსმენები, ფეხბურთელები არიან, მაგრამ სერიალს უყურებენ, აინტერესებთ.
ხვიჩა: მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელები არიან, სერიალსაც უყურებენ (იცინიან).
ცისია: სერიალი და ფეხბურთი ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, სულ ამაზე მიდის ლაპარაკი. ხვიჩა საშინელი გულშემატკივარია. ხვიჩა ტიფოზი ხარ?
ხვიჩა: ტიფოზი რა ჯანდაბაა?
ცისია: იტალიის ნაკრების გულშემატკივარი – ასე უწოდებენ.
ხვიჩა: ტიფოზი ვიცი მე ტიფი, ყვითელი რომ ხდები და სუსტი (იცინიან). რაც შეეხება ჩემო კარგო, ჩემს ოჯახს, სერიალის რუსული ვერსია ყოველდღიურ ცხოვრებაში გვქონდა. ჩემი შვილი სულ მიმჯდარი იყო ტელევიზორთან...
– გოგო?
– რვა წლის ბიჭი. არა, კაცად ვზრდი, რა თქმა უნდა (იცინიან). სერიალებს რატომ ვაყურებინებ, იცი?! მტრად უნდა გაზარდო და მოყვარედ გამოგადგებაო, ამიტომ, ძალით ვაყურებინებ, ამით ვაწვალებ, რომ მერე გამომადგეს. ისეთი ბედნიერია, მამამ მისი კუმირის, გენა ბუკინის, როლი რომ შეასრულა. მე რომ გენა ბუკინი ვითამაშე, ისე უხარია, თითქოს ჰარი პოტერი მეთამაშოს (იცინიან). ჭკუაზე არაა ბავშვი! სახლში შესული არ ვარ – ჩუსტები მოაქვს, ხელისგულზე მატარებს შვილი – აბა, მამიკო, ოღონდ არ დაიღალო და ოღონდ რამე არ გეტკინოსო. პრინციპში, სერიალშიც ასეა. სახლში შემოვდივარ თუ არა, ჩემი და ლიკას შვილები შემომეგებებიან: „მამი, დაიღალე, ხომ?“ – რატომ?! იმიტომ, რომ ფული უნდათ. მერე ერთი ხუთ ლარს, მეორე ოც ლარს მომთხოვს – ესეც „სტავკაა“.
– სახლში რამდენია „სტავკა“?
– იქ მეტია, იზრდება „სტავკები“. სახლი კინო არ არის (იცინიან), ინფლაციაა სახლში, დოლარი გაძვირდა, მაწონი. აქაც სულ მაწონს ვეძებ. კარგია მაწონი, რა გინდა, კარგი „იჟოგა“ იცის, ოჯახის „იჟოგა“.
– ამბობენ, გუნცაძეების ოჯახი ძალიან ჰგავს ტიპურ ქართულ ოჯახს...
ცისია: იცი რა, პროტოტიპები არ აგვიღია კონკრეტული ადამიანებისგან, მაგრამ სხვადასხვა რაღაცეები აღებული გვაქვს.
ხვიჩა: მე ვიცი ასეთი ოჯახები და მათგან ვიღებ კიდეც პატარ-პატარა ნიუანსებს: საუბრის სტილი, მანერები... თუნდაც ელემენტარული ავიღოთ – დაღლილი ქართველი ოჯახში სულ სხვანაირად შევა და რუსი – სულ სხვანაირად. რუსი, ჯერ ერთი, დაღლილი საერთოდ ვერ შედის, ფორთხვით უნდა შევიდეს გატიალებული მთვრალი, მანამდე ჩანაფსამი უნდა ჰქონდეს სადარბაზოში (იცინიან). ქართველი კი ამაყად შედის და მერე იფსამს და ფორთხავს. გაიგე?! არის ამაში განსხვავება: სახლში მიაქვს, ბოლომდე, რავა დატოვებს სადმე?! მერე, ამ „დაღლილ“ ადამიანს რუსი ცოლი სულ სხვანაირად ხვდება – საქმეში შედის „პოლის ჯოხი“, „გრელკა“. „გრელკით“ უცემიხარ ვინმეს? საშინელებაა. ქართულ ვარიანტში ცოლი ქმარს, მაქსიმუმ მაგიდის გადასაწმენდი „ტილოთი“ შეიძლება გაუსწორდეს. აუ, მაგარი მწარე ყოფილა ეგეც, ფუნჩხები რომ აქვს და ზურგს რომ აგიწვავს. იმის თქმა მინდა, რომ ქართული კონფლიქტი სულ სხვანაირია. ჩვენს სერიალის ოჯახში სულ კონფლიქტებია.
– თუმცა, ქართულ ოჯახებშიც ბევრი ჩხუბია.
ცისია: დიახ, ოღონდ, ჩვენი კონფლიქტები იუმორისტულია. ჯერჯერობით ცემამდე და სადიზმამდე არ მივსულვართ.
ხვიჩა: ჯერ რა იცი, ადამიანო, აცადე რეჟისორს!
ცისია: ტიპური ამბები გვაქვს – გოგას სულ შია, მე კი სულ ფრჩხილებს ვიქლიბავ, სულ თავის მოვლით ვარ დაკავებული.
ხვიჩა: თავიდან ნამდვილი ქლიბი მისცეს და იმდენი დუბლი გადავიღეთ ფრჩხილები აღარ შერჩა ზედ (იცინიან). წეღანაც, ლუდს ვსვამდი ერთ სცენაში. ნამდვილი ლუდი მომცეს და იმდენი დუბლი გადავიღეთ, ჩავედი ბოლომდე, მოვკვდი ბოყინით კაცი (იცინიან), საშინელება იყო.
– ცოლი არის საოცრად ტემპერამენტიანი.
– დაუოკებელი.
– არადა, ქართველი მამაკაცები სულ იმაზე წუწუნებენ...
– რომ ცოლები არ „აძლევენ“?! (იცინიან).
– დაახლოებით. ანუ, იმიტომაც გვყავს საყვარლები, ცოლები პასიურები არიანო.
– არაა ეგ მართალი. ძველი მეგრული „პასლოვიცა“ კი არა, შეგონებაა: რომელი ჯობია, ცოლი თუ საყვარელიო და – სათაურს დააკვირდიო (იცინიან) – ამაშია ამბავი. რა შუაშია აქ ცოლის პასიურობა. საერთოდ, ქართველი კაცი ბუნებით კოლექციონერია – უყვარს ნადირობა, თევზაობა, აგროვებს. იგივეა ქალებზე: გასინჯა ქალი დამთავრდა. აბა, „კუხნიდან“ რომ ქალს წაათრევ ლოგინში, სხვა მუღამი აქვს, „ფართუკიდან“ ქინძისა და ქონდრის სუნი რომ ასდის (იცინიან).
ცისია: არა, ასე, მგონი, აღარ ხდება. ქალები უფრო მეტს ფიქრობენ თავის მოვლაზე და კაცებსაც ცოლები მხოლოდ საჭმელების გასაკეთებლად არ სჭირდებათ. პროცენტულად, უმრავლესობა ასეა.
ხვიჩა: დედაა! სად ცხოვრობ, გოგო, შენ?! აი, იმის ბრალია, ფეხბურთის მეტი არაფერი რომ არ გაინტერესებს!
ცისია: დავიწყო ჩემი ლიტერატურულ-ფილოსოფიური?! ფარნავაზიდან მოყოლებული...
ხვიჩა: ფარნავაზის დროსაც იყო ბოზობა! არა?
ცისია: მაშინ იყო მსხვერპლშეწირვა (იცინიან).
ხვიჩა: როგორ ვიყავით თორმეტი მილიონი მეთორმეტე საუკუნეში?! (იცინიან).
– რა ქნას ქალმა? თქვენ რომ სადილი გაგიკეთოთ, იმისთვის ასდის თითებზე ქინძის სუნი.
– მართალი ხარ, რა ქნას? რომ ვჩაგრავთ, გენაცვალე, ქართველი კაცები ცოლებს, ზოგადად ვამბობ ამას, რა თქმა უნდა, იმიტომაც არის ყველა ქვეყნის ექსპოში გამოფენილი ქართული სუნელები, საჭმელები, საცივები, ტყემლები... რატომ?! – ქალმა იცის ეს ყველაფერი. კაცის გაკეთებული ვიცი ტაფამწვარი ორი კვერცხით.
ცისია: ასე გლობალურად თუ გაყვებით მაშინ დედაბოძი, დედამიწა, დედაქალაქი – ყველაფერი ქალზეა.
ხვიჩა: ერთი მამამიფსმული ვიცი და ეგაა (იცინიან). მიაფსი მამაშენს კისერში – ესეც ვიცი.
– როგორი უნდა იყოს იდეალური ცოლი?
– პლასტმასის. გასაბერი არა – იმას ეჩალიჩე ახლა კიდევ და ბერე ყოველდღე! გამზადებული უნდა იყოს, ჩამოსხმული და არ უნდა ლაპარაკობდეს. კაცს საერთოდ არ უყვარს მოსმენა, უყვარს, მას რომ უსმენენ. მართალია, მე ბევრს ვლაპარაკობ და ცისიამ ისე შემომხედა, დიდი მარკერით ხაზი გამისვა წელს ქვემოთ, მაგრამ, მაინც ასეა – ცოლი ბევრს ლაპარაკობს.
ცისია: კაცები ნამეტანი აკეთებთ აპელირებას რაღაცეებზე, სულ ასეც არაა.
ხვიჩა: ჩემი ცოლი ნახევრად რუსია. ერთი ხუთი წელი ოჯახში დასვენებული ვიყავი, დედამთილ-მამამთილს შორის ისეთი დალაგებული და ჰარმონიული ურთიერთობა იყო, გადაირეოდით. იმგენმა რუსული არ იცოდნენ, ამან – ქართული. მერე მთლად უარესი მოხდა. ჩემი და ცოლად გაჰყვა გერმანელს, ჰაინს ივე მიულერს. ისეთი ურთიერთობა გვაქვს ოჯახში, დატკბები ჩვენი ყურებით. მეც კი ვისწავლე გერმანული საქსონიური დიალექტით. ასეა ოჯახური ამბები, ჩემო კარგო. ახლა, სხვათა შორის, მეორე შვილს ველოდები, ამ გაგანია სერიალობაში როდის მოვასწარი, არ ვიცი (იცინიან).
– „იუმორინაში“ ისევ ჩვეულებრივად განაგრძობთ მუშაობას?
– დიახ. ძალიან ბევრ საქმეს ვარ მოდებული. ოფიციალურად, შემოქმედებითი „პუტანკა“ გახლავართ – ვაკეთებ იმას, რაც სხვას უნდა და იმ პოზაში, რა პოზაშიც სხვა გიბრძანებს.
ცისია: ასეც არ არის. მერე ეს შენც ხომ განიჭებს სიამოვნებას?
ხვიჩა: ჰოდა, ე ბიჭო, „პუტანკა“ ვარ-მეთქი, ამიტომ ვამბობ – ისიც ადამიანია და ხანდახან იმასაც სიამოვნებს.
ცისია: ოღონდ, ხანდახან. ახლა, „თბილისელებთან“ რომ გაქვს ინტერვიუ, თბილისელი ხარ?
ხვიჩა: მე არა, ჩემი ბავშვი (იცინიან). მე ბათუმელი ვარ, იქ დაბადებულ-გაზრდილი. იქ ავიდგი ფეხი, იქ ვისწავლე ვირთხების ჭერა, გიტარაზე დაკვრა და ყველაფერი. მერე იქ გაზრდილი, ზღვით ნაფერები და მარილით გაჟღენთილი, მოვევლინე რა მუნ თვისისა ქვაბსა შინა თბილისსა, მუნ ზედა...
– ძალიან კარგი წყვილი შედგა თქვენგან.
ცისია: მართლა?! ძალიან მიხარია, რადგან ამას ამბობთ, ესე იგი შევდექით და შევუდექით კიდეც შემოქმედებით საქმიანობას.
ხვიჩა: ეს თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, იმდენად თავიდანვე, რომ ჯერ დაბადებულიც არ იყო. თავიდანვე იცოდნენ, რომ ეს გახდებოდა „დვა ტრიცატ“, მე კიდევ – მეტრა და ხუთი და ჩვენ ერთად უნდა ვყოფილიყავით ეკრანზე.
– მოგწონთ მაღალი ქალები?
– ზემოთ ყურება მიჭირს, თორემ, ისე, ქალი ყველანაირი კარგია – დაბალიც, მაღალიც, ჰორიზონტალურადაც და ვერტიკალურადაც. დაჟე, რომელი ქალი მიყვარს იცი?! ქუჩაში რომ დადის და ხაჭაპურს ყიდის – ისიც ქალია, თავისი უამრავი პრობლემით და ისიც ძალიან საყვარელი – ამას მთელი გულით ვამბობ.
– ესე იგი მთელი ზაფხული მუშაობთ?
ცისია: კი, ტყავაიე, ტყავაიე...
ხვიჩა: დღავაიე, დღავაიე რაია?
ცისია: (იცინიან) ვმუშაობთ, ვმუშაობთ – ფრანგულად.
ხვიჩა: ტ, ყ და, მოკლედ, გადავტყავდით ამ მუშაობაში.