რის საშუალებას აძლევს მაყურებელს ვასიკო ოდიშვილის „აბები“ და როგორია „ვასიკომიცინი“
ცნობილი შოუმენი, მსახიობი და პოპულარული ტელესახე ვასიკო ოდიშვილი, ადრე თუ კულინარიული მიღწევებით და ლოტოს გათამაშებით ახარებდა მაყურებელს, ახლა მან ამპლუა შეიცვალა და სატირულ-პოლიტიკურ ამბებს არიგებს ხელგაშლილად. მაინც როგორი პიროვნებაა კადრს მიღმა ვასიკო ოდიშვილი და გამოსადეგია თუ არა მისი აბები, ამას მისგან შევიტყობთ.
– ვასიკო, რა გზა გაიარეთ, სანამ პოპულარული ტელესახე გახდებოდით?
– მიზნად არასოდეს დამისახავს, პოპულარული მსახიობი ვყოფილიყავი. უბრალოდ, მინდოდა მეკეთებინა ჩემი საქმე. ტელევიზია ჩემი საქმე საერთოდ არ არის. ჩემი საქმე თეატრია. მაგრამ, რადგან იქაც შემიძლია და აქაც, ამიტომ ორივეგან ვარ. ისე, ვაღიარებ, რომ ტელევიზიამ უფრო მეტად მომიტანა პოპულარობა. იცით, ალბათ, რომ თეატრში იმდენ ფულს ვერ იშოვი, იმით იარსებო, თორემ სიამოვნებით ვიცხოვრებდი თეატრით და ამით დავკმაყოფილდებოდი.
– თუ კარგად მახსოვს, პირველად ტელევიზიით სკოლის ასაკში გამოჩნდით...
– ტელევიზიით პირველად 1989 წელს გამოვჩნდი, საყმაწვილო ტელევიზიის პირველი თაობა გახლდით. მაგრამ, ცხადია, პოპულარობა „მაესტრომ“ მომიტანა. ადრე „მაესტროზე“ „ჩაძირობანა“ და „ლოტო მაესტროც“ მიმყავდა. აზარტული თამაში იყო, ხალხი რეკავდა და რაღაცეებს იგებდა. ძალიან ბევრ ტელემაყურებელს ჰგონია, რომ ჩემი საქმე სიცილი და მხიარულებაა. მათ არ უნახავთ ჩემ მიერ განსახიერებული როლები სპექტაკლებში „ელენეს პროცესი“, „შეხვედრის ადგილი“, სადაც საკმაოდ მძიმე როლებს ვთამაშობ. ზოგადად, მსახიობმა ყველა როლი უნდა მოირგოს, მაშინაა მსახიობი, თორემ ერთი ამპლუა და კლიშე, გაუგებარ ვითარებაში ჩააყენებს თავად მას.
– ცხადია, სასიამოვნოა, როცა ყურადღების ცენტრში ხარ და მუდამ ტელეეკრანზე ჩანხარ...
– ყურადღების ცენტრში ყოფნა ყველა მსახიობს უყვარს, პოპულარობა მსახიობის მიზანიც უნდა იყოს. პრინციპში, უნდა გითხრა, რომ მიჩვევა იცისო, ტყუილია. მსახიობების 99 პროცენტი კადრში ცუდია. ბევრი ნიჭიერი ადამიანი მინახავს, კადრში რომ ვერ ჯდება. მე გამიმართლა და შემიძლია ამის კეთება.
– მართლა კარგად გამოგდიოდა „რუსთავი 2-ის“ დილის გადაცემაში კულინარობა. დავიჯერო, რეალობაშიც ასეთი ხელმარჯვე ხარ?
– სამზარეულოში საერთოდ არ შევდივარ. მიყვარს, როცა მომართმევენ ხოლმე საკვებს. ამიტომ, საკუთარი ხელით არაფერს ვამზადებ. თუ მარტო დავრჩი და არ მყავს ის, ვინც მომართმევს, არ გავუჭირვებ თავს და შიმშილით არ მოვკვდები. მოვახერხებ რაღაცის მომზადებას. ვინც კარგად მაკვირდებოდა სამზარეულოში, იმასაც შეამჩნევდა, რომ იქ არაფრის კეთება არ მიწევდა. სტუმარი აკეთებდა საჭმელს. თუ დავიმახსოვრებდი იმის რეცეპტს, ხომ კარგი. კულინარი ჩემგან ნამდვილად არ გამოვიდა, რადგან ყოველთვის მიყვარდა მორთმეული საჭმელი. კულინარიულ გადაცემას ოთხი წელი ვაკეთებდი. იქ ამოვწურე ჩემი თავი და მინდოდა უფრო საინტერესო გადაცემა გამეკეთებინა, დღევანდელი გადაცემა გაცილებით საინტერესოდ მიმაჩნია. ზოგადად კი, კარგია, თუ ადამიანი ერთ ადგილზე არ გაიყინება და სულ ახლის ძიებაში იქნება.
– მოდით, გადავიდეთ თქვენს ყოველდღიურ „აბებზე“, მაინც რითაა ის გამორჩეული, სხვა აბების მიღებას რომ არ გვირჩევთ?
– მიხარია, რომ ამ გადაცემას ვაკეთებ. მყავს მშვენიერი სცენარისტები, რომლებიც ტექსტს წერენ. რაც მთავარია, სიმართლის სამსახურში ვდგავარ და ვლაპარაკობთ მხოლოდ რეალობას. თემატიკა პოლიტიკურია და შესაბამისად, ძირითადად ხვდება ისეთი კატეგორიის ხალხი, ვინც პოლიტიკასთანაა კავშირში. გადაცემა „ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილთან ერთად“ პოლიტიკური სატირაა, რომელიც საინფორმაციო გამოშვებების მიხედვით იგება, რაც მოგვეწონება იმას ჩავავლებთ ხელს და ასე ვაკეთებთ გადაცემას. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, უფრო მეტი კრიტიკის ობიექტი ხელისუფლებაა, რადგან მათ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ვიდრე ოპოზიციას. თუმცა, არც ამ უკანასკნელების მიმართ ვართ ლოიალურები, ოპოზიციაც მოხვედრილა ჩვენს ინტერესთა სფეროში. გადაცემის ანონსში ცალსახად ვაცხადებ, რომ, როგორი საზოგადოებაც გვყავს, ისეთივე ხელისუფლებას ვიმსახურებთ-მეთქი, ეს მართლაც რეალურია.
– გადაცემაში „რეკლამიცინით“ ამხიარულებ მაყურებელს, თუმცა საინტერესოა, როგორია „ვასიკომიცინი“?
– მთელი გადაცემა „ვასიკომიცინი“ არაა? თუ ძალიან გაინტერესებთ, ერთად კომპლექსში – „აბები“ ჰქვია მაგ გადაცემას, რომელიც ხალხს რეალური აზროვნების საშუალებას აძლევს. უბრალოდ, ჩემი „აბები“ პოლიტიკურ-სატირული სახითაა მოწოდებული.
– როგორც ვიცი, აბიგლუკოზა ტვინის მკვებავი და აზროვნების გასაუმჯობესებელი საშუალებაა, ვასიკო ოდიშვილმა თავისი „აბები“ აბიგლუკოზას ხომ არ ჩაანაცვლა?
– არა, ჩემი აბები სხვა რამეა, მე მედიკამენტებს არ ვარიგებ და არც ექიმობას ვიჩემებ. ავადმყოფებს სჭირდებათ გლუკოზა. მე კი ჯანმრთელი კატეგორიის მაყურებელზე მაქვს ის გათვლა.
– დიდი სამეგობრო წრე გყავთ?
– დიდი არა. მყავს გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ძალიან კარგი მეგობრები არიან. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი კარგი ადამიანები არიან ჩემ გვერდით. ზოგს ნათელ-მირონიც გვაკავშირებს, ანუ მარტო მეგობრებიც აღარ ვართ. გვიყვარს ერთად მოლხენა, კარგს ვსვამთ, კარგს ვჭამთ, კარგად ვმღერით.
– კარგი თამადაც ხართ?
– ჩემზე, კარგი თამადა ნამდვილად არ ითქმის. თამადობაზე არ ვიკლავ თავს, თუმცა სასმელს არასოდეს ვიპარავ – კარგი მსმელი ვარ. თუ ვსვამ, ვსვამ ბოლომდე და, რაც მთავარია, ალკოჰოლს ვიტან. მიყვარს სუფრასთან სიმღერა. ვმღერი ხალხურსაც და ქალაქურსაც. მიყვარს მოლხენა, ფულს დიდი სიამოვნებით ვხარჯავ მეგობრებთან ერთად, ამ შემთხვევაში ღირს ჯიბის დათხელება.
– კადრს მიღმა როგორი პიროვნებაა ვასიკო ოდიშვილი?
– აბსოლუტურად ჩვეულებრივი, რეალისტი ვარ. ვცდილობ, არ ვიყო მოწყენილი და თუ მაინც ასეა, იმდენს ვახერხებ, სხვას არ გადავდო ცუდი განწყობა. იუმორთან კი ვმეგობრობ, მაგრამ როგორ გამომდის, ეს ჩემს ახლობლებს უნდა ჰკითხოთ. ისე, საკმაოდ კომუნიკაბელური ვარ. უარყოფითი თვისებებიდან იმას გამოვარჩევ, რომ ფეთქებადი ხასიათი მაქვს. სამაგიეროდ, მალე მავიწყდება ყველაფერი. გულში დიდხანს არ ვიცი ბოღმის ჩარჩენა. ჩემი აუხდენელი ოცნებაა ის, რომ მინდოდა, მფრინავი გამოვსულიყავი და არ გამომივიდა, ძალიან მიყვარს მანქანები და ოჯახის წევრები. ზოგჯერ მინდა, სამოგზაუროდ წასვლაც, მაგრამ ამდენი ფული, სამწუხაროდ, არ მაქვს.