რატომ დაუმალა წყობიდან გამოსულმა გიორგი უშიკიშვილმა თავისი ვინაობა ტაქსის მძღოლს და რატომ ვერ “აბამს„ ძმაკაცებს უცხოელი “ნაშებისთვის„
გიორგი უშიკიშვილი ის გამონაკლისი კახელია, რომელსაც ორიგინალური და სართულებიანი გინება არ სჩვევია. მისთვის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ქართული ძირძველი ფესვები, სიმღერა, ეროვნული კულტურა და ხალხური შემოქმედებაა. გიორგიმ, საკუთარი ნიჭის წყალობით, არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელების გულის მოგებაც შეძლო. ხშირად, უცხოეთში ჩასულს, კურიოზულ სიტუაციებშიც უხდება ყოფნა, სადაც კახური იუმორი ნამდვილად შველის.
გიორგი უშიკიშვილი: უხერხულ სიტუაციებში იშვიათად ვხვდები, მაგრამ, კურიოზულ სიტუაციებში – შედარებით ხშირად. კახელი ვარ და, ხალასი იუმორი რომ არ დამყოლოდა, სირცხვილი არ იქნებოდა? (იცინის).
– შენი პირველი დათრობა თუ გახსოვს და რა ხდებოდა მაშინ შენში, დატრიალდა დედამიწა მთელი სისწრაფით თუ, პირიქით, შეანელა ბრუნვა?
– ბავშვობაში კი დამილევია, მაგრამ, სერიოზულად, თბილისში რომ ჩამოვედი, მაშინ დავთვერი. არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი დათრობა. 16 წლის ვიქნებოდი. რუსთაველის გამზირზე იყო კაფე „ნიკალა“. ბიჭებმა დავლიეთ და ისე დავთვერი, გონზე არ ვიყავი. სახლში რომ მივედი, ფეხზე ძლივს ვიდექი, ლიმონის ხე გვედგა და იმას ვეხუტებოდი. დედაჩემი გადაირია: რა არის, ბიჭო, მაგ ლიმონის ხეს რომ ეხუტები, ეგ კი არ გამოგიყვანს „პახმელიაზე“, დაწექი, დაიძინეო (იცინის). მე ლიმონის მჭამელი არ ვიყავი და, ეტყობა, მთვრალი ჭკუით ვფიქრობდი, თუ ნაყოფი მჟავეა, ხეს ჩავეხუტები, იქნება ხისგან გადამედოს და გამოვფხიზლდე-მეთქი.
– ხშირად გაქვს გასტროლები უცხოეთში. როგორც ვიცი, ეს კახელი კაცი, იქ, თურმე, ევროპულად, „ტიკ-ტაკითა“ და „დიროლით“ ქეიფობ. იქნებ, ესეც გვიამბო?
– (იცინის). პრაღაში ვიყავით. თბილისში რომ მოვდიოდით, იმ დღეს, კარგად დავლიეთ ლუდი და მივირთვით სოსისი, მოკლედ, მთელი ფული დავხარჯეთ. აეროპორტში რომ მივედით, ბიჭებს სიგარეტის მოწევა მოუნდათ, გვითხრეს, აქ მოწევა აკრძალულია და მარტო კაფეში შეგიძლიათ, გააბოლოთო. მივედით კაფეში და იქ გვითხრეს, აქ ისე ვერ დაგსვამთ, რამე თუ არ აიღეთო. რაღას ვიზამდით, მოვიჩხრიკეთ ჯიბეები და იმდენი ხურდა შეგროვდა, ერთი „ტიკ-ტაკი“ რომ მოგვივიდოდა. ვიყიდეთ, შემოვუსხედით ათი ქართველი კაცი მაგიდას, დავდეთ სუფრის შუაგულში „ტიკ-ტაკი“ და „ჩავუქეიფეთ“ (იცინის). მერე ვშაყირობდით, მაგარი ის იქნებოდა, გვერდითა მაგიდიდან „დიროლი“ რომ გამოეგზავნათო. ერთხელ, ექვსი ბიჭი კორეაში ვიყავით ჩასული ფესტივალზე. ფეხბურთის ჩემპიონატი დაემთხვა. ფესტივალის ორგანიზატორი იყო ლილიპუტი, ასაკიანი კორეელი ქალბატონი. იქ ინვალიდებს ისე უყურებს საზოგადოება, როგორც სრულფასოვან ადამიანებს და საზოგადოების წევრებს. მოკლედ, მათაც მოხსნილი აქვთ კომპლექსი და თავისუფლები არიან ურთიერთობაში. ჩვენი ანსამბლის წევრია ირაკლი ჩოლოყაშვილი და, იმ ლილიპუტს არ „დაევასა“ ეს ჩვენი ირაკლი?! ისე, ლილიპუტი ეძახეთ და, გემოვნება კი ჰქონდა (იცინის). გამანდო, ეს ბიჭი მომეწონა და, იქნებ, ქართული სიტყვები მასწავლო, რომ მოვხიბლოო. ვასწავლე: ჩემი საყვარელი ბიჭი, ჩემი ლამაზი, ჩემი სიმპათიური და ასე შემდეგ. ირაკლი თავს იგიჟებდა – ლილიპუტი მინდა ახლა მეო?! მე ვეუბნებოდი, რა იყო, ბიჭო, ბოლოს და ბოლოს, დირექტორი ქალია, მერე რა, რომ ლილიპუტია, რა, ეგ ადამიანი არ არის, ვერ ხედავ, როგორ უძღვება ამხელა ფესტივალს-მეთქი?! ამაზე, ირაკლი სულ გიჟდებოდა (იცინის). ერთ დღეს, გავიხედე, მოვიდა ჩემთან ის ლილიპუტი და მთხოვა, დამეხმარე, კაცი არ ხარ, როგორმე ჩამაგდებინე ეს ბიჭი ხელში, მითხარი, რა უყვარს, სასტუმროში რომელ ნომერშია, როდის რჩება მარტოო. ვუთხარი, დაგეხმარები, კი ბატონო, რა პრობლემაა, ამა და ამ ნომერშია, უყვარს პიცა და ტკბილი რაღაცეები, იყიდე და ადი-მეთქი. გაუხარდა, მადლობა გადამიხადა და წავიდა. ეს ნათქვამი, სიმართლე გითხრათ, დამავიწყდა კიდეც, არც ირაკლისთვის მითქვამს რამე. ერთ საღამოს, ვსხედვართ ბიჭები სასტუმროს ნომერში, ვისვენებთ და, უცებ, კარზე კაკუნია. გავაღე კარი, გავიხედე, არავინაა, დავიხედე დაბლა და – ეს ქალი არ დგას ცხელ-ცხელი პიცებით, ბევრი ლუდითა და მთელი „გემრიელობებით“?! იმწუთას გამახსენდა ჩვენი საუბარი. მითხრა, – აი, როგორც დამარიგე, ისე მოვედი ირაკლისთან და შემომიშვიო. ვუთხარი, ერთი წუთით დამელოდეთ და შემოგიშვებთ-მეთქი. შევედი ოთახში და ირაკლის ვეუბნები: ახლა არ დაიწყო ასე და ისე, ის ლილიპუტი ქალი მოვიდა ძღვენით და უნდა ეს ღამე შენთან გაატაროს-მეთქი. გადაირია – არავითარ შემთხვევაში არ შემოუშვათ ნომერში, იცოდეთ, ფანჯრიდან გადავხტები, მომაშორეთ თავისი პიცებით და ლუდებითო. ვუთხარი: ამხელა ორგანიზატორ ქალს მე უარს ვერ ვეტყვი, რა მოვიმიზეზო, რატომ არ გიშვებ ნომერში, ირაკლის არ უნდა-მეთქი? მოკლედ და კონკრეტულად, ირაკლი შევარდა სააბაზანო ოთახში და გაგვაფრთხილა, მე აქ არ ვარ, შემოუშვით და, რომ ვერ დამინახავს, მალე გაბრუნდებაო. ვუთხარი, რომ გიკითხოს, რა ვუთხრათ, სად ხარო? მომიბრუნდა და მთელი სერიოზულობით მითხრა: ასე უთხარით, ირაკლი აბაზანაშია და ქართველებს ასეთი ტრადიცია გვაქვს – დილამდე ვბანაობთ და მთელი ღამე აქ ხომ არ იჯდებაო. ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ირაკლი შევიდა აბაზანაში, ჩვენ ის ქალი შემოვუშვით, გავშალეთ მისი მოტანილი პურმარილი და მთელი ღამე მოვულხინეთ. ლუდიც დავლიეთ, პიცაც დავაყოლეთ და კარგი ხალხური, მადლიანი, ქართული სიმღერაც შემოვძახეთ. თან აბაზანისკენ ვიხედებოდით – ახლა თუ ირაკლიმ ბანი მოგვცაო (იცინის). უნდა გენახათ, როგორი გამომეტყველებით იჭყიტებოდა იქიდან. აბა, რა გვექნა? ირაკლის გამო იმ მოტანილ ძღვენს უკან ხომ არ გავატანდით?
– ისე, შენი მეგობრები ამბობენ, გიორგი კარგი მაჭანკალია, მაგრამ ჩვენთვის კარგ რუსის „ნაშოჩკებს“ არ იმეტებსო. მართლა ასეა?
– მაჭანკლობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, „გაჩალიჩება“ მიყვარს ხოლმე და მერე ამაზე ბევრს ვხალისობ. ერთხელ, ალტაიში ვიყავით. გავიხედეთ, ჩამოვიდა ერთი რუსი ქალი, ძალიან მსუქანი იყო და, დაახლოებით, სამოც წლამდე ასაკის. მოეწონა ჩვენი ანსამბლის ერთ-ერთი წევრი და ეს ამბავი მე გამანდო. სასტუმროში იყო ღია აუზი და ეს ჩვენი ძმაკაცი, ყოველ დილით ადგებოდა, ჩავიდოდა აუზში და ნებივრობდა. იმ ქალმა მთხოვა, იქნებ, როგორმე შემახვედროო. მეც, ავდექი და „ჩავუშვი“ ძმაკაცი: რა შეხვედრა გინდათ, ქალბატონო, ყოველ დილით აუზში ბანაობს და იქ მიბრძანდით, მარტო იქნება და დაელაპარაკეთ-მეთქი. გავიხედეთ, დილაადრიან, გამოეწყო ეს ქალი საცურაო კოსტიუმში, ჩავიდა აუზში და მისი წონის გამო აუზიდან წყალმა ამოხეთქა (იცინის). ის ჩვენი ძმაკაცი უნდა გენახათ, იმ ქალთან ერთად სინქრონულად რომ ცურავდა და თან თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. მიხვდა, რომ ჩემი გაჩალიჩებული ამბავი იყო. მერე ვეხუმრებოდი – ბიჭო, ქალი თავისი ფეხით მოვიდა შენთან და მარტო ცურვა და შენი ხელ-ფეხის ქნევის ყურება ეყოფოდა-მეთქი?
– თავად როგორ ხიბლავ ქალებს? ორიგინალურად თუ იქცევი, მაგალითად, ფანჯარასთან ღამით თუ გიმღერია სერენადა საყვარელი გოგონასთვის, ცეცხლის გული თუ დაგინთია, ან ყვავილები თუ მოგიპარავს მისთვის მისართმევად?
– როგორ არ მიმღერია? როცა მიყვარს, ნამდვილი გიჟი ვარ და, თან – ერთგული გიჟი. თუ მიყვარს, მიყვარს ერთი და მორჩა, სხვისკენ არ ვიხედები. მეგობრებთან ერთადაც მიმღერია საყვარელი გოგონასთვის. ერთხელ, იმ გოგონას დაბადების დღე მოდიოდა, ვინც მიყვარდა. ვიფიქრე, რა გავაკეთო ისეთი გიჟური და ორიგინალური, რომ არასდროს დაავიწყდეს-მეთქი და, მოვიფიქრე: კუს ტბაზე, ტყეში, ერთი ადგილი ავარჩიე, მოვრთე სანთლებითა და ყვავილებით და ღამით ავიყვანე. გადაირია, ასეთი რამ რამ მოგაფიქრაო. თან, არ დაგავიწყდეთ, ვუმღერეთ კიდეც. ერთი ამბავი გამახსენდა სიმღერაზე და უნდა მოგიყვეთ: ერთხელ ძმაკაცმა გვთხოვა, გოგო მიყვარს და წამომყევით, კორპუსის წინ დავდგეთ და ვუმღეროთო. მივედით და აღმოჩნდა, რომ ის გოგონა მეთერთმეტე სართულზე ცხოვრობდა. იქამდე ხმას ნამდვილად ვერ მივაწვდენდით. ავდექით, ავედით მეათე სართულზე, დავდექით სადარბაზოში კიბეზე და იქ ვიმღერეთ. უნდა გენახათ, ყველა ბინის კარი ღია იყო და სიმაღლის მიხედვით დაწყობილები გვიყურებდნენ ადამიანების თავები (იცინის). იმ გოგოს კარი კი არადა არ გაიღო, ეტყობა, არ უშვებდნენ და ყური კარზე ჰქონდა მოდებული.
– ისიც გავიგე, თუ გიორგი ხასიათზე არ არის, საკუთარ ვინაობას მალავსო. ეს რაში გჭირდება?
– იშვიათად გამოვდივარ მდგომარეობიდან. ერთხელ, ბათუმში მივდიოდი მანქანით და ქობულეთში ბენზინი გამითავდა. ახლოს არ იყო ბენზინგასამართი სადგური. მეჩქარებოდა. ჩავკეტე მანქანა და ტაქსი გავაჩერე. ჩავჯექი უკან და ხმას არ ვიღებ. ტაქსის მძღოლმა ჯერ სარკიდან მიყურა, მერე მომიბრუნდა და მითხრა: თქვენ გიორგი უშიკიშვილი არ ხართო? ისე ვიყავი ნერვებმოშლილი, იმასთან საუბრის თავი არ მქონდა და ვუთხარი, არა-მეთქი. გაოცდა – როგორ კაცო, თქვენ გიორგი არ ხართო? მეც გავჯიუტდი: არა, ბატონო, არ ვარ გიორგი, და, საერთოდ, ვინ არის გიორგი უშიკიშვილი, რა ჩინ-მედლები მიიღო-მეთქი. ტაქსისტმა წარბი ასწია: კარგი, ბატონო, თუ არ ხარ, ნუ ხარ, მაგრამ, სირცხვილით როგორ ამბობ, გიორგი უშიკიშვილი ვინ არისო? – ისეთი ტონით მითხრა, ცოტა არ იყოს, შემრცხვა. ვიფიქრე, მეთქვა მაინც – ვიცი, ვინც არის და მთლად ასეთი გაუთვითცნობიერებელიც არ ვარ-მეთქი (იცინის). ხშირად კი გოგონებს, ლაშა ბუღაძეში ვეშლები ხოლმე – მაჩერებენ და მეუბნებიან, როგორ მოგვეწონა თქვენი ბოლო წიგნი, კარგი ადამიანი ხართო. მეც ვიფერებ და მადლობას ვუხდი: გაიხარეთ-მეთქი. ლაშას ვუთხარი: ერთხელაც, თუ გთხოვეს ქუჩაში – წაიმღერე, ძმაო, „გაფრინდი შავო მერცხალო“, – არ გაგიკვირდეს-მეთქი (იცინის). ამას წინათ კი მეგობარმა მთხოვა, სიგარეტი მიყიდე და ამომიტანეო. მივედი და გამყიდველმა კინაღამ მცემა (იცინის), შენ სიგარეტს როგორ მოგყიდიო, თან გამლანძღა: როგორ არ გრცხვენია, შენ როგორ ეწევი სიგარეტს, მე ვერ მოგყიდი და, სადაც გინდა, იქ იყიდეო. ბოდიშები ვუხადე. თან, იქვე ვინც იდგა, ყველა დაეთანხმა: მართალი ხართ, ქალბატონო, მაშ, აბა, ამან სიგარეტი პირში როგორ უნდა ჩაიდოსო. ასე რომ, სიგარეტის გამყიდველებს, ჩემი ნიჭის წყალობით, ბიზნესს ვუგდებ (იცინის).