ტაფით დალეული სადღეგრძელო, გაღიმებული მკვდარი, „კაპიტანი“ რეჟისორები, ქათმის გამო გადარეული სამეზობლო, მწერალს გადაკიდებული ჟურნალისტი და ზანგი მიშიკო
მსახიობი ჯემალ ღაღანიძე, თბილისში ყველას უყვარს და ყველა პატივს სცემს. 53 წელია, რუსთაველის თეატრის სცენაზე თამაშობს და ახლა 77 წლისაა. ის დღესაც აქტიურად ცხოვრობს და მოღვაწეობს, ცდილობს, თავისი საყვარელი ქალაქისთვის მაქსიმალურად დაიხარჯოს. თბილისელობა მისთვის ერთგვარი პასუხისმგებლობაც, თანამდებობაც და პატივიც არის. მას ბევრ ისეთ ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა, რომლებიც თბილისის კოლორიტებად ითვლებიან და ამ ქალაქის ისტორიაში თავისი კაცური სახელი დატოვეს. დღეს ბატონი ჯემალი მათთან გატარებულ დღეებს სიამოვნებით იხსენებს და არც თბილისური ამბების მოყოლასა და გახსენებაზე ამბობს უარს, რადგან ეს მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს და სიამაყის გრძნობასაც უათმაგებს.
მოქეიფე მოცისფრო ქიშვარდა და „სტვენით“ გადარეული მინისტრი
თბილისში რომ თამადები იყვნენ, ასეთი არც ერთმა ქალაქმა არ დაიკვეხნოს. ჩვენ, ქართველებმა ქეიფიც და დროსტარებაც განსხვავებული ვიცით. ჩემს ახალგაზრდობაში, თბილისელ მოქეიფეთა შორის გამოირჩეოდა ქიშვარდა – ცოტა მოცისფრო, კარგი მუსიკალური მონაცემისა და თამადობის უნიკალური ნიჭის მქონე ადამიანი. თუ სადმე მინისტრები, უშიშროება თუ ბობოლა საზოგადოება ქეიფობდა, ქიშვარდაც იქ იყო გამოჭიმული ყანწით ხელში, სუფრის თავში. მაგრად ცეკვავდა, კარგად გამოსდიოდა საზოგადოების გართობა და შესანიშნავად უკრავდა აკორდეონზე. ახლა რომ საქორწინო მანქანის კაპოტზე თოჯინებს ამაგრებენ ქორწილში, მაშინ ქიშვარდას სვამდნენ თავისი აკორდეონით და ასე დაკვრა-დაკვრით მიჰქროდა მანქანა, ზედ გამოწკიპულ-შემომჯდარი ქიშვარდათი, რომელიც სიმღერ-სიმღერითა და დაკვრით თავს იგიჟებდა. ერთხელაც, ქიშვარდა ისეთ სუფრასთან მოხვდა, სადაც „ემვედეს“ მინისტრი კაჭარავაც იყო. ცოტა რომ დალიეს და შეზარხოშდნენ, მინისტრი წამოხტა, დალია სადღეგრძელო და ქიშვარდას მიაძახა: აბა მიდი, ერთი შენებურად დაუკარი, მე რომ მიყვარს ის სიმღერაო. ადგა ქიშვარდა, ამოიღო ჯიბიდან „შვიშტოკი“ და ჩაჰბერა მარა, რა ჩაჰბერა. გადაირია მინისტრი, შე ასეთო და ისეთო, მაგის ხმა ყოველდღე მესმის და შენ ის დაუკარი, რასაც გამოსასვლელ დღეებში უნდა ვუსმენდეო.
ქათმის გამო წაკიდებული მეზობლები და უბნის კოლორიტი ინსპექტორი
უბნის ინსპექტორი გვყავდა. მართლაც, კოლორიტი. მას ყველა იცნობდა, პატივს სცემდა და თუ რამე გაუგებრობა ხდებოდა უბანში, იქ იყო დარჭობილი. ერთ დღესაც მეზობელი ქალები წაეკიდნენ ერთმანეთს ქათმის გამო. ერთი ამბობდა ჩემიაო, მეორე თავს იგიჟებდა, შენი კი არა, ჩემიაო. მოკლედ, სანამ ერთმანეთს გაწეწავდნენ, უბნის ინსპექტორი ჩააბეს საქმეში. ისიც მოვიდა, სრული სერიოზულობით გაეცნო ქათმის გამო ატეხილი დავის სიტუაციას და განაცხადა: არსად არ წავალ, ეზოში დავჯდები, გამოუშვით ის ქათამი და რომ მოსაღამოვდება და ჩამობნელდება, ვისკენაც წავა, მისი იქნებაო. არადა, ერთი ცხოვრობდა მესამე სართულზე, მეორე კიდევ – პირველზე. გადაირია მესამე სართულზე მცხოვრები: კაცო, გეუბნები ჩემია ეს ქათამი და მესამე სართულზე სანამ ლიფტით არ ამოვა, მანამდე არ დამიჯერებ? ხელით ჩამომყავს ყოველ დილით და მერე, საღამოს უკანვე ამყავს, ბინის მისამართს და სართულს ხომ ვერ დავაზეპირებინებო. ინსპექტორი თავისას „უბერავდა“: კაცო, ქათამმა თავისი ბინა იცის და რომ მობინდდება, თავის სახლს აუცილებლად მიაგნებს, რას მასწავლით, უმისამართო ხომ არ იქნებაო. მოკლედ, დაჯდა შუა ეზოში ინსპექტორი, ამოიღო კალამი და ფურცელი და საითკენაც ქათამი წავიდოდა, მიმართულებებს გულისყურით ინიშნავდა. შებინდდა. ქათამმა იარა, იარა და ზუსტად იმ სადარბაზომდე მივიდა და გაჩერდა, სადაც მესამე სართულზე მისი პატრონი ეგულებოდა. გაირკვა, რომ ეს ქათამი მისი იყო. მივარდა ის ქალი უბნის ინსპექტორს, უხდის მადლობებს, არის ერთ ამბავში და უცებ, ინსპექტორი ეუბნება: ქალბატონო, საქმე კი გახსნილია, მაგრამ, ამას დასველება ხომ უნდა, მთელი დღეა, აქ ვყურყუტებ, დაკალით ეს ქათამი და აღვნიშნოთო. გადაირია ის ქალი: რა უნდა დავკლა კაცო, ხომ არ გაგიჟებულხარ? ამ ქათმის გამო კინაღამ მეზობლის ქალი დავკალი და რაებს როშავო. მოკლედ, მეზობლებმა გაუშალეს სუფრა უბნის ინსპექტორს, აქეიფეს კარგად და სუფრის თავში, თამადის ადგილას, სწორედ ის ქათამი იჯდა, რომლის გამოც ატყდა მთელი ამბავი. ასეთი რამ მარტო თბილისში თუ მოხდება, თორემ სხვაგან მსგავსს მოიფიქრებენ?
ენაკვიმატი მწერალი და კუდში მადევარი ჟურნალისტი
ერთ ჟურნალისტ გოგონას ძალიან უნდოდა ირაკლი აბაშიძისგან ინტერვიუს აღება. ბევრი ეცადა, მაგრამ ვერაფრით დაითანხმა. ერთხელაც, ირაკლი, სხვა მწერლებთან ერთად, სასტუმროში ქეიფობდა. იმ ჟურნალისტმა გაიგო ეს ამბავი და იქ მიაკითხა. „ეტაჟნიცას“ სთხოვა, იქნებ საქმე ჩამიწყო და ირაკლი აბაშიძესთან შემახვედრო, ვიცი აქ არის და შენი იმედი მაქვსო. ჯერ იუარა „ეტაჟნიცა“ ქალმა, აქ არ არისო, მაგრამ ვერ დაარწმუნა ჟურნალისტი და უთხრა, კარგი ბატონო, მივალ და ვეტყვი, იქნებ ასე მოგიშორო თავიდანო. მოკლედ, მივიდა და მწერალს პირდაპირ უთხრა: რა ვქნა, ბატონო ირაკლი, გმალეთ, გმალეთ და ვერ დაგმალეთ. ჟურნალისტი გოგონაა მოსული, თქვენთან შეხვედრა უნდა და მე ვეღარ დაგმალავთ, შემჭამა ქალი, შეხვდით და უთხარით რამეო. ადგა ირაკლი, მოუბოდიშა სუფრის წევრებს და უთხრა: გავალ ორი წუთით და მალე დავბრუნდებიო. კარში რომ გადიოდა, გოგლა ლეონიძემ მიაძახა: ირაკლი, გელოდებით, უშენოდ არ დავლევთ სადღეგრძელოს და თუ შეძლებ, უკან დაბრუნდიო. ირაკლის ჩაეცინა: მოიცა კაცო, თუ შევძლებ, უკან დამბრუნებლის დედა ვატირეო.
გაბახებული მსახიობი და როლში შეჭრილი ზანგი მიშიკო
„კავკასიურ ცარცის წრეს“ ვთამაშობდით მეხიკოში. მიშიკოს როლზე პატარა ბიჭი გვყავდა, მაგრამ კომუნისტების დროს, უცხოეთში არ შეიძლებოდა არასრულწლოვანი მსახიობის გაყვანა. სადაც მივდიოდით, იქ ვიყვანდით ამ როლზე ბავშვს. რეპეტიციას ამ ბავშვისთვის გავდიოდით ხოლმე უცხოეთში, რომ სცოდნოდა – რა ეთამაშა, როდის რა ექნა და სცენაზე როგორ მოქცეულიყო. მეხიკოშიც, თეატრის მენეჯერმა უთხრა რობიკო სტურუას, წავალ და ისეთ ბიჭს მოვიყვან, ამ როლზე რომ გამოგადგებათო. გავიხედეთ, მოჰყავს, მაღალი, ზანგი მიშიკო. გადავირიეთ, შევიცხადეთ: რა არის კაცო ეს, ჩვენი მიშიკო თეთრია, ეს შავი, აყლაყუდა ზანგი რად გვინდაო. მენეჯერი მიუბრუნდა რობიკოს და უთხრა: ბატონო რობერტ, ამის მამა გვაფინანსებს და ძალიან გთხოვთ, ერთ სპექტაკლში ათამაშეთ, რა მოხდება, ქვეყანა ხომ არ დაიქცევაო. ჯანდაბასო იფიქრა რობიკომ და გავიარეთ რეპეტიციები. სპექტაკლში, იზა გიგოშვილი თამაშობდა მიშიკოს დედის როლს. ერთი სიტყვით, დაიწყო სპექტაკლი, ვართ როლებში შეჭრილი, იზა გართხმულია სცენაზე, რამაზ ჩხიკვაძე ეუბნება მიშიკოს, მიდი, დედაშენთანო. ისიც უნდა გაქცეულიყო განცდით და ზემოდან მოხვეოდა ძირს გართხმულ დედას. გავიხედეთ, მივარდა ის ზანგი და ზემოდან მოაჯდა იზას. გავშრით, ვერ მივხვდით რა გვექნა და უცებ, რამაზ ჩხიკვაძემ ატეხა ყვირილი: ეს რა გვიქნეს კაცო, ამ უცხო მხარეში, მსახიობი არ გაგვიბახესო?! ვეცით რამაზს: გაჩუმდი კაცო, დარბაზში ვინმე ჯიგიტი თბილისელი არ იჯდეს, ამ შუაგულ მეხიკოში ნუ ჩაადენინებ ზანგის ცოდვასო.
გადარეული მსახიობები და ტაფებით გამართული ქეიფი
თბილისში, იპოდრომზე იყო განთქმული სასადილო. უგემრიელეს საჭმელებს ამზადებდნენ. ერთხელ, ბიჭიკო ჩხეიძემ და ბუხუტი ზაქარიაძემ, რეპეტიციის შემდეგ, საღამოს, მთხოვეს: მოქოქე ჯემალ მანქანა, წავიდეთ სასადილოში, იპოდრომზე და ერთი მაგრად ჩავუქეიფოთო. მივედით თუ არა, ბიჭიკომ და ბუხუტიმ შეყვეს თავები სამზარეულოს „ფორთოჩკაში“ და მზარეულს უთხრეს: მოგვეცი ერთი ტაფა და ორი ქვაბიო. გადაირია მზარეული: თქვენ აქ საქეიფოდ მოხვედით თუ ჯამ-ჭურჭლის სანახავად, რად გინდათო? ჩაეცინათ: მოიტა და ჩვენ ვიცით, რასაც ვიზამთ, თან სუფრა გაშალეთ, ოღონდ ჭიქები არ დადგათ მაგიდაზეო. გაშალეს სუფრა და თან ქვაბი და ტაფა მოაყოლეს. ადგა ბუხუტი, ჩაასხა ტაფაში ღვინო, თქვა სადღეგრძელო, დალია და დაჯდა. ადგა ბიჭიკო, ჩაასხა ქვაბში ღვინო, მანაც თქვა სადღეგრძელო, მოიყუდა ქვაბი, გამოცალა და დაჯდა. მზარეული გადაირია: ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი რამ არსად მინახავს, ეს ქართველები რას არ მოიგონებთ, კაცო, აქამდე ვიცოდი, რომ ქვაბში საჭმელი უნდა გამეკეთებინა და ეს მსახიობები რა უცნაური ვინმეები ხართ, დროზე დაასხით და დალიეთ, სანამ მშიერი დამრჩა სტუმრებიო.
ჩაშლილი პანაშვიდი და გაღიმებული მიცვალებული
მსახიობი იპოლიტე ხვიჩია წუწუნებდა ხოლმე: ეს რა დღეში ჩავვარდი, პანაშვიდზე ვეღარ მივსულვარ, რომ დამინახავენ, ჭირისუფალიც კი სიცილით იგუდება, ამიტომ, თავს ვარიდებ იქ მისვლას, რომ პროცესი არ ჩავშალოო; ერთხელაც, „ფეოლას“ გადაღებების დროს, ერთ-ერთი ბავშვის მშობელი მოვიდა და იპოლიტეს სთხოვა: ბაბუა მომიკვდა და ძალიან გთხოვთ, დამდეთ პატივი, მობრძანდით პანაშვიდზე და დამაფასეთო. მოკლედ, დაპატიჟა ბაბუის პანაშვიდზე. გამოგვიგზავნა მთელს გადამღებ ჯგუფს პატარა „პაზიკი“ ავტობუსი, ჩავსხედით და მივედით. იპოლიტემ უთხრა მძღოლს: თუ ძმა ხარ, მთლად კარებამდე ნუ მიგვიყვან, ცოტა შორს გააჩერე ავტობუსი, რომ „ვენოკით“ ხელში ფეხით გავიაროთ და როგორც საჭიროა, ისე მივაგოთ ცხონებულს პატივიო. მოკლედ, დაგვალაგა იპოლიტემ სიმაღლისდა მიხედვით. მერე ისე შემოგვაბრუნა, რომ დაბლები წინ წასულიყვნენ და რასაკვირველია, წინ თავად მოექცა. შევედით ეზოში და ატყდა ფხუკუნი. ხალხი ხელს იშვერს იპოლიტესკენ და იგუდებიან სიცილით. არ შევიმჩნიეთ, დავიყენეთ სამგლოვიარო სახეები და ავუყევით კიბეს. შედგა თუ არა ოთახში იპოლიტემ ფეხი და იყვირა ჭირისუფალმა: დედა, ეს ვინ მოვიდა, იპოლიტე შენ შემოგევლე... სევასტი ადექი, ასე უნდა სტუმრის დახვედრა, შე უნამუსო? ის მაინც არ გახსოვს „ბურთი და მოედანი“ ტრუსიკში რომ დარბის?... ატყდა ხორხოცი. ერთი კი გავიფიქრე, ნეტა, ხომ არ გვაშაყირებენ და სცენა ხომ არ დადგეს-მეთქი, მაგრამ მიცვალებული ისე იწვა, არ განძრეულა. მერე ვშაყირობდით: ეს რა ჩაიდინე, იპოლიტე, ის მიცვალებული პატიოსნად იწვა და შენ რომ შეხვედი და გავხედეთ, არ იცინოდა? როგორ ჩაშალე პანაშვიდიო. ამის შემდეგ, იპოლიტეს ფეხი პანაშვიდზე არ ყოფილა.
ნიაზ დიასამიძე და მომავალი რეჟისორი „კაპიტანი“ აბიტურიენტები
ზაფხულია. თეატრალურ ინსტიტუტში საგამოცდო ციებ-ცხელებაა. აბიტურიენტები დგანან და ელოდებიან, როდის გამოიძახებენ გამოცდაზე. უცებ, ჩამოიარა ნიაზ დიასამიძემ და ამდენი ახალგაზრდა რომ დაინახა შეკრებილი, იკითხა, რა ხდებაო. უთხრეს: თეატრალურში ვაბარებთ და გამოცდის დაწყებას ველოდებითო. ნიაზი დაფიქრდა და ჰკითხა ერთ აბიტურიენტს: ბიძია, რაზე აბარებო. იმანაც უპასუხა: სარეჟისოროზეო. ნიაზი ჩაეძია: მერე, დიდი კონკურსიაო? აბიტურიენტმაც უპასუხა: ჰო, დიდი კონკურსია? სულ ოთხი კაცი უნდა მიიღონო. ნიაზს გაეცინა: ბიძია, ეს ინსტიტუტი კი არა ნავი ყოფილაო.