ღამის საჩუქარი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26(496)
ლიკამ ქმარს ცოტა ადროვა, მაგრამ ლაშამ კომოდის მეორე უჯრაც თავდაყირა რომ დააყენა, ნერვებმა უმტყუნა.
– რას ეძებ? იქნებ დაგვდო პატივი და აგვიხსნა. არ გესმის? შენ გეკითხები!
– როცა ვიპოვი, გეტყვი, – მოკლედ მიუგო ლაშამ და უჯრებში ქექვა განაგრძო.
– მიდი, მიდი, ამოატრიალე ყველაფერი, რა გენაღვლება! ფეხებზე არ გკიდია ჩემი დალაგებული? შენ არც დრო გეხარჯება და არც ენერგია. აქ არ გყავარ უფასო მოსამსახურე? იცი, რომ შენი დასალაგებელი არ გახდება. აი, რატომ ხარ უსინდისო და რატომ მაღიზიანებს შენი უპასუხისმგებლობა.
ლაშამ ჩაიცინა და, ისე, რომ უჯრებიდან თავი არ ამოუყვია, ცოლს გამოეპასუხა:
– უცნაური ვინმე ხარ. მე რაღაცას ვეძებ, ეს ჩემს პასუხისმგებლობასთან რა კავშირშია? რაც შეეხება დალაგებას, ამ კომოდის უჯრებში არასდროს ყოფილა იდეალური წესრიგი.
– როგორ არ გრცხვენია, მაგას რომ ამბობ. როგორ არ გრცხვენია! – საავდროდ გამზადებული ღრუბელივით მოიქუფრა ლიკა და აფშლუკუნდა.
– უფრო ხმამაღლა იტირე! დედაშენი ჯერ არ წასულა, გაიგონებს და შენს საშველად მოსვლას არ დააყოვნებს.
ლიკა გააცეცხლა ქმრის ირონიით ნათქვამმა სიტყვებმა, წამოხტა და ფეხების ბაკუნით შეჰყვირა:
– სულელი ვარ, ნამდვილი სულელი! დედაჩემსაც სულ ტყუილად დავუჯერე. შენ ასეთი ხარ, ცივსისხლიანი და გულქვა, არც შეიცვლები. არაფრის იმედი არ უნდა მქონდეს. ამიტომ, სანამ დრო მაქვს, სანამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, უნდა გავასწრო!
– ძალიან გთხოვ ნუ ყვირი, და დამშვიდდი. მეზობლებს შეაშინებ, ბავშვზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
– ბავშვს ნუ იყენებ. ჩემი შვილიც არის და სხვათა შორის, შენზე მეტადაც მიყვარს!
– ძალიან კარგი, თუ ასეა. მაშინ, დამანახვე, რომ გიყვარს. შეწყვიტე ეს ისტერიკა და ნორმალური ადამიანებივით დავილაპარაკოთ.
– შენ ხარ ნორმალური ადამიანი? – შეუყვირა ცოლმა მტრულად, ლაშამ ხელები გაშალა.
– ხომ ვცდილობ მაინც. თან, შენი იმედიც მაქვს. ქალბატონ ლიანასაც დავუძახოთ და მშვიდად მითხარი, რა კონკრეტული პრეტენზია გაქვს. თუ განქორწინება გინდა, მიიღებ, ვატოს გეფიცები!
– ვატოს თავი დაანებე! – ისტერიკულად იკივლა ლიკამ, – თავი დაანებე-მეთქი! ვერ გიტან! რომ იცოდე, როგორ ვერ გიტან...
– ვიცი, რომ ამას გულით არ ამბობ, ამიტომ გპატიობ.
– არაფერში მჭირდება შენი პატიება. დედაჩემს კი, ტყუილად ნუ ჩარევ ჩვენს ურთიერთობაში, რომ მერე მას გადააბრალო, ცოლთან საერთო ენა ვერ გამოვნახეო.
– არავის არაფერს არ დავაბრალებ, ნუ გეშინია, – ლაშამ იატაკზე დაგდებული დეკორატიული ბალიში აიღო და დივანზე დადო, – ჩემს პასპორტს ვეძებდი.
– რა? – ლიკამ ქმარს დაბნეული მზერა მიაპყრო.
– პასპორტს ვეძებდი. ვადაგასული არ უნდა იყოს. სამუშაოდ წავალ და გამოგიგზავნით ფულს. უნდა დაგიმტკიცო, რომ შენს ხარჯზე ცხოვრებას არ ვაპირებ!
ლიკამ ტუჩები მაგრად მოკუმა და ნერვიულობისგან საკუთარ თითებს დაუწყო წვალება. ლაშამ ისეთივე მშვიდი ტონით განაგრძო:
– მგონი, ეს ჩვენს სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია. ყოველ შემთხვევაში, მე მეტი ვერაფერი მოვიფიქრე... თუმცა, კიდევ რჩება ერთი, სათადარიგო ვარიანტი.
– რა ვარიანტი? ვერაფერი გავიგე...
– შეგვიძლია, ეს ბინა გავყიდოთ.
– ბინა გავყიდოთ? მერე?
– მერე, ვალებს გადავიხდით და დარჩენილი ფულით ოროთახიან ბინას ვიყიდით გარეუბანში, შეიძლება, სამოთახიანიც მოგვივიდეს.
– ხუმრობ? კიდევ ხუმრობის გუნებაზე ხარ? ამ ყოველდღიურმა სკანდალმაც არ დაგიკარგა შაყირის სურვილი?
– არ ვხუმრობ, სერიოზულად გეუბნები.
– ბინაც შეგულებული გექნება, რადგან ასეა...
– არა, მაგრამ, ამას რა მნიშვნელობა აქვს. გლდანში შეგვიძლია ვიყიდოთ, დიდ დიღომში, ვარკეთილში ან ვაზისუბანში...
– გეყოფა! ეს უკვე მეტისმეტია! ახლავე შეწყვიტე ცირკი! კარგად იცი, რომ მე გლდანში და ვარკეთილში საცხოვრებლად შვილს არ გავიმეტებ. რაც მჭირს, ეს არ არის საკმარისი?! მოკლედ, ასე... ვატყობ, ჩვენ ვერაფერზე შევთანხმდებით, იმიტომ, რომ დიდი ხანია, ერთმანეთის საერთოდ აღარ გვესმის. სამუშაოდაც რომ არ აპირებ წასვლას, ეგეც ფაქტია. ყველაფერს იგონებ, რომ ცხოვრება გამიმწარო. ნუთუ, ფული უფრო მნიშვნელოვანია შენთვის, ვიდრე ჩვენი სიყვარული? მაგრამ, ეს მე მეგონა, რომ გიყვარდი, სინამდვილეში, არასდროს არაფერს წარმოვადგენდი შენთვის.
– მაშინ, რატომ შეგირთე ცოლად? – სინანულით ჩაილაპარაკა ლაშამ.
– არ ვიცი და არც მაინტერესებს. შენს პასპორტს კი მანდ ტყუილად ეძებ. საძინებელ ოთახშია, შენი თეთრეულის ქვეშ... – ლიკა ოთახიდან გავარდა და კარი გაიჯახუნა.
... ხომ არიან ადამიანები, რომელთათვისაც ფულის შოვნა იდეაფიქსად არის ქცეული და ცხოვრების მიზანსაც მხოლოდ ამაში ხედავენ. მერე, რა არის ამაში არაჩვეულებრივი და უჩვეულო? – იკითხავთ თქვენ და მართალიც იქნებით. სხვა რაში უნდა შეიცნო ცხოვრების ჭეშმარიტი არსი, თუ არა ფულში? უფულოდ ცხოვრებაც გვერდს აგივლის. ფული ხომ ყველა დაკეტილ კარს აღებს. საინტერესო მხოლოდ ის არის, მართლაც ასეთი მაგიური ძალა აქვს ქაღალდის ამ ნაგლეჯებს (ჰმ, ნაგლეჯებს!..) თუ ჩვენ, ადამიანებმა, მივანიჭეთ განუსაზღვრელი უფლებები და შესაძლებლობები, რასაც ახლა, ზოგჯერ ვნანობთ კიდეც. დიახ, ვნანობთ... გამოტყდით, არასდროს გიფიქრიათ თუ გინატრიათ: რა იქნებოდა, ეს ოხერი ფული საერთოდ არ არსებობდეს, მაშინ ხომ საამურად ვიცხოვრებდითო. თუმცა, როგორი იქნებოდა ფულის გარეშე ეს „საამური“ ცხოვრება, ძნელად თუ ვინმეს წარმოუდგენია.
ლაშას არასდროს უფიქრია ფულზე აღმატებით ხარისხში. მისთვის ფულს ერთი კონკრეტული დანიშნულება ჰქონდა – უნდა დაეხარჯა და ხარჯავდა კიდეც. მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თავისას ხარჯავდა და არა სხვისას. საწუწუნოდ საქმე არასდროს გახდომია. თუმცა, ხშირად არ ულხინდა. შრომა არც ეზარებოდა და არც ეთაკილებოდა. უზრუნველი ბავშვობა არ ჰქონია, არც ია-ვარდებით მოფენილ გზაზე უვლია. პირიქით, დინების საწინააღმდეგოდაც ხშირად უწევდა ცურვა, მაგრამ ეს დისკომფორტს არ უქმნიდა, შეეჩვია და სხვანაირად ვეღარც წარმოედგინა. ყოველთვის თვითონ ზრუნავდა საკუთარ თავზე. მშობლები ბუნდოვნად ახსოვდა, უფრო მათი ხმები შემორჩა მეხსიერებას. ბებიამ გაზარდა – დედის დედამ. რაც შეეძლო, ყველაფერი გაუკეთა და, როცა ლაშა დაქორწინდა, თითქოს დამშვიდებულმა იმით, რომ შვილიშვილი საიმედო ხელს გადააბარა, ვალმოხდილმა დატოვა წუთისოფელი... ლაშას ოთხოთახიანი, მაღალჭერიანი, სქელკედლებიანი და საიმედოდ ნაგები ბინა დაუტოვა პრესტიჟულ უბანში. კიდევ, რამდენიმე ანტიკვარული სკამი, ორი ბუფეტი, ჭაღი და სამშვენისები, რომლებშიც, ალბათ, კარგ ფასს გადაიხდიდა ვიღაც სიძველეების მოყვარული, მაგრამ ლაშას ამაზე არ უფიქრია. პრინციპში, არც ბინის გაყიდვის სურვილი ჰქონდა, მაგრამ, ეს აზრი სიდედრთან საუბრისას მომწიფდა მის გონებაში. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ გასჩენია აგრესია თავისი მეგობრის მიმართ, რომლის „წყალობითაც“ აღმოჩნდა ამ რთულ სიტუაციაში.
სავარძელში მჯდარს და საზურგეზე მიყრდნობილს არ გაუგონია, როგორ წავიდა ლიკას დედა. საერთოდ არაფერი ესმოდა, უფრო სწორად, არ ესმოდა ის, რისი გაგონებაც არ სურდა... ბავშვის ოთახში გავიდა. ვატოს ეძინა – ლოყაზე ხელმიდებულს და ოდნავ პირგაღებულს ჩასძინებოდა. ნიკაპი ნერწყვით ჰქონდა სველი. ლაშამ გაიღიმა. შვილს ნიკაპი ფრთხილად მოსწმინდა ხელის ზურგით... ჯერ იფიქრა, მოდი, მეც მის გვერდით მივწვები და ისე დავიძინებო, მაგრამ მერე განზრახვაზე ხელი აიღო – ლიკასთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავება არ უნდოდა.
... ლიკა ჩაცმული იჯდა საწოლზე, ხელში გადამრთველით, უყურადღებოდ მისჩერებოდა ჩართული ტელევიზორის ეკრანს. ლაშამ შეხედა ცოლს და უცებ მის მიმართ სიბრალული იგრძნო. იმასაც მიხვდა, რომ სიყვარული არსად წასულა, ის ისევ მათთან იყო და ძველებურად ექაჩებოდათ რაღაც ძალა ერთმანეთისკენ. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ახლა, ლაშამ ისე მძაფრად იგრძნო ამ მიზიდულობის ძალის ზემოქმედება, რომ ვერ მოერია სურვილს, მასთან არ მისულიყო და მხარზე არ მოეხვია ხელი. ლიკას ქმრისთვის არ შეუხედავს, მხოლოდ თავი გააქნია და მისი მკლავის მოშორება სცადა. ლაშამ არ გაუშვა, პირიქით, კიდევ უფრო მაგრად მიიკრა მკერდზე და ჩასჩურჩულა:
– მოდი, შევრიგდეთ. ვაღიარებ, რომ ბევრ რამეში მართალი ხარ, მაგრამ, ჩემიც ხომ უნდა გაიგო. ძალიან გთხოვ, ნუ ფიქრობ იმას, რომ მე არ მაფიქრებს ჩვენი მდგომარეობა, არ განვიცდი, ან არ მინდა, შენ და ვატოს ყველაფერი საუკეთესო გქონდეთ. სულ ვფიქრობ, რა გავაკეთო, რომ ამ სიტუაციიდან გამოვძვრეთ, ვატოს გეფიცები...
– ჰოდა, იფიქრე, არ გიშლი. ოღონდ, მე თავი დამანებე, – უხეშად მიუგო ცოლმა და ისევ პულტზე გადაიტანა ყურადღება.
– კარგი, მაშინ ასე მოვიქცეთ: შენ მითხარი, რა გავაკეთო.
– ჰმ, კიდევ რა გინდა?! – დამცინავად ჩაილაპარაკა ლიკამ, სულ ეს არის, რაც მოიფიქრე? რატომ მაშინ არ მოხვედი და არ მითხარი, შენ თქვი, როგორ მოვიქცეო, ამ ბინას ბანკში რომ დებდი ჩემი გოგონები რომ არა, საერთოდ ვერაფერს გავიგებდი. მერე გაგიჭირდა და მომადექი. შენს ადგილას, მე შემრცხვებოდა, ძალიან შემრცხვებოდა.
– მეც მრცხვენია, მართლა, როგორ ფიქრობ, ადვილი მოსასმენი იყო ჩემთვის დედაშენის საყვედურები?
– იცი, რას გეტყვი? სანამ შენ გრცხვენია, მე ვმუშაობ, და, კიდევ ის ვიცი, რომ შენი უსინდისო ძმაკაცის წყალობით და შენი სისულელით, მთელი ჩემი ნაშრომი წყალს მიაქვს, ამიტომ, ნუ მთხოვ, რომ შენი უნდა მესმოდეს.
– ბექა იმ ფულს აუცილებლად დამიბრუნებს, დღეს თუ არა, ხვალ მაინც. ჩამოვა და გამისტუმრებს ვალს. მერე რაღას იტყვი?
– ვიტყვი, რომ იმაზე უარესი იდიოტი ყოფილა, ვიდრე მე მეგონა. შენნაირ სულელს სხვანაირად როგორ უნდა მოექცეს ადამიანი? მშვენივრად გააბრიყვებინე თავი. მაგას ვინ ჩივის, უფრო უარესი ის არის, რომ ცდილობ, მეც გამაბრიყვო, დამაჯერო, რომ ბექაში ოდესმე სინდისი გაიღვიძებს. გეუბნები, თუ ეს მართლაც მოხდება, სულელის იარლიყს შენ აგაცლი და იმას მივაწებებ. მაგრამ ეს არასდროს მოხდება, იმიტომ, რომ ბექამ შენგან ყველაფერი მიიღო, რაც უნდოდა, მერე კი ფეხებზე დაგიკიდა. ამ სამწუხარო რეალობას, შენს გონებამდე ვერაფრით რომ ვერ დავიდა, კიდევ ერთი, ძალიან სამწუხარო მხარე აქვს – ან მე რატომ გავეკვეხე ამ წარმოუდგენელ, აბსურდულ რეალობაში, ან ჩემი შვილი...
– შენ ჩემი ცოლი ხარ, – წამოსცდა ლაშას და მაშინვე ინანა, რადგან ამ სიტყვებმა ლიკაში პროტესტის ნამდვილი ცუნამი გამოიწვია.
– მარტო სულელი კი არა, ეგოისტი და უსინდისოც ხარ. უტიფრად მეუბნები, ჩემი ცოლი ხარო! ცოლი კი არა, მონა ვარ და კიდევ ხუთი წელი მონა ვიქნები ეს მინიმუმ, სანამ შენი ნაძირალა ძმაკაცის ვალს არ გადავიხდი.
– ხუთი წელი გულხელდაკრეფილი არ ვიქნები, გპირდები, მოვძებნი გამოსავალს.
– მართლა? ძალიან დამამშვიდე, – ავად აუელვარდა თვალები ქალს, – ჰოდა, სანამ მაგ გამოსავალს მოძებნიდე, მოწყალება გაიღე და ჩემი საძინებლიდან მიბრძანდი. რა გაოცებული მიყურებ? დღეიდან აქ აღარ დაიძინებ.
– მეხუმრები? – გაიცინა ლაშამ, მაგრამ ძლიერმა ბიძგმა ფერდში აიძულა, ცოლის სიტყვებში დარწმუნებულიყო.
– სახლიდან მაგდებ? – აღმოხდა შეურაცხყოფილს.
– არა. ჯერ მხოლოდ საძინებლიდან. თანაც, კი არ გაგდებ, გირჩევ, თუ არ გინდა, ნერვები უარესად მომიშალო სასტუმრო ოთახში ან ლოჯიაში დაიძინე!
ლაშამ წარბი შეიკრა, საწოლიდან თავისი ბალიში აიღო და კარისკენ გაემართა.
– ყოველთვის მეგონა, რომ ცოლ-ქმარი ყოველთვის და ყველაფერში ერთად უნდა იყვნენ. ჩვენ ერთად შევძლებდით ამ პრობლემის მოგვარებას.
– ერთიანობის პირობა პირველმა შენ დაარღვიე. ამიტომ, ნუღარ ცდილობ, იაფფასიანი ტრიუკით გამოძვრე, აღარ გაჭრის. საკუთარ თავს დააბრალე, აქამდე რომ მივედით!
ლაშამ კარის სახელურს მოჰკიდა ხელი და ოთახიდან გასვლა დააპირა.
– შანსი კიდევ გაქვს, რომ ყველაფერი ძველ კალაპოტში დააბრუნო, ეს მხოლოდ შენზეა დამოკიდებული! – მიაძახა ცოლმა ნიშნისმოგებით.
ლაშას ნერვებმა უმტყუნა:
– არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ, მაიძულე: ნუ დაგავიწყდება, რომ მაგ ვალის მესამედი შენს ბარათებზე დახარჯული თანხაა.
– ხომ გითხარი, უსინდისო ხარ-მეთქი და ვეღარ გიტან! – იწივლა ლიკამ და ბალიში გამეტებით ისროლა კარისკენ...
... სხვანაირად ფიქრი მაშინ დავიწყე, როცა სხვა, უჩვეულო განზომილებაში გადავედი და ვიგრძენი, რომ ცოტათი მაღლა დავდექი ჩვეულებრივ მოკვდავებზე. ფული აქ არაფერ შუაშია. უკვე ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ფულს ბევრი არაფერი შეუძლია, თუ ყურადღების მიღმა დარჩა. ვერ ვიტყვი, რომ ფულს ამ ყველაფერში ლომის წილი არ მიუძღვოდა. მან უდავოდ გააკეთა თავისი საქმე, მაგრამ, მთავარი ბრწყინვალება, ანუ სიკაშკაშე მაინც „ფიარმა“ შესძინა. რა ფიარმა და, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. ახლა სხვა, გაცილებით საინტერესო და ინტრიგული სიტუაციაა. ყოველ შემთხვევაში, მე ვხედავ მასში დიდ ინტრიგას. შეიძლება იმიტომ, რომ სხვა განზომილებაში გადავედი, ცოდვებზე ვფიქრობდი... ოღონდ, მინდა, სწორად გამიგოთ. თავიდანვე უნდა შევთანხმდეთ, რომ რელიგიის საკითხების განხილვას არ ვაპირებ. მით უმეტეს, არც თეოლოგიაში ჩაღრმავებას ვაპირებ... ღმერთმა დამიფაროს! ასეთი თავხედობისა და მკრეხელობისგან ძალიან შორს ვარ... უბრალოდ, ვიფიქრე, რომ არ გაგვერკვია, მე და თქვენ რამდენიმე საკითხი, რაც ჩვენს ყოველდღიურობასთან პირდაპირ კავშირშია... კლასიკური ცოდვები კლასიკურ რეალობაში დავტოვოთ... აბა, ვინ დამარწმუნებს იმაში, რომ უზომო სიმდიდრე ცოდვა არ არის, ან სინდისის „სიწმინდეს“ არ ეწინააღმდეგება?! ერთი წუთით წარმოიდგინეთ, როგორ გაადვილდებოდა ცხოვრება, მდიდრები თავისი ქონების ნაწილს მაინც ღარიბებს რომ დაურიგებდნენ. ოღონდ, არ მითხრათ, რომ ქაოსი და არეულობა სწორედ მაშინ დაიწყება. ფრანგი ანარქისტები საერთოდ იმას ამტკიცებდნენ, წესრიგის დედა ანარქიააო... მოკლედ, შევთანხმდით, ძალიან ბევრი ფულის ქონა უკვე ცოდვაა... ახლა მეორე: – შენ გარშემო გარემოს დაბინძურება, რა, არ არის ცოდვა?! თუ არ გჯერათ, არქეოლოგებსა და ისტორიკოსებს ჰკითხეთ. და, ბოლოს, მესამე და მთავარი: პირადად მე, ყველაზე დიდ დანაშაულად კაცობრიობის წინაშე, მიმაჩნია ქმედება, რომელიც დედამიწაზე ღარიბებს ამრავლებს... ინტიმური ურთიერთობა, შობადობის მატება და კონტრაცეპტივებზე უარის თქმა იგულისხმეთ?! ძალიანაც ცდებით. მე იმ ადამიანებს ვგულისხმობდი, ვისაც სამყაროს ფინანსური მართვის სადავეები უპყრია ხელს და დროდადრო, ზოგიერთების კიდევ უფრო გასამდიდრებლად (იხილე „საყოფაცხოვრებო ცოდვა“ ¹1) , ღვთის რისხვასავით, ფინანსურ კრიზისებს გვიგზავნის...
... ალბათ, სიტუაციაში უკეთ გასარკვევად, უნდა მოვყვეთ, რა „შავმა კატამ“ გაირბინა ცოლ-ქმარს შორის. მაგრამ, მკითხველი უკვე მიხვდება, რომ ამ „შავ კატას“, არც მეტი, არც ნაკლები, ფული ერქვა, თანაც, სხვისი ფული, კიდევ უფრო ზუსტად კი – სხვისი ვალი. თუმცა, ფულს ერთი უცნაური თვისება აქვს: ისე შეუმჩნევლად გაგიშინაურდება და გაგითავისებს, ვერც მიხვდები, როგორ გადაიქცევა „სხვისი ვალიდან“ „შენს ვალად“...
ლაშას რამდენიმე მეგობარი ჰყავდა, შეიძლება ითქვას, თითებზე ჩამოსათვლელი, მაგრამ ეს დისკომფორტს არ უქმნიდა, პირიქით, ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ ნორმალურ ადამიანს ბევრი მეგობარი ვერ ეყოლება. განა არ ეყოლება, ვერ ეყოლება და თუკი ჰყავს, ეს უკვე აღარ არის ნორმალური. ამიტომ, უამრავ ნაცნობს შორის მხოლოდ რამდენიმე მიაჩნდა მეგობრად, ერთ-ერთი კი ბექა იყო, რომელიც, უბრალოდ, უყვარდა. შეიძლება, ამიტომაც ვერ ამჩნევდა მის ნაკლოვანებებს. მაგრამ, რომც შეემჩნია, მაინც ვერაფრით წარმოიდგენდა იმას, რაც ბექამ გააკეთა. ლაშას ბოლომდე მაინც არ სჯეროდა, რომ ბექას ასეთი სიმდაბლის ჩადენა შეეძლო. მაინც უტოვებდა შანსს, რომ საბოლოოდ არ ამოერეცხა გულიდან. თავის ფიქრებში უამრავ ვერსიას თხზავდა, იგონებდა ვარიანტებს, რომ ბექას თავის დაძვრენა გაადვილებოდა, მაგრამ გულის სიღრმეში გრძნობდა: მის მეგობარს არაფერში სჭირდებოდა ეს „რევერანსები“. მას სულ ფეხებზე ეკიდა, გაიმეტებდა თუ არა ლაშა იმისთვის, რომ არამზადად შეერაცხა... ბექას უკვე სხვა ცხოვრება ჰქონდა და ამ ახალ ცხოვრებაში აშკარად აღარ იყო ლაშას ადგილი, რომელმაც ბექას „ძველ ცხოვრებაში“ შესანიშნავად ითამაშა თავისი როლი.
„ლიკა მართალია. სულელი ვარ, მერე, როგორი სულელი! დედა უკვდებოდა... იღუპებოდა... სახლს ყიდდა ვალების და იმ ფულის საშოვნელად, რომლითაც დედისთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა... სინამდვილეში კი დაჰკრა ფეხი და სადღაც ჯანდაბაში გადაიხვეწა და დედამისიც მის კვალს გაჰყვა... ლიკა მეუბნება, რომ ორივე ინგლისშია, თავს კარგად გრძნობენ და მე დამცინიან. რატომ არ დავინტერესდი ამ ექვსი თვის განმავლობაში, გადამემოწმებინა ეს ინფორმაცია? დამეზარა? არა, სიზარმაცე არაფერ შუაშია... შემეშინდა... ჰო, შემეშინდა, რომ ეს ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდებოდა“...
ლაშა გაუხდელად მიეგდო დივანზე. ხელები თავქვეშ ამოიწყო და თვალები ჭერს გაუშტერა... როდის ჩაეძინა, არ გაუგია. დილით ვერც კი გაიხსენა, ნამდვილად მის თავს მოხდა ყველაფერი ეს თუ სიზმრის სიზმარში იყო. იქნებ, არ იცით, რომ სიზმრის სიზმარიც არსებობს... ყოველ შემთხვევაში, ლაშას ზუსტად ასეთი შეგრძნება ჰქონდა. თვალი რომ გაახილა, რამდენიმე წუთი დასჭირდა, რეალობა მთელი სიცხადით აღექვა. სახლში სიჩუმე იყო. გაუკვირდა. წამოიწია და კომოდის თავზე ჩამოკიდებულ, ძველებურ საათს შეხედა. საათის ისრები შვიდს უჩვენებდნენ.
„ჰმ, რა ადრე ყოფილა... ლიკას, ალბათ, სძინავს... ვატოსაც... რამ გამაღვიძა ასე უთენია? თუმცა, ვიცი, რატომაც გამეღვიძა... ეს რა იყო... მართლა ჩემს თავს იყო ეს ყველაფერი თუ დამესიზმრა! კი მაგრამ, როგორ? სიზმარი ვნახე სიზმარში? წარმოუდგენელია, დაუჯერებელი... ასეთი რაღაც როგორ უნდა მომხდარიყო?.. ნუთუ ტვინი ისე გადამეღალა, რომ ჰალუცინაციები დამეწყო?.. მოიცა, ცოტათი უნდა დავმშვიდდე და ზუსტად გავიხსენო... ზოგიერთი ფრაგმენტი ისე ცხადად ვნახე, როგორც კინოთეატრში... მაგრამ...
ლაშა ადგა, შარვალი შეიკრა და სამზარეულოში გავიდა. მაცივრიდან მინერალური წყლის ბოთლი გამოიღო და პირდაპირ მოიყუდა. სიცივე მთელ სხეულში ნელ-ნელა ჩაეღვარა და შეაჟრჟოლა... აშკარად აღარ ეძინებოდა. საკმაოდ ფხიზლად იყო, მაგრამ გასული ღამის შთაბეჭდილება ფიქრებსა და გრძნობებს უფორიაქებდა...
ლიკამ ქმარი უჩვეულო ამპლუაში – გაზქურასთან წინსაფარაფარებული, „ყიყლიყოების“ შეწვაში გართული რომ დაინახა, გაუკვირდა, მაგრამ სცადა, არ შეემჩნია. ჩაიდანი ჩართო და ფინჯანში ყავა ჩაყარა.
– შენ წადი, ჩაიცვი. ყავას მე მოგიმზადებ, – უთხრა ლაშამ.
– თუ ამით ცდილობ ჩემი გულის მოგებას და დანაშაულის გამოსყიდვას, არაფერი გამოგივა. იატაკებიც რომ მოხეხო, არ გიშველის, იმიტომ, რომ მე ქმარი მჭირდება და არა მოსამსახურე, რომელსაც, თუკი ფული მექნება, ისედაც დავიქირავებ.
– კარგი. შენ მოადუღე ყავა. დღეს დილით შენთან კამათს, მით უმეტეს, ჩხუბს, არ ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანი დილაა და, მინდა, მის აღქმა-გააზრებაში ხელი არაფერმა შემიშალოს.
ლიკამ მხრები აიჩეჩა:
– ჰმ, საინტერესოა, ამჯერად რა მოიგონე. თუმცა, რა მენაღვლება. მე შენთან ლაპარაკი დავამთავრე, ყველაფერი გავარკვიე და ახლა დაველოდები...
– არ გინდა, გაიგო, რითია ეს დილა გამორჩეული? – მაინც ვერ მოითმინა ლაშამ.
ლიკამ ყავა დაისხა.
– „ყიყლიყოები“ არ დაგეწვას, სუპერ-ქმარო! ჩემთვის ჩვეულებრივი დილაა, შეიძლება ითქვას, ცოტათი უკეთესი, იმიტომ, რომ კარგად გამოვიძინე, – ქალს გამომწვევი, გამაღიზიანებელი ტონი ჰქონდა. ლაშა მიხვდა, რომ ჯობდა, არ აჰყოლოდა.
– ვატოს დღეს მე მივხედავ, – თქვა მშვიდად.
– რა თქმა უნდა, არც ამაშია რამე განსაკუთრებული. დღეს შენ სხვა საქმე არაფერი გაქვს. გამომცემლობაში არ ხარ წასასვლელი და ბავშვს მაინც მოუარე. თუმცა, დილა გაქვს აღსაქმელ-გასააზრებელი. მაგრამ იმედი მაქვს, ვატოს ყურადღებას არ მოაკლებ. მე დღეს, შეიძლება, შემაგვიანდეს.
ლაშას ერთი სული ჰქონდა, ეკითხა, რატომ უნდა შეგაგვიანდესო, მაგრამ ინტუიციამ უკარნახა, რომ გაჩუმება ჯობდა. ცოლი აშკარად მის წამოგებას ცდილობდა პროვოკაციის ანკესზე. „ამას უნდა, რომ ვიეჭვიანო. არ გამოუვა, არ მივცემ საშუალებას, თავისი გეგმის მიხედვით იმოქმედოს“... – გაიფიქრა ლაშამ და გაჩუმდა.
ლიკა გამომცდელად ჩააშტერდა ქმარს. ლაშამ უცოდველი ბავშვივით გაუღიმა:
– არაფერზე ინერვიულო. სულ რომ არ მოხვიდე, ვატო საიმედო ხელშია.
– ჰოდა, ძალიან კარგი, – ლიკა შეეცადა იმედგაცრუება დაემალა, – წავედი... სამსახურში ვისაუზმებ...
***
რა არის სიზმარი?! მარტივად, გლეხური ენით რომ ვთქვათ, ჩვენი დაღლილი, ინფორმაციით გადატვირთული ტვინის საპასუხო რეაქცია, მაშინ, როცა ის ისვენებს. დაახლოებით ასეთივე მოსაზრება აქვთ ფსიქოლოგებსაც, იმ განსხვავებით, რომ მათთვის მაინც მეცნიერული ანალიზია მთავარი და ცდილობენ, ყველაფერი ცოტათი გაართულონ. ადამიანები არაერთგვაროვანნი არიან სიზმრის შეფასებაში: ზოგს სჯერა, რომ ღამით ნანახი სიზმარი დილით თუ არა, უახლოეს მომავალში მაინც ახდება. თქვენ უნდა ნახოთ, ამ ადამინების მოლოდინი და ნერვიულობა. თანაც, სულერთია, რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნებიან. ამ შემთხვევაში საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, მდიდარი ხარ, თუ ღარიბი, ბევრი ფული გაქვს თუ ცოტა, პრობლემები თავზე გაყრია თუ უზრუნველად ხარ წამოგორებული მამაპაპურ ტახტზე და მხოლოდ კუჭისა და პირის სიამოვნებაზე ფიქრობ. ვერავინ გეტყვის, რა უკეთესია, სიზმრის დაჯერება, თუ არდაჯერება. ყველა თავის ვერსიას „მიაწვება“ და, ვერც გაამტყუნებ. დიდი ხანია, ცნობილია, რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს და ეს სიმართლე მიაჩნია ბეჭედდასმულ ჭეშმარიტებად. პრობლემა ამაში არ არის. მით უმეტეს, სანამ სხვისი ჭეშმარიტებად აღიარებული სიმართლე შენს მოკრძალებულ „მეს“ არ შეეხება. გასარკვევი ის გვაქვს, მართლა აქვს თუ არა სიზმარს რამე დანიშნულება და შეუძლია თუ არა ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ, ან უარესობისკენ შეცვალოს. მოდი, ასე ვიმსჯელოთ: რადგან საბოლოოდ მაინც მივდივართ იქამდე, რომ ამ ქვეყანაზე შემთხვევით არაფერი ხდება და, გვინდა თუ არ გვინდა, შემთხვევითობის გარდაუვალობა უნდა ვაღიაროთ, მაშინ ლოგიკური იქნებოდა იმის აღიარებაც, რომ სიზმარსაც აქვს თავისი დანიშნულება და მოკრძალებული როლი ადამიანის ყოფის განსაზღვრის საქმეში. სხვათა შორის, სანამ მეც ერთი თქვენგანი ვიყავი, ანუ, არაფრით გამორჩეული და ნაცრისფერი ყოველდღიურობის ნაწილი, სიზმრების არ მჯეროდა. მაგრამ, დიდ ადამიანებს ფიქრებიც განსხვავებული აქვთ და, რა გასაკვირია, რომ ამაზე დავფიქრდი...
***
სოფომ ჯერ შორიდან დაზვერა სიტუაცია. გარეგნულად ლიკა დამშვიდებული ჩანდა. შესვენებამდე მისკენ არც გამოუხედავს, იჯდა და მუშაობდა. მაგრამ სოფო მოწყენილობისგან მოკვდებოდა, ახალი ამბები რომ არ გაეგო და ახალი გასართობი არ მოეძებნა. ამიტომ, როგორც კი ლიკა თავისი ადგილიდან ადგა, რომ იქვე ახლოს, საცხობში ხაჭაპურის საყიდლად გადასულიყო, მაშინვე მასთან გაჩნდა.
– შენც მოგშივდა? ისევ ხაჭაპური ვჭამოთ? კაფეში ხომ არ გადავსულიყავით?
– კაფეს ფული არ მაქვს, – ლიკამ ჩანთიდან საფულე ამოიღო.
– მე გპატიჟებ. მე არც ვალი მაქვს, არც ქმარი და შვილი მყავს, რომ ხელფასი დამითვალონ. საკუთარი თავის ბატონ-პატრონი თვითონ ვარ, თან, ჩემს „დამფინანსებელსაც“ არ უჭირს. ერთი სიტყვით, წავიდეთ და ნორმალურად ვისადილოთ.
ლიკა შეყოყმანდა:
– იცი, არ მიყვარს, როცა ჩემ მაგივრად სხვა იხდის.
– ო, კარგი რა! ჯერ ერთი, მე სხვა არ ვარ. მეორეც, როცა ფული გექნება, შენ დამპატიჟებ. წამოდი, წამოდი, ძალიან მაინტერესებს „შოკურმა თერაპიამ“ რა შედეგი გამოიღო. თუ, რა თქმა უნდა, ისარგებლე ჩემი რჩევით.
ლიკამ საფულე ისევ ჩანთაში ჩადო და ხელი ჩაიქნია:
– კარგი, რა! შენ ჩემს ქმარს არ იცნობ. ლაშაზე ვერაფრით ვერ იმოქმედებ. საერთოდ არ ეჭვიანობს. რატომ არის ასეთი დარწმუნებული, რომ არ ვუღალატებ, მიკვირს. ოდნავაც არ აღელვებულა. დედაჩემიც კი დავიბარე და ვალაპარაკე, მაგრამ...
– მოიცა, დედაშენს უთხარი, ფულის გამო საყვარელი უნდა გავიჩინო და მიდი, ჩემს ქმარს ნებართვა სთხოვეო? – გაიცინა სოფომ, – შენც რა მაგარი ხარ?!
– არა, რას ამბობ, დედაჩემს მაგას როგორ ვეტყოდი! ეგ ლაშაზე უარესია. იმაზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, მამაჩემამდე რომ მისულიყო ყურმოკვრით მაინც რამე ინფორმაცია, რა მოჰყვებოდა ამას.
– ასე ძალიან უყვარს სიძე?
– საქმე მარტო მაგაში არ არის. ძალიან ტრადიციების დამცველია. მისთვის ქვეყნის დაქცევა უფრო ადვილად გასაგებია, ვიდრე ის, რომ ქალს ქმარიც ჰყავდეს და საყვარელიც.
– მარტო საყვარელი რომ ჰყავდეს? – ეშმაკურად გაეცინა სოფოს და ლიკას მენიუ გაუწოდა, – შეარჩიე თორემ, მე ისეთი ღორმუცელა ვარ, ყველაფერი ერთად მომინდება.
ლიკამ უხალისოდ გამოართვა საკმაოდ ორიგინალურად დაკეცილი მენიუ.
– სიმართლე გითხრა, მადა საერთოდ არ მაქვს. ძალიან ვნერვიულობ.
– მესმის. იცი, შენი მთავარი პრობლემა რა არის? ძალიან ხარ შეყვარებული შენს ქმარზე და ეს საღად აზროვნებაში გიშლის ხელს. არ მესმის, რა საჭიროა, კაცი ასე გიყვარდეს? საკუთარი თავი რომ გიყვარდეს, კიდევ ჰო, მაგრამ, ვინ დაგინახავს თავგანწირვას. ქმარი? შვილი? კარგი, რა, ნუ გამაცინე.
– შენ არავინ გიყვარს და იმიტომაც ლაპარაკობ ასე. ნახავ, შეგიყვარდება და მერე ჩემსავით დაკარგავ ჭამის მადას, სევდიანად გაიცინა ლიკამ.
– ჰო, თავს თუ დავკარგავ, კი. მაგრამ, –სოფო შეიჭმუხნა, – მოდი, მოვრჩეთ ამაზე. შენი ამბავი მომიყევი. კი ამბობ, არ იმოქმედაო, მაგრამ, არ მჯერა. შეიძლება, შენ ვერ შეამჩნიე, თორემ, ინერვიულებდა.
– ჩემთვის სულერთი არ არის, თუკი ვერ შევნიშნავ? გეყრები-მეთქი და, – კარგი, თუ ეს მართლა გინდა, მე ხელს არ შეგიშლიო. წარმოგიდგენია? დედაჩემმაც გააფრთხილა, ლიკა ამდენს ვერ გაუძლებს და, შეიძლება, ოჯახი დაგენგრათო, იმან კი ყურიც არ შეიბერტყა. ის კი არა, მეტი დამაჯერებლობისთვის საძინებლიდანაც მივაბრძანე, მაგრამ დილით მშვენიერ გუნებაზე ბრძანდებოდა.
– ჰოო... საქმე უფრო სერიოზულად ყოფილა. მოიცა, ვინმე ხომ არ ჰყავს? ნაკლებად შესაძლებელია, მაგრამ, არაფერი არ უნდა გამორიცხო. ხომ იცი, კაცებს მაშინაც კი არ უნდა ენდო, როცა ერთგულებაზე სდებენ თავს.
– ვის რაში სჭირდება ჯიბეგაფხეკილი. ფული მაგას არ აქვს და...
– ჰმ, შენ მაგაზე არ იდარდო, ისეთი ქალებიც არიან, იქით რომ იხდიან ფულს. ასე რომ, ფხიზლად იყავი, თუ ერთ მშვენიერ დღეს, შენს ქმარს მოულოდნელად ფული გაუჩნდება...
– არა, რა სისულელეა, ლაშა ასეთი არ არის!
– ძალიანაც ნუ დაუფიცებ მაგ შენს ქმარს. ყველა კაცი „ასეთია“, როცა ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემა. საძინებლიდან რომ გამოგიგდია, კარგი გიქნია, მაგრამ, ამ თამაშს დიდხანს ნუ ითამაშებ, სახიფათოა.
– სანამ ასეთი ფინანსური პრობლემები გვაქვს, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ, ამოიოხრა ლიკამ, – რა ვქნა, მე ასეთი ვარ. რომ წარმოვიდგენ, ხუთი წელი სხვისი ვალი უნდა ვიხადო და ელემენტარულ სიამოვნებაზეც კი უარი უნდა ვთქვა, ჭკუიდან ვიშლები.
– ჰო, ძნელია.
სოფომ წვენი მოსვა, წამით კარისკენ გაიხედა და სახე გაებადრა.
– ოჰო, ამას ვის ვხედავ! ლიკუშ, ახლა ჩვენკენ კაცი მოდის, რომ მოინდომოს, შენი ვალებიანად გიყიდის. ჩემი ხათრით გაუღიმე. მით უმეტეს, რომ ძალიან მაგარი ტიპია.
ლიკამ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რომ ასე ორიგინალურად წარდგენილი „ძალიან მაგარი ტიპი“ მის წინ აღიმართა და ღიმილად დაიღვარა.
– ანდრო, აქ როგორ გაჩნდი? – სოფომ ხმა გაინაზა და თვალებმინაბულმა გაუწოდა ხელია.
– ინტუიცია არასდროს მღალატობს. ვიგრძენი, რომ აქ ორი მშვენიერი არსება დამხვდებოდა და არც შევმცდარვარ. შენს მეგობარს არ გამაცნობ?
– ეს ლიკაა. ერთად ვმუშაობთ. გათხოვილია და ქმარზე უსაშველოდ შეყვარებული.
– ჰა, ჰა, ჰა!.. სოფო, შენსას არ იშლი. გინდა მითხრა, რომ შანსი არ მაქვს? იცი, რომ ჩემი სისუსტეა ქალი, რომელიც ქმარზე უსაშველოდ არის შეყვარებული? მაგრამ, ახლა მითხარით, რაზე დაგპატიჟოთ. რას დალევთ გოგონებო, ვისკი შევუკვეთო თუ რამე უფრო მსუბუქი გირჩევნიათ? – ამას რომ ამბობდა, კაცს ლიკასთვის არ მოუცილებია მზერა და მისი ხელიც, რომელსაც მოწიწებით ეამბორა, ისევ ხელში ეჭირა.
ლიკა გაწითლდა, ხელი გამოსწია და ჩაილაპარაკა:
– ნუ შეწუხდებით, ჩვენ უკვე ვისადილეთ. თან, შესვენებაც უკვე დამთავრდა, ბანკში უნდა დავბრუნდეთ. ვერ დავაგვიანებთ, ჩვენთან მკაცრი წესებია.
ანდრომ მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა:
– თუ მარტო ეგ არის პრობლემა, ვეცდები, მკაცრი წესები საგანგებოდ თქვენთვის შევარბილებინო. მაშ, ვისკი?!
სოფომ თანხმობის ნიშნად გაიღიმა და უფრო მოხერხებულად მოეწყო. ლიკამ მაგიდის ქვეშ ფეხსაცმლის წვერი წაჰკრა და მკაცრად თქვა:
– სოფოს შეუძლია, დარჩეს. მე უნდა წავიდე!
ანდრო წამოდგა.
– რა გაეწყობა. ვერ დაგაკავებთ, – წარმოთქვა საკმაოდ ცივად, – უფლება მომეცით, დანახარჯი მაინც გადავიხადო. სოფო, მოგვიანებით დაგირეკავ.
– როცა გინდა, საყვარელო! – სოფომ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და თვალი მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში