რა ორგიებს აწყობდა ლიკანში დასასვენებლად მყოფი საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრი
ოპერაცია „რომანტიკული დილა“
1971 წლის იანვარში ლიკანის სამთავრობო აგარაკზე მაშინდელი საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნიკოლაი შჩოლოკოვი ისვენებდა. მრავალრიცხოვან მომსახურე პერსონალს შორის, რომლებიც მინისტრს მოსკოვიდან ჩამოჰყვნენ, მომარაგების განყოფილების თანამშრომელი, 37 წლის სერგეი ნაუმოვიც იყო. ის მილიციის კაპიტნის ჩინს ატარებდა – თან „კაგებეს“ თანამშრომელი იყო. შჩოლოკოვს ის ანდროპოვის სპეციალური ბრძანებით შეურჩიეს. „კაგებეს“ შეფს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მმართველი ელიტიდან შჩოლოკოვის ჩამოშორება და ამისთვის ყველა საშუალებას მიმართავდა. ანდროპოვმა იცოდა, რომ შჩოლოკოვი ორგიებს მოაწყობდა ლიკანში, ამიტომ ნაუმოვს გადამღები და მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება ევალებოდა, მაგრამ გაიშიფრა და შჩოლოკოვის „გორილებმა“ ის გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს, შჩოლოკოვმა კი დასვენება შეწყვიტა და სასწრაფოდ მოსკოვში გაემგზავრა.
ალექსი ინაური ანდროპოვის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა, ამიტომ საკუთარი თვითმფრინავი გაუგზავნა, თავისთან ჩაიყვანა და ექვსი საათი პირისპირ ესაუბრა. ინაური იმავე დღეს დაბრუნდა თბილისში, ღამის 2 საათზე პოლკოვნიკი ვასილ ანდრონიკაშვილი დაიბარა და უთხრა:
– ჩვენი პრესტიჟი კითხვის ნიშნის ქვეშაა. გატაცებულია ჩვენი უწყების სპეციალური აგენტი, რომელიც საგანგებო დავალებას ასრულებდა. ფაქტი ჩვენს ტერიტორიაზე მოხდა და ვალდებულები ვართ, რომ ჩვენვე გამოვიხსნათ.
შემდეგ ინაურმა ანდრონიკაშვილს ანდროპოვის მიერ პირადად მიწოდებული ინფორმაცია გააცნო, რომლის მიხედვითაც გატაცებული საიდუმლო აგენტი ნაუმოვი მილიციას მოსკოვის მახლობლად, ოდენცოვოში, ერთ-ერთ კონსპირაციულ აგარაკზე ჰყავდა გამომწყვდეული, რომელსაც გაძლიერებულად იცავდნენ.
– პროგრამა მინიმუმი ნაუმოვის გათავისუფლებაა მილიციის კლანჭებიდან. ახლა მას აწამებენ და ბოლოს მოკლავენ, რაც ჩვენ არ უნდა დავუშვათ, – თქვა ინაურმა და დაამატა: – პროგრამა-მაქსიმუმი კი, ნაუმოვთან ერთად, მის მიერვე გადაღებული მასალის მოპოვებაა.
ანდრონიკაშვილმა დილის 5 საათზე დატოვა ინაურის კაბინეტი და პირობა დადო, რომ პროგრამა-მინიმუმს შეასრულებდა. მას უკვე ორმაგი ოპერაციის გეგმა უტრიალებდა თავში და საგანგებოდ შეკრებილ ქართველ სპეცაგენტთა თათბირზე იკითხა:
– სადაა ბიძინა დოლიძე?
– გალინა ბრეჟნევას ერთ-ერთი საყვარელი? – იკითხა მაიორმა მიქაძემ, რომელსაც ადრე დოლიძის საქმე ებარა და თავაშვებული გალინა ბრეჟნევას საყვარელი გადმობირებული ჰყავდა.
– სწორედ ის.
– თბილისშია.
– სასწრაფოდ მოიყვანეთ!
დაფეთებული ბიძინა დოლიძე „ჩეკისტებმა“ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის პარტიული ფუნქციონერის ცოლის ლოგინიდან წამოაგდეს და ოც წუთში „კაგებეში“ მიიყვანეს.
– როგორ ხარ, დოლიძე? – ჰკითხა მიქაძემ.
– არა მიშავს. გიჭირთ რამე, უფროსო, ასე უდროო დროს რომ შეკრებილხართ?
– გალაჩკას გაჟიმვა ხომ გინდა?
– თქვენ ამიკრძალეთ და...
– შეძლებ კი? – საუბარში ანდრონიკაშვილი ჩაერთო.
დოლიძემ გაიცინა და პოლკოვნიკს მიუგო:
– ერთი სიტყვა უნდა და – ჩემია.
– თუ მასეა, მაშინ, მისმინე, – უთხრა ანდრონიკაშვილმა დოლიძეს და კონსპირაციული აგარაკის სქემა უჩვენა, – ახლა შენ გალაჩკასთან დაგალაპარაკებთ. სამი საათის შემდეგ მოსკოვში იქნები, იქიდან კი შენ, გალაჩკა და ჩვენი თანამშრომლები მისი დახმარებით ამ აგარაკზე უნდა შეხვიდეთ. ტრანსპორტი და ყველა საჭირო ატრიბუტი უკვე მზადაა. შეძლებ გალაჩკას დაყოლიებას ოდინცოვოში გამგზავრებაზე?
– შევძლებ, – თავდაჯერებით თქვა დოლიძემ.
თბილისში შემუშავებული გეგმის თანახმად, ქართველ „ჩეკისტებს“ გალია „საშვად“ და „ფარად“ უნდა გამოეყენებინათ. ხოლო, როცა დახურულ აგარაკზე შევიდოდნენ, საქმე უკვე ქართველ სპეცაგენტებს უნდა გაეგრძელებინათ.
მოსკოვში გადაფრენას, გალაჩკასთან შეხვედრასა და ოდინცოვოს აგარაკზე შეღწევას სულ რაღაც 5 საათი და 20 წუთი დასჭირდა. დილის 11 საათზე გალაჩკამ და კომპანიამ დახურულ აგარაკზე შეაღწიეს – ლეონიდ ბრეჟნევის ქალიშვილისა და მისი „მეგობრების“ შეჩერება ვერავინ გაბედა. ქართველმა „ჩეკისტებმა“ ნაწამები ნაუმოვი, რომელიც სულს ღაფავდა, სარდაფიდან ამოიყვანეს, შეიარაღებულმა სპეცაგენტებმა კი ნაუმოვის მიერ გადაღებული კომპრომატების ძებნა დაიწყეს. მაგრამ, გაირკვა, რომ მაიორმა შაშკინმა, რომელიც შჩოლოკოვის დაცვაში მუშაობდა, ყველაფერი აგარაკის უზარმაზარ ბუხარში შეყარა და დაწვა.
ნაუმოვი ლუბიანკაზე მიიყვანეს და ჩვენება ჩამოართვეს შჩოლოკოვის მიერ მოწყობილ ორგიებზე. ყოველი შემთხვევისთვის კი, ნაუმოვი გადამალეს, რათა საჭიროების დროს ცოცხალ მოწმედ გამოეყენებინათ.
სპეცოპერაცია „რომანტიკული დილის“ ბრწყინვალედ ჩატარების გამო ანდროპოვმა ამ ოპერაციის მონაწილეები ფულადი პრემიებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.