როგორ შეეწირა უდანაშაულო თბილისელი მძღოლის სიცოცხლე რეციდივისტების ურთიერთქიშპობას
ოცდაათიოდე წლის ქალი სწრაფი ნაბიჯებით შევიდა ორჯონიკიძის (ამჟამად საბურთალოს) რაიონის მილიციის განყოფილებაში და მორიგეს უთხრა:
– ჩემი მეუღლე ერთი კვირაა არ ჩანს. ძებნა მინდა, გამოვაცხადო და ვის უნდა მივმართო?
– კაპიტან ოთარ ფიფიას.
ოთარ ფიფიამ ყურადღებით მოუსმინა ქალს და უთხრა:
– ამდენ ხანს რას ელოდებოდით, ქალბატონო, და თუნდაც თქვენი მეუღლის გაუჩინარებიდან მესამე დღეს რატომ არ მოგვმართეთ?
– კახა რეისებში დადის. ის მძღოლია და ტრაილერით სხვადასხვა ბარგი გადააქვს. ხუთ დღეზე მეტი არასოდეს დაუგვიანია და მანამდე იმიტომ არ მოგაკითხეთ.
– სხვაგან თუ მოიკითხეთ მეუღლე. მის სამსახურში იყავით?
– არა, პირდაპირ აქ მოვედი.
ოთარ ფიფიამ „სოვტრანსავტოში“ დარეკა, სადაც კახა ჟურული მუშაობდა და დაადგინა, რომ მან ერთი კვირის წინ უხელფასო შვებულება აიღო.
– უხელფასო შვებულება? – შეიცხადა ქალმა, – კახამ ეს უჩემოდ გააკეთა, ისე, რომ არაფერი მითხრა?
ფიფიას ეშმაკურად ჩაეცინა და ქალს ჰკითხა:
– ბოდიშს გიხდით, ქალბატონო, ამ სიტყვებისთვის მაგრამ, იქნებ, სხვა ქალი ჰყავს თქვენს მეუღლეს და მასთან გაემგზავრა ასე მალულად?
ქალი შეცბა და წამოწითლდა, მაგრამ მალევე მოეგო გონს და თქვა:
– არა, ეს გამორიცხულია, კახას მე ძალიან ვუყვარვარ და ამას არ გააკეთებდა. აქ სხვა რაღაცაშია საქმე.
ლანა ხუნდაძემ ფიფიას სახელზე განცხადება დაწერა. კახა ჟურულზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა.
მეწყერი
ლანა ხუნდაძის მილიციაში ვიზიტიდან 25 დღის შემდეგ, ხუთდღიანი გადაუდებელი კოკისპირული წვიმების შედეგად, წყნეთის ტყიანი მასივის ერთ-ერთ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. ტყეში გასულმა ადგილობრივმა მოსახლეობამ მიწის მასაში უცნობი მამაკაცის გვამი აღმოაჩინა.
ცხედარს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ეტყობოდა, რომ ის სტიქიური უბედურების დროს არ დაღუპულა და მოკლული იყო. სხეულზე რამდენიმე ნაკვეთი ჭრილობა ეტყობოდა.
წყნეთელებმა მილიციაში დარეკეს და შემთხვევის ადგილზე მისულმა ძალოვნებმა დაადგინეს, რომ მოკლული მამაკაცი კახა ჟურული იყო. ჯიბეში მას მართვის მოწმობა უპოვეს და ვინაობა ასე გაირკვა.
– როგორც ეტყობა, მოკლული მიწაში იყო ჩაფლული და მეწყერმა ქვევით ჩამოიტანა, – თქვა კრიმინალისტმა გოგლიძემ, როდესაც შემთხვევის ადგილის მოკვლევა დაასრულა.
საბუთებთან ერთად ჟურულს ჯიბეში ცარიელი საფულეც აღმოაჩნდა.
– ნუთუ ეს მკვლელობა ჩვეულებრივ ძარცვას უკავშირდება? – იკითხა მაიორმა ძიგუამ, რომელიც ჟურულის საქმეს იძიებდა, – ძარცვა რომ იყოს, მაშინ ბოროტმოქმედი მსხვილ ოქროს ჯაჭვს და ოქროს ბეჭედსაც წაიღებდა, მაგრამ ძვირფასი ნივთები ადგილზეა. როგორ დავიჯერო, რომ მოკლულს ფული არ ჰქონდა. აქ სხვა რაღაცაში უნდა იყოს საქმე.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, კახა ჟურულს ექვსი ღრმა, შემავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ზურგისა და გულ-მკერდის არეში, რომელთა შორის ოთხი სასიკვდილო იყო.
– როგორც ეტყობა, ხანჯლითაა დაჩეხილი ეს უბედური, – დაასკვნა გოგლიძემ, – გრძელი, სამართებელივით ალესილი ხანჯლით.
ლანა ხუნდაძეს ოთარ ფიფია ეწვია სახლში და როდესაც მეუღლის ამბავი ამცნო, ქალს გული წაუვიდა და იატაკზე დაეცა.
დაკითხვა
ლანა ხუნდაძე და კახა ჟურული 2 წლის შეუღლებულები იყვნენ და შვილი არ ჰყავდათ. ისინი სვანეთის უბანში, ერთ-ერთ კომუნალურ ბინაში ცხოვრობდნენ და მეზობლები მათ დადებითად ახასიათებდნენ.
სანამ მაიორი ჯაბა ძიგუა დაქვრივებულ ქალს დაკითხვაზე დაიბარებდა, მან ცოლ-ქმარზე დამატებითი ინფორმაციის შეგროვება გადაწყვიტა და ერთ-ერთ თანაშემწეს უთხრა:
– მოკლულ ჟურულზე და მის მეუღლეზე გამოჰკითხე ვინმეს. მაგათ ეზოში შენიანი არ გყავს?
თანაშემწემ დადებითად უპასუხა მაიორს და კაბინეტში თავისი აგენტი დაიბარა, რომელიც ოპერატიულ ცნობებში „ჭორიკანას“ ფსევდონიმით იყო ცნობილი.
– კახას და ლანას მშვენივრად ვიცნობ და როგორც ვიცი, კარგი ცოლქმრობა ჰქონდათ, – თქვა ჭორიკანამ, – ცხონებული კახა მძღოლი იყო, დღედაღამ ფუტკარივით შრომობდა. ზედმეტ სიტყვას არავის ეტყოდა. კახა ამ ეზოში გაიზარდა და მშობლებიც ასეთივე კარგი ჰყავდა. ლანა ორი წლის წინ მოიყვანა ცოლად. კრასნოდარში გაიცნო და იქიდან ჩამოიყვანა. კახა იქ რეისით იყო ჩასული და ლანა მაშინ გაიცნო. ჩხუბზე რომ არაფერი ვთქვა, ხმამაღალი სიტყვაც არავის გაუგონია მათი ბინიდან. კახა ბავშვებზე ოცნებობდა, მაგრამ არ ეძლეოდათ. ლანა ვიღაც ექიმბაშთანაც კი დადიოდა სამკურნალოდ.
– პატიოსნების მხრივ როგორია, რამე საეჭვო ხომ არ შეგინიშნავს?
– უი, რას ამბობ? ისეთი წესიერი გოგოა, ვინ რას აკადრებს. კახა რომ რეისში მიდიოდა, ლანა ფეხს არსად ადგამდა. მათთან არც სტუმარი მინახავს.
– ნუთუ ნათესავებიც არ მიდიოდნენ მათთან სტუმრად, ასე ბაიყუშებივით ცხოვრობდნენ?
– ბაიყუშობას ვერ დავაბრალებ, მაგრამ სიმშვიდე კი ნამდვილად უყვარდათ. თუმცა, ახლახან ძმა ეწვია რუსეთიდან ლანას. თავისი სიძის დაღუპვის ამბავი გაუგია, მაგრამ ვერ ჩამოსულა.
– ძმა როგორი ტიპია?
– მე ერთხელ ვნახე, მაშინ, როცა ჩამოვიდა და ლანამ თავადვე გამაცნო. ისე კი, ის კაცი გარეთ არ გამოდის და შეიძლება, უკვე გაემგზავრა კიდეც.
ძიგუას თანაშემწემ მაიორს დაწვრილებით უამბო ჭორიკანას მონათხრობი და ჯაბამ ლანა ხუნდაძე დაკითხვაზე დაიბარა.
ლანა დათქმულ დროს გამოცხადდა პროკურატურაში და ძიგუას კითხვებს მშვიდად პასუხობდა. დამწუხრებული ჩანდა, მაგრამ გამოცდილმა გამომძიებელმა ინტუიციით იგრძნო, რომ ქალი რაღაცას მალავდა.
– რა აზრის ხართ, ქალბატონო, თქვენი მეუღლის მკვლელობაზე და ეჭვი თუ გაქვთ ვინმეზე?
ქალმა თავი გააქნია უარყოფის ნიშნად და თქვა:
– არავისზე. წარმოდგენაც არ მაქვს, ვის უნდა დასჭირვებოდა კახას მოკვლა.
– თქვენს მეუღლეს კარგად იცნობდით? იქნებ, მას წარსულში სხვა ცხოვრება ჰქონდა და მისი მოკვლის მიზეზი იქიდან მოდის?
– მე ეგ არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა ლანამ, – მაგრამ არ მგონია. თუმცა, ეს საეჭვო უხელფასო შვებულება, რომლის შესახებაც მე არაფერი ვიცოდი, ძალიან უცნაურია.
– ქალბატონო ლანა, თქვენი მეუღლე უფულოდ დადიოდა? – ჰკითხა ძიგუამ ქალს და თვალი თვალში გაუყარა.
– უფულოდ რას ჰქვია? – მხრები აიჩეჩა ლანამ.
– შემთხვევის ადგილზე საფულე აღმოვაჩინეთ, რომელიც ცარიელი იყო, რაც, სავარაუდოდ, ძარცვაზე მიანიშნებს. თუმცა, თქვენს მეუღლეს ოქროს ნივთები თან აღმოაჩნდა და თუ ძარცვა იყო, მაშინ მათაც წაიღებდნენ.
– უფულოდ ნამდვილად არ დადიოდა, მაგრამ რატომ იყო მისი საფულე ცარიელი, ამაზე ვერაფერს გეტყვით, – ქალმა მშვიდი გამომეტყველება შეინარჩუნა. თუმცა, გამოცდილმა ძიგუამ მის თვალებში შეშფოთება შენიშნა და გადაწყვიტა, მისი პიროვნება დაწვრილებით შეესწავლა.
როცა ქალი გაისტუმრა, ძიგუამ თანაშემწე გამოიძახა და უთხრა:
– აი, ეს ჭიქა ლაბორატორიაში გაგზავნე და თითების ანაბეჭდები აიღე. მერე იმ ანაბეჭდებით ლანას სურათით კარტოთეკაში ჩაიხედე და იქნებ საინტერესო რამ აღმოაჩინო. თუ ჩვენთან არაფერი აღმოჩნდება, მაშინ საკავშირო კარტოთეკაში მოგიწევს ქექვა. დარწმუნებული ვარ, აქ რაღაც იმალება.
„კლარა ოქროსხელება“
ჯაბა ძიგუა არ შემცდარა და ლანა ხუნდაძის სურათისა და თითების ანაბეჭდის მიხედვით, მისმა თანაშემწემ საკავშირო არქივში საინტერესო საქმეს მიაგნო.
გაირკვა, რომ ლანა ხუნდაძე სინამდვილეში ეკატერინე სამხარაძე იყო, რომელსაც მეტსახელად „კლარა ოქროსხელება“ ერქვა. ის სამჯერ იყო ნასამართლევი ქურდობისა და ქურდობაში თანამონაწილეობისთვის. ბოლო პატიმრობიდან კი 3 წლის წინ გათავისუფლდა.
ოქროსხელება გაგრაში იყო დაბადებული, მაგრამ სრულწლოვანი გახდა თუ არა, სახლიდან გაიპარა და ცნობილ რეციდივისტს, ომარ კაკალიას გაჰყვა. კაკალია, რომელსაც გიჟის მეტსახელით იცნობდნენ შავ სამყაროში, ხუთჯერ იყო ნასამართლები. ის მკვლელი, ყაჩაღი და მძარცველი გახლდათ და თხუთმეტწლიან სასჯელს იხდიდა ციმბირში. თუმცა, როგორც გაირკვა, გიჟი – ორი თვის წინ გაიქცა საპყრობილიდან.
– ხედავ შენ, რაში ყოფილა საქმე? თავს მოვიჭრი, თუ ლანას ძმა გიჟი არ აღმოჩნდეს, – თქვა ძიგუამ.
ძიგუამ ოპერატიული ჯგუფი შეკრიბა და ლანა ხუნდაძის სახლს ალყა შემოარტყა. შემდეგ სახლში შეცვივდნენ, მაგრამ გიჟი იქ ვერ აღმოაჩინეს.
– რამ შეგაწუხათ, მაიორო ან ეს ყოველივე რას ნიშნავს? – ჰკითხა ლანამ მაიორს და ჩაის სმა განაგრძო, თან სიგარეტი გააბოლა.
– გიჟი სადაა? – იკითხა ძიგუამ.
– ვინ გიჟი? – მხრები აიჩეჩა ქალმა.
– სპექტაკლი დასრულებულია, ოქროსხელებავ, – თქვა მაიორმა და სკამზე ჩამოჯდა, – გიჟი გადმოგვეცი.
– გიჟი გაიქცა. იყნოსა, რომ კუდზე აჯექით და ამ დილას გაიქცა, ხოლო ოქროსხელებას რაც შეეხება, ის წარსულში იყო, ახლა კი ლანა ხუნდაძე ვარ და დიდი-დიდი, საბუთების გაყალბებისთვის ჩამსვათ. უფრო მეტს კი კისერზე ვერ დამკიდებ, უფროსო, – თქვა ქალმა და გადაიხარხარა.
– კახა ჟურულის მკვლელობაზე რას იტყვი?
– ის მე არ მომიკლავს, გიჟმა მოკლა და არც კი ვიცოდი, სად დამარხა. მან ვერ აიტანა ჩემი ქმარი და გაასაღა.
– ეგ ზღაპრები სხვას მოუყევი, – თქვა ძიგუამ.
– მაშინ, დამიმტკიცე, რომ მკვლელი მე ვარ.
– დაგიმტკიცებთ. გიჟს დავიჭერთ და იტყვის, რომ თავი გადაირჩინოს. ახლა კი, მოქალაქე ეკატერინე სამხარაძევ, თქვენ დაპატიმრებული ხართ და წამოგვყევით, – ოფიციალურად გამოუცხადა ძიგუამ ქალს.
გაქცევა
ოქროსხელება წინასწარი დაკავების საკანში მოათავსეს, მაგრამ ის მეხუთე დღეს გაიქცა. ქალმა თავის უდანაშაულობაში ახალგაზრდა ზედამხედველის, ონისე ქვარიანის დარწმუნება შეძლო და მისი დახმარებით, საპყრობილეს თავი დააღწია. ქვარიანი 21 წლის იყო. მან ქალი საპყრობილის გარეთ გაიყვანა, თან ტაბელური პისტოლეტი და ავტომატიც გაიტაცა.
გაქცეულებზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა, მაგრამ მათ შორს წასვლა ვერ მოახერხეს და მილიციის სპეცჯგუფმა ისინი აფხაზეთში, სოფელ ბირცხაში მოაქცია ალყაში. ქვარიანს იქ ნათესავები ჰყავდა და მათთან იმალებოდნენ.
ურთიერთსროლისას მილიციამ ონისე ქვარიანი და მისი მამიდაშვილი მოკლა და კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა. რაც შეეხება ოქროსხელებას, მილიციამ ის ერთი განაკაწრის გარეშე აიყვანა, თბილისში დააბრუნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ციხეში გამოამწყვდია.
– მაქსიმუმ 5 წელი მომცენ, უფროსო. ციხეს შეჩვეული ვარ და არ გამიჭირდება, – უტიფრად განუცხადა ლანამ ძიგუას და გააბოლა.
ძიგუას გაეცინა და უხმოდ გაისტუმრა კაბინეტიდან პატიმარი. შემდეგ კი თანაშემწე იხმო და უთხრა:
– მოემზადე, კრიმინალისტებთან ერთად ჟურულის ბინა უნდა დავათვალიეროთ.
აღიარებითი ჩვენება
ჯაბა ძიგუა დარწმუნებული იყო, რომ გიჟი ლანამ მოკლა. მის ეჭვებს ჭორიკანას მოხსენებაც ადასტურებდა, რომელიც მეთვალყურედ დაუნიშნეს ქალს. ის ამბობდა, რომ სახლიდან ქალი მხოლოდ ერთხელ გავიდა და სავარაუდოდ, ბაზარში. კაცი კი იქიდან არ გასულა.
– როგორც ეტყობა, ამ ეშმაკის მოციქულმა გიჟი მოკლა, აკუწა და გადაყარა. ამიტომაა დიდ გულზე და ფიქრობს, იოლად გამოძვრება ამ საქმიდან, – თქვა ძიგუამ.
სწორედ ამიტომ მიიყვანა მან ჟურულის სახლში კრიმინალისტები. ის ვარაუდობდა, რომ მკვლელობის რაიმე კვალს მაინც მიაგნებდა და ქალის ალაპარაკებას შეძლებდა. მართლაც, კრიმინალისტებმა სამზარეულოსა და აბაზანაში, იატაკის ფილების ღრიჭოდან სისხლის კვალი ამოიღეს და დაადგინეს, რომ ის გიჟს ეკუთვნოდა.
მაიორმა ძიგუამ ქალი თავის კაბინეტში აიყვანა. შემდეგ ფაქტები დაუდო წინ და ოცწუთიანი საუბრის მერე ოქროსხელებამ დანაშაული აღიარა.
– კახა კრასნოდარში გავიცანი და ცოლად რომ გავყევი, ახალი ცხოვრების დაწყება გადავწყვიტე. გიჟი თხუთმეტწლიანს იხდიდა „დალნიში“ და იმედი მქონდა, იქვე ჩაძაღლდებოდა. თუმცა, გაიქცა, მომძებნა და მაიძულა, კახა ტყეში ამეტყუებინა. მან თვითონვე მოკლა ჩემი ქმარი და თვითონვე დამარხა. ფული საფულიდან ამოიღო და ძვირფასეულობის მოხსნა უნდოდა, მაგრამ არ დავანებე და ვუთხარი, უბრალოებია-მეთქი, – მოუყვა ლანამ ძიგუას.
ოქროსხელებამ გიჟის სასტიკი მკვლელობაც აღიარა და გამომძიებლებს ის ბუნკერიც უჩვენა, სადაც მოკლულის ნარჩენები გადაყარა.
ეკატერინე იროდის ასული სამხარაძე განზრახ მკვლელობისთვის და მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის გაასამართლეს და რადგან იმ პერიოდში ქალების დახვრეტა გაუქმებული იყო, თხუთმეტწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, ოქროსხელება პატიმარმა ქალებმა მოკლეს. მას რეციდივისტის მკვლელობა არ აპატიეს.
ლანა, სინამდვილეში კი ეკატერინე სამხარაძე, რეციდივისტმა ქალებმა ალესილი ჩანგლებით ნაკუწებად აქციეს.