როგორ გავააქტიუროთ სახლში სიყვარულის და კარიერის ზონა და როგორ გავწმინდოთ მისი დაბინძურებული აურა ზარების რეკვით
ახლა ის სეზონია, როცა ყველა ცდილობს სახლი გაარემონტოს, ჩაატაროს სამღებრო სამუშაოები, შეცვალოს ინტერიერი და ამით ცხოვრება გაიხალისოს და საცხოვრებელი პირობებიც გაიუმჯობესოს. როგორც ეზოთერიკოსი, ქალბატონი ლამარა ამბობს, ამ დროს აუცილებელია იმ წესების გათვალისწინება, რომელიც სახლში სიმშვიდეს, სიმყუდროვეს, ჰარმონიასა და სილამაზეს შემოიტანს. დადებითი ენერგიის შემოდინებით ადვილად შეძლებთ, ოჯახური თანაცხოვრების შენარჩუნებას, ოჯახის წევრებთან საერთო ენის გამონახვას და წარმატებების მიღწევას.
ლამარა: ყველა ცდილობს საკუთარი საცხოვრებელი ბინა ისე მოაწყოს, ოჯახის თითოეულ წევრს სიმყუდროვისა და ჰარმონიის შეგრძნება ჰქონდეს. ამისთვის კი საჭიროა, იცოდეთ თქვენს სახლში სად არის აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი. ასევე, უნდა იცოდეთ, რომელი კუთხე რის ზონაა, საიდან შემოედინება დადებითი ენერგია, გაედინება უარყოფითი და ასე შემდეგ. ამიტომ, სანამ ადამიანი თავისი ბინის მოწყობას დაიწყებს, ჯერ ზონები უნდა გამოიკვლიოს. ამაში კი ჩვეულებრივი კომპასი დაგეხმარებათ.
– კერძოდ, რომელი ზონა, რას ემსახურება ბინაში?
– ახლავე გეტყვით, მაგალითად, სამხრეთ-დასავლეთი სიყვარულის ზონაა, სამხრეთ-აღმოსავლეთი – სიმდიდრის, ჩრდილოეთი – კარიერის. ასე რომ, ამას რომ გაარკვევთ, ყველა ამ ზონის გააქტიურებას შეძლებთ. მაგალითად, თუ სიყვარულის ზონის გააქტიურება გინდათ, ამ კუთხეში უნდა დააწყოთ მინის სტატუეტები ან ლოტოსის დეკორატიული ყვავილები. თუ ასე მოიქცევით, მაშინ მეუღლესთან ჰარმონიული ურთიერთობა გარანტირებული გექნებათ. ასევე, ის კარგია საქმიანი და ბიზნესმენი ადამიანებისთვის, კარიერული წარმატებების მიღწევის თვალსაზრისით. სიმდიდრის ენერგიის მოსაზიდად სახლში გამოგადგებათ ჩინური მონეტები, რომლებიც მინის ავზში უნდა ჩაყაროთ და დადგათ შემოსასვლელში. ასევე, კარგია ამავე ადგილას ზარების დაკიდება, რადგან, მისი ხმა ნეგატიურ ენერგიას აფრთხობს და სახლში არ უშვებს. ამით სახლის აურაც იწმინდება. ბევრ ოჯახში მინახავს ქოთანში ჩარგული ბარაქის ხე, ის სიმდიდრის სიმბოლოა და აუცილებლად სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით ანუ სიმდიდრის ზონაში უნდა დადგათ. სახლის აღმოსავლეთი მხარე ოჯახის სიძლიერის მხარედ ითვლება, დასავლეთი – ბავშვების მხარეა და შემოქმედებითი ადამიანებისთვისაც ნაყოფიერი ზონაა. ამიტომ, ასეთმა ადამიანებმა სამუშაო მაგიდა, სწორედ ამ ადგილას უნდა დადგან. მე ეს ყველაფერი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და ყველა ჩემი მეგობარი თუ მეზობელი, რომელიც ჭკუას მეკითხება და შემდეგ ჩემს რჩევებს ითვალისწინებს, ცხოვრების კმაყოფილია. გადატვირთული ოთახები უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ბედსა და გუნება-განწყობაზე. ასევე, აფერხებს ბედნიერების ენერგიის მოზიდვას. ამიტომ, ისე გადაანაწილეთ ავეჯი და ნივთები, რომ მეტი სივრცე გამოჩნდეს ბინაში. დაკიდეთ გამჭვირვალე ოქროსფერი ან ცისფერი ფარდები და დააგეთ იატაკზე ლამაზი ხალიჩები. საწოლ ოთახში კი დადგით წითელი ფერის „ნაჩნიკი“ ან წითელსანთლებიანი შანდალი. ცეცხლის ენერგია სექსუალურ პოტენციაზე დადებითად აისახება. გაითვალისწინეთ, რომ სახლის აშენების ან რემონტის დროს, საძინებელი მყუდრო იყოს და არ ჰქონდეს სხვა ოთახებში გამავალი კარი. ვფიქრობ, ძალიან მარტივი წესებია, რომელიც ჩვენს ბედნიერ ცხოვრებას და მშვიდ მომავალს უზრუნველყოფს.
– ამბობენ, ყველაზე დიდი და განსაკუთრებული ყურადღება ადამიანმა საცხოვრებელში შემოსასვლელს უნდა მიექცესო. ამაზე რას იტყვით?
– ეს მართალია. მეც მოგცემთ ისეთ რჩევებს, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ და თქვენს კეთილდღეობაზე დადებითად იმოქმედებს. მაგალითად, შემოსასვლელი კარი სარკეში არ უნდა ჩანდეს. ეცადეთ სარკე არ გაბზაროთ. გაითვალისწინეთ, რომ ანტიკვარულ მაღაზიებში ან მდიდარი ადამიანებისგან ნაყიდ სარკეებს უარყოფითი ენერგია შემოაქვს სახლში. შემოსასვლელმა კარმა, რომელიც ენერგიის „გზაა“, არ უნდა იჭრიალოს, ასევე, გამართული უნდა იყოს საკეტები, რომ ნეგატიური ენერგია არ მოვიზიდოთ შინ. თუ ფანჯარა კარის მოპირდაპირე მხარესაა და მათ შორის წინაღობა არ არის, იქმნება ენერგეტიკული „ორპირი ქარი“. ენერგია, რომელიც ამ დროს სახლში შემოდის, ფანჯრიდან გადის, რაც ნორმალურ ცირკულაციას უშლის ხელს. აუცილებელია, რომ ამ ნაკადს ხელი შეუშალოთ, თუნდაც იმით, რომ კარი მუდმივად დაკეტილი იყოს. ხშირად გაანიავეთ შემოსასვლელი. სამწუხაროდ, ცუდი ტრადიციაა დამკვიდრებული, რაც იმაში გამოიხატება, რომ ტუალეტი და სამზარეულო გვერდიგვერდაა განლაგებული. ამას სერიოზული დისჰარმონია და პრობლემები შემოაქვს ოჯახში, როგორც ფინანსური, ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულიც. საერთოდ, საპირფარეშო ოთახი ოჯახის დადებით ენერგიას შთანთქავს. ამიტომ, შემოსასვლელ კართან ახლოს არ უნდა იყოს. კარგია თუ მის კარზე ისეთ სურათს დაკიდებთ, რომელზეც ბუნების პეიზაჟია გამოსახული. ასევე, თუ გსურთ საქმეში წარმატებული იყოთ და სახლშიც სიმშვიდე სუფევდეს, ეცადეთ შესამჩნევად გააფერმკრთალოთ ზღვარი კედელსა და ჭერს შორის. ისინი ან ერთი ფერის უნდა გახადოთ ან შესაბამისად, გაანათოთ. მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ ვერტიკალური ტორშერები, რომელთა სინათლეც იატაკისკენ არ იქნება მიმართული და ჭერს გაანათებს.
– ეზოთერიკოსები გვირჩევენ, ხშირად გადავაადგილოთ ავეჯი სახლში. ეს რისთვისაა საჭირო?
– ეს იმისთვის არის საჭირო, რომ სასიკეთო ცვლილებები შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში. თუ იმის საშუალება არ გაქვთ, რომ ახალი ავეჯი ან აქსესუარები შეიძინოთ, მაშინ ზოგიერთი დეტალი მაინც შეცვალეთ ინტერიერში. ასევე, ყურადღებით უნდა გადაარჩიოთ ნივთები სახლში. გადაყარეთ ყველა ძველი ფეხსაცმელი, გატეხილი ან გაბზარული ჭურჭელი, ასევე, ძველი ტანსაცმელი, რომელსაც აღარ ჩაიცვამთ, შელახული ან ელვაგაფუჭებული ჩანთები და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, გაათავისუფლეთ ადგილი ახალი ნივთებისთვის. მერწმუნეთ, თუ ასე მოიქცევით, უფრო მეტი შემოსავალიც გექნებათ და თქვენი იდეებიც გააქტიურებას დაიწყებს. თუ მატერიალური დოვლათის მოზიდვა გსურთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სამზარეულო ოთახის კეთილმოწყობას. ანუ, იმ ადგილს, სადაც სამსახურიდან ენერგიაგამოცლილი ჯდებით და საკვებს მიირთმევთ ამ დახარჯული ენერგიის აღსაღდგენად და სიმხნევის დასაბრუნებლად. კარგია თუ სამზარეულოში, მაგიდაზე სულ იდგმება სეზონური ხილით სავსე ვაზა, კედელზე კი დაკიდეთ დაფნის, ხახვისა და ნივრის აცმა. სამზარეულოს ფანჯრის მინაზე სულ გედგათ ქოთნით ბალბა და თეფშზე დაგებულ ბამბაზე დათესილი ხორბალი. აგრეთვე, დადგით ისეთი ჭურჭელი, რომელშიც მუდამ გექნებათ ხურდა ფული და შაქრის ნატეხი ჩაყრილი. ბევრი დიასახლისი სამზარეულოში კიდებს ძაფზე აცმულ წიწაკას. ეს ცუდია, რადგან მას სიმწრისა და ცრემლის მოტანა შეუძლია სახლში. სამზარეულოს კედლები კი უმჯობესია, ოქროსფრად, კრემისფრად, ან სალათისფერში შეღებოთ. სულ რაღაც ერთი წელია, რაც ჩემმა მეზობელმა სამზარეულოს კედლები სალათისფრად გადაღება და დამიჯერეთ, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. დილიდან დაღამებამდე სამსახურშია და იქიდან დაბრუნებული, გამოწურული ლიმონივით გრძნობდა თავს. სანამ რემონტს დაიწყებდა, შემოვიდა ჩემთან და რჩევა მკითხა. ვურჩიე, როგორ ფერებში გადაეღება ოთახების კედლები, როგორ განელაგებინა ავეჯი, საერთოდ, როგორ გამოეკვლია საცხოვრებელში ის ზონები, რომელიც მის კეთილდღეობაზე, შემოსავლებსა და ბედნიერებაზე იქნებოდა პასუხისმგებელი. დამიჯერა და დღეს ჩემი მადლიერია. სხვათა შორის, უცხოეთში, სანამ რემონტს ან სახლის აშენებას დაიწყებენ, ყოველთვის ეკითხებიან რჩევებს ეზოთერიკოსებს. ძველად არც საქართველოში აშენებდნენ სახლს იმ ადგილას, სადაც დიდი უარყოფითი ენერგია იყო დაგროვილი. დღეს ამას სამწუხაროდ, აღარ ითვალისწინებენ და როცა პრობლემები ექმნებათ, მერე ეძებენ მიზეზებს. ამიტომ, ვამბობ, სანამ ურემი გადაბრუნდება, მანამდე ჯობია თვალების გახელა და გზის დანახვა. გამოსავალი ყოველთვის არსებობს და არც ადამიანის წარუმატებლობაა შემთხვევითი მოვლენა.