ვის ეძებს რუსთავის ¹5 საპყრობილის პატიმარი ქალი ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში და რატომ გადაწყვიტა მან ბიოლოგიური დედის პოვნა
39 წლის მაია მარხვაიძე (ამჟამად ირმა ირემაძე) ეძებს ბიოლოგიურ მშობელს, დედას, ლია მარხვაიძეს (ასაკი უცნობია).
ჟურნალისტის შენიშვნა: ამ ისტორიის ავტორი, ჩემთვის უცნობი მიზეზის გამო არის ქალთა და არასრულწლოვანთა საპყრობილის რეჟიმის დაწესებულების მსჯავრდებული. რესპონდენტის დიდი თხოვნით, მისი წერილი სიტყვა-სიტყვით ქვეყნდება რუბრიკა „დაკარგულებში“. ვიმედოვნებთ, ქალბატონი ლია მარხვაიძე, ან ის ადამიანები, ვინც მას იცნობენ, აუცილებლად გამოეხმაურებიან ჩვენს სტატიას. ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ მაიას ბიოლოგიური დედა, შესაძლებელია, იმ დროს მეუღლის გვარზე იყო. რესპონდენტის თქმით, მისი ბიოლოგიური დედის სახელი ლიაა და შესაბამისად, ვეძებთ ლია მარხვაიძეს, რომელიც 1971-1972 წლებში ცხოვრობდა სოფელ ალვანში.
ისტორია: დავიბადე 1971 წლის 19 თებერვალს. ერთი წლის ასაკში მიშვილეს ახმეტის რაიონის სოფელ ალვანიდან. მერქვა მაია მარხვაიძე. უცნობი მიზეზის გამო გამაშვილეს. ამჟამად ვიმყოფები პატიმრობაში და დიდი იმედით მოგმართავთ თხოვნით, მაპოვნინოთ ჩემი მშობელი დედა. აღმზრდელი მშობელი დამეღუპა.
ძვირფასო რედაქცია! მე თქვენი ჟურნალის აქტიური მკითხველი ვარ. ღამეები მითენებია „თბილისელების“ კითხვისას. შეიძლება, ჩემნაირად ბევრს უყვარხართ და გეთაყვანებათ, მაგრამ, მე განსაკუთრებული სტატუსი მაქვს... პატიმარი ვარ... რამდენად კანონიერად და სამართლიანად – ამას მომავალი გვიჩვენებს. ამჯერად კი, თქვენ ჩემთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხზე მოგმართავთ და, დარწმუნებული ვარ, არ გამაწბილებთ.
თქვენ მიერ გამოცემული ყველა ნომერი საინტერესოა, არჩევნის გაკეთებაც კი მიძნელდება, ყველა რუბრიკა დახვეწილია, მაგრამ უცნობ-ნაცნობების უწყვეტი ძებნა და ადამიანების გაბედნიერება, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად სულის შემძვრელია. პირადად მეც სწორედ ეს პრობლემა მაქვს და ამ საკითხთან დაკავშირებით გაწუხებთ, რადგან ჩემს ბედნიერებასთან ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია.
მრავალი წლის განმავლობაში ვფიქრობდი, მომეძებნა თუ არა ჩემი ბიოლოგიური დედა. ათასი დადებითი თუ უარყოფითი აზრი მიტრიალებდა თავში. თქვენმა გულისხმიერებამ, რუბრიკა „დაკარგულებში” დაწერილმა სტატიებმა, საბოლოო გადაწყვეტილება მიმაღებინა და დახმარებას გთხოვთ. ვიმედოვნებ, გულთან ახლოს მიიტანთ წლების განმავლობაში სათუთად ნატარებ სურვილს და ოცნების ახდენაში დამეხმარებით. მხოლოდ თქვენს რუბრიკას ვუამბობ გულახდილად მთელი ჩემი ცხოვრების ისტორიას: გავიზარდე თბილისში, ირემაძეების ოჯახში. სანამ ჩემი აღმზრდელი მშობლები ცოცხლები იყვნენ, იქ ვიზრდებოდი. ჩემმა გამზრდელმა დედამ, ჟუჟუნა გემაზაშვილმა, ჩემი ცხოვრების დიდი საიდუმლო გამანდო და მითხრა, რომ თურმე მე აყვანილი შვილი ვყოფილვარ. ჩემი გამზრდელი წარმოშობით კახეთიდან იყო, უფრო კონკრეტულად კი სოფელ წინანდალიდან. ჩემს აღმზრდელ მშობლებს წლების განმავლობაში არ უჩნდებოდათ შვილი და ჩემი შვილად აყვანის მიზეზიც სწორედ ეს იყო. აღმზრდელი დედის თქმით, ისინი კითხვა-კითხვით, ნაცნობობით, ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში მისულან, სადაც ერთი წლის გოგონა, ანუ მე ვიზრდებოდი. დავიბადე 1971 წლის 19 თებერვალს. ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს, ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო, ჩემი გაშვილება ჰქონდათ გადაწყვეტილი, სწორედ ასე ვიქეცი მაია მარხვაიძედ დაბადებული ბავშვი ირმა ირემაძედ. გადმოცემით ვიცი, რომ ჩემს ბიოლოგიურ დედას ერქვა ლია. სამწუხაროდ, მეტი ინფორმაცია მის შესახებ არ გამაჩნია.
მას შემდეგ, რაც ეს ამბავი მოხდა, გავიდა 38 წელი. ამჟამად მე უკვე 39 წლის ვარ და ცხოვრებაში ბევრი ტკივილი და ცოტა სიხარული მინახავს. მყავს არაჩვეულებრივი ვაჟიშვილი, რომელიც ამჟამად 16 წლისაა. არც ისეთი ბედნიერი ცხოვრება მქონდა, რადგან ღმერთმა გამჩენი მშობელი არ შემარჩინა, ხოლო უსაყვარლესი გამზრდელი დედა და კიდევ ერთი შვილი (მცირეწლოვან ასაკში) – სამუდამოდ წამართვა. ამის მიუხედავად, მაინც მადლობას ვწირავ უფალს და ერთადერთი ვაჟის ჯანმრთელობასა და ბედნიერებას ვევედრები. ძალიან დავიღალე, რადგან ცხოვრებაში ბევრ ტყუილსა და ფარსს შევესწარი! მინდა, ვისარგებლო თქვენი რუბრიკით და პირდაპირ მივმართო ჩემს ბიოლოგიურ დედას და, თუკი უფალი ინებებს, ჩემი სიტყვები ადრესატამდე მივა: „დედა! ვიცი, რომ ცოცხალი ხარ! გეხვეწები, გამომეხმაურე!.. აღარ მინდა, ტყუილით გავაგრძელო ცხოვრება, ძალიან ბევრი მაქვს გასაკეთებელი. მე ვერ მოგძებნი შენ და შენამდე ვერ მოვალ, რადგან პატიმარი ვარ... არ იფიქრო, რომ ამჟამინდელმა ყოფამ განაპირობა ჩემი ეს სურვილი, მე შენ სულ გეძებდი სიმართლის გაგების შემდეგ (უფალმა აცხონოს ჩემი გამზრდელი დედის სული, ჩემთვის ის მართლაც უბადლო დედა იყო.), მაგრამ ჩვენ ერთმანეთს, ჩემი აზრით, ჰაერივით ვჭირდებით, ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი. ყველაფერი შეგინდე, გაპატიე, არ შეგრისხავ! მე არაფერი მინდა შენგან, გარდა სიყვარულისა და სითბოსი. ძალიან მიყვარხარ, მიუხედავად ყველაფრისა.”
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.