მედოფმა დაპატიმრებამდე 9 მილიარდი გადამალა
ისტორიაში ყველაზე მსხვილი ფინანსური პირამიდის შემქმნელმა, ბერნარდ მედოფმა, დაპატიმრებამდე მეანაბრეებისგან მოტყუებით მიღებული 9 მილიარდი დოლარის გადამალვა მოასწრო. არსებული ინფორმაციით, თაღლითმა მილიარდერმა ეს თანხა სამ „ახლობელს“ გადაუგზავნა. ამის შესახებ ამერიკის ჩრდილოეთ კაროლინის შტატში მდებარე ციხის ერთ-ერთი პატიმრისგან გახდა ცნობილი. იგი და 72 წლის მედოფი სწორედ ამ ციხეში იხდიან ერთად სასჯელს. პატიმრის განცხადებით, ფინანსური პირამიდის შემქმნელმა თავად მოუთხრო მას გადამალული მილიარდების შესახებ. ამავე პატიმრის თქმით, მედოფმა გაუმხილა, რომ, იმ ადამიანთა ვინაობა, ვინც თაღლითის გადამალულ მილიარდებს ახლა „პატრონობს“, მის გარდა ერთ-ერთმა თანამოაზრე თაღლითმა – ფრენკ დი პასკალმაც იცის. ეს უკანასკნელი კი 2009 წელს დააპატიმრეს. მედოფი შიშობს, რომ დი პასკალმა, შესაძლოა, მის ხელთ არსებული ინფორმაცია ხელისუფლებასთან საპროცესო გარიგებისთვის და პატიმრობის ვადის შესამცირებლად გამოიყენოს. მიუხედავად იმისა, რომ მედოფის თანასაკნელი ყველაზე მსხვილი ფინანსური პირამიდის შემქმნელისა და იმ სამი პიროვნების სიახლოვეზე ლაპარაკობს, რომლებსაც 9 მილიარდი დოლარი გადაეცათ, მათი ვინაობა კვლავაც უცნობია.