რომელი ფირმის პერსონალურ კომპიუტერებს ანიჭებენ უპირატესობას „ფორბსის“ მილიარდერები
როგორი კომპიუტერებით სარგებლობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანები? – ამ კითხვაზე პასუხის გაგება ძალზე საინტერესოა, რადგან, იქნებ, ჩვენი, ჩვეულებრივი მოკვდავების გემოვნება ამ კონკრეტულ საკითხში მაინც ემთხვევა მილიარდიანი კაპიტალის მფლობელი ადამიანების გემოვნებას. ჟურნალმა „ფორბსმა“ ჩაატარა მცირე კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით და აღმოაჩინა, რომ მილიარდერების უმეტესობას სრულიად განსხვავებული შეხედულება აქვს კომპიუტერებზე.
„ეფლის წარმომადგენლებმა იციან, რომ სამუშაო მოწყობილობა უნდა იყოს არა მხოლოდ ძლიერი, არამედ ლამაზიც“, – ეს სიტყვები ინტერნეტ-აუქციონ „იბეის“ დამფუძნებელს, მილიარდერ პიერ ომიდიარს ეკუთვნის, რომლის კაპიტალი 5,2 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს და მილიარდერთა რეიტინგში მას 148-ე ადგილი უკავია. ამჟამად, მუშაობის დროს, ომიდიარი „მაკბუქ ეირს“ იყენებს და ამ მოწყობილობის მიმართ თავის სიმპათიებს ლოგიკურად ხსნის: „ის იმდენად მოსახერხებელია, რომ საათობით შემიძლია მასზე მუშაობა ისე, რომ არ დავიღლები“. თუმცა, რამდენიმე მილიარდერს თამამად შეუძლია, გაუწიოს კონკურენცია ომიდიარს „ეფლის“ პროდუქციის მიმართ სიყვარულში. მაგალითად კომპანია Oakley-ს დამფუძნებლის, „ფორბსის“ რეიტინგში 316-ე ადგილზე მყოფი და 3 მილიარდი ამერიკული დოლარის მფლობელის, ჯეიმს ჯენარდის თქმით, იგი 1984 წლიდან „მაკის“ მომხმარებელია, ანუ, გამოდის, რომ ჯენარდი ჯერ კიდევ იმ დროიდან იყენებს „მაკინტოშს“, სანამ ის საერთოდ გაყიდვაში გამოვიდა. დაზუსტებით არ არის ცნობილი, მაგრამ „ეფლის“ პროდუქციის მიმართ სიმპათიებს „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგის პირველი ათეულის წევრებიც კი გამოხატავენ. მაგალითად, მექსიკელი კარლოს სლიმ ელუს განცხადებით, რომელმაც 2010 წლის რეიტინგში პირველ ადგილზე შეცვალა ბილ გეითსი, მას საერთოდ არ აქვს კომპიუტერი და „მაუსის“ მოხმარებაც კი არ იცის, თუმცა, „ეფლის“ მიმართ რომ კეთილად არის განწყობილი – ფაქტია. ერთ-ერთ შეხვედრაზე მექსიკელმა მილიარდერმა არგენტინის პრეზიდენტს, კრისტინა ფერნანდეზ დე კირშნერს, სწორედ „ეფლის“ „მაკბუქ ეირი“ აჩუქა.
სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ დამფუძნებელი და პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი მარკ ცუკერბერგი, პაპარაცებმა რამდენჯერმე დააფიქსირეს „მაკბუქის“ პრეზენტაციებზე. ამ ფოტოების უმრავლესობა მარკის პირად „პროფაილზე“ არის განთავსებული. „მაკინტოშის“ მომხმარებელთა სიაში კომპანია „ენდფოინტ ტექნოლოჯის“ პრეზიდენტი, მილიარდერი როჯერ ქეიც ფიგურირებს. მისი თქმით, „მაკი“ ყველაზე ელეგანტურია და, ამავე დროს – პრესტიჟული.
უნდა ითქვას, რომ მილიარდერთა ნაწილი ჩვეულებრივ პერსონალურ კომპიუტერებსაც საკმაოდ კარგად მოიხმარს. მაგალითად, ამერიკული საკალათბურთო ასოციაციის გუნდ „დალას მავერიქსის“ მფლობელი და 2,3-მილიარდდოლარიანი კაპიტალის მქონე მარკ კუბანი მიიჩნევს, რომ „ჰიულეტ პაკარდის“ პერსონალური კომპიუტერი, რომელზეც ჩაწერილია „ვინდოუს ვისტა“, არაფრით ჩამოუვარდება „მაკინტოშს“. უნდა აღინიშნოს, რომ მუშაობის დროს კუბანი „მაკბუქ ეირისა“ და კომპანია „გუგლის“ ახალ პროდუქტს, სენსორულ „აიპოდსაც“ კი იყენებს, თუმცა უპირატესობას მაინც „ეიჩპის“ ანიჭებს.
სხვა მილიარდერები, მაგალითად, ბრიტანელი რიჩარდ ბრენსონი, რომლის კაპიტალი 4 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს და რომელსაც 212-ე ადგილი უკავია მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, სამსახურში პერსონალურ კომპიუტერს იყენებს, ხოლო სახლში – „მაკინტოშს“. ქარიზმატული მილიარდერის თანაშემწემ ჟურნალ „ფორბსის“ ჟურნალისტს განუცხადა, რომ საკუთარ სახლში ბრენსონს რამდენიმე ათეული „მაკინტოში“ აქვს, ხოლო ოფისში – ძირითადად, „ეიჩპის“ ან სხვა კომპანიების პერსონალური კომპიუტერები.
რა თქმა უნდა, პერსონალური კომპიუტერების მომხმარებელთა შორის ფიგურირებენ 14,5-მილიარდდოლარიანი ქონების პატრონი – სტივ ბალმერი და პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი – ბილ გეითსი. ეს არც არის გასაკვირი, რადგან დიდი სიურპრიზი იქნებოდა, რომ „მაიკროსოფტის“ „მამებს“ სხვა ტიპის, მაგალითად, „მაკის“ კომპიუტერები გამოეყენებინათ. მაგრამ სიძულვილი „ეფლის“ მიმართ ხანდახან ყველა ზღვარს სცილდება. ერთ-ერთ კორპორატიულ წვეულებაზე „მაიკროსოფტის“ ერთ-ერთი თანამშრომელი „აიფონით“ ხელში შეამჩნიეს, რითაც ის ფოტოებს უღებდა სტივ ბალმერს. თვითმხილველების თქმით, გაბრაზებულმა ბალმერმა კომპანია „ეფლის“ პროდუქტი ხელიდან გამოჰგლიჯა თავის თანამშრომელს და ასობით ადამიანის წინაშე ფეხით გათელა.
ყველაზე ექსტრავაგანტურ ვარიანტად მილიარდერებისთვის „ფორბსს“ კომპიუტერის საერთოდ არქონა მიაჩნია. მუდმივად ფოსტის შემოწმება ან „ჩათაობა“ საკმაოდ მოსაბეზრებელი და მოსაწყენია, ამისთვის მილიარდერებს ათობით თანაშემწე ჰყავთ დაქირავებული, რაშიც ხელფასს უხდიან. „ყველაზე დიდი ფუფუნება მილიარდერისთვის არის ის, რომ საერთოდ არ იქონიო კომპიუტერი“, ეს სიტყვები უკვე ნახსენებ როჯერ ქეის ეკუთვნის. ასეთი „ფუფუნების“ მოყვარულთა შორის კომპანია „ვიაკომის“ შეფი, მილიარდერი სამნერ რედსტოუნი და „ფორმულა 1-ის“ მფლობელი, ექსტრავაგანტური ბერნი ეკლსტოუნი ფიგურირებენ.
შეგახსენებთ, რომ „ფორბსის“ 2010 წლის მილიარდერთა რეიტინგის სათავეშია მექსიკელი კარლოს სლიმ ელუ, რომლის ქონება 53,5 მილიარდ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული და, 1994 წლიდან მოყოლებული, სლიმ ელუ პირველი მილიარდერია, რომელიც არ არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე და, ამავე დროს სათავეში უდგას მილიარდერთა რეიტინგს. მისი მომდევნო პოზიციები კი, ტრადიციულად, ბილ გეითსს 53 მილიარდი დოლარით და უორენ ბაფეტს 47-მილიარდიანი კაპიტალით უჭირავთ.
P.S. უნდა აღინიშნოს, რომ რუსი მილიარდერების უმეტესობამ სწორედ კომპიუტერების იმპორტით დაიწყო საკუთარი ბიზნესი და ერთ-ერთი მათგანი არის ვლადიმირ ლისინი.