როგორ გააკოტრა სტალინმა საქართველოში მენშევიკური მოძრაობა და რატომ მიჰყიდა ეშმაკს სული შეგნებულად
იოსებ სტალინისადმი, რომელმაც არა მხოლოდ საკუთარი უნარების, საკუთარი სამშობლოს, ოჯახის წევრების, თანამემამულეებისა თუ თანამებრძოლების ხარჯზე მოიპოვა ადგილი მსოფლიო ისტორიაში, სამშობლოში მაინც გაორებული დამოკიდებულებაა. ჩვენ არ ვაპირებთ, ვიმსჯელოთ თემაზე, უნდა იდგეს თუ არა სტალინის ძეგლი საქართველოში ან უნდა მივაგოთ თუ არა პატივი მის პერსონას. ისტორიკოს ვახტანგ გურულის დახმარებით შევეცდებით, ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, წარმოვაჩინოთ აწ უკვე ფენომენის – იოსებ სტალინის – მოღვაწეობის დადებითი და ურყოფითი შედეგები, რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმართებაში.
– როდის ჩნდება იოსებ ჯუღაშვილი პირველად ქართულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სარბიელზე?
– იოსებ სტალინი, როგორც პიროვნება, როგორც პოლიტიკური მოღვაწე, ურთულესია. მისი მოღვაწეობის შედეგის ცალსახად შეფასება ძალიან ძნელია. რამდენიმე ათეული წელია, ხშირად ვხვდებით სტალინის სრულიად დაუსაბუთებელ კრიტიკას, ორგანულ ზიზღამდე მისულ დამოკიდებულებას, ისევე, როგორც სრულიად დაუსაბუთებელ განდიდებას, ფაქტობრივად, ფანატიზმამდე მისულს. ისტორიული მეცნიერების ვალია, სტალინის ობიექტურად შეფასება და ისტორიკოსის ნაწერებში მკითხველმა არ უნდა დაინახოს ზიზღი ან ფანატიკური დამოკიდებულება. ამის ყველაზე უფრო კარგი საშუალებაა, შევეხოთ სტალინის მოღვაწეობაში უმნიშვნელოვანეს ეტაპებს. მოვიყვანოთ ფაქტობრივი მასალა და გავაანალიზოთ.
სტალინი თბილისში მეცხრამეტე საუკუნის 90-იანი წლების შუა ხანში ჩამოვიდა და გახდა თბილისის მართლმადიდებელთა სასულიერო სემინარიის მოსწავლე.
– ამბობენ, რომ მისი არჩევანი განაპირობა იმან, რომ სასულიერო სემინარიაში სწავლა უფასო იყო?
– არა, სტალინს უკვე დამთავრებული ჰქონდა გორის სასულიერო სასწავლებელი. ამდენად, მას გიმნაზიაშიც შეეძლო, განეგრძო სწავლა, მაგრამ დედამისმა ისურვა, რომ სტალინს სასულიერო სასწავლებელში ესწავლა, შემდეგ სასულიერო სემინარიაში და სასულიერო პირი გამოსულიყო. სტალინმა გორის სასულიერო სასწავლებელი პირველი მოწაფის ტიტულით დაამთავრა, რაც თანამედროვე ენაზე ნიშნავს სკოლის ოქროს მედალს. სემინარიაში სწავლის პერიოდში, ჯერ კიდევ სასულიერო სემინარიის მეორე კურსის მოსწავლე სოსო ჯუღაშვილი ილიას „ივერიაში“ აქვეყნებს ხუთ ლექსს. ესე იგი, მას ილია ჭავჭავაძესთან მიესვლებოდა და ილიამ გარკვეულწილად ხელი შეუწყო ამ მოწაფე-სემინარიელის საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლას. ილიას „ივერიაში“ პირველ გვერდზე ხუთი ლექსის დაბეჭდვა არ იყო ადვილი საქმე, რადგან ილიას შეღავათები არ უყვარდა. ილიასთვის არ არსებობდა ცნობილი პოეტი, მისთვის მთავარი იყო კარგი ლექსი. ამის შემდეგ, 90-იანი წლების მეორე ნახევარში, სტალინი უკავშირდება სოციალისტურ მოძრაობას, კერძოდ, მის ერთ-ერთ სოციალ-დემოკრატიულ მიმდინარეობას. სტალინის წინაშე იდგა არჩევანი: მას შეეძლო, დაემთავრებინა თბილისის სასულიერო სემინარია, გამხდარიყო დიაკვანი, შემდეგ მღვდელი და განეგრძო სასულიერო კარიერა, მაგრამ ეს სტალინმა არ მოინდომა, მიუხედავად დედის სურვილისა. სტალინს შეეძლო, დარჩენილიყო ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“, ანუ ეროვნულ მოძრაობაში და გამხდარიყო ეროვნული მოძრაობის მოღვაწე, მაგრამ სტალინმა არც ეს ისურვა და ხუთი ლექსის გამოქვეყნების შემდეგ, 1995 წელსვე, ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა ილია ჭავჭავაძის „ივერიასთან“. სტალინმა აირჩია მესამე გზა: ჩაება სოციალისტურ მოძრაობაში და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის აქტიური წევრი გახდა. ღმერთი ადამიანს აძლევს არჩევნის გაკეთების საშუალებას, მაგრამ სტალინმა სოციალისტური მოძრაობა ამოირჩია. ასე რომ, რამდენიც უნდა ვეცადოთ, გავამართლოთ ის, მან თავისი მოღვაწეობის დასაწყისშივე დაუშვა დიდი შეცდომა.
– ოღონდ შეცდომა ჩვენი და არა სტალინის გაგებით.
– რა თქმა უნდა. ის ეშმაკის მსახურად იქცა. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ იმხანად ევროპაშიც არსებობდა სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა. მეტიც, მოგვიანებით, ბელგიაში, ინგლისში სოციალ-დემოკრატები პრემიერ-მინისტრებიც კი გახდნენ, მაგრამ სრულიად განსხვავებული იყო რუსული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა. რუსული სოციალ-დემოკრატია იყო ექსტრემიზმისა და ტერორიზმის ბუდე. ლენინიდან დაწყებული, რუსეთის ყველა სოციალ-დემოკრატი, ეროვნებით რუსი თუ არარუსი, იყო ფსიქიკადანგრეული ადამიანი. ნორმალური მათ შორის არც ერთი არ ყოფილა. ისინი იყვნენ არაეროვნული, არაეკლესიური ადამიანები, გამოკიდებულნი რაღაც ისეთ იდეას, რომელიც ვერ განხორციელდა და დღეს მით უმეტეს, ვეღარ განხორციელდება, რომ აღარ იარსებებდნენ ერები, სახელმწიფოები, რელიგიები და იქნებოდა ერთი მსოფლიო სახელმწიფო. ეს იდეა, თავისთავად, ავადმყოფურია. სტალინმა ეს არჩევანი შეგნებულად გააკეთა, რადგან ის იმ დროს უაღრესად ნაკითხი ადამიანი იყო. ჩვენ ზუსტად ვიცით, რას კითხულობდა.
– და რას კითხულობდა?
– ჟანდარმერიამ აღმოაჩინა იმ ლიტერატურის სია, რომელზე დაყრდნობითაც სტალინი ადგენდა მეცადინეობის გეგმას და მუშებს ასწავლიდა სოციალიზმს. მან ძალიან კარგად იცოდა ცალკეული ქვეყნების ისტორია; მაშინდელი მსოფლიოს ეკონომიკური განვითარების დონე; ომებისა და მსოფლიო გადანაწილების, ეკლესიების ისტორია. რაც მთავარია, მას სემინარიაში უაღრესად კარგად ჰქონდა შესწავლილი წმიდა წერილი. ძველ და ახალ აღთქმებს მაშინ სასულიერო სემინარიაში ასწავლიდნენ არა უბრალოდ რუსულ, არამედ ძველ სლავურ ენაზე. უმაღლესი შეფასება ჰქონდა ლოგიკაში. ძალიან კარგად სწავლობდა მათემატიკასა და გეომეტრიას. ესე იგი, მას ცოდნა არ აკლდა. ეს არ იყო გაუნათლებელი ფანატიკოსი, რომელსაც რაღაც ჩააგონა ვიღაც აგიტატორმა და ამიტომაც აირჩია სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა. სტალინი თვითონ იყო აგიტატორი და სწორედ სხვებს ღუპავდა თავისი დემაგოგიური ლექციებით. სტალინმა შეგნებული არჩევანი გააკეთა ეკლესიას, ეროვნულ მოძრაობასა და სოციალ-დემოკრატიას შორის, მაგრამ აქ არ დამთავრებულა ყველაფერი. სტალინი ავტომატურად გახდა ეკლესიისა და ეროვნული მოძრაობის მტერი, რადგან სოციალისტურ მოძრაობას მიმდევრები არ ჰყავდა და ამიტომ მათი მიზანი იყო გონების დაბნელება ეკლესიის მრევლისა და ეროვნული მოძრაობის წევრებისთვის. ამას სოციალ-დემოკრატებმა კარგად აუღეს ალღო.
– პირველობისკენ სწრაფვა როდის გამომჟღავნდა სტალინში? ანუ როდის შეინიშნა სოსო ჯუღაშვილში იოსებ სტალინის კონტურები?
– სტალინი გახდა სოციალ-დემოკრატების მიმდევარი და მაშინვე დაიწყო ბრძოლა ლიდერობისთვის, თან ძალიან ეშმაკურად. მას უნდა, გახდეს ნომერ პირველი საქართველოს სოციალ-დემოკრატებს შორის, რომ რუსების ყურადღება მიიპყროს. მაგრამ აქ უკვე არიან ლიდერები: ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, კარლო ჩხეიძე და სხვები. სტალინი ვერაფერსაც ვერ მიაღწევდა და მისი პოლიტიკური კარიერა პატარა სოციალისტობით დამთავრდებოდა, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია ორად რომ არ გახლეჩილიყო. სტალინმა მაშინვე დაინახა, რომ ქართველ მენშევიკებში არიან ლიდერები, რომლებსაც ის ვერ აჯობებს; რუს მენშევიკებში არიან ლიდერები, რომლებსაც ვერ დაძლევს, მაგრამ, სამაგიეროდ, ბოლშევიკებში არიან ტერორისტები და ექსტრემისტები, რომელთა შორისაც ის შეიძლება, გახდეს ლიდერი. ამიტომ მან მიზნად დაისახა, მოესპო ქართული მენშევიკური მოძრაობა და საქართველოში ბოლშევიზმი დაემყარებინა. მენშევიზმიც და ბოლშევიზმიც ქართულ ეროვნულ ღირებულებებთან მიმართებაში ერთი და იგივე უბედურებაა, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ სტალინის არჩევანზე: მისი მიზანია, რუს ბოლშევიკ ლიდერთა საამებლად მოსპოს თავისი თანამემამულეები და საქართველოში დაამკვიდროს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობიდან უარესი – ბოლშევიზმი და ამას სტალინმა ნაწილობრივ მიაღწია. თუმცა, როდესაც დაინახა, რომ საქართველოში ლიდერობისთვის მრავალწლიანი ბრძოლა მოუწევდა, ტაქტიკა შეცვალა, სამშობლოს გაეცალა და საქართველოში ბოლშევიზმის იდეების გაბატონებისთვის ბრძოლა გარედან დაიწყო. 1907 წლიდან ის საქართველოში უკვე იშვიათად ჩამოდიოდა.
– როდის გახდა სტალინი აღიარებული ბოლშევიკი ლიდერი?
– 1905 წლის რევოლუციის დროს სტალინი საქართველოშია და შეიძლება ითქვას, რომ ლიდერთა ხუთეულშიც არ შედის, მაგრამ მაინც ერთ-ერთი ლიდერია თავისი პირადი მონაცემებით: არაფრის ეშინია, კაცის კვლაზეც მიდის, ბომბებსაც ისვრის, უკან არ იხევს შანტაჟზე, თანაპარტიელის გაწირვაზე და სწორედ ამ თვისებების გამო ხდება ლიდერი. 1905 წლის რევოლუციის დროს გამოიკვეთა ორი იდეა: ბრძოლა საქართველოს ავტონომიისა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის და სტალინი ხდება ამ ორივე იდეის დაუძინებელი მტერი. სოციალისტებს ჰქონდათ ასეთი დოგმა: რუსეთში არსებული წყობილება უნდა დავამხოთ ერთობლივი ძალებით და რა დროს ავტონომიაა, ეს დაასუსტებს სოციალისტურ მოძრაობასო. არადა საქართველოსთვის იმ დროს ავტონომიის მოპოვება ძალიან კარგი იქნებოდა. მართალია, ეს არ იქნებოდა სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, მაგრამ მოამზადებდა ქართველ ერს სრული დამოუკიდებლობისთვის და გარკვეულ გამოცდილებას მისცემდა ქართულ პოლიტიკურ ელიტას, რაც ჩვენ 1917-1918 წლებში არ გვქონდა. მაგრამ სტალინმა საქართველოს მომავალი თავის პოლიტიკურ კარიერას ანაცვალა. თუ საქართველო ავტონომიას მოიპოვებდა და საქართველოს ეკლესია ავტოკეფალიური გახდებოდა, სოციალ-დემოკრატები უნდა აბარგებულიყვნენ საქართველოდან, მათთვის ადგილი ქართულ სინამდვილეში აღარ დარჩებოდა. ანუ სტალინმა გააკეთა მეორე, პირველზე კიდევ უფრო საზიზღარი არჩევანი და ის ჩაება ბრძოლაში ქართველი ავტონომისტებისა და ავტოკეფალისტების წინააღმდეგ. უსაზიზღრესი სტატიები აქვს გამოქვეყნებული, რა სიტყვებით აღარ ამკობდა იმ ხალხს, რომლებსაც უნდოდათ, რომ რუსეთის იმპერიის ორი გუბერნიიდან საქართველო ერთიან ავტონომიურ ერთეულად ექციათ და ნაბიჯი გადაედგათ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისკენ. 1907 წლის შემდეგ სტალინი საქართველოში პოზიციებს კარგავს და ძალიან ცუდ საქმეებს აკეთებს საქართველოს გარედან. ცდილობს, ბოლშევიზმი გააბატონოს საქართველოში, ამას ვერ ახერხებს, მაგრამ თავის პოლიტიკურ კარიერას იკეთებს. ლენინისა და სხვა რუსი ბოლშევიკებისთვის სტალინი ხდება სანდო და საიმედო კაცი, თუმცა რეალურად წარმატებას ვერ აღწევს.
– კარგი „ფიარშიკი“ ყოფილა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ფიარი თითქოს არ არსებობდა.
– დიახ, რასაც დღეს ფიარი ჰქვია, იმას აკეთებდა და ძალიან წარმატებითაც: მან ოსტატურად გაუტეხა სახელი საქართველოში მოღვაწე სოციალ-დემოკრატებს. სტალინი ყველაფერზე მიდიოდა, ოღონდ კი ბოლშევიზმი გაებატონებინა საქართველოში და დამკვიდრებულიყო პოლიტიკურ ელიტაში. მან ეს შეძლო: რუსის თვალში დაფასდა ის, რომ სტალინი ყველაფერზე იყო წამსვლელი. შემდეგ მოვიდა 1917 წელი და ბოლშევიკებმა აიღეს პოლიტიკური ძალაუფლება რუსეთში. სტალინი ლენინის შემდეგ დე-ფაქტო მეორე ლიდერი ხდება და მას უკვე აქვს მოხაზული რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე ახალი საბჭოთა იმპერიის რუკა, ოღონდ ჯერ ამას არ ამბობს. სტალინის გეგმას ერთი რამ უშლის ხელს: ხალხებს აღარ უნდათ რუსეთის იმპერიაში ცხოვრება. ამან გააბოროტა სტალინი, თანაც ის უკვე დარწმუნებულია საკუთარ ყოვლისშემძლეობაში. ესე იგი, რა გამოვიდა? ის, რაც სოციალ-დემოკრატებმა ტვინში უტენეს ხალხს, ტყუილი გამოდგა. გაიღვიძა ეროვნულმა გენმა და, დაინგრა თუ არა რუსეთის იმპერია, ყველამ დაიწყო დამოუკიდებლობაზე ფიქრი. პოლონეთისა და ფინეთის დამოუკიდებლობა იყო პირველი დარტყმა, რომელიც სტალინის იდეამ მიიღო და ეჭვქვეშ დადგა რუსეთის იმპერიის ფარგლებში ახალი იმპერიის შექმნა. ამას მიჰყვა ლიტვა-ლატვია-ესტონეთის დამოუკიდებლობა და საბოლოოდ, სტალინის სამშობლოც დამოუკიდებელი გახდა. სტალინი კატეგორიული წინააღმდეგი იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა, მაგრამ არც ლენინს და არც არავის შეეძლო მაშინ ამ პროცესისთვის ხელის შეშლა, რადგან მოსკოვს თეთრი არმიები უტევდა.
– როგორი რეაქცია ჰქონდა საქართველოს დემოკრატიული რესუბლიკის შექმნაზე?
– სტალინმა ეს ძალიან მწარედ განიცადა, რადგან ის რუსეთში უკვე ემიგრანტად იქცა. მისი სამშობლო, სადაც ის დაიბადა და აღიზარდა, აღარ იყო რუსეთის შემადგენლობაში. ისევე, როგორც პოლონეთის დამოუკიდებლობას მწარედ განიცდიდა ფელიქს ძერჟინსკი, რადგან ისიც ემიგრანტად იქცა რუსეთში. ამან რუსი შოვინისტების თვალში ძალიან დასცა სტალინისა და ძერჟინსკის ავტორიტეტი. რა სოციალისტურ სახელმწიფოს შექმნიან, როდესაც თავიანთ სამშობლოებში ვერ მოუგვარებიათ ეს პრობლემაო და დადგა მომენტი, როდესაც სტალინმა საჯაროდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენისადმი. 1920 წლის 7 მაისს მოსკოვში დაიდო ხელშეკრულება საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, რომლის ძალითაც საბჭოთა რუსეთმა დე-იურე ცნო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ეს სტალინისთვის დამწვრობაზე მდუღარის დასხმას უდრიდა.მან არ მიიღო მონაწილეობა ამ მოლაპარაკებებში, თუმცა თანამდებობრივად სწორედ მას ეხებოდა ეს საკითხი. ხელშეკრულების დადების შემდეგ მან მიიღო გრიგოლ ურატაძე, რომელმაც საქართველოს მხრიდან მოაწერა ხელი ხელშეკრულებას. რამდენიმე წუთს ელაპარაკა, ძალიან ამრეზილად და ცინიკურად, შემორჩენილია ერთი ფრაზა, რომელიც მან უთხრა გრიგოლ ურატაძეს, გრიშა, ბიჭო, შენ მართლა გგონია, რომ რუსეთი ბათუმს ასე ადვილად დათმობსო. სტალინი ფიქრობდა, რომ, თუ რუსეთი საქართველოს დათმობდა, მას მოუწევდა თავისი კარიერის დათმობაც და ის ვერასდროს გახდებოდა პირველი კაცი რუსეთში.
– საქართველო შეეწირა ამ ერთი კაცის ახირებას?
– საქართველო შეეწირა საბჭოთა რუსეთის იმპერიულ ბუნებას, სტალინი რომ არ ყოფილიყო, რუსეთი საქართველოს მაინც დაიპყრობდა, მაგრამ ჩვენთვის აქვს დიდი მნიშვნელობა, კონკრეტულად ვინ დაიპყრობდა საქართველოს: ტროცკი თუ სტალინი. ტროცკის რომ დაეგეგმა საქართველოს დაპყრობა და ორჯონიკიძის ნაცვლად კიროვი შემოსულიყო, ჩვენთვის მაინც შვება იქნებოდა, რადგან ისინი არიან რუსი დამპყრობლები. მაგრამ ჩვენთვის ძალიან სამარცხვინოა, რომ ეს ომი დაგეგმა სტალინმა და განახორციელა ორჯონიკიძემ. მაშინ ლენინი უბრალოდ ფიტული იყო და არაფერს წყვეტდა, რეალურად სტალინი წყვეტდა ყველაფერს. რუსისთვის ეს დიდი არგუმენტია. საქართველოს გაწითლება, რა თქმა უნდა, მოსკოვში გადაწყდა და ეს გადაწყვიტეს რუსმა ბოლშევიკებმა, მაგრამ შეასრულა სტალინმა. მეტიც, მას შეეძლო, რომ ეს დაევალებინა ქართველისთვის, ოღონდ არა ისეთი გარეწრისთვის, როგორიც ორჯონიკიძე იყო. ორჯონიკიძე ხომ ფსიქიკაშერყეული ადამიანი იყო?! სტალინმა საქართველოს დაპყრობა დაავალა არანორმალურ, გაბოროტებულ ადამიანს. წყალწაღებულ ქართველ ბოლშევიკებშიც კი შეიძლებოდა ორჯონიკიძეზე უკეთესი პიროვნების ამორჩევა, რომელსაც რაღაც ადამიანური თვისება მაინც ექნებოდა, მაგრამ სტალინს სწორედ ამ რაღაც ადამიანურის ეშინოდა და ამიტომ ამოარჩია ორჯონიკიძე.