როგორ იპოვა შვილმა მშობელი მამა, რომელიც მას არასდროს უნახავს
25 წლის ქეთევან ნაფიშვილი ეძებდა 54 წლის აკაკი შავლიაშვილს.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჩვენს მკითხველს ჟურნალ „თბილისელების“ ¹35-ში გავაცანით. საბედნიეროდ, ქეთევანის მამა და მისი ნახევარდა-ძმა მეორე დღესვე ვიპოვეთ. დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმრები ისევ ქეთევანი და მისი ახლად შეძენილი ნახევარდა ქეთევანია. აღსანიშნავია, რომ ორივე დას ერთი და იგივე სახელი ჰქვია. ისინი თავად მოუყვებიან მკითხველს თავისი სიხარულისა და განცდების შესახებ.
– ქეთი, შენ 25 წელი იცხოვრე ისე, რომ მამაშენი ნანახიც კი არ გყავდა. რა იგრძენი, როდესაც დაგირეკე და შეგატყობინე, რომ მამაშენი და შენი და-ძმა ვიპოვეთ და მათ შენთან ურთიერთობა სურთ?
– რა თქმა უნდა, დიდი სიხარული დამეუფლა. თავიდან ვერც დავიჯერე, რომ ამდენი ხნის ოცნება ერთ დღეში ამიხდა. მე ხომ მათ წლებია, ვეძებდი და მათი გაცნობა ძალიან მინდოდა. როდესაც მათი მოძებნა გადავწყვიტე და თქვენთან ინტერვიუზე მოვედი, წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა და, თან – ასეთ მოკლე დროში. ახლაც კი სიზმარში მგონია თავი, გახარებული ვარ, რადგან აღმოჩნდა, რომ მათაც ისევე უნდოდათ ჩემი პოვნა და ნახვა, როგორც მე. მამაჩემს თუ ვიპოვიდი და აღმოჩნდებოდა, რომ ისიც მეძებდა და მისი მეორე ოჯახის წევრებიც, ამას ძნელად წარმოვიდგენდი.
– როგორი იყო თქვენი პირველი საუბარი ერთმანეთთან? რამდენადაც ვიცი, შენ ძალიან განიცდიდი.
– მათ დარეკვას მოუთმენლად ველოდი. თავიდან მეგონა, რომ დავიბნეოდი და ვერაფერს ვუპასუხებდი, მაგრამ, ბოლოს ძალა მოვიკრიბე. ჩვენი საუბარი ძალიან ემოციური იყო. პირველად ჩემმა დამ, ქეთიმ დამირეკა, ერთმანეთს ჩვენი განცდები და გრძნობები გავუზიარეთ, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რას შეიძლება გრძნობდეს დედისერთა ადამიანი, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს მას და დაურეკავს. მისგან შევიტყვე, რომ თურმე მამაც მეძებდა და ჩემი ნახვა ძალიან სურს. ამჟამად მე ახლად შეძენილი ოჯახი მყავს და ბედნიერი ვარ. ყველა ჩემი ნათესავი, ვინც კი იცოდა ეს ისტორია, მგულშემატკივრობს და ყველანი ბედნიერები არიან. ისინი არ ელოდნენ, რომ მე პირველი გადავდგამდი ამ ნაბიჯს. ამჟამად მამასთან შესახვედრად ვემზადები, ერთი სული მაქვს, როდის ვნახავთ ერთმანეთს. დიდი მადლობელი ვარ თქვენი იმისთვის, რომ ამხელა ბედნიერება მომანიჭეთ.
– ქეთი, როგორც შენთან პირად საუბარში გავარკვიე, თქვენ თურმე ეძებდით თქვენს დას და ძალიან გინდოდათ მასთან შეხვედრა. მოგვიყევი, საიდან იცოდით მისი არსებობის შესახებ და რა გრძნობა დაგეუფლა, როდესაც გაიგე, რომ და გეძებს?
– და რომ მეძებდა, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რადგან მეგონა, რომ მხოლოდ ჩვენ ვეძებდით მას. ყველას ძალიან გაგვიხარდა – მამას, დედას, ჩემს ძმას. ჩვენ მას წლების განმავლობაში ვეძებდით, გვეგონა, რომ მამის გვარზე იყო და ამიტომაც ვერ ვპოულობდით, ვისაც შეგვეძლო, ყველას ვეკითხებოდით, ხომ არ იცნობენ ამა და ამ პიროვნებას. მამისგან ვიცოდით, რომ მას თანხმობა მიუცია ქეთის დედისთვის, ბავშვი მამის გვარზე ყოფილიყო. ამიტომ ჩვენ ვეძებდით ქეთევან შავლიაშვილს. დღემდე გახარებული და გაოგნებული ვარ, რადგან ჩვენთვის მისი ადგილსამყოფლის არცოდნა დიდი ტრაგედია იყო. ძნელია, იცოდე, რომ და გყავს და არ იცნობ, ნანახიც არ გყავს. შეიძლება ითქვას, შვებით ამოვისუნთქეთ ყველამ. დიდი მადლობა ამ სიხარულისთვის.
– დის არსებობა ვისგან შეიტყვეთ და ვის გაუხარდა ქეთის პოვნა ყველაზე მეტად?
– დანაშაულის გრძნობა გვქონდა იმის გამო, რომ ვერ ვპოულობდით. ყოველთვის გვაინტერესებდა, როგორ ცხოვრობს, როგორ არის, სად არის... ყველაზე მეტად დედაჩემს გაუხარდა ეს ამბავი, უფრო სწორად, მან ყველაზე აშკარად გამოხატა სიხარული, იტირა კიდეც. მამაჩემს რომ გაუხარდა, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ბუნებრივია, ტვირთად აწვა ამდენი წლის განმავლობაში შვილის ცხოვრების შესახებ ინფორმაციის უქონლობა. სწორედ მამისგან გავიგეთ მე და ჩემმა ძმამ, რომ გვყავს უფროსი და. მახსოვს, დაახლოებით 12 წლის ვიყავით, როდესაც მან ეს ამბავი გვითხრა და მას შემდეგ დღე არ გასულა ჩვენს ოჯახში, ქეთიზე რომ არ გვეფიქრა.
– მამას არასდროს უთქვამს თქვენთვის, რატომ ვერ შეძლო მან თვითონ 25 წლის განმავლობაში შვილის პოვნა?
– არასდროს უთქვამს მიზეზი, ეს მისთვის იმდენად მტკივნეული თემა იყო, რომ, სიმართლე გითხრათ, ჩვენც არ ჩავძიებივართ, უბრალოდ, როგორც შეგვეძლო, ისე ვეძებდით, მაგრამ ქეთიმ გვაჯობა და უფრო აქტიურად გადაწყვიტა ჩვენი მოძებნა, რაშიც თქვენ დაეხმარეთ. რატომღაც, ყოველთვის მეგონა, რომ, ჩემი და და მე ფიზიკურად ვგავდით ერთმანეთს, მაგრამ როგორც კი დავინახე, მივხვდი, ის მამას ჰგავს ძალიან, ხასიათითაც კი (იღიმება).
– თქვენ, ორივე დას ერთი სახელი გქვიათ, თან, 23 წლის განმავლობაში შენ პირველად ნახე შენი ნახევარდა. რა გრძნობა გაქვს ახლა, როგორ ფიქრობ, შეძლებთ ისე იცხოვროთ, თითქოს ეს განშორების წლები არც ყოფილა?
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთმანეთის მიმართ გაუცხოება არ დაგვემართოს. ამ დღეებში ქეთი მამასთან მიგვყავს შესახვედრად, მთელი ოჯახი, ნათესაობა, მთელი სოფელი ელოდება მის ჩამოსვლას. ყველას ძალიან უხარია ამ ისტორიის კეთილი დასასრული. ბაბუაჩვენი მოხუცებულია უკვე და ქეთის ამბავი რომ გაიგო, თავისი ოთახიდან გამოვიდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალ „თბილისელებს“ და თქვენ ამ სასწაულისთვის.
თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.
ნატალია მახარაშვილი