ვის გვერდით გახდა გიორგი კალანდაძის ცხოვრება სასწაული და რა სიამოვნებს შეყვარებულთან ერთად თამთა ჭელიძეს
მას შემდეგ, რაც ერთ სერიალში აღმოჩნდნენ, მათი ურთიერთობა ძალიან მჭიდრო გახდა. ყველაფერი კი იმით დაგვირგვინდა, რომ თამთა ჭელიძე გიორგი კალანდაძის ქორწილში მეჯვარე იყო და ამ წყვილის ჰარმონიული თანაარსებობის მუდმივი ხელისშემწყობი და ერთგული გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ხშირად ვერ ნახულობენ, გიორგი თამთას სწორედ ასეთ ადამიანად მიიჩნევს, რომელიც სულ შენიანია მიუხედავად იმისა, გაქვს თუ არა მასთან ყოველდღიური კონტაქტი.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია გიორგი კალანდაძე
– რა გითხრა, აი, როგორ გითხრა. ჩვენ სულ წინ და უკან დავდივართ, შენ კი სულ დაკავებული ხარ. რამდენჯერაც დაგირეკეთ, ჩვენთან ერთად ვერ წამოხვედი. სულ კონცერტი გაქვს და რა გავაკეთო? ან იმ თამაშში ხარ, რა ჰქვია, ნიკას რომ მიჰყავს – „ინტუიცია“. რამდენჯერაც გადავრთე, სულ შენ იყავი.
– რა სისულელეა, ერთადერთხელ ვიყავი შორენასთან ერთად. მერე ალბათ, „მაფიის ღამეში“ მნახე და აგერია.
– რა ვიცი. რამდენჯერაც გადავრთე, იმდენჯერ შენ იყავი. (იცინიან) მორჩა, ახლა პროტოკოლურად უნდა დავიწყო. მომენატრე ძალიან. მითხარი, რას საქმიანობ, რას აკეთებ?
– განსაკუთრებით არაფერს. მეც საშინლად მომენატრეთ შენ და წიწი. ვაღიარებ და ბოდიშს ვიხდი, რომ გიორგი კალანდაძისა და წიწის ქორწილის შემდეგ, სადაც მეჯვარე ვიყავი, ეს ორი ადამიანი არ მინახავს. ჩვენება მივეცი (იცინიან). ქორწილი 15 მაისს იყო და მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ დავრეკე და ვისაუბრეთ.
– ახლა კიდევ სალომემ შეგვყარა, ჩვენი ინიციატივით არ მომხდარა.
– მართლა საშინლად ვნერვიულობ და განვიცდი ამას, რადგან თქვენ ხართ ის ორი ადამიანი, რომელიც მართლა ძალიან, ძალიან მიყვარს. უბრალოდ, ისე დაემთხვა, რომ ეს პერიოდი სულ რაღაც საქმეები მქონდა. ჯერ ტურნეში ვიყავი, მერე ჩამოვედი და პატარ-პატარა კონცერტები აქაც იყო. ვერ მოვახერხე, ერთი სიტყვით. თან ვიცი, რომ დღე თქვენ გადაღება გაქვთ და არ გცალიათ, საღამოს კი, მეც სულ სადღაც ვარ – კონცერტებია. სხვათა შორის, დღეს ჩამოვედი ქობულეთიდან, კონცერტები მქონდა იქაც.
– ახლა ჩვენ გვინდა ბათუმში წასვლა. ხედავ, შოუ-ბიზნესი გააქტიურდა. მაგრამ, პრინციპში, კაი ტიპები „ყვავიან“, ბანძები ისევ ისე რჩებიან. ზოგადი მცნებაა შოუ-ბიზნესი. ვიღაცეები, ვინც ადრეც „ყვაოდნენ“, ისევ აქტიურები არიან. ძონძები ისევ ძონძები არიან. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ შოუ-ბიზნესს ყვავილობის ჟამი აქვს.
– ყვავილობის ჟამი არც ჩვენ გვაქვს მაინცდამაინც, მაგრამ გასულ წლებთან შედარებით, რაღაც უფრო მეტად დაიქოქა რაღაცეები.
– შოუ-ბიზნესს თავი დაანებე, ვინც არის ნიჭიერი და შრომისმოყვარე, ვისაც არ ეზარება მუშაობა, ის ყოველთვის კარგ პონტში იქნება, მნიშვნელობა არ აქვს ის არის მსახიობი, მომღერალი თუ სცენარისტი. აგერ, ნიკა წულუკიძე დავინახე. კლიპი, სიმღერა – ამასთან დაკავშირებით რას აპირებ?
– ორი სიმღერა მაქვს გამზადებული და სულ მალე ორივე სიმღერის ჩაწერას ვაპირებ. პრინციპში, უკვე მზად არის, უბრალოდ ტექსტები აქვს ორივეს დასაწერი, ჩავწერ და მერე შეიძლება ერთი ვიდეოც კი გადავიღო. სულ არ მაინტერესებს, ღირს თუ არა კლიპის გადაღება. რა თქმა უნდა, მას იმ მცირე თანხებით გავაკეთებ, რომელიც შეიძლება, მოვიძიო. ორმოცდაათი ათასს ნამდვილად ვერ გადავიხდი, მაგრამ არც არაფრის ლოდინს არ დავიწყებ. არ მესმის, ადამიანი შემოქმედი იყოს და ის გაჩერდეს – რაღაცას დაელოდოს. მართალია, ჩემს შემოქმედებაში იყო საკმაოდ დიდი პაუზები, ვჩერდებოდი კიდეც, მაგრამ დიდხანს ვერ ვძლებ. უცებ მინდება, რომ რაღაც, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, გავაკეთო. ვიკრებ ძალებს და ვაკეთებ. ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.
– საშინელებაა, როდესაც რაღაც გიყვარს, გამოგდის და იმის კეთების საშუალება არ გეძლევა. როდესაც დამოუკიდებელი მომღერალი ხარ, ყველაფერი უნდა ქნა იმისთვის, რომ არ გაჩერდე. მოდი, ზაფხულის გეგმებზე მომიყევი, რას აპირებ? ოღონდ დასვენებას ვგულისხმობ და არა კონცერტებს.
– ისე, ეს ოთხი დღე კარგად დავისვენე კიდეც. მე და ვერიკოს გვქონდა კონცერტები, ანუ მარტო ვიყავით, მშვიდად და მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოც გვქონდა, მაინც მოვახერხეთ დასვენება. სამში ბავშვი მიმყავს ფასანაურში, იქით ვბარგდები.
– ერთ ჯერზე ჩამოვალთ მე და წიწი.
– შენ ერთხელ კი არა ძალიან ბევრჯერ უნდა ჩამოხვიდე, თუ არადა, ჩემი მეგობარი აღარ იქნები. ისევე, „როგორც“ ეს შარშან იყო.
– ოღონდ, სასტავმა ცოტა ცვლილებები განიცადა...
– განიცადა, მაგრამ ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. (იცინიან) ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. ამის შემდეგ მივდივარ ჯაზ-ფესტივალზე. მერე ისევ ფასანაურში და სექტემბერში უკვე მე და ვერიკო ქაიროში წასვლას ვაპირებთ.
– საშინლად რომ ცხელა ამ დროს? ვიცი, რომ სეზონი არ არის...
– სექტემბრის ბოლოს ვაპირებთ და იმედია, სამასი გრადუსი აღარ იქნება. ერთი, ძალიან კონკრეტული მიზეზისა და მიზნის გამო მივდივართ იქ. ოღონდ, ეს არ არის საქმე. უბრალოდ, ქაიროში „უნდა“ წავიდეთ.
– მოდი, ჩემი ქორწილი გავიხსენოთ...
– რომელსაც რვა თვე ველოდებოდი?! (იცინიან) ჯერ კიდევ შარშან მითხრა წიწიმ, რომ ჩემი მეჯვარე თუ იქნებიო და მას შემდეგ ერთი სული მქონდა, ეს დღე როდის დადგებოდა. აი, დადგა ის სანატრელი დღე. ისე გამიხარდა თქვენი ამბავი, ვერ წარმოიდგენთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გადაიდო თარიღი, ყველაფერი კოხტად, ლამაზად და სიყვარულით გაკეთდა.
– რამდენი ვიცეკვეთ?!
– ძალიან მაგარი დრო ვატარეთ, ძალიან. ბოლოს ყველაზე მაგარი ის იყო, რომ მთელი იმ დღის სიგიჟე კლუბში წასვლით დავაგვირგვინეთ.
– მე და წიწი დახოცილები რომ წამოვედით კლუბიდან, თქვენ გადარეულები დაგტოვეთ. თმებს იპუტავდით შენ, ცინაძე, სოფო და ბეშქენა (გიორგის და წიწის მეჯვარეები, ავტორი) ისე ცეკვავდით. მე რა საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, ხომ წარმოგიდგენიათ. მთელი დღის განმავლობაში წვეთი არ მქონდა დალეული. სრულიად ფხიზელი ვიყავი. რაღაც ძუნძგლიანმა ძაღლმა მიკბინა და შრატი მაქვს გაკეთებული. მთელი ქორწილი, ყველაფერი სრულიად ფხიზელმა გადავიტანე. (იცინიან) ვიცი, რომ ჩემსავით ის გამონაკლისი ხარ, რომელსაც ზაფხული არ უყვარს.
– კი, მხოლოდ და მხოლოდ სიცხის გამო. ზაფხულს ბევრად მირჩევნია შემოდგომა და ადრეული გაზაფხული – ჩემი თვეებია. სიცხეში, უბრალოდ, უუნარო ვხდები და არც რამის გაკეთების სურვილი მიჩნდება და არც ძალა მაქვს.
– რომანტიკული თვალსაზრისით როგორი ხარ?
– ვიცი, რაც გაინტერესებს. პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება. ვარ მარტო...
– თვალებში ეშმაკუნებით...
– არა, არა მართლა. არაფერს ვიგონებ. ვარ მარტო, მშვიდად წყნარად...
– „ვაკანტურად“.
– (იცინიან) კი, „ვაკანტურად“.
– კრეტინობაა და არ მჯერა, რომ ზაფხული ახალი ურთიერთობების კარგი დასაწყისია. შენ გჯერა, რომ ზღვიდან ამოვა ათლეტური ტანის ბიჭი, სველი თმით, ერთადერთი და განუმეორებელი?
– არა, რა თქმა უნდა. თან აუცილებლად, რომ მოვა და გეტყვის – შენ დღეიდან ჩემი იქნები! (იცინიან) ეს მარტო სერიალებში ხდება. ზაფხულში, ზღვაზე უკვე შეყვარებული რომ ხარ, მაშინ არის კარგი ყოფნა. სანაპიროზე სეირნობა და მსგავსი ბანალური რომანტიკული გამოხატულებებიც კი გადასარევია, როდესაც შეყვარებულთან ერთად ხარ.
– შეგრჩა ეს რომანტიზმი თუ უფრო პრაგმატული გახდი ურთიერთობებში?
– ცოტა შევიცვალე, ალბათ. ბავშვობიდან ძალიან რომანტიკული ვიყავი. საერთოდ, ეს რომანტიზმიც ზოგადი მცნებაა, რომელიც ყველა ადამიანისთვის განსხვავებულად აღიქმება – ვისთვის რა არის, ვისთვის რა. აქედან გამომდინარე, გეტყვი, რომ ჩემეული რომანტიზმის რაღაც წვეთები ნამდვილად შემრჩა.
– ასაკი, ურთიერთობები, წარსულში შენი პარტნიორები ცვლიან ადამიანის ხედვას. მაინც მაგარი ტიპი ხარ, წვეთები რომ გაქვს შერჩენილი. არასდროს ვყოფილვარ რომანტიკული და ამ კლიშეებისგან ყოველთვის თავისუფალი ვიყავი. არავის მოხიბვლა არ მიცდია ყვავილებით და ფუმფულა სათამაშოებით.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია თამთა ჭელიძე
– გიო, მითხარი, რა ხდება შენსკენ, ქორწილის შემდეგ, რაც არ მინახიხარ, რამე ხომ არ შეიცვალა, მნიშვნელოვანი?
– არაფერი განსაკუთრებული. ვმუშაობთ, ვიღებთ, ვახმოვანებ რეკლამებს. რაღაც ახალ-ახალი პონტები სულ არის, მაგრამ ჯერჯერობით არ ვარ დარწმუნებული იმაში, რა და როგორ იქნება. ეს შემოთავაზება „ფორმულა-კრეატივიდან“ არ მოდის, სხვა კომპანიიდანაა, მაგრამ, ალბათ, დავთანხმდები. საინტერესო წინადადებაა. ჩემს საქმიანობას სერიალში აბსოლუტურად არ უშლის ხელს, არავითარი პრობლემა არ არის. თავისუფლად შემიძლია, შევათავსო ეს ყველაფერი. ღმერთმა ქნას, რომ სულ ძალიან დაკავებული ვიყო.
– წიწისთან ერთად როგორ შეიცვალა ცხოვრება?
– წიწისთან ერთად ცხოვრება სულ სხვანაირია, ყველაფერი შეიცვალა, სხვანაირად თენდება, მზე სხვანაირად ანათებს...
– შენ გენაცვალე. ვფიქრობ, რომ ათასჯერ ბედნიერი ხარ, ვიდრე, სანამ დაქორწინდებოდით.
– რა თქმა უნდა. მივხვდი და დავასკვენი, რომ იმაზე დიდი სასწაული არაფერია და არც იმაზე დიდი ბედნიერება როცა უყვარხარ იმას, ვინც შენ გიყვარს. ეს არის ღვთის კურთხევა. ყველაზე ჯიგრულად, კარგად, თავისუფლად, თავდაჯერებულად სწორედ ამ დროს ხარ. ყველაფერი სხვანაირად ხდება. ზუსტად ასეთ ოჯახს აქვს აზრი.
– არადა, ცოლის მოყვანის შემდეგ იმედგაცრუებები იწყება ხოლმე. მაგრამ, თქვენ შემთხვევაში, ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ ყველაფერი ისე იქნებოდა როგორც საჭიროა. როგორ შეძელით ეს?
– არ ვიცი, ასე ზუსტად. ალბათ, ბევრმა რაღაცამ ერთად მიგვიყვანა ასეთ ურთიერთობამდე. ჯერ ერთი, ხასიათით საოცრად ვგავართ ერთმანეთს. მეორე, საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს. კი არ ვამბობ, რომ ეს დოგმა და კანონია, რომ აუცილებლად აეწყობა ყველაფერი, ქორწილამდე ორი ან სამწლიანი ურთიერთობა თუ გაქვს-მეთქი, შეიძლება, ორ კვირაში გაცნობილი მოიყვანო ცოლად და სიცოცხლის ბოლომდე ერთად იყოთ. მაგრამ, მაინც მგონია, რომ ეს პლუსია. ამდენი წელი გვქონდა ურთიერთობა, ერთმანეთს კარგად ვიცნობდით, ერთნაირი ტიპაჟები ვართ, ერთნაირი პრიორიტეტები გვაქვს ცხოვრებაში და რაც მთავარია, მიყვარს და ვუყვარვარ. ეს არის ყველაზე მთავარი.
– თან, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთს მოგირგიათ ტიპური ცოლის და ქმრის იმიჯი, მაინც ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვხედავ ოჯახის მიმართ.
– საშინლად დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს ყველაფრის მიმართ – სამსახური იქნება ეს, სახლი, ოჯახი, პრობლემები, ურთიერთობები თუ სხვა. ქარაფშუტა და ზედაპირული არ ვარ და აბსოლუტურად ყველა პრობლემას აღვიქვამ და ვიღებ საკუთარ თავზე, რომელიც ჩნდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზული და უჟმური ვარ. ყველაფერი ზომიერად. რაც ეხება წიწის, სახლს, ოჯახს, საქმეს – ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული ვარ.
– გიორგი ჩემთვის იდეალური კაცია. გვერდიდან რომ შევხედოთ, მიმაჩნია, რომ ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი კაცი. ეჭვიც არ მეპარებოდა ამ ყველაფერში. ზაფხულში რას აპირებთ?
– პირველი გასვლა, ალბათ, მეგობრებთან აგარაკებზე იქნება. ერთ-ერთი შენთან აუცილებლად, რადგან პირდაპირ სამოთხეში გაქვს სახლი, საოცარ სიგრილეში. პირველი შორს წასვლა იქნება უანდერის კონცერტი. ამის შემდეგ იქნება ჯაზ-ფესტივალი. შემდეგ მივდივართ თურქეთში, ალანიაში. საბოლოოდ, კი ჩაზიზინება და აწყვეტა იქნება კვარიათში. ცუდი გეგმაა?
– გადასარევი გეგმაა. სასმელში ჩახრჩობა არ იქნება კვარიათში?
– არა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვე დამრჩა შრატის მოქმედების დასრულებამდე. ჩემთვის არც დალევა შეიძლება, არც ბავშვის გაკეთება. სერიოზული შეზღუდვები მაქვს ოქტომბრის ბოლომდე.
– ანუ, ზუსტად ამის კითხვას ვაპირებდი. ბავშვზე ჯერ არ ფიქრობთ, თავი რომ დავანებოთ ამ შეზღუდვას?
– ჯერ წიწისაც არ ეჩქარება და არც მე. ჯერ გვინდა, რომ ერთად გავერთოთ. ერთმანეთთან უფრო დიდი დოზით გვქონდეს ურთიერთობა. ამ წელს ერთმანეთს დავუთმობთ.
– ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, მომწონს. მერე ერთმანეთისთვის ნაკლები დრო დაგრჩებათ. როდესაც მიხვდებით, ურთიერთობებში ახალი ეტაპი გჭირდებათ, მაშინ ბავშვი უკვე განსაკუთრებულ სიტკბოს შესძენს თქვენს ურთიერთობას. კიდევ ერთ თემას მინდა, შევეხოთ. ამდენი წელია, ამ სერიალზე მუშაობ, როგორ ფიქრობ, ხომ არ ამოწურე საკუთარი თავი? კიდევ განიჭებს ეს ყველაფერი სიამოვნებას?
– გეტყვი, ზუსტად როგორც არის. რაღაც თვალსაზრისით, ამ სერიალმა ცოტა გაგვაზულუქა და გაგვაზარმაცა. არის სტაბილური სამსახური, შემოსავალი და ვეღარ ვახერხებ სხვა რაღაცეებზე ფიქრს, არ დავდივარ ქასთინგებზე, არ ვფიქრობ ახალ პროექტებზე. არადა, რამდენი რაღაც ხდება. ჩვენი მეგობრები ფილმს იღებენ და „სანგუკოში“ ვიყავით მისულები. ერთ-ერთმა პროდიუსერმა გვითხრა, სულ გეძებთ, სად ხართო. სულ გვაქვს თქვენთან თანამშრომლობის სურვილიო. ახლახან შემომთავაზეს სპექტაკლში თამაში და დავთანხმდი, რაც ძალიან დიდი ხანია, არ გამიკეთებია. მივხვდი, რომ თან მომენატრა და თან ცოტა „დაბუქსავებულებიც“ ვიყავით. ახლა აუცილებლად გავშლით ფრთებს. სურვილი ადრე არ იყო, თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ახლა კი მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს ხელს არ უშლის.
– ძალიან ნიჭიერი მსახიობი ხარ და მინდა, ბევრი სხვადასხვა რაღაც გააკეთო შენს პროფესიაში. იმედი მაქვს, ამას, რაც ახლა თქვი, ყველაფერს გააკეთებ.
– როგორი ნიჭიერი ვარ, ამაზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ვიცი, რომ ნამდვილად შემეძლო მეტი ყურადღება დამეთმო ჩემი საქმისთვის, მეტად მომენდომებინა. რასაც ახლა გავაკეთებ, საწუწუნო ნამდვილად არაფერი მაქვს. მართლა რეალიზებული ვარ, მაგრამ უფრო მეტად უნდა ვიზრუნო ახალი რაღაცეების კეთებაზე.