რა შესაძლებლობები ამოწურა საკუთარ თავში სოფო ქავთარაძემ და რას აღარ იყენებს ის პირად ცხოვრებაში
უკი ვინმე ყოფილა კიკბოქსინგის ჩემპიონატებზე, ალბათ, შეუმჩნეველი არ დარჩებოდა მომხიბვლელი მსაჯი, რომელიც, გარდა სპორტის ამ სახეობით გატაცებისა, აქტიურად მონაწილეობდა სილამაზის კონკურსებში და, ასევე, აქვს რადიკალურად განსხვავებული სამსახური. როგორ ახერხებს ასეთ აქტიურ ცხოვრებას ისე, რომ ყველგან წარმატებული იყოს, როგორ უთავსებს ერთმანეთს სპორტსა და სამსახურს, სოფო ქავთარაძე თავად გვიამბობს.
– სოფო, როდიდან დაიწყე ვარჯიში და როდის მოხვდი სპორტის ამ სახეობაში?
– თავიდან დავიწყე ცურვით. ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემა მქონდა და დავდიოდი საცურაო აუზზე, მაგრამ, ვეღარ შევძელი – სახლიდან მოშორებით იყო აუზი და გამიჭირდა სიარული. დედაჩემმა გაიგო, რომ სკოლაში იხსნებოდა კარატეს წრე და, რადგან მომწონდა კიმონოში გამოწყობილი სპორტსმენები, გადავწყვიტე, მეც მივსულიყავი. ხუთი წელი ვიარე კარატეზე, მაგრამ, შემდეგ, სულ შემთხვევით გავიცანი გოჩა ჯავახია. მანამდე არც კი ვიცოდი, რომ არსებობდა სპორტის ეს სახეობა კიკბოქსინგი. იმ პერიოდში დაიშალა კარატეს წრე და ვარჯიში განვაგრძე გოჩა ჯავახიასთან. 5 წელი ვიარე კარატეზე, 4 წელი – კიკბოქსინგზე, 1 წელი – კრივზე. საქართველოს ჩემპიონიც გავხდი. საქართველოს ნაკრებში ვიყავი გოგონებში და ჩემი მიზანი იყო 2007 წლის ოლიმპიადაზე წასვლა, მაგრამ, ვერ მოვახერხე. ჩემი მასწავლებელი მეუბნებოდა, რომ დიდი მომავალი მექნებოდა, თუ ვარჯიშს გავაგრძელებდი, რადგან ცაცია ვარ და მარცხენით ძლიერად ვარტყამ. მერე ვიჩხუბე მილანში და მესამე ადგილი ავიღე. რინგზე რომ ავედი, მივხვდი, რომ ბრძოლა აღარ მინდოდა და, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრით ვუგებდი ჩემს მოწინააღმდეგეს, მაინც გავჩერდი. ეს ძალიან ცუდი მომენტია, როდესაც მწვრთნელი გამზადებს, იმედს ამყარებს შენზე და უცებ უცხადებ, რომ ბრძოლა აღარ გინდა. მაგრამ მესამე ადგილი მაინც ავიღე და პრიზი ჩამოვიტანე. საქართველოში დაბრუნებულმა, უკვე გადავწყვიტე მსაჯობა. ჩვენთან მანამდე არავინ ყოფილა მსაჯი გოგონა, მხოლოდ მე მომივიდა აზრად, რომ გავმხდარიყავი მსაჯი. 2007 წელს ტარდებოდა საქართველოს ჩემპიონატი, რინგზე ჩემი ყოფილი თანამებრძოლი დათო ჯავახია ავიდა და ჩემს მასწავლებელს ვთხოვე, მსაჯად მე ავეშვი. მან, რა თქმა უნდა, უარი მითხრა – შენ რა იცი მსაჯობის წესებისო, მაგრამ, არ დავიშალე, ვეხვეწებოდი და, რომ შევაწუხე, დამთანხმდა – ხვალ გოგონების ფინალია და ყოველი შემთხვევისთვის ფორმა წამოიღე, შეიძლება, აგიშვაო. მეორე დღეს ფორმა კი არ წამოვიღე, ჩავიცვი, ისე მივედი და მანაც ამიშვა რინგზე, ასე გავხდი მსაჯი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მსაჯად ყოფნა, შენზეა დამოკიდებული, რაც შენ ირგვლივ ხდება და, მგონი, კარგად გავართვი თავი. დღემდე მსაჯი ვარ, ბიჭებსაც და გოგონებსაც მე ვმსაჯობ. საერთაშორისო კატეგორია არ მაქვს, რადგან ამისთვის საჭიროა სემინარები და ტრენინგები უცხოეთში, მე კი არ მაქვს ამის საშუალება, რადგან ამისთვის თანხებია საჭირო, ამიტომ მარტო საქართველოში შემიძლია, ვიმსაჯო.
– ამხელა გზა გამოგივლია და რატომ დაანებე თავი?
– ეს თავისით მოვიდა – აღარ მქონდა სურვილი, მეჩხუბა და მომინდა, მსაჯი ვყოფილიყავი. სხვათა შორის, კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. იმ პერიოდში, როდესაც ვჩხუბობდი, მქონდა მოგებები, წარმატებები, მერე, როცა აღარ მომინდა ჩხუბი, მსაჯობა გადავწყვიტე და, საკმაოდ კარგად ვმსაჯობ უკვე ორი წელია, ვვარჯიშობ, მივდივარ დარბაზში, უბრალოდ, შეკრებებზე აღარ გამოვდივარ. მიმაჩნია, რომ ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე და იმიტომ აღარ გავდივარ შეჯიბრებებზე, თორემ ისევ კარგ ფორმაში ვარ. ჩემი მწვრთნელი, გოჩა ჯავახია, მეუბნება, სერიოზულად ვივარჯიშო. ალბათ, მაქვს შანსი, თორემ, ტყუილად ხომ არ მეტყვის.
– საერთოდ არ გეტყობა, რომ სპორტის ამ სახეობას მისდევ. როგორ ახერხებ ასეთ ფორმაში ყოფნას?
– ყველა მაგას მეუბნება. ყველა ადამიანს აქვს თავისი პროფესია და გატაცება, მეც მქონდა ასეთი გატაცება და გავხდი წარმატებული. რომ შემხედავ, არ მეტყობა, მაგრამ, როდესაც გამოვდიოდი სილამაზის კონკურსებში, სადაც ჩემ გვერდით პროფესიონალი მოდელები იდგნენ, მაშინ ვგრძნობდი, რომ მათი მსგავსი არ ვიყავი. მონაწილეობა მივიღე „მის სპორტში“, „მის სკოლაში“ და ასე შემდეგ. ყოველთვის იყო დაინტერესება ჩემით და მეც უარს არასდროს ვამბობდი.
– სოფო, რას გვეტყვი როგორც მსაჯი, როგორ პირობებში უწევთ სპორტსმენებს ვარჯიში?
– სავარჯიშოდ საშინელი დარბაზი გვაქვს. გასახდელებიც კი არ არის ნორმალური. ზემოთ გოგონების გასახდელია, ქვემოთ – ბიჭების და, იყო შემთხვევები, რომ გვიჩხუბია, ტანსაცმელი დაგვიძვრია ერთმანეთისთვის. ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ამ სპორტს ყურადღება ექცევა. ფაქტია, რომ საშინელი პირობებია იმ დარბაზში, სადაც საქართველოს ნაკრები ვარჯიშობს გოჩა ჯავახიასთან ერთად. დარბაზი საშინლად მოუწესრიგებელია, არის სიბინძურე და მტვერი. ელემენტარულად, დარბაზში „გრუშები“ არ გვაქვს, რაც იქ კიდია, თვითონ მწვრთნელის გაკეთებულია.
– ასეთი საშინელი პირობების მიუხედავად, მაინც გვყავს წარმატებული სპორტსმენები?
– გოგონებიდან ძალიან წარმატებულია ელენე ბოლაშვილი. ის დღეს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო კიკბოქსიორია გოგონებს შორის და ამ ბოლო წლებში მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა. ბიჭებიდან არიან გოჩა კორძაძე და დათო ჯავახია. სხვათა შორის, საქართველოში, რატომღაც, არ არის დაინტერესება სპორტის ამ სახეობით, თორემ, „ევროსპორტზე“ სულ ეს ჩხუბებია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან არანაირი პირობა არ არის სავარჯიშოდ, ჩვენი სპორტსმენების ჩხუბები არანაირად არ ჩამოუვარდება „ევროსპორტზე“ გასულ ჩხუბებს. ძალიან მაგარი ჩხუბებია ხოლმე „გლობუსში“. არის შემთხვევები, როდესაც ჩვენების ზოგიერთი ჩხუბი ჯობია კიდეც „ევროსპორტზე“ გასულ ჩხუბს. საქართველოში გამართულ ყველა შეხვედრაზე მსაჯი მე ვარ. ტარდება ტურნირები კატეგორიების მიხედვით და შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატებზე, საუკეთესოები ხვდებიან ერთმანეთს. მინდა ვთქვა, რომ, მიუხედავად რთული სავარჯიშო პირობებისა, საკმაოდ ძლიერი სპორტსმენები გვყავს.
– სოფო, ჩემპიონატებზე თუ გიჩხუბია ბიჭებთან?
– ჩემპიონატებზე ბიჭებთან არასდროს მიჩხუბია, იმიტომ, რომ საერთოდ, წესია, გოგო უნდა შეხვდეს გოგოს, მაგრამ, როდესაც ვემზადებოდი შეჯიბრებისთვის, ყოველთვის ბიჭებთან ერთად ვვარჯიშობდი. ყოველთვის ბიჭებთან ჯობია სპარინგი, რადგან ისინი თან მასწავლიდნენ, რა უნდა გამეკეთებინა ან როგორ ჯობდა.
– პირად ცხოვრებაში თუ გამოგიყენებია შენი სპორტული მონაცემები?
– პირად ცხოვრებაში არასოდეს გამომიყენებია, იმიტომ, რომ უკონფლიქტო ადამიანი ვარ. არასდროს არავისთან მქონია კონფლიქტი და, შესაბამისად, არც ამის საჭიროება ყოფილა. ჩემ გარშემო ზოგმა არც იცის, რომ მე კიკბოქსიორი ვარ, არასდროს ვახდენ ამის აფიშირებას.
– ამჟამად გაქვს რადიკალურად განსხვავებული სამსახური, გამოდიოდი კონკურსებზე, ცხოვრობ აქტიური ცხოვრებით... როგორ ახერხებ ამ ყველაფერს?
– მარტო კიკბოქსინგით არასდროს ვყოფილვარ გატაცებული. მთავარია, ადამიანს ჰქონდეს მონდომება, თორემ, რთული, ალბათ, არაფერია. მე ყოველთვის აქტიური ვიყავი და ჩემი მონდომებით ვაღწევდი ყველაფერს.
– უცხოეთში ყოფნისას გული არაფერზე დაგწყვეტია?
– როდესაც ჩემპიონატებზე მივდიოდი, საშინელება იყო, რადგან, ყოველთვის მქონდა წონის პრობლემა. მწვრთნელი მთხოვდა, მეჭამა მსუბუქად – სალათები, ვაშლი. ერთხელ, როდესაც მილანში ვიყავით შეჯიბრებაზე წასულები, ჩვენები კარგად ქეიფობდნენ, მე და დათო კი ვუყურებდით – იმასაც წონის პრობლემა ჰქონდა. როგორია, იყო იტალიაში და იტალიური პიცა არ ჭამო?!
– პირად ცხოვრებაში ცვლილებებს ხომ არ გეგმავ?
– არა, არანაირ ცვლილებას არ ვგეგმავ. ოჯახის შექმნას არ ვაპირებ, რადგან შეყვარებული არ მყავს.
– ხომ არ არის მოსალოდნელი, ისევ სპორტში დაბრუნდე?
– არასოდეს ვამბობ „არასოდეს!“, რადგან არ ვიცი, რა იქნება ხვალ. არასდროს ვგეგმავ მომავალს. ამიტომ, ხვალ რა იქნება და რას გადავწყვეტ, ვერ გეტვით.