როგორ იპოვა საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა ქალმა თავისი ბავშვობის მეგობარი და რას აპირებენ ისინი უახლოეს მომავალში
55 წლის ქეთევან მახარაშვილი ეძებდა 55 წლის ელენე იანაგოვას.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველს ¹30-ში გავაცანით. საბედნიეროდ, დაკარგული ბავშვობის მეგობარი ვიპოვეთ, რაც არც ისე ადვილი აღმოჩნდა, ვინაიდან მან თურმე დიდი ხანია, შეიცვალა საცხოვრებელი და აგვისტოს ცნობილი მოვლენების შემდეგ დროებით სულ სხვაგან ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ რუბრიკა „დაკარგულების“ ¹30-ე ნომრის ორივე ისტორია დადებითად დასრულდა. დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი ქეთევან მახარაშვილია, რომელიც თავად უამბობს მკითხველს, თუ რა განცდები დაეუფლა 38 წლის წინ დაკარგული მეგობრის პოვნისას.
– საინტერესოა, რას გრძნობთ ახლა, როდესაც 38 წლის წინ დაშორებული და დაკარგული მეგობარი ნაპოვნი გყავთ?
– ძალიან ძნელია, გადმოვცე ჩემი ემოციები, ის ადამიანები, ვინც თავისი სამშობლოდან შორს არიან, უფრო ადვილად გამიგებენ. ჩემთვის ელენეს პოვნას და თქვენს მხარში ამოდგომას ორმაგი მნიშვნელობა აქვს, ძალიან გამიხარდა ეს ამბავი, არ ველოდი, იმედიც არ მქონდა, ვინაიდან, უკვე დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი მას უშედეგოდ. ყოველ კვირას ვკითხულობდი თქვენს რუბრიკას, იმ იმედით, რომ იქნებ ელენეც მეძებს და ჟურნალით მაინც მივაწვდინოთ ერთმანეთს ხმა-მეთქი. შეიძლება ითქვას, „დავიშოკე“, როდესაც გავიგე, რომ ელენე თურმე კონფლიქტის ზონაში ცხოვრობდა, აგვისტოს მოვლენების შედეგად მას სახლი დაეწვა, ამჟამად ის ლტოლვილია და ქარელის რაიონის დაბა აგარაში ცხოვრობს.
– როგორი იყო თქვენი პირველი საუბარი ამდენი წლის დაშორების შემდეგ?
– 38 წელი – ეს მთელი ცხოვრებაა. მე ვერ ვიტყვი, რომ არ ვნერვიულობდი, ძალიან განვიცდიდი, სანამ პირველად დავრეკავდი. იყო მომენტი, როდესაც ვფიქრობდი, ნეტავი რა რეაქცია ექნება ახლა ელენეს-მეთქი, მაგრამ, როდესაც ისევ წარმოვიდგენდი, რამდენი რამე გვაქვს ჩვენ ერთად განვლილი, ვმშვიდდებოდი. საკმაოდ ემოციური საუბარი გვქონდა, ორივემ ვიტირეთ კიდეც სიხარულისგან. გასაოცარია, მე მისი ფოტოც კი არ მქონდა, თქვენ კი მაინც შეძელით ჩემი დახმარება. სიტყვა მივეცით, რომ აღარ დავკარგავდით ერთმანეთს. ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ მას დედა ცოცხალი ჰყოლია. ასევე, გადავწყვიტეთ, ჩემი ჩამოსვლისთანავე იმ ადგილების მონახულება, სადაც გავიზარდეთ. ამას ნამდვილად გავაკეთებ. საოცარი გრძნობაა, ამდენი წლის უნახავ მეგობარს რომ იპოვი, თითქოს მთელი ცხოვრება, მთელი ახალგაზრდობა კვლავ გიბრუნდება. დიდი მადლობა თქვენ ამ სიკეთისთვის და მადლისთვის!
– გამოდის, ისიც გეძებდათ. რას გეგმავთ, თქვენ ხომ საბერძნეთში ხართ ამჟამად და, როგორც თქვენთან პირად საუბარში გავარკვიე, ერთი წლის განმავლობაში მაინც ვერ ჩამოხვალთ.
– დიახ, მე საბერძნეთში ვარ და მხოლოდ ერთ წელიწადში თუ შევძლებ ჩამოსვლას, მაგრამ მანამდე სატელეფონო კონტაქტი გვექნება. თითქმის ყოველდღე ვურეკავ, აღარ შემიძლია მის გარეშე. ვერ ვიტყვი, რომ პირველ დღეს გამიხარდა, მერე კი ეს გრძნობა გაქრა. ყოველდღე მიხარია, ხან რას გავიხსენებთ ჩვენი შორეული ბავშვობიდან, ხან – რას. როგორც კი საქართველოში ჩამოვალ პირველ ყოვლისა, ელენესთან ერთად მოვინახულებ იმ ადგილებს, სადაც ჩვენ გავიზარდეთ. საბერძნეთში ბევრი ქართველია და თქვენი ჟურნალი აქაური ქართველი ემიგრანტებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ის თითქოს გვაკავშირებს სამშობლოსთან და ამას დაერთო ისიც, რომ ახლა თქვენი საშუალებით, შევძელი ჩემი მეგობრის პოვნაც. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ საოცრებისთვის!
– სამწუხაროდ, მოსაძებნი ადამიანების რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე დადებითად დასრულებული ისტორია. რას უსურვებდით მათ, ვინც ჯერ კიდევ ეძებს და შედეგი ვერ მიუღია?
– ვუსურვებდი, იპოვონ თავისი ახლობლები და ნათესავები. მინდა, გაითვალისწინონ, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია, მთავარია, ფარ-ხმალი არ დაყარონ. ჩემთვის ბევრს უთქვამს, სისულელეა, აქედან იქ ვინ დაგეხმარება, ტყუილად ეძებო, მაგრამ მე მჯეროდა და მწამდა და ამიხდა კიდეც. ამ საქმეში მოთმინებაც უნდა იქონიო ადამიანმა.