უძვირესი ჩაფხუტი
დომინიკ ჰაშეკი ლეგენდარული ჩეხი ჰოკეისტი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. თავად განსაჯეთ, ჰაშეკი ამჟამად 45 წლისაა, მაგრამ შარშან ჩეხეთის ჩემპიონი გახდა, მომავალი სეზონიდან კი მოსკოვის „სპარტაკში“ ითამაშებს. კარიერის უდიდესი ნაწილი დომინიკმა ამერიკული ჰოკეის ნაციონალურ ლიგაში გაატარა და ჩემპიონიც გახდა. შესაბამისად, ის სამშობლოში ძალიან პოპულარულია.
გასულ კვირას ჩეხეთში საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა და რაიმე ნივთის გამოტანა ორგანიზატორებმა ჰაშეკსაც სთხოვეს. მანაც ის ჩაფხუტი გამოიტანა, რომლითაც გასული სეზონი გაატარა და სიმბოლური ფასი, ორმოცი დოლარი დაადო. საქმე ისაა, რომ ანალოგიური ჩაფხუტი სწორედ ამდენი ღირს. ვაჭრობა დაიწყო და...
„ასეთ შედეგს არავინ ელოდა. თავიდან ასი დოლარი შემოგვთავაზეს, მერე – ორასი, ბოლოს კი ვიღაცამ ათასი დოლარიც დაასახელა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მზად ვიყავით, ჩაფხუტი გაგვეყიდა, მაგრამ ვაჭრობა გაგრძელდა და საბოლოოდ მსურველმა ცხრა ათასი დოლარი გადაიხადა. მადლობა ჰაშეკს იმისთვის, რომ საქველმოქმედო აქციაში სოლიდური შენატანი გააკეთა“, – განაცხადეს აუქციონის ორგანიზატორებმა.