დონოვანი ცოლთან გოლმა შეარიგა
მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ამერიკის ნაკრების ნახევარმცველი ლენდონ დონოვანი ცოლს შორდებოდა და წყვილი მუნდიალის დასრულებას ელოდა. თუმცა, ყველაფერი მაშინ შეიცვალა, რაც ლენდონმა გოლი გაიტანა. ერთი შეხედვით, გოლი გოლია, მაგრამ დონოვანის გოლმა ამერიკა ჯგუფიდან გაიყვანა. გატანილი ბურთის შემდეგ ამერიკელთა ლიდერი ერთ-ერთ კამერასთან მიიჭრა და დაიყვირა – ბიანკა, მიყვარხარო.
„ეს არ იყო წინასწარ მოფიქრებული და დადგმული. უბრალოდ, გოლის შემდეგ პირველი, ვინც გამახსენდა, ბიანკა იყო და სიხარული ასე გამოვხატე. ჩვენ პრობლემები გვაქვს და ამიტომ, ბიანკა სამხრეთ აფრიკაში არ არის, თუმცა გოლი მაინც მას მივუძღვენი“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე დონოვანმა და...
„მატჩს პირდაპირ ეთერში ვუყურებდი. მერე კი, როცა პრესკონფერენციაზეც მოვუსმინე ლენდონს, მივხვდი, როგორ მიყვარს ის და დავურეკე. სამწუხაროდ, სამხრეთ აფრიკაში ჩასვლას აზრი აღარ აქვს, რადგან გუნდი უკვე გამოვარდა. მაგრამ, ქმარს შინ დავხვდები და განქორწინებაზე შეტანილ განცხადებასაც ერთად გამოვიტანთ“, – განაცხადა ბიანკამ.