ექიმის რჩევები
კითხვა: ორი შეკითხვით მინდა მოგმართოთ: ოდნავ ავღელდები თუ არა, სახე მიწითლდება, რის გამოც უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები. იქნებ არსებობდეს გამოსავალი? და, კიდევ – ძალიან ხშირად მამთქნარებს. რით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული და რა ვუშველო?
პასუხი: ორივე კითხვას ერთი საერთო პასუხი შეიძლება გაეცეს – თქვენ გაქვთ ვეგეტატიური ნერვული სისტემის ჭარბი აგზნება – ხართ ჰიპერრეაქტიული ტიპი.
შესაძლოა, დღეისთვის თქვენი ჩივილები მხოლოდ სახის წამოწითლება და ხშირი მთქნარება იყოს, მაგრამ, თუ ნერვულ სისტემას არ მოიწესრიგებთ, დროთა განმავლობაში მოსალოდნელია სხვა უფრო სერიოზული პათოლოგიების, მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზიის, სანაღვლე გზების დისკენზიის განვითარება. ეს რომ არ მოხდეს, გირჩევთ, დროულად ჩაიტაროთ საჭირო მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობით.
კითხვა: ვარ 26 წლის. მყავს ერთი ბავშვი. მაქვს განუვითარებელი, პატარა მკერდი, თუმცა ბავშვს 7 თვე ვაწოვებდი ძუძუს. არსებობს თუ არა კოსმეტიკური ოპერაციის გარდა რამე ჰორმონული პრეპარატი, რომელიც უვნებლად გამიდიდებს მკერდს? რომელ ექიმს შეიძლება მივმართო? პატარა ზომის მკერდი პრობლემებს მიქმნის.
პასუხი: რაკი 7 თვე აწოვეთ ბავშვს ძუძუ, ესე იგი, თქვენი სარძევე ჯირკვალი ნორმალურად ფუნქციონირებს და სულაც არ არის განუვითარებელი. რაც შეეხება მკერდის სიდიდეს, ეს ადამიანის აღნაგობის ინდივიდუალური თავისებურებაა და გენეტიკურად არის განპირობებული. თუ ეს პრობლემა სერიოზულად გაწუხებთ, მისი გადაჭრის რადიკალური გზა პლასტიკური ქირურგიაა.
კითხვა: რამდენიმე წელია, დამემართა საშვილოსნოს ყელის სოკოვანი დაავადება. რამდენჯერმე ვიმკურნალე, მაგრამ შედეგი არ არის. ახლა ორსულად ვარ. მაინტერესებს, საშიშია თუ არა ეს დაავადება ნაყოფისთვის. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: მკურნალობა უშედეგო იმიტომ აღმოჩნდა, რომ თქვენი ორგანიზმის იმუნიტეტი დაქვეითებულია და მხოლოდ სოკოს საწინააღმდეგო თერაპია ინფექციას ვერ ძლევს. ორსულობის დროს საშვილოსნოს ყელის კვება ქვეითდება იმის გამო, რომ საკვები ნივთიერებების ძირითადი ნაწილი ნაყოფის კვებას ხმარდება. ასეთ პირობებში, აღნიშნული მიზეზის გამო საკმაოდ იოლად მწვავდება საშვილოსნოს ყელის ანთებით-ინფექციური პროცესები და სწორედ ამის გამო გაგიმწვავდათ სოკოვანი ინფექციაც. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული რისკი, რომ მშობიარობის დროს ნაყოფი დასნებოვნდეს. ამიტომ, გჭირდებათ სათანადო მკურნალობა და გინეკოლოგის მეთვალყურეობა. გირჩევთ, მიმართოთ ქალთა კონსულტაციას და შეასრულოთ ექიმის ყველა მითითება.
კითხვა: მაქვს დაბალი ჰემოგლობინი. დამიდგინეს ანემია. ექიმმა მირჩია, რკინის შემცველი აბები მესვა, მაგრამ მათი დალევისას კუჭი მეშლება. ვაშლის ჭამის დროსაც იგივე მემართება. ძალიან სუსტად ვარ, სულ მეძინება და წნევაც დაბალი მაქვს. რას მირჩევთ?
პასუხი: სისხლში რკინის დეფიციტის შევსება მხოლოდ რკინის პრეპარატებით შეიძლება. თქვენ არ აკონკრეტებთ, კერძოდ, რომელ პრეპარატს სვამთ. თანამედროვე რკინის პრეპარატებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მინიმალური გვერდითი ეფექტი ახასიათებს. თუ სხვა პრეპარატის მიღების დროსაც ისეთივე გვერდითი ეფექტი გამოვლინდა, რკინის პრეპარატების ვენაში გადასხმა დაგჭირდებათ.
კითხვა: გთხოვთ, მიპასუხოთ, რა უპირატესობა აქვს ვიტამინის ინიექციას დასალევ ვიტამინებთან შედარებით?
პასუხი: ვიტამინის კუნთში ინიექციას მაშინ უნიშნავენ, როცა მწვავე ინფექციური დაავადების დროს სწრაფი შედეგის მიღება სურთ. ასევე, იმ შემთხვევაშიც, როდესაც მათი დალევის დროს კუჭ-ნაწლავის მხრივ მავნე თანამდევი ეფექტი ვლინდება.
კითხვა: სამი წელია, მაწუხებს და ყურში ჩამესმის მუდმივი და ძლიერი ხმაური. მარჯვენა თვალიც თითქოს ჩამივარდა, რადგან ქუთუთო ქვევით მაქვს ჩამოწეული. ყოველდღიურად რამდენჯერმე ვბრუვდები და მერე მთქნარება მეწყება. ვიმკურნალე რამდენიმე დიაგნოზით, მაგრამ უშედეგოდ. ახლა მითხრეს, შეიძლება, ჩიყვის ან ოსტეოქონდროზის ბრალი იყოსო. იქნებ, განმიმარტოთ, არის თუ არა ეს ნევროზული ან მირჩიოთ, ვის მივმართო სამკურნალოდ?
პასუხი: თქვენი მონათხრობის მიხედვით, სავარაუდოა შუა ყურის ანთება. ამიტომ, პირველ ყოვლისა, გირჩევთ, ოტოლარინგოლოგს მიმართოთ. მსგავსი სიმპტომები ახასიათებს ოსტეოქონდროზსაც. რაც შეეხება ჩიყვს, ის მხოლოდ მაშინ გამოიწვევდა თქვენ მიერ ჩამოთვლილ ცვლილებებს, თუ ფარისებრი ჯირკვლის ზომა საკმაოდ იქნებოდა მომატებული, რაც თვალისთვის შესამჩნევი უნდა იყოს.
გაბრუება და მთქნარება, შეიძლება, მართლაც იყოს ნევროზული, მაგრამ, წლების განმავლობაში ხმაური ყურში, მხოლოდ ერთ მხარეს, ნაკლებ სავარაუდოა, ნევროგენული იყოს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
კახა ჯანაშია