რა უნდა ჭამოთ კუჭის წყლულით დაავადების დროს
ადამიანის ორგანიზმს სისტემატურად ესაჭიროება საკვები ნივთიერებების, წყლის, მინერალური მარილების, ვიტამინების მიღება-მიწოდება. ეს ფუნქცია საჭმლის მომნელებელ სისტემას ეკისრება და, საკმარისია, რომელიმე ნივთიერების ნაკლებობა გაჩნდეს, თავს იჩენს ბევრი პრობლემა, რომელთაგან ყველაზე სერიოზული წყლულოვანი დაავადებაა.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებებს საფუძვლად უდევს კუჭის ლორწოვან გარსში, უფრო ხშირად კი, თორმეტგოჯა ნაწლავის დასაწყის ნაწილში, წყლულის გაჩენა, რაც ძნელად ხორცდება. ამ დაავადების დროს გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებენ ფსიქოემოციურ გადაძაბვას, კვების არეულ რეჟიმს, უხეშ, გამაღიზიანებელ საკვებ პროდუქტებს და ასე შემდეგ.
დაავადების ძირითადი ნიშნებია: გულძმარვა, ტკივილი კუჭის არეში, ასევე, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ და გულთან. ადამიანს ეს მოვლენები ეწყება კვებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ზოგჯერ კი, დილით, უზმოზე. საერთოდ, წყლულოვანი დაავადების მიმდინარეობა პერიოდული გამწვავებით ხასიათდება. ამ დროს საჭიროა კუჭის წვენის გამოკვლევა, რადგან წყლულოვან დაავადებას ხშირად თან ახლავს კუჭის წვენის სიმჟავის მომატება. ამ დროს ავადმყოფმა ისეთი საჭმელი უნდა მიიღოს, რომელიც კუჭის ლორწოვან გარსს არ გააღიზიანებს, არ გამოიწვევს მაღალი მჟავიანობის მქონე კუჭის წვენის დიდი რაოდენობით გამოყოფას.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გართულების შემთხვევაში აუცილებელია მკაცრი დიეტის დაცვა.
კუჭის გულძმარვისა და ტკივილის დროს ეფექტურია წყალში გახსნილი სოდის მიღება, კერძოდ, ნახევარი ჩაის კოვზი სოდა გახსენით ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალში და დალიეთ.
კუჭის წყლულის მკურნალობისას ავადმყოფს კატეგორიულად ეკრძალება თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლიანი სასმელების დალევა. საკვებიდან უნდა გამოირიცხოს ხორცის ბულიონი, შემწვარი და მოხრაკული ხორცი, ძეხვეული, მჟავე, ცხარე, მლაშე საჭმელი; ასევე, მაგარი ჩაი, ყავა, შოკოლადი, გაზიანი სასმელები. ავადმყოფმა უნდა ჭამოს გახუხული პური, კარაქი, ხაჭო, უმარილო ყველი, გაწურული მაწონი, მოხარშული თევზი, ქათმის ან საქონლის მოხარშული ხორცი, კარტოფილის და სტაფილოს პიურე, უხორცი სუპი, ფაფები. შეუძლია, ასევე, მიირთვას თოხლო კვერცხი.
საკვები მდიდარი უნდა იყოს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. გაითვალისწინეთ, რომ სასურველია ხილი და ბოსტნეული ჭამოთ მოხარშული ან მისი გამოწურული წვენი დალიოთ.