რატომ ვითარდება ეჭვიანობის ემოცია და როდის არის ის განსაკუთრებით სახიფათო
ეჭვიანობის პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია და აზიანებს როგორც მის ადრესატს, ისე თვითონ ეჭვიან პიროვნებასაც. პრობლემის საფუძვლები ფსიქოლოგიურია და, შესაბამისად, ფსიქოლოგი უნდა დავიხმაროთ მის გადალახვაში. ეჭვიანობის ფსიქოლოგიის შესახებ გვესაუბრება ფსიქოლოგი ნელი მაისურაძე.
– ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რა არის ეჭვიანობა და ხშირად თუ ვხვდებით ამ პრობლემის მქონე ადამიანებს?
– ჩვენს ყოველდღიურობაში ძალიან ხშირია ეჭვიანობის მომენტები – როგორც ყოფითი, სოციალური, კლასიკური, ასევე, პათოლოგიური, ავადმყოფური ეჭვიანობის ფაქტები. ეჭვიანობა, ზოგადად, შეიძლება განვმარტოთ, როგორც ადამიანის განცდა, რომელიც სპონტანურად აღმოცენდება და აიძულებს ადამიანს, აკონტროლოს პარტნიორი ყველგან, ყოველთვის და არ გაითვალისწინოს მისი დამოკიდებულება ამგვარი ქცევისადმი. ეჭვიანობა არის ემოცია, რომელსაც პიროვნება განიცდის იმ შემთხვევაში, როდესაც მეორე ადამიანი მის წილ სითბოს, სიყვარულს, პატივისცემას აძლევს ალტერნატიულ პიროვნებას. მაგალითად, ბავშვმა, შეიძლება, იეჭვიანოს საკუთარ და-ძმაზე, როდესაც მშობლები ვერ ახერხებენ ყურადღების თანაბარ განაწილებას მათ შორის. მოზრდილების შემთხვევაში ეჭვიანობა შეიძლება გამოიწვიოს იმ ფაქტმა, რომ პარტნიორს აქვს ფლირტი სხვასთან, რაც საფრთხეს უქმნის მათ ურთიერთობას. ეჭვი არის მტკივნეული განცდა, რომელიც ზოგჯერ გამოდის კონტროლიდან და ფოკუსირებულია ერთ გარკვეულ პიროვნებაზე. ის, შეიძლება, გაგრძელდეს დიდხანს, პირვანდელი ინტენსივობის დაკარგვის გარეშე.
– ჩვეულებრივ, რა ცვლილებები მოჰყვება ამ ემოციას შესაბამის პიროვნებაში?
– ეჭვი არის ტანჯვა, სტრესი, რომელიც იწვევს გაბრაზებას, განრისხებას და, ამავე დროს, წარმოქმნის თავდაცვით ქმედებას – გაქცევას ან თავდასხმას. ეჭვიანი ადამიანები აგრესიულები ხდებიან, რადგან ისინი საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიშით არიან შეპყრობილნი; ამავე დროს, ისინი შეიძლება გახდნენ ზედმეტად ფრთხილები, მაქსიმალურად ცდილობენ, დაიცვან ის სიყვარული, ურთიერთობა, რომელიც ხელიდან ეცლებათ. ეჭვიანობა შეიცავს დაკარგვის შიშს, გაღიზიანებას, დაბალ თვითშეფასებას, სევდას მოსალოდნელ დანაკარგზე, მარტოობის განცდას, მოლოდინს, რომ საყვარელი ადამიანი ვიღაც უფრო ლამაზზე, მდიდარზე, უკეთესზე გაცვლის. ამას ემატება უნდობლობაც. ადამიანი რომელიც ეჭვიანობს, შესაბამისად, არავის ენდობა, მუდმივად აკონტროლებს საყვარელ ადამიანს და ხშირად იწყებს მასთან უაზრო კამათს. ზოგიერთ ადამიანს არ სურს იმ ფაქტის აღიარება, რომ ეჭვიანობენ და ამიტომ ისინი ამ გრძნობას მესაკუთრის ინსტინქტით ნიღბავენ. ზოგიერთისთვის კი ეჭვიანობა სიყვარულის საზომია.
– თუ ხდება რაიმე სახეობრივი დიფერენცირება ემოციის ამ ფორმაში?
– ეჭვიანობა არსებობს როგორც კლასიკური, ასევე – პათოლოგიური. კლასიკური ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა. ამ შემთხვევაში ადამიანი უარს ამბობს საყვარელი ადამიანის სითბო, სიყვარული და ყურადღება ვინმესთან ერთად გაინაწილოს. ამ დროს მთელი უარყოფითი ემოცია მიმართულია პარტნიორისკენ და შეიძლება წარმოსახვითი მეტოქისკენაც კი. ასევე, შეიძლება, ადამიანმა იეჭვიანოს ისეთ ადამიანზე რომელსაც რეალურ ცხოვრებაში არც კი იცნობს, მაგრამ მას აღმერთებს, მაგალითად, ტოპმოდელზე, კინოვარსკვლავზე, მომღერალზე და ასე შემდეგ. დრამატული ოჯახური სცენების 99 პროცენტის მიზეზი სწორედ ეჭვიანობაა. ეჭვიანობას ძალიან ხშირად მოსდევს დაუცველობის, უსუსურობის გრძნობა, შიში, აგზნებულობა, დეპრესია (ნევროზი). ის ხშირად მოიცავს ისეთი ემოციების ნაკრებს, როგორიცაა: ბრაზი, სევდა; მეორე ფორმაა პათოლოგიური ეჭვიანობა. ეს ერთ-ერთი ყველაზე საშიში და უმართავი სახეობაა, რადგან ადამიანი ეჭვითაა დაავადებული. ამ დროს მას არ შეუძლია საკუთარი თავის კონტროლი და სრულიად დარწმუნებულია თავის ეჭვებში. ასეთი ადამიანები აქტიურად ცდილობენ, დაამტკიცონ თავისი „სიმართლე” – ებრძვიან სავარაუდო მოწინააღმდეგეებსა და მტრებს. აქვე მინდა შევეხო ალკოჰოლურ ეჭვიანობას – ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს გააზრებული აქვს საკუთარი უსუსურობა, არასრულფასოვნება და მხოლოდ ეჭვიანობით ცდილობს საყვარელი ადამიანის შენარჩუნებას. ალკოჰოლური ეჭვიანობაც, ისევე, როგორც სხვა პათოლოგიური ეჭვიანობა, ხშირად მიდის ბოდვამდე. ამ დროს ადგილი აქვს ალკოჰოლურ პარანოიდს, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია ცოლქმრული ღალატის ბოდვითი იდეებით. თავდაპირველად ეს აზრები თრობის დროს ჩნდება და მათ არ აქვთ მყარი, სტაბილური ხასიათი, შემდგომში კი უფრო მტკიცდება და მათ ფხიზელ მდგომარეობაშიც გამოთქვამს – პიროვნება ამ დროს გამოხატავს აგრესიას მეუღლის მიმართ.
– ჯანმრთელობის მხრივ რაიმე დამატებით დარღვევებს თუ იწვევს ეჭვიანობა და ვის უნდა მიმართოს ამ პრობლემით შეწუხებულმა ადამიანმა?
– ეჭვიანობა ყოველთვის დესტრუქციული და საშიში გრძნობაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას – იწვევს ნევროზს, ფსიქოზს. მას თან ახლავს შფოთვა, აფორიაქება, შიში, დეპრესია, მტანჯველი ფიქრები, აკვიატებული აზრები, ჩნდება სუიციდის საშიშროება. ეჭვის ნიადაგზე ხშირად ხდება სისხლის სამართლის დანაშაული და ასე შემდეგ. ეჭვიანობა, ეს არის ზიანი, რომელსაც, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავს აყენებს ადამიანი და, ყვირილი – იმიტომ ვეჭვიანობ, რომ მიყვარსო, – უაზრობაა. თუ პიროვნების ეჭვიანობამ ხანგრძლივი ხასიათი მიიღო; თუ მას დაეწყო ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები – უძილობა, შფოთვა, აკვიატებული აზრები; თუ ადამიანს არ სურს, მოისმინოს არგუმენტები – ეს იმას ნიშნავს, რომ დროა, საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოს. აუცილებლად უნდა მიმართოს ფსიქოლოგს, ექიმ-ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს. სასურველი იქნება ფსიქოთერაპიის გამოყენება, განსაკუთრებით იმ მეთოდების, რომლებიც უადვილებენ პაციენტს ადაპტაციას გარემოსთან და ხსნიან დაძაბულობას, უმსუბუქებენ პრობლემას.
– როგორ მოქმედებს ეჭვიანობა ადამიანებს შორის ურთიერთობებზე?
– ზედმეტი ეჭვიანობით გამოწვეულმა ხიდჩატეხილობამ ადამიანებში, შეიძლება, ურთიერთობის დინამიკა შეცვალოს. ეჭვიანი ადამიანი ეგოისტია. ის სხვა ადამიანს ართმევს დამოუკიდებლობას, ექსპლუატაციას უწევს მის სიყვარულს და ამიტომ წარმოიშობა მათთან კონფლიქტი. თუ მდგომარეობა მართლაც კრიტიკული არ არის, პარტნიორთან ულტიმატუმების ენაზე საუბარი სრულიად გაუმართლებელია, რადგან კატეგორიული მოთხოვნები მხოლოდ უკურეაქციას იწვევს და ასეთ შემთხვევებში აჯობებს, მეტი სირბილე გამოვიჩინოთ, რათა მას თავად გაუჩნდეს სურვილი ჩვენთან მეტი დრო გაატაროს. ეჭვიანი დამოკიდებულება ურთიერთობებს ვერ ამყარებს. იმისთვის, რომ არ ვიეჭვიანოთ, უნდა ვიყოთ დარწმუნებულები საკუთარ თავში, გვჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, საყვარელი ადამიანის და ყველაფერს მივუდგეთ საღი გონებით და არა ცუდი განწყობით, უნდობლობით, მტრობით. ეჭვიანობით ერთგულებას ნამდვილად ვერ მოიპოვებ.
– როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ არ გვენიშნება მოჭარბებული ეჭვიანობა?
– თუ მაინც ეჭვების ტყვეობაში აღმოჩნდებით, არსებობს მასთან ბრძოლის რამდენიმე მეთოდი: შეადგინეთ სია, რომელშიც მიუთითებთ ყველა მიზეზს, რაც გაეჭვებთ, დააწყვეთ ისინი რიგის მიხედვით, ანუ, ძლიერიდან სუსტისკენ. ჩართეთ დამამშვიდებელი მუსიკა, წამოწექით, მოდუნდით და ეცადეთ, აამოქმედოთ ფანტაზია: წარმოიდგინეთ ყველა ეს მიზეზი და სიტუაცია, რომლებიც გაეჭვიანებენ, ოღონდ, უნდა დაიწყოთ სიის ბოლოდან (სუსტი მიზეზებიდან). ამას იმიტომ აკეთებთ, რომ, თუ თქვენ წარმოიდგენთ ყველა სიტუაციას და მოქმედ პირებს დასვენებულ მდგომარეობაში, შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ იეჭვიანებთ ცოტათი უფრო ნაკლებს. მეორე მეთოდი არის თამაში, სახელად – „თავი მოაჩვენე”. ამ თამაშის წესები მარტივია, მაგრამ არა ყოველთვის შესრულებადი. თქვენ, უბრალოდ, თავი უნდა მოაჩვენოთ, რომ არ იცით, რა არის ეჭვიანობა. თვითშთაგონებას დიდი ძალა აქვს. თუ თქვენ შეგიძლიათ, აიძულოთ საკუთარი თავი, რომ არ ვიეჭვიანოთ, მიხვდებით, რომ ეჭვიანობის გარეშეც ადვილია ცხოვრება. არის სხვა მეთოდიც – ჩავდგეთ იმ ადამიანის მდგომარეობაში, რომელზეც ეჭვიანობთ, სთხოვოთ დარეკოს ყოველ საათში, არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნებით. უბრალოდ, ყოველ დარეკვაზე უთხარით მას, სად იქნებით და ასე შემდეგ. თქვენ მალე დარწმუნდებით, რომ ეს არ არის ყურადღება, ეს არის კონტროლი. მიხვდებით, როგორი მოსაბეზრებელია ეს ხშირი ზარები. მაგრამ, მაინც, ყველაზე მარტივი და გამოცდილი მეთოდი ნდობა და სიყვარულია. გახსოვდეთ: ეჭვის გარეშე ცხოვრება მართლაც მშვენიერია.