სიბრძნე მინიატურებში
ღვთის განგება
ერთი ბერი გულმხურვალედ ევედრებოდა უფალს, მიეცა ძალა იმისა, რომ განეჭვრიტა ღვთის განგება. მოწყალე უფალმა შეისმინა მისი თხოვნა. ერთხელ მონასტრის წინამძღვარმა იგი რაღაც საქმეზე მეზობელ მონასტერში გაგზავნა. გზა ტყეზე გადიოდა, სადაც მას ახალგაზრდა მორჩილი შეხვდა, რომელმაც შესთავაზა, ერთად ევლოთ. ღამის გასათევად ისინი მდინარის ნაპირას მცხოვრებ ერთ მეთევზესთან შეჩერდნენ. მან ბერები დიდი სიხარულითა და პატივით მიიღო. ძვირფასი ვერცხლის ჯამით სადილი მიართვა, მაგრამ, როგორც კი სტუმრებმა ჭამა დაამთავრეს, ახალგაზრდა მორჩილმა ჯამს ხელი დაავლო და მდინარეში გადაუძახა. მასპინძელს არაფერი უთქვამს. სწორედ ამიტომ, მოხუცმა ბერმაც, თუმცა ძალიან გაუკვირდა, მდუმარება არჩია.
მეორე ღამეს ერთი გლეხის ოჯახში დარჩნენ. ამ კაცმაც გულთბილად მიიღო სტუმარი, ფეხებიც კი დაბანა მათ. დილით, როდესაც ისინი უკვე წასასვლელად ემზადებოდნენ, გლეხმა თავისი პატარა ბიჭი მიუყვანა მათ დასალოცად. ბერმა დალოცა იგი, ხოლო, როდესაც მორჩილი შეეხო ბავშვს, ბავშვმა მაშინვე სული განუტევა.
უბედურებისგან განადგურებულმა მამამ თითქოს მეტყველების უნარი დაკარგა, ხოლო მოხუცმა ბერმა შიშისგან სიტყვის თქმაც ვერ გაბედა. მესამე საღამოს მოხუცმა აიძულა მორჩილი, რომელიმე მიტოვებულ ქოხში გაეთიათ ღამე, კიდევ სხვა მასპინძლისთვის რომ არ მიეყენებინათ ზიანი. ასეც მოიქცნენ. დილით მორჩილმა ქოხი დაშალა და თავიდან ააშენა. მაშინ კი ვეღარ მოითმინა მორჩილის მოქმედების შემყურე ბერმა და ჰკითხა:
– გამაგებინე, ვინ ხარ? რას აკეთებ? პირველ დღეს კეთილ კაცს ძვირფასი ჯამი გადაუგდე მდინარეში, გუშინ ბავშვი მოკალი, დღეს სახლი დაანგრიე და თავიდან აშენებ. ეშმაკეული ხომ არ ხარ?
– მისმინე, რასაც გეტყვი. მეთევზე, რომელმაც ჩვენ მოგვასვენა, მართლაც ღვთისმოსავი ადამიანია, მაგრამ ის ვერცხლის ჯამი მან ოდესღაც, ახალგაზრდობაში მოიპარა. ამიტომაც გადავაგდე მდინარეში, ამ ვერცხლის გამო რომ არ დაესაჯათ და სამოთხის ნეტარება არ დაეკარგა. ჩვენი მეორე მასპინძელიც კეთილი ადამიანია, მაგრამ მისი შვილი რომ გაზრდილიყო, საშინელი ბოროტმოქმედი დადგებოდა. სწორედ ამიტომ მამის სამართლიანობის გამო, გადავწყვიტე, მისი სული გადამერჩინა და წავიყვანე, სანამ სუფთა და შეურყვნელი იყო. ამ სახლში კი ოქრო იყო დამალული და მე დავანგრიე იგი, რათა ვინმეს არ ეპოვა და სიმდიდრით სული არ წარეწყმიდა. აგებით კი მხოლოდ იმიტომ ავაგე, გზად მიმავალთ ღამე თავშესაფარი რომ ჰქონოდათ.
დაბრუნდი, ბერო, შენს სენაკში და ნუ იტანჯავ თავს, რამეთუ ღვთის განგება იმდენად ღრმა არის, რომ მოკვდავთა გონებას არ ძალუძს მისი განჭვრეტა. შენც ნუ შეეცდები ამას, – უთხრა გაოგნებულ ბერს ანგელოზმა და გაუჩინარდა.
იგავი წმიდა მამისგან
ერთი უბრალო, ღვთისმოსავი კაცი ქრისტიანების საზოგადოებაში მყოფ წმიდა პიმენთან მივიდა და რჩევა-დარიგება სთხოვა. პიმენმა კი უთხრა: – მოდი, დღეს თავად შენ მიმართე სიტყვით ძმებს.
– როგორ შემიძლია მე, ცოდვილს, რაიმე ვთქვა ღირსეული ქრისტიანების გარემოცვაში, მამაო?
იქ მყოფებმაც სთხოვეს მას, სიტყვით გამოსულიყო. მაშინ მან დაიწყო:
– მე გაუნათლებელი ადამიანი ვარ და ვერაფერს გეტყვით, გარდა იმ იგავისა, რომელიც ერთი წმიდა მამისგან მოვისმინე.
ერთ კაცს ძალიან მოუნდა მეფის ნახვა და თავის მეგობარს სთხოვა, მასთან მიეყვანა. მან უთხრა, რომ ნახევარ გზამდე მიაცილებდა. მაშინ ამ კაცმა მეორე მეგობარს მიმართა იგივე თხოვნით. ისიც დათანხმდა და დაჰპირდა, რომ სასახლეში მიიყვანდა. ბოლოს, მეფის ნახვის სურვილით გულანთებულმა, მესამე მეგობარს მიაკითხა. მხოლოდ მისგან მიიღო კაცმა მეფესთან მიყვანის თანხმობა.
– და რას ნიშნავს ყოველივე ეს? – ჰკითხეს ძმებმა კაცს იგავის დამთავრების შემდეგ.
– პირველი მეგობარი, რომელსაც უფლისკენ მიმავალ შუაგზამდე მივყავართ, მარხვაა, მეორე – უბიწოება, იგი ზეცამდე აღგვამაღლებს, ხოლო მესამე მორჩილებაა, რომელიც თამამად, წელში გამართულებს მიგვიძღვის უფალთან. ყველა დაეთანხმა მას და ერთხმად ადიდა უფალი.