სად შედგა იმედა არაბულის ფიქტიური ქორწილი და რატომ შემოსა ლიკა ყაზბეგმა ცნობილი ქართველი ქალბატონები საქორწილო კაბებით
ის, რომ ქალბატონი ლიკა ყაზბეგი განსაკუთრებით ზრუნავს ცნობილ და წარმატებულ ქართველ ქალბატონებზე – სიახლე არ არის. მათი მონაწილეობით ლიკამ უკვე ძალიან ბევრ ჩვენებას გაუკეთა ორგანიზება, თუმცა 30 ივნისს, საგამოფენო ცენტრ „მუზაში“ საოცარი სანახაობის მომსწრე გავხდით.
თუ გსურთ, ნახოთ როგორი იქნება გვანცა დარასელია, მაკო დოლიძე, თიკო სადუნიშვილი და სხვები თავიანთ ქორწილში ამ ფოტოებს უნდა გადახედოთ – ზუსტი თუ არა, დაახლოებითი წარმოდგენა მაინც შეგექმნებათ. თეთრ საქორწინო კაბებში გამოწყობილი „სელებრითები“ წარმოუდგენლად ლამაზად გამოიყურებოდნენ. ისინი, ვისაც ქორწილი წლების წინ ჰქონდათ და უკვე სტაჟიანი ცოლები არიან, იმდღევანდელი ამპლუა ღიმილს ჰგვრიდა. თუმცა, ყველა აღნიშნავდა, რომ პატარძლის მდგომარეობაში დაბრუნება მხოლოდ სასიამოვნო მოგონებებს უღვიძებდათ. ვის არ გვიოცნებია ბავშვობაში თეთრ უზარმაზარ კაბაზე, დიდი ბაფთებით, ბრჭყვიალა თვლებით, რომელსაც კიდევ უფრო მეტად ამშვენებს ულამაზესი ვარცხნილობა და სადღესასწაულო „მეიქაფი“. ბავშვობის ეს ლამაზი ოცნება ზოგჯერ ხდება, ზოგჯერ კი არა – ზოგი იპარება, ზოგს იტაცებენ, ქორწინება უქორწილოდ იწყება და მთავრდება... ზოგიც კი საყვარელ მამაკაცთან ცხოვრებას გრანდიოზული ქორწილით იწყებს. მაგრამ იმისთვის, რომ ამას არ ველოდოთ, უნდა ნახოთ ლიკა ყაზბეგის მიერ ორგანიზებული „მარიონელას“ კაბების ჩვენება, სადაც ერთმანეთს ცნობილი ქართველი ქალბატონები ენაცვლებოდნენ.
ჩვენება ბავშვებმა გახსნეს, რომლებიც ფერიების ულამაზეს თეთრ კაბებში იყვნენ გამოწყობილები. ამის შემდეგ კი ჩვენება დაიწყო. პოდიუმზე, რომელიც სავსე იყო ყვავილებით და ქორწილისთვის საჭირო სხვა უამრავი საჭირო აქსესუარით, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ თიკო სადუნიშვილი, „მიუზიკბოქსის“ ლიზა ვადაჭკორია, გვანცა დარასელია, თამთა ჭელიძე, ვერიკო ტურაშვილი და ნინო ძოწენიძე, თაკო ცქვიტინიძე, მაკო დოლიძე, ანა მაღლაკელიძე, თამუნა მუსერიძე, მაკა შალიკაშვილი, სალომე წაქაძე, თათია პაჭკორია, ანა სირაძე, ლიკა შენგელია, ნუკი კოშკელიშვილი, ეკა ანდრონიკაშვილი და სხვები. ულამაზესი თეთრი კაბითა და შლაპით ჩვენება ნინო ჩხეიძემ დახურა, რომელმაც პოდიუმზე ძალიან მხიარულად გამოიარა და დეფილეს დახურვის შემდეგ ამ თემაზე ბევრიც იხუმრა.
ჩვენება კი, ქორწინებით დასრულდა. ხელისმოწერა იქვე, პოდიუმთან ახლოს შედგა. ნაციონალურ კოსტიუმში გამოწყობილი იმედა არაბული დაქორწინდა ღონისძიების ორგანიზატორის, ლიკა ყაზბეგის დისშვილზე, ულამაზეს ბალერინაზე, რომელიც მანამდე პოდიუმზეც გამოვიდა. პატარძალი ამჯერად ქართულ ეროვნულ სტილში შექმნილ კაბაში მოგვევლინა. წყვილმა ხელი მოაწერა. მათ უამრავი მილოცვა მიიღეს, ერთმანეთს სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდნენ და ბედნიერები მაყურებლებში გაერივნენ. იმისთვის, რომ ახალი ჭორის აგორების მიზეზები არ გავხდეთ, აქვე გეტყვით, რომ მთელი ეს ცოლქმრული ბედნიერება მხოლოდ და მხოლოდ თეატრალიზებული დადგმა იყო. ხელის მოწერაც ფიქტიურად მოხდა და მილოცვებიც არაგულწრფელი იყო. ორმა მსახიობმა როლს იმდენად მშვენივრად გაართვა თავი, რომ ღონისძიებიდან გამოსულ ბევრ ადამიანს კიდევ დიდხანს სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი რეალური იყო.
ამის შემდეგ ულამაზესი, ათასკაციანი ტორტი გაიჭრა, რომელიც საღამოს სიგრილეში სიამოვნებით მიირთვეს როგორც მონაწილე-მოდელებმა, ისე მაყურებლებმა, რომელთა შორისაც ძალიან ბევრ ცნობილ სახეს გამოარჩევდით. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყვნენ კახა კალაძე და ანუკა არეშიძე, რომლებიც ამ ბოლო დროს ხშირად ჩნდებიან თბილისის ბომონდურ წვეულებებზე. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ანუკას არაჩვეულებრივი „აუტფიტი“, რომელიც საღამოს სადღესასწაულო განწყობას განსაკუთრებით უხდებოდა. მაყურებლებს შორის იყვნენ ინგა გრიგოლია, მახო ქვრივიშვილი. პატარა შვილთან ერთად, ნანიკო ხაზარაძე, ია ფარულავა და დოდო ხურცილავა, მარინა სალუქვაძე. ასევე მამუკა ონაშვილი, რომლის კალთაშიც, ჩვენების დასრულებიდან სულ ცოტა ხანში, საქორწილო კაბაში გამოწყობილი თამუნა მუსერიძე აღმოჩნდა. აქ იყვნენ: ვატო ნაცვლიშვილი მეუღლესთან, ნინო ცქიტიშვილთან ერთად, „თიბისი ტივის“ გენერალური პროდიუსერი ნოე სულაბერიძე, თაკო ჩხეიძე და ლიკა შელია, ბიჭოლა, გია ჯაჯანიძე, გოგიჩა შვილებთან ერთად, მიშა მესხი, გიორგი ხომასურიძე და სხვები. საღამოს ბოლოს ყველა კმაყოფილი იყო. კუს ტბის ასასვლელთან, თბილისურ სიგრილეში, ლამაზი ქალების გარემოცვაში ყოფნა ვის არ დააყენებდა კარგ განწყობაზე.