როგორ გადაარჩინა სტალინმა თბილისი დაბომბვას და როგორ გაწირეს 3 მანეთად რუსმა სალდათებმა არსენა ჯორჯიაშვილი
1905-1907 წლების რევოლუციის დროს, ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა ბევრი ტერორისტული აქტი განახორციელეს. მათ შორის ერთ-ერთი, ყველაზე უფრო გახმაურებული იყო, გენერალ გრიაზნოვის მკვლელობა. ეს მკვლელობა განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ მკვლელობის პირველივე წუთებიდან ერთმანეთში აირია ჭორი და მართალი. ამ ტერორისტული აქტის შესახებ ყველაფერი დაწვრილებით იცოდა სტალინმა, თუმცა სიმართლე მან მხოლოდ 15 წლის შემდეგ თქვა.
1906 წლის 16 იანვარს დილის 11 საათზე, თბილისში, ბარიატინსკის ქუჩაზე (მოგვიანებით არსენა ჯორჯიაშვილის, დღევანდელი გიორგი ჭანტურიას ქუჩაზე) ტერორისტმა ბომბის გასროლით მოკლა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი – გენერალი გრიაზნოვი. ტერორისტულმა აქტმა დიდი შეშფოთება გამოიწვია თბილისში. საქმე ის გახლდათ, იმ დროისთვის თბილისში, რევოლუციური გამოსვლების გამო, სამხედრო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. რკინიგზის სადგურს, მთავარ ქუჩებსა და მოედნებს პატრულირებდა რუსის ჯარი და პოლიცია, მთაწმინდაზე განლაგებული იყო საარტილერიო ნაწილი. შეიტყვეს თუ არა გენერალ გრიაზნოვის მკვლელობა სამხედროებმა ულტიმატუმი წამოაყენეს – თუ მკვლელს არ იპოვიდნენ და არ დასჯიდნენ, ქალაქს დავბომბავთო. ამ ულტიმატუმმა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო კავკასიის მეფისნაცვლის ადმინისტრაცია და სპეცსამსახურები (ჟანდარმერია და ოხრანკა). მაინც რა მოხდა ბარიატინსკის ქუჩაზე, 1906 წლის 16 იანვრის დილას?
გენერალი გრიაზნოვი ეტლით ამოდიოდა დღევანდელი სანაპიროს მხრიდან ბარიატინსკის ქუჩით – გოლოვინის, ამჟამინდელი რუსთაველის პროსპექტის მიმართულებით. ეტლი გამოსცდა ამჟამინდელი ლიტერატურის მუზეუმის შენობას და საინჟინრო სამმართველოს შენობასთან (ეს ორსართულიანი შენობა დღესაც დგას ლიტერატურის მუზეუმსა და სასტუმრო „თბილისი მარიოტს“ შორის) ტერორისტმა ბომბის გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა გენერალი. აფეთქების მომენტში ალექსანდრეს ბაღში უამრავი ხალხი იყო თავშეყრილი. სამხედრო მდგომარეობის გამო ბაღი სავსე იყო პოლიციელებით და ჯარისკაცებით. დაახლოებით იმ ადგილას, სადაც ახლა რუსთაველის პროსპექტიდან შევდივართ ბაღში, იდგა 2 რუსი ჯარისკაცი, რომლებიც ცდილობდნენ საათის გაყიდვას. ჯარისკაცებს მოუახლოვდა ხარფუხიდან თბილისის რკინიგზის სახელოსნოებისაკენ მიმავალი მუშა – არსენა ჯორჯიაშვილი. არსენა საათით დაინტერესდა, ჯარისკაცებს მოურიგდა და 3 მანეთიც გადაუხადა. ჯარისკაცები ამგვარად რამდენიმე ადამიანს მორიგებიან და მათსავით არსენაც უსაათოდ დატოვეს და ფულიც არ დაუბრუნეს. უფრო მეტიც, ისინი კატეგორიულად უარყოფდნენ არსენასგან ფულის აღების ფაქტს. განაწყენებულ ჯორჯიაშვილსა და ჯარისკაცებს შორის შელაპარაკება მოხდა. კონფლიქტი დამთავრებული არ იყო, როდესაც აფეთქების ხმა გაისმა. აფეთქების ტალღამ მიწაზე დაანარცხა არსენა ჯორჯიაშვილი. საათის გამყიდველმა ჯარისკაცებმა დაცემული კონტუზირებული არსენა ჯორჯიაშვილი წამოაყენეს და ბაღიდან გამოცვენილ პოლიციას განუცხადეს, ბომბი გრიაზნოვის ეტლს მან ესროლაო. უგონოდ მყოფი არსენა ჯორჯიაშვილი არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გონს კარგა ხნის შემდეგ მოვიდა.
სანდო საარქივო მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ არსენა ჯორჯიაშვილს გენერალ გრიაზნოვის მკვლელობასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია. უფრო მეტიც, ის რევოლუციური მოძრაობის მონაწილეც არ ყოფილა და შორს იყო პოლიტიკისგან. 16 იანვარსაც ბარიატინსკის ქუჩაზე შემთხვევით მოხვდა. გენერალ გრიაზნოვის მკვლელობა დაგეგმა და განახორციელა რსდმპ თბილისის კომიტეტმა. ტერორისტმა, რომელმაც ბომბი გაისროლა მიმალვა მოასწრო. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბომბი ტერორისტს ალექსანდრეს ბაღის მხრიდან საერთოდ არ უსვრია. გასროლა მოხდა საინჟინრო სამმართველოს შენობიდან.
თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსმა აგენტურული მონაცემების საფუძველზე რამდენიმე საათში შეიტყო, რომ ტერორისტული აქტი არსენა ჯორჯიაშვილს არ განუხორციელებია. წმინდა პროფესიული თვალსაზრისით იგი ვალდებული იყო, არსენა ჯორჯიაშვილის მიერ გენერლის მკვლელობის ვერსია გამოერიცხა, მაგრამ გამოცდილ ჟანდარმს აფიქრებდა სამხედროების ულტიმატუმი. ნამდვილი ტერორისტის დაკავებას, ჟანდარმერია ან საერთოდ ვერ შეძლებდა, ან ძალიან დიდხანს მოუნდებოდა. ულტიმატუმის ვადა კი იწურებოდა. ამიტომ იყო, რომ ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსმა ჯორჯიაშვილის ვერსია ძალაში დატოვა.
შეშფოთებული იყვნენ რსდმპ-ის თბილისის კომიტეტშიც. ნოე ჟორდანიამ ტერორისტული აქტის შესახებ მხოლოდ ბომბის აფეთქების შემდეგ გაიგო. მასთან ერთად რედაქციაში მყოფმა სხვა სოციალ-დემოკრატებმაც არაფერი იცოდნენ. სამაგიეროდ ყველაფერი კარგად უწყოდა იოსებ ჯუღაშვილმა. ტერორისტული აქტი მან დაგეგმა და ტერორისტიც მან შეარჩია. მთელმა ქალაქმა იცოდა, რომ ტერორისტული აქტი სოციალ-დემოკრატებმა განახორციელეს. სტალინი სამხედროებისაგან ულტიმატუმს არ ელოდა. ულტიმატუმის აღსრულების შემთხვევაში, სამხედროების თვითნებობით ისედაც გაბოროტებული მოსახლეობა ცუდ დღეს დააყრიდა სოციალ-დემოკრატებს.
გამოუვალი მდგომარეობიდან ჟანდარმერიაც და სოციალ-დემოკრატებიც იოსებ ჯუღაშვილმა იხსნა. მან სასწრაფოდ დაბეჭდა პროკლამაცია, რომელიც არსებითად არ ეხებოდა ტერორისტულ აქტს, მაგრამ შეიცავდა მოწოდებას, არსენა ჯორჯიაშვილის ხსნის თაობაზე. პროკლამაციაში საუბარი არ იყო ჯორჯიაშვილის უდანაშაულობაზე, ისევე, როგორ არ იყო საუბარი მის მონაწილეობაზე ამ ტერორისტულ აქტში. სწორედ ასეთი გზით სტალინმა ირიბად დაადასტურა არსენა ჯორჯიაშვილის მიერ გენერალ გრიაზნოვის მკვლელობის ფაქტი. ამასთან ერთად, სტალინმა წინასწარ, განზრახ პროკლამაციის ტექსტში დაამახინჯა არსენას გვარი. ადამიანი, რომელიც ისტორიაში არსენა ჯორჯიაშვილის სახელითა და გვარით შევიდა, სინამდვილეში იყო სოფელ ბოგვის მცხოვრები არსენა პავლეს ძე ჯოიაშვილი. გვარის დამახინჯებით სტალინმა, ყოველი შემთხვევისათვის, თავი დაიზღვია: მან ირიბად დაადასტურა მკვლელობაში არარეალურად არსებული პიროვნების არსენა ჯოიაშვილის მონაწილეობა. ჟანდარმერია და სამხედროები ცხადია, არ მიაქცევდნენ ყურადღებას ამ ნიუანსს. მათ ჩათვალეს, რომ გენერლის მკვლელი შეპყრობილი იყო და დამშვიდდნენ.
ძიების პროცესში არსენა ჯორჯიაშვილს ვერ დაუპირისპირეს მთავარი მოწმეები – საათის გამყიდველი ჯარისკაცები. ისინი სასწრაფოდ გადაიყვანეს თბილისიდან. სასამართლო პროცესზე ადვოკატების კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, ჯარისკაცები ისევ არ დააპირისპირეს ბრალდებულთან. განაჩენი დაეყრდნო იმ 2 ჯარისკაცის წინასწარ ჩვენებას, რომლებიც არც ძიების პროცესში და არც სასამართლოზე არ გამოჩენილან. სხვა მთავარი მოწმე კი ძიებამ ვერ იპოვა. ვერ იპოვეს ადამიანი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბომბი არსენა ჯორჯიაშვილმა ისროლა. ამის მიუხედავად, მას ჩამოხრჩობა მიესაჯა. თბილისელმა ჯალათმა, არსენა ჯორჯიაშვილის ჩამოხრჩობაზე უარი თქვა, რადგან მთელი ქალაქი დარწმუნებული იყო მის უდანაშაულობაში. არსენა ჯორჯიაშვილი ჩამოახრჩო ოდესიდან საგანგებოდ ჩამოყვანილმა ჯალათმა.
საბჭოთა ხელისუფლების წლებში არსენა ჯორჯიაშვილი გმირად გამოაცხადეს, ბარიატინსკის ქუჩას მისი სახელი უწოდეს. 1921 წელს გენერლის მკვლელს მხატვრული ფილმიც მიუძღვნეს. გადაღების შემდეგ ჯორჯიაშვილის როლის შემსრულებელი მიხეილ ჭიაურელი შეხვდა სტალინს. საუბრისას სტალინმა სხვათა შორის აღნიშნა: ფილმი კი გადაიღეთ არსენა ჯორჯიაშვილზე, მაგრამ იცი თუ არა, რომ გენერალი გრიაზნოვი მას არ მოუკლავსო. სახტად დარჩენილ ჭიაურელს უკითხავს: მაშ ვინ მოკლაო. სტალინს ცინიკურად უპასუხია: ახლა ამას რაღა მნიშვნელობა აქვს, გენერალ გრიაზნოვის მკვლელი ამჟამად დიდი კაციაო. ბელადმა ჭიაურელს მკვლელის ვინაობა არ გაუმხილა...
მოგვიანებით, ერთ-ერთმა ქართველმა პროფესიონალმა რევოლუციონერმა, წითელმა რაზმელმა და ტერორისტმა პენსიაზე გასვლის წინ საკუთარი დამსახურებების ნუსხაში როგორც ჩვეულებრივი ფაქტი, მიუთითა: 1906 წელს გენერალი გრიაზნოვი მოვკალიო. ცხადია, ამ ფაქტის სისწორეში არავინ დაეჭვებულა, რადგან ის ჭეშმარიტებას წარმოადგენდა. გენერლის რეალურ მკვლელს, ამ დამსახურებისათვის პერსონალური პენსია დაენიშნა.
ვახტანგ გურულის
მასალების მიხედვით მოამზადა
ანრი შავლაძემ