კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორია „მოთამაშე” მამაკაცი და რა უნდა გაითვალისწინოს ქალმა მასთან ურთიერთობისას


ამბობენ, შეჩვევა და ყოველდღიური რუტინა სიყვარულის მტერიაო. ეს თუ ასეა, მაშინ, ცოლქმრული სიყვარული ვერასოდეს იქნება ხანგრძლივი. იგი მაშინვე დამთავრდება, როგორც კი ქალი და მამაკაცი ერთ ჭერქვეშ დაიწყებენ ცხოვრებას. მაგრამ, გამოსავალი არსებობს: ურთიერთობის გასაახლებლად, სიყვარულის „გამოსაფხიზლებლად”, ცოლ-ქმარმა ერთმანეთს „სხვა“ თვალით უნდა შეხედოს. მაშინ არც ცოლს და არც ქმარს აღარ დასჭირდება, ახალი ემოციების მისაღებად ახალი პარტნიორი ეძებოს. მთავარია, იცოდე რას ეძებ შენი ცხოვრების თანამგზავრში. რისი მიღება გინდა მისგან და რომელი თამაშობთ გამოგონილ პერსონაჟს.

შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული. მაგრამ, შეცდომა ჯერ კიდევ არ არის ტრაგედია და, თუ ჩვენ ვისწავლით, როგორ გავხადოთ სიყვარული მარადიული, ცხოვრება გაცილებით მშვენიერი გახდება.



მარი (34 წლის): ზოგჯერ ადამიანები ძალიან ბრიყვულად ვიქცევით, სრულიად უგუნურად. არ ვითვალისწინებთ იმას, რომ მარტო დარჩენის საფრთხე სერიოზულია და რეალური. ჩვენ რომ ამის შეგრძნება გვქონდეს, გავუფრთხილდებოდით ერთმანეთსაც და იმ სიყვარულსაც, რომელიც ასე ძნელად გვეძლევა. მე საკუთარ შეცდომებზე მინდა გიამბოთ. როცა ოჯახში რაღაც ისე არ გამოდის, როგორც ჩვენ გვინდა, როცა ურთიერთობაში ბზარი ჩნდება, ქალები იშვიათად ვიდანაშაულებთ თავს, დამნაშავედ მამაკაცი გამოგვყავს. ვწუწუნებთ, რომ ის ეგოისტია და მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს. სინამდვილეში ასე არ არის, მამაკაცები ძალიან განიცდიან ყველაფერს, რაც ოჯახში ხდება. მეც არ მჯეროდა ამის, სანამ საკუთარ ცხოვრებას და ქმარს „სხვა“ თვალით არ შევხედე. თურმე, როგორი აუცილებელი ყოფილა საკუთარი ცხოვრების სხვა თვალით დანახვა!

– ეს როგორ უნდა მოახერხო?

– არ დაგიმალავთ, ადვილი ნამდვილად არ არის. მე, უბრალოდ, გამიმართლა და შემთხვევა დამეხმარა ამაში. დამოუკიდებლად ვერც შევძლებდი და ვერც მივხვდებოდი. გული მტკივა, რომ ყველას არ ეძლევა ამისი შანსი, ძალიან ბევრი ოჯახი გადაურჩებოდა დანგრევას. იცით, რაშია ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა? საყვარელი ადამიანის სიახლოვეს ისე ვეჩვევით, რომ გვგონია, მის გარეშეც კარგად ვიცხოვრებთ.

– ალბათ, სიყვარული გვაქვს არასაკმარისი. ანუ, როცა ბედს მეორე ადამიანს ვუკავშირებთ, ისე არ გვიყვარს, როგორც უნდა გვიყვარდეს.

– შეიძლება ეგეც არის მიზეზი, მაგრამ, ჩემს შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ მიზეზი სიყვარულის ნაკლებობა იყო. იცით, როგორი შეყვარებულები ვიყავით? მე მაინც, ჭკუას ვკარგავდი მასზე. ნოდარიკოსაც ვუყვარდი, ოღონდ, ის ძალიან განსხვავებული ადამიანია, ჩემგან რადიკალურად განსხვავებული – მშვიდი და გაწონასწორებული. მე აფეთქებული ემოცია ვარ. ყველაფერს ხმამაღლა გამოვხატავ და ნამდვილ ქარიშხალს დავატრიალებ ხოლმე. ვფიქრობ, სწორედ ამ ზედმეტი ემოციურობის გამო შევიქმენი პრობლემები.

– შეიქმენით თუ შეგექმნათ?

– შევიქმენი. რატომ უნდა მოვიტყუო თავი. იმაში, რომ ჩვენი ოჯახი დანგრევის პირას მივიდა, ლომის წილი მე მიმიძღვის – გულახდილად ვამბობ ამას. იმიტომ, რომ, როგორც იქნა, მივხვდი, საკუთარ შეცდომებს. არ ვამბობ, რომ ნოდარიკო ციდან ჩამოფრენილი ანგელოზია, მაგრამ, უნაკლო ვინ არის? თუ ადამიანი გვიყვარს და გვინდა, თავისი ნაკლით, ჩვევებითა და ხუშტურებით უნდა გვიყვარდეს. სხვანაირად, გამორიცხულია, ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდეს. მე ამაზე არ ვიფიქრე და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო, რამაც საშინელ შედეგამდე მიმიყვანა. რატომ ვართ ადამიანები ეგოისტები, რატომ ვფიქრობთ მხოლოდ საკუთარ კომფორტზე, რატომ ვერ ვახერხებთ, ერთმანეთის ტკივილი თუ სიხარული ჭეშმარიტად გავიზიაროთ და არა სიტყვით, ზედაპირულად და გულის გარეთ?

– ცოლ-ქმარს შორის განხეთქილების მთავარი მიზეზი ქმრის ორგულობაა ხოლმე.

– ჩემს შემთხვევაში ეს არაფერ შუაშია. რვაწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში, შესაძლოა, ნოდარიკოს კიდეც ჰქონდა შემთხვევითი კავშირები, მაგრამ მე ამის შესახებ არაფერი გამიგია, არც კი მიგრძნია. ვერ ვიტყვი, რომ ეჭვიანი ადამიანი არ ვარ, მაგრამ ჩემს ქმარს ეჭვიანობის საბაბი არასდროს მოუცია.

– და, მიუხედავად ამისა, მაინც მასთან გაშორების ინიციატორი იყავით?

– დიახ, მინდოდა დავშორებოდი. მაშინ მართლა მინდოდა, თუმცა, აბსოლუტურად შეუგნებლად.

– ეს რას ნიშნავს. თქვენს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გამოჩნდა?

– როგორ გითხრათ... რეალურად არ გამოჩენილა, მაგრამ, ვირტუალურად მქონდა ახალი პარტნიორის პოვნის მცდელობა.

– ამას თქვენი მეუღლეც წაიკითხავს. შესაძლოა, მიხვდეს, რომ სწორედ თქვენ იყავით ჩვენი რესპონდენტი.

– არ მაქვს პრობლემა, მან ეს ისედაც იცის. უკვე ყველაფერი გავარკვიეთ და ბევრ რამეზეც შევთანხმდით. მეც ვაპატიე და იმანაც მაპატია. ოღონდ, არ მკითხოთ, რა გქონდათ საპატიებელი ერთმანეთისთვის, თუკი თქვენ შორის ღალატი არ ყოფილაო. მარტო ღალატი ხომ არ არის. ბოლო პერიოდში ძალიან დაძაბული ურთიერთობა გვქონდა და ძალიან ბევრი ცუდი რაღაც ვუთხარით ერთმანეთს. ამ შემთხვევაშიც, მე უფრო აქტიური ვიყავი, ცუდად აქტიური. ხომ ხვდებით, რაც ვიგულისხმე? ქალები რომ უფრო წიკვინები და ენაგახსნილები ვართ, რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი? ძალიან ვტკენდი ხოლმე გულს. როცა პირველად ვუთხარი, ერთმანეთს უნდა დავშორდეთ-მეთქი, გადაირია. ისე გააპროტესტა, თავი გაიგიჟა. არაფერი გვჭირს საამისო, თუ მოვინდომებთ, ყველაფერი მოგვარდება და ისევ კარგად ვიქნებით. მთავარია, ერთმანეთი გვიყვარსო. მე ვუთხარი, ეჭვი მეპარება, რომ მიყვარდე-მეთქი და, იცით, როგორ შემომხედა? დღემდე მახსოვს მისი ეს გამოხედვა. ახლა რომ ვფიქრობ, რა სულელი ვიყავი და როგორ ტყუილუბრალოდ ვატკინე გული, საკუთარ თავზე ვბრაზობ. რატომ ვიყავი ასეთი ბრმა?

– განქორწინება რატომ გინდოდათ?

– სულელი ვიყავი და იმიტომ. ვფიქრობდი, ერთმანეთისთვის შეუფერებელი წყვილი ვართ და ჩვენს ერთად ცხოვრებას აზრი აღარ აქვს-მეთქი. ვიცი, მკითხავთ, ასეთი აზრი საიდან დამებადა. იქიდან, რომ ბოლო დროს მე და ჩემი ქმარი ძალიან ვჩხუბობდით. ყველაფერზე ვკინკლაობდით, ყველაფერზე განსხვავებული აზრი გვქონდა, სულ უკმაყოფილოები ვიყავით ერთმანეთით.

– ორივე იყავით უკმაყოფილო, თუ მხოლოდ თქვენ?

– პრინციპში, უფრო მეტად მე. სულ ვებუზღუნებოდი. სულ ვეკამათებოდი. მისი არაფერი მომწონდა, გეტყვით, რას ვფიქრობდი იმ პერიოდში, რომ მე აშკარად უკეთეს ქმარს ვიმსახურებდი. გაუგებარია ხომ ასეთი ამბიცია? ახლა უკვე მეც მიკვირს, რატომ შევაფასე საკუთარი პერსონა ასეთი მაღალი ქულებით. თვითშეფასების უნარი უნდა გქონდეს, ეს კარგია. საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს ამაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ რატომ ვითხოვდი უკეთესს, რით დავიმსახურე, ხომ უნდა მეფიქრა და მეაზროვნა რეალურად? ზოგჯერ საკუთარი შინაგანი ხმისაც კი არ გვესმის და უაზრო წინააღმდეგობას ვუწევთ. ეს სიჯიუტე მერე ძალიან დიდ სისულელეებს გვაკეთებინებს. ნოდარიკო მთხოვდა, ერთმანეთისთვის შანსი მიგვეცა, შვილების გამო მაინც. მაგრამ, მე ჯიუტად ვითხოვდი ჩემსას, ცოტა ხნით მაინც დამტოვე მარტო, რომ მივხვდე, მჭირდები, თუ არა-მეთქი.

– თან, ვირტუალური რომანი გქონდათ?

– არანაირი რომანი არ მქონდა, საუბარია მხოლოდ ნაცნობობაზე. ჯერ ქმართან უნდა გამერკვია ურთიერთობა, სხვანაირად ახალ ურთიერთობას ვერ დავიწყებდი. ნოდარიკო ისევ მთხოვდა, გარკვეული დროით გადაგვედო ჩვენი ურთიერთობის გარკვევა. მეუბნებოდა, მე ისევ მიყვარხარო. მისი სიტყვები უარესად მაღიზიანებდა. ამ ჩხუბისა და დავიდარაბის მერე ამას როგორ მეუბნება, რანაირად შეიძლება, ვუყვარდე-მეთქი. ბავშვები ჩემს მშობლებთან გავგზავნეთ, აგარაკზე. სახლში მე და ჩემი ქმარი დავრჩით. ნოდარიკოს უნდოდა, ეს ხელსაყრელი მდგომარეობა ჩვენი დაახლოებისთვის გამოეყენებინა, მაგრამ მე ეკლები გამოვისხი და გამოვუცხადე, კარგი დროა, ბარგი შეკრა და სახლიდან წახვიდე, ბავშვებს მერე ერთად ვეტყვით ყველაფერს-მეთქი.

– მაინც ვერ გავიგე, რისთვის ეყრებოდით ქმარს?

– იმისთვის, რომ მასთან თავს ბედნიერად აღარ ვგრძნობდი. სულ უფრო ვკარგავდი ამ ადამიანის მიმართ პატივისცემას, ჩემთვის ის უკვე „ყოფილი” იყო, გადაშლილი ფურცელი. ვუყვიროდით ერთმანეთს, ვლანძღავდით და ეს თითქმის ჩვეულებად გვექცა. ნერვები დაწყვეტაზე მქონდა, ვეღარ ვუძლებდი ასეთ ცხოვრებას. ვგრძნობდი, რომ დიდხანს ვეღარ ავიტანდი მის მშვიდ, ზანტ გამოხედვას. თითქოს ნაკლებად სწყინდა ჩემი შეურაცხმყოფელი სიტყვები. ვბრაზობდი, როგორ შეიძლება, კაცი ასეთი უთავმოყვარეო იყოს-მეთქი.

– რა, გინდოდათ, რომ ეცემეთ?

– რატომ უნდა ვეცემე? თუმცა, მივხვდი, რაც იგულისხმეთ. შეიძლება, ერთი რომ შემოერტყა, მართლა მოვსულიყავი ჭკუაზე და სისულელეების კეთებისთვის თავი დამენებებინა. ნოდარიკოს ვუმტკიცებდი, ჯობია, მეგობრებად დავშორდეთ, რადგან ჩვენი ქორწინება არ გამოვიდა-მეთქი. ნოდარიკო სულ ოხრავდა, ბოლოს დაიღალა და დამნებდა. კარგი, დავშორდეთ, რადგან ასე ძალიან გინდა, მაგრამ, იცოდე, ბავშვები ძალიან დაიტანჯებიანო. ბავშვები ჩვენი ყოველდღიური ჩხუბით უფრო იტანჯებიან, ჯობია, ორივემ ცალ-ცალკე ავიწყოთ ცხოვრება და ბედნიერი მშობლები ჰყავდეთ-მეთქი, ვუპასუხე. იმ დღეს ბავშვებთან მივდიოდით. ნოდარიკო გავაფრთხილე, რომ ჩამოვალთ, უკვე გადახვალ. აღარ შემიძლია, ბედნიერი ცოლის როლს ვეღარ ვითამაშებ-მეთქი. არც შემოუხედავს, ხმა არ ამოუღია. გავცოფდი, მისი გულგრილობა მაგიჟებდა. ვუთხარი, არ ვიცი, საერთოდ როგორ შემიყვარდი. მე ასეთი მხიარული ვარ, ენერგიული და ხალისიანი, ცხოვრება მიხარია, შენ კი ფეხზე მდგარს გძინავს, არანაირი ემოცია არ გაგაჩნია. ცოლი გეყრება და ახლაც კი, მშვიდად ატრიალებ საჭეს-მეთქი. „ჰო, მე ხომ არაფერში ვვარგივარო”, – რაღაცნაირად, საწყლად მითხრა და, მოხდა კიდეც ის უბედურება. წარმოდგენა არ მაქვს, რანაირად მოწყდა ვეება ხე და ჩვენს მანქანას დაეცა. ამ ყველაფერს წამები დასჭირდა და მე სიკვდილს ჩავხედე თვალებში. მერე დავინახე, ჩემი ქმრის სახე და მივხვდი, რომ ვკარგავდი.

– რა დაემართა?

– ხემ მანქანა ჩაჭეჭყა და ჩემი ქმარი ისე გაიჭედა, მისი მანქანიდან გამოსვლის შანსი არ იყო. ამის გაცნობიერებამ ისე შემაშინა, ლამის ჭკუიდან შევიშალე. ნოდარიკო კი ჩემს სახელს ყვიროდა, მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, ჩემი დარდი ჰქონდა, ჩემი ტკივილი სტკიოდა და არა თავისი. მერე გონი დავკარგე, მაგრამ ხმები მესმოდა, სმენა არ დამიკარგავს. ნეტავი, როგორ მოახერხა დაერეკა და შველა ეთხოვა. გავიგონე, როგორ მოვიდნენ მაშველები და ცდილობდნენ ჩვენს გამოყვანას. ნოდარიკო იხვეწებოდა, მე თავი დამანებეთ, ჩემს ცოლს უშველეთ, მაგას რომ რამე მოუვიდეს, მე მაინც ვეღარ ვიცოცხლებ. საავადმყოფოში გაირკვა, რომ მე უმნიშვნელო დაზიანებები მქონდა, ნოდარიკოს კი – გაცილებით სერიოზული – ექიმები ფიქრობდნენ, რომ ფეხებს ვერ შეუნარჩუნებდნენ. სწორედ მაშინ მივხვდი, თავს ვატყუებდი, როცა ვფიქრობდი, რომ ჩემი ქმრის გარეშეც კარგად ვიცხოვრებდი. თურმე, როგორ შეცდომას ვუშვებდი, როცა ჩემს გვერდით ასეთ არაჩვეულებრივ მამაკაცს ვერ ვამჩნევდი და რაღაც გაურკვეველ იდეალს დავეძებდი, თან, რა სერიოზულ რისკზე მივდიოდი!

– რისკში იმას გულისხმობთ, რომ ქმარს სახლიდან უშვებდით?

– რა თქმა უნდა! საკუთარი ნებით ვათავისუფლებდი ოჯახზე პასუხისმგებლობისგან. არ იყო ეს გამოუსწორებელი სისულელე?! რა გარანტია მქონდა, რომ მალევე არ გამოჩნდებოდა სხვა ქალი, რომელიც ცოლსა და შვილებს სწრაფად გადაავიწყებდა? ჩემი ქმარი არ იყო „მოთამაშე” კაცი, თორემ, სულ დაძაბულ რეჟიმში ვეყოლებოდი მაეჭვიანებდა და უფრო ადრე მიმახვედრებდა, რას ნიშნავდა ის ჩემთვის. ნუთუ, ჩვენი ერთად ყოფნისთვის ასეთი განსაცდელის გავლა აუცილებელი იყო? სანამ ექიმები ჩემი ქმრის სიცოცხლის შესახებ ბჭობდნენ, მე ვიჯექი და ჩვენი ურთიერთობის ყველა წვრილმანს ვიხსენებდი. უფრო სწორად, თავისით მახსენდებოდა ის, რაც დიდი ხნის დავიწყებული მეგონა: ჩვენი პირველი შეხვედრები, პირველი განცდები, ემოციები... ბავშვების დაბადება... მივხვდი, რომ ჩემს ქმარზე უკეთეს მამაკაცს ვერასოდეს შევხვდებოდი, ღმერთს ვთხოვე, ეპატიებია ჩემთვის ეს უგუნურება და არ წაერთმია მისი თავი. სულ რომ ხეიბარი დარჩეს, მაინც მის გვერდით ვიქნები და არასოდეს მივატოვებ-მეთქი. გადავრჩით. სანამ უგონოდ იყო, ნოდარიკო სულ ჩემს სახელს იმეორებდა. შეიძლება, ამაზე უკეთესი და გულწრფელი სიყვარულის ახსნა არსებობდეს?! კიდევ კარგი, რომ ვერ მოვასწარი, მისთვის თუნდაც ფიქრებში მეღალატა.


скачать dle 11.3