რა საშუალება აღმოაჩინა ქეთევან ფალავანდიშვილმა დეპრესიისგან განსაკურნებლად
ქეთევან ფალავანდიშვილი სანამ ეთნოგრაფიული თოჯინების შექმნას დაიწყებდა, მანამდე კოსტიუმების მხატვრად მუშაობდა კინოში. თოჯინები, მის ცხოვრებაში დეპრესიისგან სამკურნალო საშუალება აღმოჩნდა, მაშინ, როდესაც საქართველოში კინოს აღარ იღებდნენ. ამ ყველაფერმა კი ისე გაიტაცა, ჩვენი რესპონდენტი, რომ უამრავი თოჯინა შექმნა. დღეს, როცა კინოც შედარებით გააქტიურდა, ქალბატონი ქეთევანი გადაღებებს შორის მაინც იცლის საყვარელი კოლექციის გამრავალფეროვნებისთვის. როგორც ის ამბობს: მე ამ არსებების გარეშე ცხოვრება აღარ შემიძლიაო. თუ როგორ იქმნებიან და იმოსებიან ეს არსებები, ამაზე ქალბატონი ქეთევანი გიამბობთ.
ქეთევან ფალავანდიშვილი: მე გახლავართ კოსტიუმების მხატვარი და არაერთი სურათი მაქვს გაკეთებული კინოფილმებისთვის.
– მაგალითად?
– ფილმებისთვის „ხარება და გოგია“, „მატარებელი მიდის“... რა ჩამოთვლის, მოკლედ რომ ვთქვა, პირველის სურათი იყო „მიზანი“ და მას შემდეგ დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით დაიწყო ჩემი მოღვაწეობა ხელოვნების ამ სფეროში. იმ პერიოდებში წელიწადში სამ-ოთხ ფილმზე მაინც მიწევდა მუშაობა და დრო სხვა აღარაფრისთვის მრჩებოდა. მაგრამ, შემდეგ უკვე, როცა ფილმების გადაღება შეწყდა, გარკვეული მიზეზების გამო, ძალიან გამიჭირდა, დავიბენი. მეგონა, ცხოვრებაში ყველაფერი შემეძლო, მაგრამ ამ გაჭირვებამ დამანახვა, რომ – არც არაფერი ვარ. ვერსად მოვნახე ჩემი ადგილი. დეპრესიაში ჩავვარდი.
ერთ დღეს მეგობრებმა წამიყვანეს თოჯინების გამოფენაზე და მითხრეს: ნუთუ, არ შეგიძლია, ამგვარი არსებების შექმნაო. იქიდან დავიწყე და აი, ეს იყო ჩემი პირველი თოჯინა. ძალიან კარგად მახსოვს, ქალაქში, რაღაც დღესასწაულთან დაკავშირებით გამოფენა-გაყიდვა ჩატარდა და ჩემი ნახელავი რომ გაიყიდა, გაოცებული დავრჩი. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა მთელ დედამიწაზე.
– ეს დიდ სტიმულს მოგცემდათ.
– ნამდვილად. ნელ-ნელა სერიოზულად მივუდექი ამ საქმიანობას, დიდი შვება და სიამოვნება ვიგრძენი. უფრო ეთნოგრაფიული თემატიკა ავირჩიე. ამ თოჯინებით ბევრი ადამიანი ინტერესდება, თუმცა გამოცდილებამ მიჩვენა, რომ ის ძირითადად ტურისტებზეა გათვლილი. ამ კოლექციაში ის თოჯინებია თავმოყრილი, რომელიც კეთდება პირველად. შემდეგ მათ ასლს მრავლად ვქმნი ხოლმე და გასაყიდად, ან გასაჩუქებლად ვიმეტებ, მათთვისაც რომ ახალი შევქმნა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს საკმაო სახსრებთანაა დაკავშირებული.
თავდაპირველად, ვაკეთებდი თოჯინებს ქართულ კაბებსა და ჩოხა-ახალუხში, შემდეგ გადავედი რეგიონებზე. ეს მაგალითად, რაჭველი ქალბატონია. ეს ხევსურის გოგონა, თავის მეწყვილესთან ერთად. ეს მეცხვარეა. ესეც ჩემი საყვარელი მიხოა, კახეთიდან. ეს კიდევ ხანუმაა თავისი ქოლგით. ერთი სიტყვით, ძალიან გამიტაცა ამ არსებების შექმნამ.
– და თქვენს საქმიანობად იქცა?
– იმდენად, რომ მე მათ გარეშე აღარ შემიძლია. მართალია, ახლა შვილიშვილები უფრო მეტ დროს მოითხოვენ, მაგრამ მაინც ვახერხებ, რომ ამ კოლექციისთვისაც მოვიცალო. ბოლო ხანებში კინოფილმების გადაღებაც დაიწყეს და ასე თუ ისე, მეც დავკავდი. მაგრამ, იქაც კი ვცდილობ, გადაღებებს შორის სადმე ჩავჯდე და ვქსოვ წინდას, ან კიდევ რაღაცას ჩემი თოჯინების შესამოსად. ვეღარ ველევი მათ.
– თქვენ მხოლოდ კინოფილმების გმირებს კი არა, ამ თოჯინებსაც მოსავთ, როგორც ირკვევა...
– ჯერ ვაკეთებ თოჯინის ჩონჩხს, ნაჭრისგან ვკერავ, შემდეგ ბამბით ვტენი, ამის შემდეგ იკერება სამოსელი.
– როგორაა შემოსილი თქვენი რაჭველი ქალბატონი? ამ კითხვაზე პასუხი ორმაგად საინტერესოა, როგორც კოლექციონერისგან და როგორც კოსტიუმების მხატვრისგან.
– დავიწყოთ თავიდან. რაჭველი ქალის თავსაბურავი რთულია, მასში შედის თავსაფარი (თავსახურავი) და ლეჩაქი (ჩიქილა). რაც შეეხება ტანისამოსს, ზემოთ მას კაფთარა აცვია, მის ქვევით საგოლე, შემდეგ პერანგი, წინსაფარი, სარტყელი. აღსანიშნავია, რომ რაჭველი ქალის კაფთარა თითქმის იმეორებს ქართლელი მამაკაცის ყურთმაჯიან კაბას, ოღონდ ეს უკანასკნელი უსაყელოა. ამ ჩასაცმელის საინტერესო თავისებურება ისაა, რომ რაჭველი ქალები სახელოებს გადმოაბრუნებდნენ ხოლმე უკუღმა პირით და ისე ატარებდნენ. ამით უნდოდათ, გამოეჩინათ თავისი კოსტუმის ყველაზე მდიდარი ნაწილი, ანუ სახელოების აბრეშუმის სარჩული.
– ხევსურულ ჩაცმულობაზე რას გვეტყვით?
– ზედა ჩასაცმელი, ანუ ტალავარი (საერთო სახელია ქალის და მამაკაცის სამოსისა), ის ძირითადად ლურჯი, ან შავი, შინნაქსოვი შალისგან იკერებოდა და ამის შემდეგ მდიდრულად ირთვებოდა ჭრელი აპლიკაციებითა და ნაქარგით. ქალის კაბას, ანუ სადიაცოს საზურგულის ქვემოთ, კოკომონის (ნაოჭებიანი ადგილი) თავზე, აპლიკაციების სახით, მონაცვლეობით დაკერებული წითელი და ლურჯი ოთხკუთხედი ფიგურები ჰქონდა. ეს იყო სადიაცოს აუცილებელი ელემენტი, მაგრამ მისი გამოჩენა უხერხულად ითვლებოდა და იფარებოდა კაბაზე ჩამოცმული ან უსახელო ქოქლოთი, ან სახელოიანი და საყელოიანი ფაფანაკით. გულისპირი ყოველთვის რთული აპლიკაციური ნაქარგით იფარებოდა.
ქართული კაბის ელემენტებია: ბაღდადი (თავსაფარი), კავები და თავსაკრავიანი ჩიხტიკოპი, რომელზედაც პატარა მინისთავიანი ქინძისთავებით მაგრდებოდა ლეჩაქი. ქართული კაბის აუცილებელი ელემენტია განიერბოლოებიანი (20 სანტიმეტრიანი) სარტყელი.
თუ ქალბატონი მდიდარი იყო, მას ფეხზე ეცვა აბრეშუმის ძაფისგან ნაქსოვი წინდა ან ქალამანი. ჩემი კოლექციისთვის მე ვკერავ და ვქსოვ ფეხსაცმელსაც და წინდებსაც, ამა თუ იმ რეგიონის ხასიათისა და თავისებურებების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა რეგიონის ქალბატონი იკაზმებოდა მანისტოებით (ყელსაკიდი).
– ამ მანისტოებსაც თქვენ ამზადებთ?
– მე ვაკეთებ, ვქარგავ, ვკერავ...
– რამდენი თოჯინა გექნებათ შექმნილი?
– ძალიან ბევრი, მაგას ვინ დათვლის.
– რა მასალისგან მზადდება ეს თოჯინები?
– ეს თოჯინები არა მხოლოდ სუვენირისთვის, ბავშვებისთვისაცაა გათვლილი. ამიტომ, ისინი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება. რაც მთავარია, არც ტყდება და არც არაფერი არ ძვრება...
ყოველ წელიწადს მეტეხში გამოფენა-გაყიდვა ტარდება და ძირითადად, უცხოელები ინტერესდებიან ეთნოგრაფიული თოჯინებით. თუმცა, წელს შედარებით ადგილობრივებიც აქტიურობდნენ. შედარებით იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ქართველების უმრავლესობა მაინც „ბარბის“ ანიჭებს უპირატესობას...
რაც შეეხება ბავშვებს, მათ ძალიან მოსწონთ ჩემი თოჯინები. ხელზე ჩამოსაცმელი მარიონეტი თოჯინებიც შევქმენი და ისინი განსაკუთრებით პოპულარულია ჩემს გარშემო მყოფ პატარებში, ძილის წინ მათი თანხლებით ისმენენ ზღაპრებს. სამაგიეროდ, მშობლები მსაყვედურობენ, უკვე ყოველღამე, სანამ ბავშვებს ამ თოჯინებთან ერთად წარმოდგენას არ გავუმართავთ, აღარ იძინებენო.
– რა ზომისაა ეს არსებები?
– დაახლოებით, ოცდათხუთმეტიდან ორმოცდაათ სანტიმეტრამდე.
– თითო თოჯინას დამზადებას რა პერიოდი სჭირდება?
– გააჩნია, თუ განწყობა და დრო მაქვს, ერთ დღეშიც კი დავამთავრებ. სხვა შემთხვევაში, 3 დღიდან ერთ კვირამდე მჭირდება. პირველი თოჯინაა რთული, ანუ ის, რომელიც კოლექციაში რჩება. მერე კი, უკვე როცა ვიმეორებ, მათ ძალიან მალე ვაწყობ.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?
– მეგობრები „დედა კარლოს“ მეძახიან, ახლა თავად განსაჯეთ, რას უნდა ნიშნავდნენ ჩემთვის ეს თოჯინები.