როგორ მოხვდა ავტოკატასტროფაში „ექსტრასენსთა ბრძოლის“ სამი თანამშრომელი ერთდროულად და ვინ უწინასწარმეტყველა მათ გარდაცვალების დრო
უკვე ერთი თვეა, რაც სტუდია „ლიბერტივი“ ტელეკომპანია „იმედთან“ გადაცემა „ექსტრასენსთა ბრძოლას“ ამზადებს. ამ პერიოდში იმ ადამიანთა ცხოვრებაში, ვინც ამ გადაცემაზე მუშაობს, საკმაოდ ბევრი უცნაური ამბავი მოხდა. იმის მიუხედავად, რომ „ლიბერტივის“ თანამშრომლებს არაორდინარულ ხალხთან აქვთ ურთიერთობა, მათ ადამიანური შიში იოლად დაძლიეს და შოუც ნამდვილად შედგა. „ექსტრასენსთა ბრძოლა“ ქართულ ტელესივრცეში პოპულარულ, საინტერესო და იდუმალ გადაცემად ითვლება. რა ხდება კადრს მიღმა და ვინ ვის ებრძვის გადაცემის კულისებში, ამის შესახებ სტუდია „ლიბერტივის“ დირექტორს, მაკა ლომიძეს გავესაუბრეთ.
მაკა ლომიძე: სიმართლე გითხრათ, მე და ჩემს მეგობრებს თავიდანვე გვქონდა ამოუცნობი შიში. ჩვენ ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი გვაქვს გაკეთებული, მაგრამ ამჯერად ნამდვილად განსხვავებულ ადამიანებთან უნდა გვქონოდა ურთიერთობა და, თან, საკმაოდ არაორდინარულ სიტუაციაში ვიქნებოდით. ჩვენ ვერც კი წარმოგვედგინა, საქართველოში ეს პროექტი ასე თუ გაამართლებდა, თუმცა, საპირისპიროს გვიმტკიცებდა გიორგი ჯაჯანიძე, რომელსაც ამ გადაცემის მომზადებაში დიდი წვლილი შეაქვს. ქასთინგზე მართლაც ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა. ცოტა არ იყოს, ვღელავდით კიდეც, რადგან ისინი, ვინც ჩვენს გადაცემაში იღებენ მონაწილეობას, არ არიან ჩვეულებრივი ადამიანები. გადაცემა ჯერ კიდევ არ იყო ეთერში გასული, რომ ერთდროულად სამი ადამიანი – მე, ჩვენი რეჟისორი ბესო კიკვაძე და გადაცემის წამყვანი, გიორგი მეგრელიშვილი, მოვხვდით ავტოკატასტროფაში. სამივე ავარია მოხდა ერთსა და იმავე დროს, ოღონდ, სხვადასხვა ადგილას. ჩემს მანქანას დაარტყა „კამაზმა“ და დაახლოებით ათ მეტრზე მათრია, ავარია ახალი მომხდარი იყო, როცა ჩემს ტელეფონზე დარეკა ექსტრასენსმა ლალი ხელაშვილმა და მკითხა: ქალბატონო მაკა, ყველაფერი კარგად არის? ჯანმრთელად მაინც ხართ? მე დავრეკე ჩვენს რეჟისორთან, რომ ჩემს საშველად მოსულიყო და უცებ ბესო მეუბნება: მანქანამ დამარტყაო. გაოცებისგან შოკში ჩავვარდი. სამსახურში მივედით და – გიორგი მეგრელიშვილმა გვითხრა, რომ სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. მერე მართლა ყველას შეგვეშინდა, ისიც კი ვიფიქრეთ, ხომ არ იყო ეს რაიმეს ნიშანი და ხომ არ შეგვეწყვიტა გადაცემა, მაგრამ, ადამიანი ისეთი აზარტული არსებაა, უფრო მეტი სტიმული მოგვეცა. მე არ ვიცი, ეს ამ გადაცემის გავლენა იყო თუ უბრალო დამთხვევა, მაგრამ, ფაქტია, რომ სტანდარტული სიტუაციაც არაა.
– თავად ექსტრასენსებმა როგორ ახსნეს ეს ამბავი?
– მე ეს ამბავი არ გამიხმაურებია, თუმცა თემურ ხიბლიშვილმა მითხრა, წინა დღეს, როცა ერთმანეთს დავშორდით, პირჯვარს გწერდი, ორჯერ გადაგწერე, მაგრამ მესამედ ვეღარ მოვასწარიო. მე თავად არ მაქვს სურვილი, შევიდე ექსპერიმენტში ექსტრასენსებთან, ისიც საკმარისია, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება: ერთი ექსტრასენსი გვეუბნება, რომ ჩვენს თავზე ხედავს რიცხვს, ანუ იმ ასაკს, როდემდეც ვიცოცხლებთ. როგორც კი ეს თქვა, ყველამ დავიფიცეთ, რომ ამ თემაზე კითხვა არ დავსვათ. ამას წინათ, დავალების დასრულების შემდეგ, კარინა მურადიანმა მითხრა, რომ იმ სამყაროდან გარდაცვლილი ბიჭის სული გამოჰყვა, რამაც მერე, მონტაჟის დროს, ყველა ძალიან შეგვაშინა.
ამის გარდა, ჩვენს ირგვლივ საკმაოდ ბევრი უცნაურობა ხდებოდა: მივამაგრებდით თუ არა ლევან ტუღუშს მიკროფონს, ხმა ითიშებოდა. დამდგმელი ოპერატორი დიმა ხანდამაშვილი მუდმივად ჩხუბობდა, რომ წესრიგში არ გვქონდა აპარატურა, თუმცა, მიზეზი ნამდვილად სხვა რამ იყო. ძალიან ეშლება ხელი მუშაობაში სილვა კაზარიანს. როგორც კი ის დავალებაზე შედის, ჩვენს ოპერატორს ეუბნება: „დიმა, მომეცი შენი სათვალე!“ როგორც კი სილვა შუქს ვეღარ ხედავს, სასწაულებს ლაპარაკობს. თუ ექსპერიმენტი ტარდება დახურულ შენობაში, სილვა შენობაში შესვლამდე დგას გარეთ, უყურებს ღრუბლებს და იქ ახდენს კონცენტრაციას. უკვე დავრწმუნდით, რომ ექსტრასენსებთან „ურთიერთობისას“ ისეთი თანამედროვე ტექნიკაც კი „ურევს“, რომელიც ყოველთვის გამართულად მუშაობს. ტექნიკა და ექსტრასენსები აშკარად ვერ მეგობრობენ. ილარიონ ბოსიკაშვილი არის ბიოლოკაციის ექსპერტი, ის პასუხს ბიოლოკატორებით იღებს კოსმოსიდან. როგორც კი ბატონ ილარიონს მოშორდებოდა ტექნიკა, ის ძალიან კარგად მუშაობდა. სასწაულებს ახდენდა, როგორც კი კამერას ვრთავდით – მას უშლიდა ელექტრომაგნიტური ველი და მისგან ვეღარ ვიღებდით ისეთ შედეგს, რასაც ველოდით. გვქონდა ერთი ასეთი შემთხვევაც: მორიგ დავალებას ვიღებდით. ისე ცხელოდა, რომ ნიავი არ იძვროდა. თემურ ხიბლიშვილმა გააკეთა კონცენტრაცია, უკვე პასუხი უნდა ამოეცნო, მაგრამ, უცებ თქვა: აქ ძალიან ცუდი აურაა, ბუნება ურევსო. მოულოდნელად მოხდა დაუჯერებელი რამ: ატყდა ქარიშხალი, დაიწყო სეტყვა და ის ექსპერიმენტი ჩაიშალა.
– როგორც ვიცი, თქვენთან ძალიან ბევრი მოქალაქე რეკავს და გახშირებულ სტიქიურ მოვლენებს ამ გადაცემას უკავშირებენ.
– არსებობენ ადამიანები, რომლებიც გადაჭარბებულად უკავშირებენ თბილისში მომხდარ მოვლენებს ჩვენს გადაცემას. როცა გლდანში სეტყვა მოვიდა და ხიდი ჩაინგრა, ძალიან ბევრმა დარეკა და გვკითხა, იქ ახლომახლო ხომ არ ვატარებდით ექსპერიმენტს. სეტყვა ადრეც მოდიოდა, ასე რომ, ჩვენს გადაცემას ნუ დააბრალებენ სტიქიურ კატაკლიზმებს (იცინის). ძალიან ბევრი ადამიანი რეკავს, ისინი ითხოვენ ექსტრასენსებთან შეხვედრას, თუმცა, კონტრაქტის მიხედვით, ექსტრასენსებს ეს ეკრძალებათ. ყველა თხოვნა უნდა განხორციელდეს ჩართული კამერების წინ. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და გვთხოვენ, რომ ექსტრასენსებს შევახვედროთ. ჩვენ ყველას ვთავაზობთ, რომ მოვიდნენ და გადაცემაში მიიღონ მონაწილეობა.
– როგორც ჩანს, გადაცემის კულისები იმაზე მეტად მძიმეა, ვიდრე შეიძლება ეს წარმოვიდგინოთ.
– კულისები ძალიან მძიმეა. კამერის მიღმა ბევრი საინტერესო რამ ხდება. ქასთინგში მონაწილეობა მიიღო ერთმა ქალბატონმა, რომელსაც ექსტრასენსები ძალიან გაურბოდნენ. მათ არ ჰქონდათ სურვილი, რომ მისულიყვნენ იმ ადგილზე, სადაც ის ქალი იყო ნამყოფი. როცა ამის მიზეზი ვიკითხე, ექსტრასენსებმა თქვეს: ამ ქალს კუდი აქვსო. იმის მიუხედავად, რომ ექსტრასენსებს შორის არის კონკურენცია, ისინი მკურნალობენ კიდეც ერთმანეთს. ყველაზე დიდი მოთხოვნაა კარინა მურადიანზე, რომელიც საკმაოდ ძლიერი მკურნალია. ის ექსპერიმენტებს შორის არსებულ შუალედებში ყველას ეხმარება და უდავოდ შედეგიანად. როცა მისი კონკურენტი ამბობს: კარინამ მიმკურნალა და უკეთესად ვარ, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. ამის მიუხედავად, ექსტრასენსებს შორის დაძაბულობა მატულობს. ვერაფრით ვერ მოვარიგეთ ერთმანეთთან ლევან ტუღუში და გიორგი მუკბანიანი, გიორგი ამბობს, რომ მას ხელს უშლის და კეტავს ლევან ტუღუშის ჯოხი, რომელიც ლევანისთვის აუცილებელი ატრიბუტია. ეს ჯოხი თითქმის იმავე როლს ასრულებს, რასაც ბიოლოკატორი. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს, გიორგი მუკბანიანს უცებ დააწყებინა ძაგძაგი, გახდა ცუდად და დაიწყო ყვირილი: „მომაშორე ჯოხი“! თავიდან ძალიან დავიბენით, ოთახში მხოლოდ გადამღები ჯგუფი, ექსპერიმენტატორი და მონაწილეები ვიყავით. გარეთ გავედი და, ვხედავ, მეორე ოთახის იქით დგას ლევან ტუღუში, რომლის მოსვლასაც ჯერ არ ველოდით. მუკბანიანმა არ იცოდა, რომ ტუღუში მოსული იყო, ეტყობა, მისმა ჯოხმა მართლაც ჩაკეტა. როგორც კი ლევან ტუღუშს გადაღების მოედანი დავატოვებინეთ, ექსპერიმენტი გაგრძელდა. მუკბანიანი დაემუქრა კიდეც ტუღუშს, ჯოხს გადაგიმტვრევო.
ძალიან საინტერესო პიროვნებაა ეზოთერიკოსი მარიკა გეგეჭკორი. საკმარისია, მარიკა ისეთ ადგილზე მივიყვანოთ, სადაც ცუდი ამბავი მოხდა, რომ ის ტირილს იწყებს.
– რომელიმე ექსპერიმენტს თუ ჰქონდა საინტერესო გაგრძელება, რაც მაყურებელმა ვერ ნახა?
– ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი, რომელიც ეხებოდა დიღმის გზატკეცილზე მომხდარ უბედურ შემთხვევას. ერთი ქალბატონი ეძებდა მეგობარს, რომელიც იმ უბედური შემთხვევის შემდეგ უგზოუკვლოდ დაიკარგა. არსებობდა ორი ვერსია: ერთი ვერსიის მიხედვით, მისი მეგობარი ავტობუსში დაიწვა, მეორე ვერსიით კი ის შეიშალა და მოხვდა კახეთის ერთ-ერთ სოფელში. ექსპერიმენტის დროს ძალიან ძლიერი იყო კარინა მურადიანი – მან თითქმის ყველაფერი დაინახა. ლალი ხელაშვილმა ზუსტად დაინახა ადგილი, სადაც, წესით, დაკარგული ქალი უნდა იყოს დამარხული. ახლა იწყება იმ ადგილის მოძიება დაკარგული ქალის ახლობლების მიერ. ლალი ამბობს, წამოგყვებით და იმ ადგილს გაპოვნინებთ, სადაც გვამი არის დამარხულიო.
– ხომ არ ხდება ერთგვარი გარიგება ექსტრასენსებთან, რომ შოუ საინტერესო იყოს?
– ვისაც არ სჯერა, რაც არ უნდა ვამტკიცო, ის მაინც არ დაიჯერებს, რომ ესენი მართლაც ზებუნებრივი უნარის მქონე ადამიანები არიან. ამიტომაც ვიწვევთ გადაცემაში სკეპტიკოსებს, ყოველი მესამე სიუჟეტი სკეპტიკოსი „მოხალისის“ შეკვეთით კეთდება. ამას წინათ მარიკა გეგეჭკორმა ისეთი დეტალების შესახებ თქვა, რაც, შეიძლება, სცოდნოდა მხოლოდ დედას და მის გარდაცვლილ შვილს, საიდან უნდა წარმოგვედგინა, როგორ დაშორდა დედა შვილს უკანასკნელად? რა უთხრა შვილმა საწოლში მწოლიარე დედას? განსაკუთრებული სკეპტიციზმით გამოირჩევიან ცნობილი სახეები, რომლებიც გადაცემიდან დაშოკილები მიდიან. ასეთი განწყობით მოვიდა ნანიკო ხაზარაძე, რომელმაც ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ გვთხოვა: თუ შეიძლება, შემდეგ ექსპერიმენტებზე მეც გამოგყვებითო. შუაში შეწყვიტა ექსპერიმენტი თავად გადაცემის წამყვანმა გიორგი მეგრელიშვილმა, რომელიც ნიღბით იყო. ერთ-ერთი ექსპერიმენტატორი იყო მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი, რომელმაც თვითონ დამალა ზარდახშაში კულონი. ამის შესახებ ჯგუფის არც ერთმა წევრმა არ ვიცოდით. ეკა ექსპერიმენტატორიც იყო და ჩვენი დამკვირვებელიც, რის გამოც ამ ექსპერიმენტში ჩვენც ჩავერთეთ (იცინის).
ექსტრასენსებს დავალებას ვაძლევთ მხოლოდ მაშინ, როცა კამერები ირთვება, წინასწარ არავინ იცის, ვინ სად, რატომ მიდის, ყველა დავალება გასაიდუმლოებულია. დავალების შესახებ იციან მხოლოდ რეჟისორმა ბესო კიკვაძემ და სეგმენტ-პროდიუსერმა ქეთი ლონდარიძემ, რომელსაც ექსტრასენსები აბარია. ჩვენ ძალიან ხშირად ვურევთ გზა-კვალს ექსტრასენსებს და ასე ვცდილობთ მათ დაბნევას. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს, როცა ექსტრასენსებს ბავშვების ბიოლოგიური დედა უნდა ეპოვათ, ჩვენ ექსპერიმენტში ჩავრთეთ ჯგუფის წევრების ბავშვები, ამან შედეგი გამოიღო – აურის გამო, ექსტრასენსებს ამ მარტივი დავალების შესრულება, ცოტა არ იყოს, გაუჭირდათ. ყველა ექსტრასენსი სხვადასხვა მიმართულებით არის გაწაფული. როგორც ბატონი ილარიონისგან შევიტყვეთ, დღის 12 საათიდან 2 საათამდე კოსმოსიდან ინფორმაციის მიღება შეწყვეტილია, ჩვენ ზოგიერთ ექსპერიმენტს კი ზუსტად ამ დროს ვაწყობთ, რის გამოც ექსტრასენსები დავალებას დიდი წვალების შემდეგ ასრულებენ.
– ერთმანეთთან დაკავშირებით თუ აქვთ ხილვები ექსტრასენსებს, ან პოლიტიკურ პროგნოზებს თუ აკეთებენ?
– პიროვნული დაპირისპირება ექსტრასენსებს შორის არ არსებობს, თუმცა, გვქონდა შემთხვევა, როცა ერთმა ექსტრასენსმა დააბრალა მეორეს: ექსპერიმენტის დაწყების დროს მითხრა, კიბო გაქვს, მალე მოკვდები და ამ განწყობით გადაცემაში მონაწილეობა როგორ გავაგრძელოო. მეორე ამბობს: მე გავაფრთხილე, რომ პრობლემები ექნება, თუ არ მიხედავს საკუთარ ჯანმრთელობასო. არის დავალებები, რომელსაც საერთოდ არ გავუშვებთ ეთერში, უფრო მეტიც, ეს მასალა გავანადგურეთ კიდეც, რადგან ამას, შეიძლება, პოლიტიკური სკანდალიც კი მოჰყოლოდა. ეს არაა ლაბორატორია, სადაც ტარდება წმინდა სახის ექსპერიმენტები, ჩვენ ვაკეთებთ შოუს, ვცდილობთ, რომ იყოს საინტერესო საყურებელი, მაგრამ ამას არ გავაკეთებთ ადამიანების პირადი ცხოვრების ხარჯზე და ყოველთვის დავიცავთ ნორმებს, რომელთა დაცვა ყველაზე იდუმალ შოუსაც კი სჭირდება.